Facebook Twitter

საქმე №ას-1383-2021 3 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით

განმცხადებელი - ს. ნ-ია

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ-ი ---“

გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, ს. ნ-ას (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, განმცხადებელი) საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმებაზე, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დარჩა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მის მიერ საკასაციო საჩივრი წარდგენილია ვადის დაცვით, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით, განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. კასატორმა 2022 წლის 29 აპრილს კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იმ გარემოებზე მითითებით, რომ მის მიერ საკასაციო საჩივარი წარდგენილია ვადის დაცვით, სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო პალატა განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

7. უნდა აღინიშნოს, რომ ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა და განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა (იხ. საქმე №ა-1222-ბ-10-2015, 10 სექტემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-543-513-2011, 30 მაისი, 2011 წელი; №ას-728-1056-07, 2008 წლის 23 იანვარი).

8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა კასატორის (განმცხადებლის) საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე (რომლითაც, არ დაკმაყოფილდა აპელანტის (განმცხადებლის) სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით განუხილველად დატოვა (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი). ამის შემდგომ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მის მიერ საკასაციო საჩივრი წარდგენილი იყო ვადის დაცვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა. კასატორი, წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვს ამ უკანასკნელი (2022 წლის 28 აპრილის) განჩინების გაუქმებას.

9. საკასაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავაზე საქმისწარმოება დამთავრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, შესაბამისად, ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განჩინება (რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა), ვერ იქნება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განხილების ობიექტი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ამ უკანასკნელი განჩინებით, საქმე არსებითაც არ გადაწყვეტილა, არამედ სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების კანონიერებაზე, რაც თავისთავად ვერ ჩაითვლება საქმისწარმოების დასრულებად, რისი გათვალისწინებითაც არსებობს წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობები.

10. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებას მოითხოვს მის მიერ ადრე წარმოდგენილი და უკვე განხილული განცხადების იდენტურ გარემოებებზე (ერთი და იგივე შინაარსის რამდენიმე განცხადებაა წარმოდგენილი) მითითებით, კერძოდ, წარმოდგენილი განცხადება იმავე საფუძვლებსა და არგუმენტებს ეყრდნობა, რაც უკვე განხილული და უარყოფილია საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით, რისი გათვალისწინებითაც, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სრულად ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით და 2022 წლის 29 აპრილს წარმოდგენილი განცხადების განხილვის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ნ-ას განცხადება არ აკმაყოფილებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა. აქვე განმცხადებელს უნდა განემარტოს, რომ მის მიერ ერთი და იმავე, ან მსგავსი შინაარსის განცხადებები განუხილველად დარჩება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 421-ე, 423-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ნ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე