Facebook Twitter

საქმე №ას-1267-2021 30 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ. დ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ. დ-ლი (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) და ნა. ლ-ძე 1976 წლის 9 სექტემბერს დაქორწინდნენ, ხოლო 1985 წლის 24 ივლისს განქორწინდნენ.

2. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების მიერ 1982 წლის 20 აგვისტოს გაცემული №--- ორდერის საფუძველზე, ისინი თბილისში, --- მე--მ/რ-ში, მე--- კორპუსში მდებარე №----ში ბინაში შესახლდნენ.

3. 1992 წლის 24 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით სადავო ბინა საკუთრებაში ნ.ლ-ეს გადაეცა.

4. ნ. ლ-ძე 2019 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრეები არ დარჩენია.

5. განქორწინების მიუხედავად, ყოფილი მეუღლეები, როგორც პრივატიზაციის დროს, ისე მას შემდეგაც სადავო ბინაში ცხოვრობდნენ.

სარჩელის საფუძვლები:

.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. თბილისში,--- მე-- მ/რ-ში, მე--- კორპუსში, ბინა №---ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, ასევე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, სადავო ქონების დარჩენილი ½ ნაწილის უმკვიდროს ცნობა და უსასყიდლოდ სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემა.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად მომზადებულ ცნობა-დახასიათებაში მოსარჩელე არ მითითებულა მესაკუთრე/მოსარგებლედ, ისევე, როგორც პრივატიზაციის ხელშეკრულებაში, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ქონება უშუალოდ გადაეცა ნ. ლ-ეს, შესაბამისად, არ წარმოშობილა მოსარჩელის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება.

8. მოპასუხის მითითებით, სადავო უძრავი ქონების ნ. ლ-ის სახელზე პრივატიზაციის დროს, მოსარჩელე არ იმყოფებოდა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად, მათი ქორწინებაც ვერ იქნება მოსარჩელისთვის სადავო უძრავი ქონების 1/2 წილის მოთხოვნის საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დამაყოფილდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, --- მე--- მ/რ-ში, მე--- კორპუსში მდებარე №-- ბინის მესაკუთრედ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, უმკვიდროდ იქნა ცნობილი ნ. ლ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს.

10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის №107 დადგენილების პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

13. სააპელაციო სასამართლომ სადავო ბინის პრივატიზაციის დროისათვის მოქმედი საქართველოს საბინაო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ სადავო ბინაზე საბინაო საექსპლუატაციო ორგანიზაციამ ორდერი გასცა როგორც ნ. ლ-ის, ისე - მოსარჩელის სახელზე. მოსარჩელე სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობილი არ ყოფილა და ამის დამადასტურებელი ფაქტები არც აპელანტს არ მიუთითებია, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელე სადავო ბინის დამქირავებელი იყო და ბინის პრივატიზაციის უფლება ჰქონდა.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ის მტკიცებულებები, რომლითაც ნ. ლ-ის მემკვიდრეების არარსებობას ან, ყოველ შემთხვევაში, სამკვიდროს მიუღებლობას მაინც ადასტურებდა. აპელანტს ამის არათუ საწინააღმდეგო მტკიცებულებები, არამედ გარემოებებიც არ მიუთითებია, კერძოდ, მას ნ. ლ-ის სავარაუდო მემკვიდრე არც კი დაუსახელებია. ამ ვითარებაში, საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1343-ე მუხლის საფუძველზე, სავსებით სწორად მიიჩნია ქონება უმკვიდროდ და სახელმწიფოს გადასცა.

15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას შეცდომით გამოიყენა საქართველოს კანონი ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“, თუმცა ამ შეცდომას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია, რისი გათვალისწინებითაც, სსსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და იმავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მითითება, რომ 1992 წლისათვის (ქონების პრინატიზაციის დროს) მოსარჩელე და სადავო ქონების მესაკუთრე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, ცალსახად იკვეთება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ერთპიროვნულად ჰქონდა ნ. ლ-ეს.

18. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ორდერის საფუძველზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმათა დაცვით განხორციელდა ბინის პრივატიზება ნ. ლ-ზე ერთპიროვნულად, რაც საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია. პრივატიზაციის ხელშეკრულება სათანადო წესით ბათილად ცნობილი ან სადავოდ გამხდარი არ არის, შესაბამისად, დაუდგენელია, თუ რის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სადავო უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა.

19. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინებით სათანადოდ არ არის შეფასებული ქონების უმკვიდროობის ფაქტი. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლოს არ შეუფასებია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სადავო უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) საკუთრების უფლების აღიარების მართზლომიერება.

25. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ასევე საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი (ძალადაკარგულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად), რადგან სადავო ურთიერთობა წარმოშობილია მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე.

26. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა ხორციელდება საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც იდება გამქირავებელს - საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და დამქირავებელს - მოქალაქეს შორის, რომლის სახელზეც გაცემულია ორდერი. ანალოგიურ დანაწესს შეიცავდა სსრ საბინაო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი აბზაცი. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევს ორდერს, რომელიც მოცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია. საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად კი, განსაზღვრულია იმ პირთა უფლება-ვალდებულებები, რომლებიც დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან და მასთან ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არა აქვთ დადებული საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება, ისინი სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ ყველა მოვალეობა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სუსგ - საქმე №ას-471-471-2018, 28 თებერვალი, 2019 წელი).

27. საკასაციო პალატის განმარტებით, საბინაო კოდექსის საფუძველზე, მიღებულ იქნა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. მოხმობილი ნორმების შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ის პირები, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს. აღნიშნული ნორმატიული აქტი არ აყენებს საცხოვრებელი სახლის (ბინის) არცერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

28. ზემოაღნიშნული დადგენილებით, ქირავნობის ურთიერთობის ნამდვილობისათვის განმსაზღვრელი იყო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტი‚ რომელიც, ერთ შემთხვევაში, წარმოიშობოდა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სხვა შემთხვევაში - დამქირავებელთან მცხოვრები ოჯახის წევრობის ინსტიტუტით და ამ უკანასკნელებს გააჩნიათ ყველა ის უფლება, რომლითაც სარგებლობს დამქირავებელი. ამდენად, №107 დადგენილებით მინიჭებული უფლება ვრცელდება დამქირავებელთან ერთად მცხოვრებ ოჯახის ყველა წევრზე და საერთო უფლებებთან ერთად მათ ეკისრებათ სარგებლობიდან გამომდინარე მესაკუთრის ყველა ვალდებულება (სუსგ - საქმე №ას-1161-1107-2013, 29 მაისი, 2015 წელი).

29. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სსრ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების მიერ 1982 წლის 20 აგვისტოს ნ. ლ-სა და მოსარჩელის სახელზე №-- ორდერი გაიცა, რის საფუძველზეც, ისინი გაცვლის წესით სადავო უძრავ ბინაში შესახლდნენ, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელეს ისევე როგორც ნ. ლ-ეს, როგორც საცხოვრებელი ფართის დამქირავებელს ბინის პრივატიზაციის უფლება ჰქონდა, შესაბამისად, მოსარჩელის წილი პრივატიზაციის გზით მოპოვებული საკუთრებიდან შეადგენს ½ ნაწილს. ამასთან, უდავოა, რომ მას კანონით დადგენილი წესით უარი არ განუცხადებია საკუთრებაზე.

30. მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიანიჭება იმ გარემოებას, რომ ბინის პრივატიზაციამდე მოსარჩელე და ნ. ლ-ძე განქორწინდნენ, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს (მოწინააღმდეგე მხარეს) ბინის პრივატიზაციის უფლება ჰქონდა არა მხოლოდ როგორც ნ. ლ-ის ოჯახის წევრს, არამედ - როგორც დამქირავებელს და ეს უფლება მას არ დაუკარგავს. ასეც რომ არ იყოს, უდავოა, პრივატიზაციის დროისათვის მოსარჩელის სადავო მისამართზე ცხოვრებისა და უძრავი ნივთით სარგებლობის ფაქტი, რაც იურიდიულად დაუსაბუთებელს ხდის კასატორის პრეტენზიებს, ვინაიდან, საქართველოს საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქალაქენი აღარ არიან დამქირავებლის ოჯახის წევრები, მაგრამ განაგრძობენ იმავე სადგომში ცხოვრებას, მათ აქვთ ისეთივე უფლება-მოვალეობანი, როგორც დამქირავებელსა და მისი ოჯახის წევრებს, რისი გათვალისწინებითაც, განქორწინების მიუხედავად, მოსარჩელეს სადავო ბინაზე უფლებები შენარჩუნებული ჰქონდა, როგორც ნ. ლ-ის ოჯახის წევრსაც.

31. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით განმარტავს, რომ მოსარჩელეს, ნ. ლ-ის მიერ პრივატიზებულ ბინაზე (1/2 ნაწილზე) „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №107 დადგენილების საფუძველზე მიეცემა საკუთრების უფლება და მოცემულ საქმეზე არ არსებობს დადგენილი გარემოებები, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

32. რაც შეეხება კასატორის წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიებს, პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გამოიკვლიეს სადავო ქონების უმკვიდროს ცნობის, შესაძლო ანდერძისმიერი და კანონისმიერი მემკვიდრეების არსებობის საკითხი და მტკიცებულებათა შეფასების გათვალისწინებით, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს.

33. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1607-2018, 2021 წლის 29 ივნისის განჩინება; №ას-728-2020, 2021 წლის 16 ივნისის განჩინება; №ას-969-2021, 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება; №ას-1338-2018, 2019 წლის 25 იანვრის განჩინება).

38. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

40. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე