საქმე №ას-630-2022 30 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს ,,ს-ო კ-ია ….. “ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს-ს ს-ო ე-ი კ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს-ს ს-ო ე-ლ კ-სა“ (შემდგომ - მოსარჩელე, დამზღვევი, მოწინააღმდეგე მხარე) და სს „ს-ო კ-ა …. ჰ-ს“ (შემდგომ - მოპასუხე, მზღვეველი, აპელანტი, კასატორი) შორის, 2015 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა სადაზღვევო მომსახურების შესახებ №… …. ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სადაზღვევო მომსახურება, რაც გულისხმობდა ნებაყოფლობითი ქონების, მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლისაგან დაზღვევას (2.1 და 2.4 პუნქტები). ქონების დაზღვევის შემთხვევაში წლიური დაზღვევის ღირებულება შეადგენდა - 32 366.66 აშშ დოლარს, ხოლო სადაზღვევო თანხა - 74 289 615.63 აშშ დოლარს.
2. მხარეთა შორის შეთანხმდა სადაზღვევო პრემიის ოთხჯერადად გადახდის წესი (4.1. პუნქტი), ხელშეკრულების 5.4.2 ქვეპუნქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ დამზღვევი უფლებამოსილია, მზღვევლის მიერ დაზღვევის პირობებით ნაკისრი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წერილობით მოითხოვოს მზღვევლისაგან პირგასამტეხლოს გადახდა გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურების 0.20%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებდა მზღვეველს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან; პირგასამტეხლოს დარიცხვა/ათვლა დაიწყება შესაბამის წერილობით შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
3. 2016 წლის 28 დეკემბერს, მზღვევლმა გასცა ქონების დაზღვევის პოლისი №… .. …, რომლის თანახმად დამზღვევს წარმოადგენდა მოსარჩელე. ამავე სადაზღვევო პოლისის თანახმად, ქონების რეალური ღირებულება და საერთო სადაზღვევო თანხა შეადგენდა 23 267 801.71 აშშ დოლარს. პოლისით განისაზღვრა შესაძლო დაფარული რისკები, მათ შორის, სტიქიური მოვლენა - მეწყერი. ამასთან, შეთანხმდა პრემიის გადახდის პირობები 4 ეტაპად, პრემია კი განისაზღვრა 10 137.37 აშშ დოლარით. ფრანშიზის ოდენობა დგინდებოდა სადაზღვევო მომსახურების შესახებ №…. ხელშეკრულებითა და №. დანართით.
4. სადაზღვევო მომსახურების შესახებ №…. ხელშეკრულების №. დანართით განისაზღვრა ფრანშიზის ოდენობა მანქანა-დანადგარებისა და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელიც შენობა-ნაგებობებისათვის შეადგენდა „სადაზღვევო თანხის 1.5%-ს (მინ. 2500 ლარი) თითოეულ და ყველა შემთხვევაზე, მაგრამ სადაზღვევო თანხის 2.0%-ს მიწისძვრისა და სხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში“. ზემოაღნიშნული დანართის ცვლილებების შესაბამისად, მხარეებმა ფრანშიზის განსაზღვრის წესს დაამატეს, თუმცა შენობა-ნაგებობებისათვის ფრანშიზის ოდენობისა და გამოთვლის პირობები დარჩა უცვლელად.
5. დაზღვეული ქონების ჩამონათვალი და სადაზღვევო თანხა განისაზღვრა პოლისის №. დანართით, სადაც, სხვა ქონებათა შორის, დაზღვეულ საშუალებას წარმოადგენდა მილსადენი („….“) - ჰიდროტექნიკური ნაგებობა „…“, სადაზღვევო თანხით - 159 196.80 აშშ დოლარით.
6. იურიდიული პირების ქონების დაზღვევის პირობების თანახმად, “--- ჯგუფის“ დაზღვეულ რისკს წარმოადგენდა სტიქიური მოვლენები, მათ შორის, მეწყერი. ამავე პირობებით განისაზღვრა სადაზღვევო თანხის ცნება: „სადაზღვევო თანხა ყოველი დასაზღვევი ქონებისათვის არ უნდა აღემატებოდეს მის რეალურ ღირებულებას. თუ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა აღემატება რეალურ ღირებულებას, მაშინ ორივე მხარეს უფლება აქვს, შეამციროს სადაზღვევო თანხა ქონების რეალურ ღირებულებამდე“.
7. მოსარჩელემ 2017 წლის 21 ივნისის №… წერილით მიმართა მოპასუხეს 2017 წლის 16 ივნისს სოფელ …. მეწყრის შედეგად მილსადენის (ჰიდროტექნიკური ნაგებობის) დაზიანებით სადაზღვევო შემთხვევის განხილვის მოთხოვნით. ამავე წერილით დგინდება, რომ 2017 წლის 17 ივნისს დამზღვევის სატელეფონო შეტყობინებიდან გამომდინარე, მზღვევლის ექსპერტმა დ. ლ-ემ მოინახულა სადაზღვევო შემთხვევის ადგილი და დააფიქსირა სადაზღვევო შემთხვევა.
8. ზემოაღნიშნული წერილის პასუხად სადაზღვევო კომპანიის 2017 წლის 15 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ მეწყრული მასების შეჯახებამ გამოიწვია „…“ მილსადენის დაზიანება, რაც წარმოადგენდა დაზღვეული რისკით გამოწვეულ შემთხვევას. დამზღვევის მიერ მზღვევლისათვის სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულების დარღვევა მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია წერილის შემდგომ მხარეთა შორის არსებული წერილობითი კორესპონდენციითაც.
9. 2017 წლის 15 ნოემბრის წერილით მზღვეველმა დამზღვევს უარი განუცხადა ზიანის ანაზღაურებაზე ფრანშიზის დაანგარიშების პირობაზე მითითებით. ამასთან, 2017 წლის 27 ნოემბრის №…. წერილით განუმარტა ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი და მიუთითა, რომ სადაზღვევო პოლისის №.. დანართის მიხედვით, … შენობა-ნაგებობისათვის სადაზღვევო თანხად მიჩნეულია აღნიშნულ დანართში ,,ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების და შენობების’’ ერთობლიობა, რომელიც მისამართის მიხედვით (….) არის განლაგებული. შესაბამისად, ფრანშიზა დაანგარიშდა შენობა-ნაგებობების სადაზღვევო თანხის 2%-ით.
10. 2015 წლის 31 დეკემბრის სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდნენ და შემდგომში ხელშეკრულება გაფორმდა სადაზღვევო-საბროკერო კომპანია შპს ,,----“ (ამჟამად შპს ,,----- --ი“) მეშვეობით, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელეს.
სარჩელის საფუძვლები:
.
11. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული მატერიალური ზიანის - 162 326.00 ლარისა და სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 162 326.00 ლარის 0.20%-ის დაკისრება 2017 წლის 21 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოპასუხის პოზიცია:
12. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ფრანშიზის ოდენობის განსაზღვრა თითოეული შენობა-ნაგებობისათვის სადაზღვევო თანხით არ შეესაბამება ფრანშიზასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს.
13. მოპასუხის მითითებით, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 23 267 801.71 აშშ დოლარით. მოსარჩელის პოზიციის დამაჯერებლობის შემთხვევაშიც კი, „….“ შენობა-ნაგებობის ღირებულება შეადგენს 8 327 131.12 აშშ დოლარს, რისი 2% 166 542.62 აშშ დოლარია, რაც აღემატება სასარჩელო მოთხოვნასაც, ფრანშიზა კი წარმოადგენს თანხას, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება (1.10 პუნქტი).
14. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა უნდა შემცირდეს, ვინაიდან შეუსაბამოდ მაღალია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 162 326.00 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე - პირგასამტეხლოს სახით 162 326.00 ლარის 0.02%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 21 ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
16. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 799-ე მუხლზე და განმარტა, რომ მზღვევლის მხრიდან სადაზღვევო რისკის განხორციელების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზის ლიმიტი, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი ფრანშიზის (აუნაზღაურებელი მინიმუმის) გამოთვლის წესის განმარტება.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პოლისში 23 267 801.71 აშშ დოლარი მოხსენიებულია როგორც „საერთო სადაზღვევო თანხა“, ხოლო სადაზღვევო ხელშეკრულების №.. დანართის თანახმად, ფრანშიზა გამოითვლებოდა „სადაზღვევო თანხიდან“. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებაში მითითებულია ტერმინი „ჯამური სადაზღვევო თანხა“, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც საუბარი იყო საერთო სადაზღვევო თანხაზე, მხარეები იყენებდნენ შესაბამის ტერმინოლოგიას და არაორაზროვნად უთითებდნენ ჯამურ თანხაზე, ფრანშიზასთან მიმართებით კი, ჩაწერილია მხოლოდ „სადაზღვევო თანხა“, რაც ქმნის იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სადაზღვევო თანხა შეადგენდა დაზღვეული ქონების ღირებულებას სათითაოდ.
20. სააპელაციო სასამართლომ საერთო სადაზღვევო თანხიდან ფრანშიზის დაანგარიშებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული იმდენად ცვლის ხელშეკრულების პირობებს და, ზოგადად, დამზღვევის ინტერესს ასეთი სადაზღვევო პაკეტის მიმართ, რომ არ ექვემდებარება ე.წ. „გონივრული განსჯის“ სტანდარტს. იმდენად დიდია საერთო სადაზღვევო თანხის ოდენობა და, შესაბამისად, ფრანშიზის, რომ ასეთი აუნაზღაურებელი მინიმუმი არ ამართლებს დაზღვევის მიზანსა და ინტერესს. ამასთან, მხარეები სადაზღვევო თანხის განსაზღვრის რაიმე სხვა/დამატებით წესზე არ შეთანხმებულან, რაც შეიძლებოდა ჩათვლილიყო სსკ-ის 823-ე მუხლის დისპოზიციურობიდან გამომდინარე განსხვავებულ ვარიანტზე შეთანხმებად.
21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადაზღვევო ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მიყენებული ზიანის ოდენობისა (აღდგენითი სამუშაოების ღირებულებისა) და ფრანშიზის ოდენობის სხვაობით, რაც შეადგენს 162 326 ლარს, რისი გათვალისწინებითაც, მზღვეველს სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეკისრება ზემოაღნიშნული თანხის დამზღვევისთვის ანაზღაურების ვალდებულება.
22. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იურიდიული პირების ქონების დაზღვევის პირობების 7.6.2 ქვეპუნქტის მიხედვით, ზარალის გამომწვევი მიზეზის, გარემოებებისა და ოდენობის დადგენის და ამ პირობებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, ერთი თვის მანძილზე მზღვეველს უნდა გადაეხადა სადაზღვევო ანაზღაურება. 7.6.3 ქვეპუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში თუ, მზღვეველი უარს განაცხადებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე, იგი ვალდებულია, შეატყობინოს წერილობით ამის შესახებ 30 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაირკვევა ზარალის გამომწვევი მიზეზები და გარემოებები.
23. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევის განხილვის მოთხოვნით მზღვეველს მიმართა 2017 წლის 21 ივნისს (2017 წლის 21 ივნისის წერილის ჩაბარების შესახებ გარემოება მხარეებს შორის სადავო არ არის). მზღვეველმა სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარი განაცხადა 2017 წლის 15 ნოემბრის წერილით, რაც დამზღვევს 2017 წლის 20 ნოემბერს ჩაჰბარდა. ზემოაღნიშნული პირობებიდან გამომდინარე, მზღვეველს ანაზღაურებაზე უარი უნდა განეცხადებინა 2017 წლის 21 ივნისის წერილის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში (ამავე ვადაში მას ევალებოდა და შეეძლო სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაც), შესაბამისად, სასამართლომ პირგასამტეხლოს დარიცხვის დაწყების თარიღი 2017 წლის 21 ივნისიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - 2017 წლის 21 ივლისით, კანონიერად განსაზღვრა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
25. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების, მათ შორის, ----- ხელშეკრულების/პოლისის თანახმად, ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია სადაზღვევო თანხა - 23 267 801.71 აშშ დოლარი. ამასთან, მოსარჩელის პოზიციის დამაჯერებლობის შემთხვევაშიც, --- შენობა-ნაგებობების ღირებულება შეადგენს 8 327 131.12 აშშ დოლარს, ხოლო მითითებული თანხის 2% - 166 542.62 აშშ დოლარს, რაც აღემატება სასარჩელო მოთხოვნის თანხის ოდენობასაც, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაში მოცემულია დღგს თანხა.
26. კასატორის მითითებით, როგორც სატენდერო მოთხოვნაში, ასევე, მზღვევლის შეთავაზებაში, სხვა საკითხებთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული იყო ფარნშიზის (აუნაზღაურებელი მინიმუმი) გამოთვლის მეთოდი და ფრანშიზის ოდენობა დაკავშირებულ იქნა სრულ სადაზღვევო ღირებულებასთან/ჯამურ სადაზღვევო თანხასთან.
27. კასატორის მტკიცებით, ვინაიდან, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა არ ვლინდებოდა და, შესაბამისად, მოსარჩელის ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ასევე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნაც. ამასთან, სასამართლომ საანგარიშო თარიღად მიიჩნია 2017 წლის 21 ივლისის, მაშინ, როდესაც, თვით მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა დათარიღებულია 2017 წლის 25 ივლისით.
28. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო მსჯელობს 2017 წლის 21 ივნისის მოსარჩელის №--- წერილზე, იმავდროულად, აღნიშნულ წერილში ასახულ ინფორმაციას ანიჭებს დადასტურებული ფაქტების მნიშვნელობას, მათ შორის, შემთხვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის მინიჭების მცდელობას, რაც უსაფუძვლოა და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების დებულებათა გათვალისწინებით, არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
29. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
32. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
33. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად დაკმაყოფილდა მზღვევლის (მოპასუხის) მიმართ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე დამზღვევის (მოსარჩელის) მოთხოვნა.
34. მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლებიდან, ხოლო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლი.
35. განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 16 ივნისს სოფელ -- მეწყრის შედეგად დაზიანდა „---“ მილსადენი (ჰიდროტექნიკური ნაგებობა), რაც დაზღვეული რისკით გამოწვეულ შემთხვევაა. მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა დაზღვეული რისკით გამოწვეული შემთხვევის არსებობა და მიყენებული ზიანის ოდენობა - 170 000 ლარი.
36. მხარეთა შორის სადავოა ფრანშიზის დაანგიშების წესი, კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით ფარნშიზა გამოითვლება თითოეული დაზღვეული ქონების ღირებულებიდან, ხოლო, მოპასუხის განმარტებით, ფრანშიზა უნდა გამოითვალოს საერთო სადაზღვევო თანხიდან.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებებში გამოვლენილი მხარეთა ნების განმარტების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, სადაც სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან) დისპოზიცია განმარტებულია იმგვარად, რომ „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების გამომვლენისა და მიმღების მიზნებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ გარიგებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გარიგებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (სუსგ №ას-1817-2019, 15 ივნისი, 2020 წელი; №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
38. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული.
39. ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა.
40. ხელშეკრულების გამონათქვამების სხვადასხვანაირობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება სხვადასხვანაირად იქნას გაგებული. გამონათქვამთა საგულდაგულო შერჩევის მიუხედავად, დოკუმენტი ყოველთვის ერთნაირად ვერ იქნება აღქმული მისი წამკითხველების მიერ. გამონათქვამების შინაარსის დადგენა უნდა მოხდეს ხელშეკრულების საერთო ტექსტით ან ხელშეკრულების იმ ნაწილებით, რომლებიც განსამარტავ გამონათქვამებს შეიცავენ.
41. ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (იხ. სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
42. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 52-ე მუხლი და სწორად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ფრანშიზა გამოითვლებოდა თითოეული დაზღვეული ქონების ღირებულებიდან და არა საერთო სადაზღვევო თანხიდან.
43. კასატორის პრეტენზიის საპირისპიროდ, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა სადაზღვევო ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არარსებობა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 28 დეკემბრის ქონების დაზღვევის №---- პოლისის თანახმად, ქონების რეალური ღირებულება და საერთო სადაზღვევო თანხა შეადგენდა 23 267 801.71 აშშ დოლარს, რაც დაანგარიშებულია №- დანართში ჩამოთვლილი თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხების ჯამით. ამავე დანართის თანახმად, ხელშეკრულების დადების დროისთვის --- შენობა-ნაგებობების ღირებულება საერთო ჯამში შეადგენდა 8 327 131.12 აშშ დოლარს, მათ შორის - მილსადენი „---“ – ჰიდროტექნიკური ნაგებობის ღირებულება - 159 196.80 აშშ დოლარს. უდავოა, რომ ფრანშიზა წარმოადგენს თანხას, რომელიც იურიდიული პირების ქონების დაზღვევის პირობების მიხედვით არ ანაზღაურდება და აკლდება სადაზღვევო ანაზღაურებას თითოეულ და ყველა შემთხვევაზე, რისი გათვალისწინებითაც, კონტრაჰენტ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების განმარტების კონტექსტით ნიშანდობლივია, რომ დაზღვეული შენობა-ნაგებობების დაზიანებისას ფრანშიზის საერთო სადაზღვევო თანხიდან გამოთვლის შემთხვევაში (როგორც უკვე აღინიშნა საერთო სადაზღვევო თანხა შეადგენს 23 267 801.71 აშშ დოლარს), ვინაიდან სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის შემთხვევაში ფრანშიზა 2%-ია, მზღვეველი არ აანაზღაურებს 465 356.04 აშშ დოლარის ოდენობის ზარალს, რაც სადაზღვევო პოლისის №- დანართში ჩამოთვლილი დაზღვეული შენობა-ნაგებობების ღირებულებების გათვალისწინებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ეს უკანასკნელი აანაზღაურებს მხოლოდ რამდენიმე ობიექტზე მიყენებულ მხოლოდ მნიშვნელოვან ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც გამოიწვევს ობიექტის სრულ განადგურებას. ასეთ პირობებში კი, იმ შენობა-ნაგებობების დაზღვევა, რომელთა ღირებულება 465 356.04 აშშ დოლარზე ნაკლებია, მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს, ვინაიდან მათი სრული განადგურების შემთხვევაშიც კი, მზღვეველი ფრანშიზაზე მითითებით, უარს განაცხადებდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, შესაბამისად, ფრანშიზის საერთო სადაზღვევო თანხიდან გამოანგარიშება დამზღვევის მხრიდან ქონების დაზღვევის გაფორმების მიზანიდან გამომდინარე (რომელსაც წარმოადგენდა ქონება დაზიანების შემთხვევაში მზღვევლის მხრიდან ზიანის ანაზღაურება), დამზღვევის ინტერესს ცვლის და იმდენად დიდია საერთო სადაზღვევო თანხის ოდენობა და, შესაბამისად, ფრაშიზის ოდენობა, რომ ასეთი აუნაზღაურებელი მინიმუმი არ ამართლებს დაზღვევის მიზანსა და ინტერესს და არ ექვემდებარება ე.წ. „გონივრული განსჯის“ სტანდარტს.
