Facebook Twitter

საქმე №ას-716-2021 23 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ. ზ-ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ-ლი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ცენტრი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. გ-მა (შემდგომ - დედა, მოსარჩელე,) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ზ-ის (შემდგომ - მამა, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის - გ. ზ-ის (შემდგომ - არასრულწლოვანი, შვილი) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

სარჩელის საფუძვლები

2. 2012 წლიდან მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 16 იანვარს, შეეძინათ შვილი. ოჯახში არაჯანსაღი ურთიერთობების გამო (რაც გამოიხატებოდა მოპასუხის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობითა და დამუქრებით, რომ წაართმევდა ბავშვს და არ მისცემდა მასთან ცხოვრების საშუალებას) მოსარჩელე იძულებული გახდა, 2019 წლის ივნისში დაეტოვებინა მოპასუხის საცხოვრებელი სახლი - ქ…… და წამოსულიყო მშობლების სახლში, ქ…... მოსარჩელემ რამდენიმეჯერ სცადა ბავშვის წამოყვანა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ, პოლიციის თანდასწრებით, 15 წუთის განმავლობაში მოახერხა შვილის ნახვა. ამ შეხვედრებისას, ბავშვს დედასთან წასვლა სურდა, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევდა მოპასუხე. ამასთანავე, ამ ხნის განმავლობაში მამა ფსიქიკურად ზემოქმედებდა შვილზე, რათა შეეძულებინა დედა და არ ჰქონოდა მასთან ურთიერთობის სურვილი.

3. მოსარჩელე დასაქმებულია საქართველოს ა(ა)იპ …. მძლეოსნობის სპორტულ კლუბში მწვრთნელად. მოსარჩელე მშობლებთან ერთად ცხოვრობს ქ….., სადაც აქვს ყველა პირობა, რომ არასრულწლოვანი აღიზარდოს ჯანსაღ გარემოში. ამასთანავე, მშობლები ეხმარებიან ფინანსურად, მოსარჩელის მშობლები მზად არიან, უზრუნველყონ მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ნორმალური საცხოვრებელი პირობები.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათ ოჯახში არსებობდა სრულიად ჯანსაღი ურთიერთობა, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც მოსარჩელე ისე წავიდა საცხოვრებელი სახლიდან, რომ არც კი დაინტერესებულა ბავშვით. მოსარჩელე ჩავიდა ქალაქ …. და პოლიციაში განაცხადა, რომ სურდა შვილის ნახვა და შეხვდა კიდეც, მაგრამ ბავშვს დედასთან წასვლის სურვილი არ გამოუხატავს. რაც შეეხება ბავშვზე ფსიქიკური ზემოქმედების ფაქტს, სრულიად უსაფუძვლოა. იგი იზრდება ჯანსაღ გარემოში. მოსარჩელესა და მის ოჯახს არ აქვს საკმარისი სახსრები და შემოსავალი, უზრუნველყონ არასრულწლოვნის მოთხოვნილებები.

მესამე პირის პოზიცია

5. მესამე პირმა - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა და არასრულწლოვნის წარმომადგენელმა მიუთითეს, რომ არასრულწლოვნის უფლებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება, რომ მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც მამასთან, ისე დედასთან, თუმცა ამ ეტაპზე, ვლინდება დედასთან არსებული გაუცხოვების აღმოფხვრისა და მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების პოზიტიურით შეცვლის ფაქტი, შესაბამისად, არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, მდებარე ქ…., … ქ. №….-ში.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

9. პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის მსვლელობისას, არასრულწლოვანი დედასთან, … გადავიდა საცხოვრებლად. სოციალური მუშაკის დასკვნით, გარემო, რომელშიც თანაცხოვრობს არასრულწლოვანი, არის ბავშვის განვითარებისათვის ხელშემწყობი, მხარდამჭერი მისი ფიზიკური, ბიოლოგიური და გონებრივი (კოგნიტური) განვითარებისათვის. ოჯახი უზრუნველყოფს ბავშვს მატერიალური, ყველა პირველადი და სხვა სახის საჭიროებით და დედა სათანადო ყურადღებას იჩენს შვილის აღზრდის საკითხებისადმი. ამასთან, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, დედის ზრუნვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის პოზიციით კი, არასრულწლოვნის დედასთან ცხოვრება და მასთან ურთიერთობა დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.

10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნებით, ფსიქოლოგის შეფასებითა და თავად არასრულწლოვანთან ინტერვიუს შედეგად იკვეთებოდა, რომ ბავშვი დედასთან თავს უსაფრთხოდ, კომფორტულად და ადაპტირებულად გრძნობს. მას აქვს ურთიერთობა მამასთანაც და დედა ხელს არ უშლის ამაში. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ბავშვის ასაკი, ფსიქოლოგის შეფასება, სოციალური მუშაკის დასკვნები, მესამე პირის განმარტებები და თავად არასრულწლოვნის მიერ გამოხატულ პოზიცია სასამართლო სხდომაზე, ასევე - ის გარემოება,, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, წარსულში, მამის საცხოვრებელ მისამართზე ყოფნის დროს, ბავშვის მხრიდან დედის მიმართ გაორებული, არათანმიმდევრული დამოკიდებულება და გაუცხოება, მამის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის არაჯანსაღ და შეუფერებელ გარემოს აყალიბებდა. დედასთან ურთიერთობით კი, ეს პრობლემა აღმოფხვრილია და ბავშვის ფსიქოემოციური განწყობაც სათანადოა.

11. პალატა დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის იმ მსჯელობასაც, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სასამართლოსთვის არ აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა და თითოეული მათგანი უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ პრიორიტეტულად გაიზიარა საქმის განხილვის დროს მოპოვებულ მტკიცებულებები და მიღებული ინფორმაცია და არა გამოძიების მასალები, რომელთა კანონიერებაზე, საფუძვლიანობასა და დასაბუთებულობაზე მოსარჩელე დავობს და ჯერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამასთან, პალატამ მიუთითა ისიც, რომ სასამართლოსათვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია ის ვითარება, რაც გადაწყვეტილების მიღების დროს არის და არა ის ვითარება, რაც წარსულში იყო, რადგან ორივე მხარე საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგენს ფაქტებს, ხოლო სასამართლო ვალდებული იყო, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ობიექტური მტკიცებულებების შეფასებით მიეღო გადაწყვეტილება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

13. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არაერთი დარღვევით, საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად არ გამოიკვლია. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი იყვნენ მიკერძოებული და არაობიექტურები, რადგან ისინი დაახლოებული არიან მოსარჩელესთან. ამ ინტერესთა კონფლიქტის გამო მათ თვითაცილება უნდა დაეყენებინათ. მათ მოამზადეს მოხსენებითი ბარათები, რომელიც შედგენილია კანონდარღვევით. მათ მიერ შედგენილი დასკვნით დგინდება, რომ ისინი სრულად დაფუძნებულია დედის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.

14. სოციალურმა მუშაკმა მხოლოდ სამჯერ მოინახულა ბავშვი, დანარჩენ დღეებში კი, მოსარჩელესთან რეკავდა და ტელეფონით კითხულობდა. ამ სახით მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ობიექტური და სარწმუნო, რადგან დედას, რომელიც განსახილველ საქმეში მხარეს წარმოადგენს, შეიძლებოდა, არ მიეწოდებინა სრული და სწორი ინფორმაცია.

15. ფსიქოლოგმა განმარტა, რომ მხოლოდ ნახევარი საათი აკვირდებოდა ბავშვს და ამ მცირე მონაკვეთში დაასკვნა, რომ ს უკეთესი იქნებოდა, დედასთან ეცხოვრა. მან განმარტა, რომ „ბავშვის წამოყვანა მამის საცხოვრებელი ადგილიდან იქნებოდა პრევენციული ხასიათის, რათა არ გაგრძელებულიყო ბავშვის არასათანადო პირობებში ცხოვრება“. ფსიქოლოგი ამ გარემოებას განმარტავს ისე, რომ მას არ აქვს შესწავლილი მამის საცხოვრებელი გარემო და არ დაკვირვებია მამა-შვილის ურთიერთობას.

16. კასატორი კვლავ ყურადღებას ამახვილებს შსსს ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში მოსარჩელის მიმართ არსებულ საქმეზე შვილზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ პირები, რომელთაც დაადასტურეს მოსარჩელის მიერ ბავშვზე ძალადობის ფაქტი. სასამართლომ კი, იმის ნაცვლად მოწმეთა ჩვენებები შეეფასებინა, მიუთითა, რომ ბავშვის მამასთან დარჩენის შემთხვევაში იცხოვრებს ისეთ გარემოში, სადაც ყველა ნგატიურად არის განწყობილი დედის მიმართ. ეს მსჯელობა არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის ქცევითი პრობლემები მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც დედა აღარ ცხოვრობს მასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

23. წინამდებარე საქმეში კვლევის საგანს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო. ამ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

23. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

24. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, არამედ მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირს, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს.

25. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

26. სასამართლომ სსკ-ის 1201-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უნდა განსაზღვროს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს ბავშვი. ამისათვის საკასაციო სასამართლო დეტალურად გაეცნო საქმის მასალებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოკვლეული და შეფასებული გარემოებები, რასაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაეფუძნა, სრულად შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს ბავშვის საუკეთესო ინსტერესებისათვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სსსკ-ის 354-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმსჯელეს და დაადგინეს სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის ყველა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს (გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი). ამასთან, გასაჩივრებული განჩინება, სსსკ-ის 2511.2 მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით, დასაბუთებულია ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით. სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლომ გამოიკვლია მტკიცებულებები - ფსიქოლოგის დასკვნა, სოციალური მუშაკის დასკვნა, მოწმეთა ჩვენებები, თავად არასრულწლოვნის ქმედებები და ქცევა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილად განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სწორედ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს ემსახურება.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა განმარტებების საფუძველზე არ დასტურდება არცერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ მცირეწლოვნის საცხოვრებლად უპრიანია, მამის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს. საქმეში წარმოდგენილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მცირეწლოვნის საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა უმჯობესია.

28. კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას დიდწილად ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მიკერძოებულობასა და არაობიექტურებას აფუძნებს, რაც არ არის გამყარებული არცერთი დამაჯერებული არგუმენტითა თუ მტკიცებულებით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1200-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი აღქმა ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომადგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. პალატა მიიჩნევს, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ დაკისრებული მოვალეობანი შეასრულა, ეფექტიანად გაწია სათანადო სამუშაო დასახული მიზნის მიღწევისათვის.

29. პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ეტაპობრივი ურთიერთობა დაადგინა დედასთან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობით. სასამართლოს დავალების შესაბამისად, ერთმანეთს სოციალური მუშაკის თანდასწრებით შეხვდნენ, რათა დადგენილიყო ბავშვის რეალური მზაობა და სურვილი დედის ნახვის, ანდა მის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის შესახებ. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ვიზიტების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ბავშვს სურს დედასთან ურთიერთობა, თუმცა გამოვლინდა მოპასუხის უარყოფითი გავლენაც ამ ფაქტთან დაკავშირებით. შემდეგი ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რამდენად იყო არასრულწლოვანი მზად დედის საცხოვრებელ სახლში წასვლაზე, თუმცა ვერ მოხერხდა ბავშვის რეალური სურვილის დადგენა, მოპასუხის მხრიდან არ მიეცათ ბავშვთან ურთიერთობის საშუალება არც ფსიქოლოგს, არც სოციალურ მუშაკსა და არც დედას. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციითაც დადგინდა მოპასუხე მხარის მხრიდან დედისა და ბავშვის ურთიერთობის ხელის შეშლა. 2019 წლის 23 დეკემბერს სასამართლოს დავალების საფუძველზე არასრულწლოვნის მდგომარეობა შემოწმდა დედის საცხოვრებელ ადგილზე. სოციალური მუშაკის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებულია, რომ დედასა და შვილს შორის დადებითი დამოკიდებულებაა. სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგმა შეადგინა მოხსენებითი ბარათი, სადაც მიუთითებს, რომ ბავშვს დადებითი ემოციური კავშირი აქვს დედასა და ბაბუასთან. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით დროებით განკარგულების შეცვლის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება ბავშვის აღსაზრდელად დედისათვის გადაცემასთან დაკავშირებით და არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. სასამართლოს დასკვნით, ბავშვის ფსიქოემოციის სიმყარე პირდაპირ უკავშირდება სასამართლოს დროებითი განკარგულებების საფუძველზე დედისა და ბავშვის ურთიერთობის აღდგენის პერიოდს.

30. პალატა მიუთითებს, რომ დედა-შვილის ორთვიანი განშორების ფონზე, მხოლოდ რამდენიმე შეხვედრის შედეგად არასრულწლოვნის ემოციური დამოკიდებულების თაობაზე რეალური დასკვნის გამოტანა არასაკმარისია, თუმცა, ვინაიდან საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე ბავშვი დედასთან გადავიდა საცხოვრებლად და, ფსიქოლოგის დასკვნით, დედასთან ცხოვრება და მასთან ურთიერთობას აქვს დადებითი შედეგი, საკასაციო პალატას უქმნის რწმენას, რომ დედის საცხოვრებელი გარემო კეთილსაიმედოა არასრულწლოვნისათვის. პალატის ამგვარი შეფასების საფუძველს სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანთან გასაუბრებაც წარმოადგენს, სადაც არ შეინიშნებოდა დედის მიმართ გაუცხოებისა და იმ შიშის აღმოფხვრის ფაქტი, რაც აშორებს არასრულწლოვანს დედასთან. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დროებითი განკარგულება, სადავო საკითხის თაობაზე რეალური სურათის წარმოჩენის საუკეთესო და ეფექტიანი საშუალება გამოდგა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. დროებითი განკარგულებების აღსრულებაზე დაკვირვებით სასამართლომ დაადგინა დედა-შვილის ურთიერთობის აღდგენის ფონზე ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების ფაქტი.

31. კასატორმა ვერ დაასახელა მოსარჩელის მხრიდან მშობლის ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შესახებ ვერცერთი დამაჯერებელი არგუმენტი, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სოციალური მუშაკებისა და ფსიგოლოგთა დასკვნებისა თუ ჩვენებების ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამგვარად, პალატა არ იზიარებს საქმეზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ კასატორის პრეტენზიას.

32. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ დედის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე წარსულში ბავშვის მიმართ შესაძლო ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, პირველ რიგში, პალატამ ზედმიწევნით შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მასალები და ყურადღება მიაქცია ფაქტს, რომ მოპასუხემ საგამოძიებო უწყებას მიმართა მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ წარადგინა სარჩელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით (სარჩელი წარდგენილია 2019 წლის 8 ივლისს, ხოლო მოპასუხემ საგამოძიებო უწყებას მიმართა 2019 წლის 12 სექტემბერს), მაშინ, როდესაც მოპასუხე მხარის მოწმეთა ჩვენებების თანახმად, დედა სისტემატურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილზე, თუმცა სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ ვითარების აღსაკვეთად არ მიუმართავთ. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მეორეც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის მიცემული ჩვენების საპირისპიროს მიუთითებენ (იხ. 29-ე-30-ე პუნქტებში შეფასებული მტკიცებულებები). ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა გათვალისწინდეს სუბიექტური ფაქტორებიც - ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის სხდომაზე არასრულწლოვანთან გასაუბრების ფარგლებშიც ბავშვმა საკმაოდ ადეკვატრად, ვერბალურად უპასუხა სასამართლოს კითხვებს, კერძოდ, განმარტა, რომ მოსწონს დედასთან ცხოვრება, თანხმდება მამასთან ხანდახან წასვლაზე, თუმცა შემდგომ ისევ დედასთან დაბრუნების სურვილს გამოხატავს, დადის ბაღში, აქვს სკოლაში წასვლის მოლოდინი და მზაობა, ადაპტირებულია დედის საცხოვრებელ გარემოსა და ქალაქთან, დიდ დროს ატარებს დედასა და ბაბუასთან. დედასთან საცხოვრებლად გადასვლის შემდგომ, მესამე პირის - სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლების განმარტებით, ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. საქმეში ჩართული ფსიქოლოგის შეფასებით კი, არასრულწლოვნის ფსიქოემოციური მდგომარეობა სტაბილურია, ბავშვი არის ასაკობრივად განვითარებული და ადეკვატური, შეგუებულია დედასთან ცხოვრებას, თუმცა გამოხატულია მამის მონატრება და მასთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ფსიქოლოგის დასკვნით, დედასთან ცხოვრება და მასთან ურთიერთობა დადებითად მოქმედებს მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგის განმარტებით კი, ბავშვის დედასთან ურთიერთობის შედეგად ბავშვს აღარ აქვს უარყოფითი განცდა, რაც მას …. ცხოვრების პერიოდში აისახა, დედასთან ურთიერთობა მასზე დადებით გავლენას ახდენს, მაგრამ, ამავდროულად, მამასა და ბავშვს შორის ურთიერთობის გასამყარებლად აუცილებელია ხშირი კავშირი.

33. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, წინამდებარე განჩინებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სსკ-ის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). შესაბამისად, უკიდურესი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თითოეული მშობლის მიერ წახალისებული უნდა იყოს ბავშვის მეორე მშობელთან ურთიერთობა, ვინაიდან ბავშვის სრულყოფილი აღზრდა - განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. დადგენილია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის მსვლელობის მდგომარეობით, არასრულწლოვნის დედასთან საცხოვრებლად გადასვლის შემდგომ, მამასა და შვილს შორის შენარჩუნებულია ხშირი ურთიერთობა და პერიოდულად ნახულობს შვილს, მათ შორის, …, თავის საცხოვრებელ მისამართზე წაყვანისა და დედასთან დაბრუნების პირობით.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა - არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე ქმნის ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისოსამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი ქმნის ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.; №ას-159-149-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).

35. კასატორმა ვერც ის დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. პირველ რიგში, ამგვარი კატეგორიის საქმებზე ევროსასამართლოს სტანდარტის მიხედვით, ფასდება გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხი, კერძოდ, ევროსასამართლო ადგენს, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებს და სამედიცინო ცნობებს); აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის - ბავშვებს, მიეცათ თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (Havelka and Others v. the Czech Republic, No.23499/06, § 62, 21.06.2007;Haase v. Germany, No.11057/02, § 97, 8.04.2004). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ეს სტანდარტი დაცულია.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-877-2019, 3.07.2020წ.; №ას-1449-1369-2017, 20.04.2018წ.; ას-331-316-2015, 30.10.2015წ.; №ას-1134-1081-2013, 10.02.2014 წ.).

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. გ. ზ-ს (პ/ნ ….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …., მიმღების ანგარიშის №….., სახაზინო კოდი ….) დაუბრუნდეს დ.გ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება №…., გადახდის თარიღი 21.06.2021), 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

ვლადიმერ კაკაბაძე