3გ-ად-30-გ-02 17 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის «ა.-მ» 2002წ. 1 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა შემდეგზე: ქ. თბილისში, ... მცხოვრები მოქალაქეების გ. გ.-სა და დ. ქ.-ის მიერ აღნიშნულ მისამართზე სათანადო პროექტისა და ნებართვის გარეშე წარმოებდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რითაც ირღვეოდა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნები. «ა.-მ» 2002წ. 18 მარტს, მითითებული კანონის მოთხოვნათა დაცვით, გამოიტანა ¹33 დადგენილება მოპასუხეების 3000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. მოსარჩელე «ა.-მ» სარჩელით მოპასუხისათვის როგორც ჯარიმის დარიცხვა, ისე დარღვევის გამოსწორების დავალება მოითხოვა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განჩინებით «ა.-ის» სარჩელი წარმოებაში არ იქნა მიღებული იმ საფუძვლით, რომ სარჩელი უწყებრივად სასამართლოს განსჯადი არ იყო და მოსარჩელეს განემარტა, რომ მას აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის უნდა მიემართა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის განჩინებით თბილისის «ა.-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2002წ. 31 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ დავათა კატეგორიას არ წარმოადგენდა და იგი სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადი იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 2 სექტემბრის განჩინებაში მიუთითა, რომ თბილისის «ა.-ის» მიერ 2002წ. 18 მარტს მიღებულ იქნა მ. გ.-სა და მ. ქ.-ის დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ დადგენილება ¹33 _ რაც, თავისი შინაარსით სცილდებოდა კერძო სამართლებრივ სფეროს და ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ კერძო საჩივარი განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ მოცემული კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1472 მუხლი ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყების შემთხვევას ეხებოდა, მაგრამ იგი მითითებული კოდექსიდან მთლიანად ამოღებულ იქნა და «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» 1997წ. 14 ნოემბრის კანონის რეგულირების სფეროში მოექცა. კერძოდ, აღნიშნული კანონის 4.5 მუხლის თანახმად «ა.-» არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების საკითხებს განიხილავს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი და მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარების თაობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისათვის ამ საქმიანობას ლიცენზიის, სერთიფიკატის გარეშე ან არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის იმ სამუშაოების შესრულებისათვის, რომლებიც ლიცენზიაში მოხსენებული არ არის, პირს გადახდება ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
ხსენებულ კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, მე-6 მუხლის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისა და დარღვევით მიყენებული ზიანის აღმოჩენისას შესაბამისი ა.- დამრღვევს სთავაზობს დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით გამოსწორებას, უარის შემთხვევაში «ა.-» იღებს დადგენილებას დამრღვევისათვის საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ და აჯარიმებს მას. თუ დამრღვევი არ გადაიხდის ჯარიმას, «ა.-» მიმართავს სასამართლოს საჯარიმო თანხის ამოღებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორების ვალდებულების დაკისრების მოთხოვნით.
ნიშანდობლივია, რომ «ა.-ის» მიერ სასამართლოში შეტანილი სასარჩელო განცხადება ეხებოდა როგორც დაკისრებული საჯარიმო თანხის ამოღებას, ისე დარღვევის გამოსწორების (აღკვეთის) მოთხოვნას.
საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგნის კონკრეტულ ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც არ არის ამომწურავი.
საკასაციო სასამართლო ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით განმარტავს, რომ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონი საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს და მოცემული სფერო ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კონკრეტული დავა, მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სფეროში არ ჯდება, მაგრამ იგი ამავე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რაც გამორიცხავს მის კერძო სამართლებრივ დავად მიჩნევას და მას ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას მიაკუთვნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა გადაეგზავნოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის «ა.-ის» კერძო საჩოვარი განსჯადობის წესით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცეს.
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.