44. მოსარჩელის სახელშეკრულებო მიზანთან დაკავშირებით აღსანიშნავია მოპასუხესა და მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელ საბროკერო კოპანიას შორის არსებული მიმოწერაც, სადაც ეს უკანასკნელი ითხოვს მეილით დადასტურებას, რომ მეორე ფრანშიზაზე (“Sum Insured”-ად) იგულისხმება თითოეული მანქანა-დანადგარისა თუ ქონების ღირებულება და არა მთლიანი სადაზღვევო თანხა და ითხოვს ხელშეკრულებაში ამის დაზუსტებას, რასთან დაკავშირებითაც, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, არ უარყვია ის ფაქტი, რომ ქონების შემთხვევაშიც, ფრანშიზა ინდივიდუალური ღირებულებებიდან გამოითვლებოდა. პალატა მიუთითებს, რომ საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაში სწორედ მზღვეველის ვალდებულებას წარმოადგენდა სრულად და კეთილსინდისიერად მიეწოდებინა დამზღვევისათვის ინფორმაცია, რაც მას არ განუხორციელებია, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის საფუძვლიანობას.
45. საკასაციო პალატის განმარტებით, ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მიერ გამოვლენილი და შეთანხმებული ნების საილუსტრაციოდ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ პოლისში 23 267 801.71 აშშ დოლარი მოხსენიებულია როგორც „საერთო სადაზღვევო თანხა“, ხოლო სადაზღვვეო ხელშეკრულების №- დანართის თანახმად, ფრანშიზა გამოითვლებოდა „სადაზღვევო თანხიდან“. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებაში მითითებულია ტერმინი „ჯამური სადაზღვევო თანხა“ რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როდესაც საუბარი იყო საერთო სადაზღვევო თანხაზე, მხარეები იყენებდნენ შესაბამის ტერმინოლოგიას და არაორაზროვნად უთითებდნენ ჯამურ თანხაზე, ფრანშიზასთან მიმართებით კი, ჩაწერილია მხოლოდ „სადაზღვევო თანხა“, რაც იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას ქმნის, რომ სადაზღვევო თანხა შეადგენდა დაზღვეული ქონების ღირებულებას სათითაოდ.
46. საკასაციო პალატის განმარტებით, იურიდიული პირების ქონების დაზღვევის პირობებით (6.1. პუნქტი) განისაზღვრა სადაზღვევო თანხის ცნებაც, რომლის თანახმად, სადაზღვევო თანხა ყოველი დასაზღვევი ქონებისათვის არ უნდა აღემატებოდეს მის რეალურ ღირებულებას. თუ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა აღემატება რეალურ ღირებულებას, მაშინ ორივე მხარეს აქვს უფლება, შეამციროს სადაზღვევო თანხა ქონების რეალურ ღირებულებამდე. უდავოა, რომ მხარეები სადაზღვევო თანხის განსაზღვრის რაიმე სხვა/დამატებით წესზე არ შეთანხმებულან, რაც შეიძლებოდა ჩათვლილიყო სსკ-ის 823-ე მუხლის (სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი) დისპოზიციურობიდან გამომდინარე განსხვავებულ ვარიანტზე შეთანხმებად, რისი გათვალისწინებითაც, სადაზღვევო თანხად უნდა ჩაითვალოს ქონების (დაზიანებული) ეკონომიკური ღირებულება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზემოხსენებულ დასკვნას ამყარებს ის ფაქტიც, რომ სადაზღვევო პოლისის შემადგენელ ნაწილად შედგენილია მისი №- დანართი, სადაც ჩამოთვლილია თითოეული დაზღვეული ობიექტის ღირებულება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩამონათვლის შედგენისა და მისი პოლისის დანართად გათვალისწინების საფუძველს სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ მზღვეველს ზიანი თითოეული ქონების ღირებულებიდან გამომდინარე უნდა აენაზღაურებინა და, შესაბამისად, ფრანშიზაც თითოეული ღირებულებიდან უნდა გამოთვლილიიყო.
47. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ფრანშიზა გამოითვლებოდა თითოეული დაზღვეული ქონების ღირებულებიდან და არა საერთო სადაზღვევო თანხიდან, რასთან დაკავშირებითაც სავსებით კანონიერად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, რისი გათვალისწინებითაც, გამოვლინდა რა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა, დამზღვევი უფლებამოსილი იყო, სსკ-ის 799.1 მუხლის შესაბამისად, მზღვევლისათვის წაეყენებინა მოთხოვნა, ხოლო მზღვეველს, ამავე კოდექსის 820-ე-821-ე მუხლების შესაბამისად, ეკისრებოდა ანაზღაურების ვალდებულება.
48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2017 წლის 16 ივნისს სოფელ --- მეწყრის შედეგად დაზიანებული მოსარჩელის კუთვნილი მილსადენი „---“ ღირებულება სადაზღვევო პოლისის №- დანართის თანახმად, შეადგენს 159196.8 აშშ დოლარს და ამ თანხიდან ფრანშიზის ოდენობა მისი 2%-ა, ანუ 3183.93 აშშ დოლარია, რაც სადაზღვევო რისკის დღისათვის, 2017 წლის 15 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის (2.4101) შესაბამისად 7 674.00 ლარია და დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება კი - 170 000 ლარი, სადაზღვევო ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მიყენებული ზიანის ოდენობისა (აღდგენითი სამუშაოების ღირებულებისა) და ფრანშიზის ოდენობის სხვაობით, რაც შეადგენს 162 326 ლარს.
49. პირგასამტეხლოს დაკისრების თარიღის განსაზღვრის თვალსაზრისით, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს არგუმენტირებულ შედავებას. ამასთან, იურიდიული პირების ქონების დაზღვევის პირობების 7.6.2 და 7.6.3 ქვეპუნქტების გათვალისწინებით (იხ. წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტი), პირგასამტეხლოს დარიცხვის დაწყების თარიღად სააპელაციო სასამართლომ კანონიერად განსაზღვრა 2017 წლის 21 ივლისი, ვინაიდან, მზღვეველს დამზღვევს 2017 წლის 21 ივნისს მიმართა და მზღვეველს ანაზღაურებაზე უარი უნდა განეცხადებინა 2017 წლის 21 ივნისის წერილის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, ამავე ვადაში მას ევალებოდა და შეეძლო სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაც, რისი გათვალისწინებითაც, 2017 წლის 21 ივნისიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - 2017 წლის 21 ივლისიდან პირგასამტეხლოს დაკისრების თარიღის განსაზღვრა სავსებით კანონიერია და ამ კუთხით, კასატორის პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები არ იკვეთება.
50. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო 2017 წლის 21 ივნისის მოსარჩელის №--- წერილში ასახულ ინფორმაციას ანიჭებს დადასტურებული ფაქტების მნიშვნელობას, რაც უკანონოა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ კასატორს მისი საწინააღმდეგო გარემოებების არსებობის შესახებ საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია და შესაბამისი მტკიცებულებებით არ უარყვია დაზღვეული რისკით გამოწვეული შემთხვევის არარსებობა, რისი გათვალისწინებითაც, მისი პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს.
51. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
52. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
53. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
54. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
55. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1107-2021, 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება; №ას-535-2020, 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; №ას-818-2020, 2021 წლის 11 ივლისის განჩინება; №ას-372-2019, 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება).
56. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
58. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,სადაზღვევო კომპანია ------“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სს ,,სადაზღვევო კომპანია -------“ (ს/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადასახადო დავალება №--- / გადახდის თარიღი 02.05.2022), 70% - 5600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე