Facebook Twitter

საქმე №ას-1429-2019 9 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ც. ც-ის უფლებამონაცვლე ა. ც-ლი, თ. ც-ის უფლებამონაცვლეები გ. და ა. ც-ბი, გ. ც-ლი, ა. ც-ლი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-რი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – ლ. გ-ლი, ამ. მ-რი, ე. მ-რი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე. მ-ი (შემდგომში - „მოსარჩელის დედა“) და ა. მ-რი (შემდგომში - „მოსარჩელის მამა“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელის მშობლები“) ქორწინებაში იმყოფებიან 1995 წლიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: ლ. მ-რი, დაბადებული 19.. წლის 06 აგვისტოს, მ. მ-რი, დაბადებული 19.. წლის 02 აგვისტოს, თ. მ-რი, დაბადებული 19.. წლის 03 სექტემბერს (შემდგომში - „მოსარჩელე“) და ბ. მ-რი, დაბადებული 20.. წლის 25 თებერვალს. მოსარჩელის მამას პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი მ. მ-რი, დაბადებული 19.. წლის 11 მაისს.

2. 19.. წლის 03 სექტემბერს დაბადებული მოსარჩელის დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულია მოსარჩელის დედა, ხოლო მამის გრაფაში - მოსარჩელის მამა.

3. მოსარჩელის მშობლების ოჯახის მატერიალური მდგომარეობა მძიმე იყო. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ისინი 2002-2007 წლებში სხვადასხვაგვარი ფიზიკური შრომით ირჩენდნენ თავს და მუშაობდნენ ე.წ. … აგარაკებზე, გარკვეული პერიოდი მათი ნათესავების გ. და დ. ს-ბის ოჯახში. 2007 წლიდან ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას.

4. მოსარჩელე იზრდებოდა სკოლა-ინტერნატში, რომლის ლიკვიდაციაც 2006 წლის 29 სექტემბერს მოხდა. მშობლების სამუშაო ადგილზე, ე.წ. --- აგარაკებზე, მოსარჩელე მიდიოდა ყოველ შაბათ-კვირას, ასევე - დასვენების პერიოდში.

5. მ. ც-ლი (შემდგომში - „აღმზრდელი“) და ლ. გ-ლი 1989 წლის 30 აპრილიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. მათ თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. ისინი ცხოვრობდნენ ე.წ. --- აგარაკებზე.

6. აღმზრდელი იყო განათლებული, პატივსაცემი, კეთილი და ქველმოქმედი პიროვნება. იგი მუშაობდა --- დეპარტამენტში, ასევე იყო ბავშვთა --- საზოგადოების აღმზრდელი პიონერთა სასახლეში. აღმზრდელს მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

7. აღმზრდელმა მოსარჩელე მისი ბიოლოგიური მშობლების სამუშაო ადგილზე, ე.წ. --- აგარაკებზე გაიცნო მაშინ, როცა მოსარჩელე ხუთი წლის იყო. აღმზრდელს მოსარჩელესთან თავიდანვე თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. გაცნობიდან რამდენიმე ხანში აღმზრდელმა მოსარჩელე თავისთან საცხოვრებლად წაიყვანა. აღმზრდელთა ოჯახში საცხოვრებლად გადასვლის სურვილი თავად არასრულწლოვან მოსარჩელესაც ჰქონდა.

8. 2006 წლის ივლისის თვიდან მოსარჩელე ცხოვრობდა და იზრდებოდა ლ. გ-სა და აღმზრდელის ოჯახში. მის რჩენა-აღზრდას, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და ხარჯების გაღებას აღმზრდელი უზრუნველყოფდა.

9. 2016 წელს მოსარჩელემ წარმატებით დაასრულა სსიპ ქალაქ თბილისის №---ე საჯარო სკოლა და ამავე წელს შპს „…. უ-ის“ სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა. 2017 წლის 09 ნოემბერს მოსარჩელე იმყოფებოდა სწავლების მესამე სემესტრზე. თ. განათლებისა და აღზრდა-განვითარების ხარჯებს აღმზრდელი სწევდა.

10. აღმზრდელმა მოსარჩელეს არა მხოლოდ სასკოლო და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა, არამედ შეასწავლა უცხო ენა და მანქანის მართვა.

11. აღმზრდელი გარდაიცვალა 2017 წლის 06 აგვისტოს. ჭირისუფალთა შორის ლ. გ-ან ერთად იყო მოსარჩელეც.

12. თ. ც-ლი (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“) და ც. ც-ლი (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) არიან 2017 წლის 06 აგვისტოს გარდაცვლილი აღმზრდელის დედმამიშვილები, ა. ც-ლი (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მესამე კასატორი“) და გ. ც-ლი (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“ ან „მეოთხე კასატორი“) კი - აღმზრდელის ძმის, 2015 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი ი. ც-ის შვილები.

13. აღმზრდელს სიცოცხლის მანძილზე მოსარჩელის შვილად აყვანის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია აღმზრდელის რეგისტრირებული ქორწინებისა და შვილების შესახებ არ იძებნება.

15. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2017 წლის 06 აგვისტოს გარდაცვლილი აღმზრდელის მიერ დამოწმებული ანდერძის თაობაზე. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2017 წლის 06 აგვისტოს გარდაცვლილი აღმზრდელის სამკვიდრო ქონების თაობაზე.

16. 2017 წლის 22 დეკემბერს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა წარმომადგენლის მესამე მოპასუხის მეშვეობით მიმართეს ნოტარიუს თ. ო-ს აღმზრდელის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით.

17. ლ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება შემდეგი უძრავი ქონება: ქალაქი თბილისი, --- ---, საკადასტრო კოდი ----, დაზუსტებული ფართობი 37000.00 კვ.მ.; ქალაქი თბილისი, --- ---, საკადასტრო კოდი ---, დაზუსტებული ფართობი 50859.00 კვ.მ.; ქალაქი თბილისი, --- ---, საკადასტრო კოდი ---, დაზუსტებული ფართობი 84851.00 კვ.მ.; ქალაქი თბილისი, --- ---, საკადასტრო კოდი ---, დაზუსტებული ფართობი 140000.00 კვ.მ.; ქალაქი თბილისი, --- ---, საკადასტრო კოდი ---, დაზუსტებული ფართობი 87670.00 კვ.მ.;

18. აღმზრდელის მიერ და მის ოჯახში არასრულწლოვანი, 1996 წლის 03 სექტემბერს დაბადებული მოსარჩელე შვილად იყო მიღებული:

18.1. მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა გარემოება, რომ 2006 წლის ივლისის თვიდან მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობდა და იზრდებოდა ლ. გ-სა და აღმზრდელის ოჯახში. მის რჩენა-აღზრდას, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და მოსარჩელისათვის საჭირო ნებისმიერი ხარჯების გაღებას უზრუნველყოფდა აღმზრდელი. მასსა და მოსარჩელეს შორის ახლო, პატივისცემაზე დამყარებული, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველობითი ურთიერთდამოკიდებულება იყო. ასეთივე დამოკიდებულება აქვს მოსარჩელეს ლ. გ-ან. 2006 წლიდან აღმზრდელის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც, იგი აღმზრდელთა ოჯახში ცხოვრობს დღემდე. აღმზრდელი გარდაიცვალა 2017 წლის 06 აგვისტოს. ჭირისუფალთა შორის ლ. გ-ან ერთად იყო მოსარჩელეც;

18.2. 2013 წლის 09 სექტემბერს სსიპ ქალაქ თბილისის N…-ე საჯარო სკოლასა და ლ. გ-ს, როგორც 1996 წლის 03 სექტემბერს დაბადებული მოსარჩელის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, შორის დაიდო ხელშეკრულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემაზე;

18.3. აღმზრდელი იყო განათლებული, პატივსაცემი, კეთილი და ქველმოქმედი პიროვნება. იგი მუშაობდა გეოლოგიის დეპარტამენტში, ასევე იყო ბავშვთა გეოლოგიური საზოგადოების აღმზრდელი პიონერთა სასახლეში. მას მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხი. რეგისტრირებული იყო და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მისამართზე - თბილისი, …. აგარაკები;

18.4. სოციალური მომსახურების სააგენტოს … რაიონულმა განყოფილებამ 2010 წლის აგვისტოს თვეში სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოსარჩელის მშობლების მიმართ არასრულწლოვანი შვილების - ლ. მ-ის, მ. მ-სა და ბ. მ-ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ. აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის, სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი იქნა დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ბავშვები 2008 წლიდან ….. ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არიან, დედა კატეგორიული წინააღმდეგია მათ მინდობით აღზრდაზე. არასრულწლოვანი შვილი მოსარჩელე კი უკვე 4 წელია სხვა ოჯახში იზრდება და მამის მითითებით ბავშვი გაშვილებულია. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის მშობლებისათვის არასრულწლოვანი მოსარჩელის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ მოუთხოვია;

18.5. 2013 წლის 19 ივლისიდან მოსარჩელე აღმზრდელის თანხმობით რეგისტრირებულია აღმზრდელისა და ლ. გ-ის საცხოვრებელ ბინაში მდებარე მისამართზე - თბილისი, …. აგარაკები;

18.6. 2013 წლის 28 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა აღმზრდელის, ლ. გ-ისა და მოსარჩელის განცხადების N…. საფუძველზე მიმართა შპს „ჯ-ნ უ-რ ე-დ ფ-ს“ სასმელი წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობისათვის;

18.7. საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებებისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გასამყარებლად, მოსარჩელე უთითებს ასევე მოწმეთა ჩვენებებზე:

18.7.1. მოსარჩელის დედის, მოსარჩელისა და მოწმის - გ. ს-ის ჩვენებით ირკვევა, რომ აღმზრდელმა მოსარჩელე თავის სახლში მის ბიოლოგიურ მშობლებთან შეთანხმებისა და თანხმობის შემდეგ წაიყვანა. მოსარჩელის მშობლები დათანხმდნენ მოსარჩელის გაშვილებას და მათ აღნიშნული გადაწყვეტილება დღემდე გათვითცნობიერებული აქვთ;

18.7.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ. ც-ის, გ.ს-ის, ბ. თ-ის, მ. მ-ისა და რ. დ-ის განმარტებით, აღმზრდელმა მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ იმყოფებოდა იუსტიციის სახლში მოსარჩელის შვილად აყვანის საკითხის მოწესრიგებისათვის დეტალების გასარკვევად და სექტემბრიდან აპირებდა დაეწყო შვილად აყვანის პროცედურები, თუმცა უეცარი გარდაცვალების გამო არ დასცალდა. მოწმის განმარტებით, აღმზრდელი ლ. გ-თან და მოსარჩელესთან ერთად რამდენჯერმე იმყოფებოდა --- თავის ნათესავებთან. მოსარჩელემ თავად ჩაიყვანა ავტომობილით მისი აღმზრდელები ---. --- ყოფნისას აღდგომის დღესასწაულზე აღმზრდელის ბიძაშვილის შვილმა - ზ.ც-მა იგი ეკლესიაშიც წაიყვანა წირვაზე დასასწრებად. აღმზრდელმა მოსარჩელე მის ნათესავს ბიძაშვილის შვილის გ. ც-ის ოჯახს გააყოლა ….. დასასვენებლად;

18.7.3. მოსარჩელე მხარის მოწმეები განმარტავენ, რომ აღმზრდელმა მათ არასრულწლოვანი მოსარჩელე, როგორც თავისი შვილი, შვილად აყვანიდან მალევე, 2006 წელსვე გააცნო. მოწმის სახით დაკითხული აღმზრდელის ბიძაშვილის შვილის გ. ც-ის განმარტებით, აღმზრდელმა მოსარჩელე შემდეგი სიტყვებით გააცნო: „ეს არის თქვენი ბიძაშვილი“. მოწმე მოსარჩელეს იცნობდა, როგორც აღმზრდელის შვილს, რადგან ამ უკანასკნელმა მოსარჩელე მას შვილად გააცნო და ასევე მის ოჯახს გააყოლა დასასვენებლად …. მოწმე გ. ც-ლი განმარტავს, რომ მასთან საუბარში აღმზრდელი მოსარჩელეს შვილად მოიხსენიებდა, თუმცა მოსარჩელე აღმზრდელს როგორ მიმართავდა, მისთვის უცნობია. აღმზრდელმა გ. ც-ის მეუღლეს დაავალა, მოსარჩელის საყიდლებზე გაყოლოდა. მოწმის მითითებით, ერთხელ, როდესაც მოსარჩელეს სახლში დაბრუნება შეაგვიანდა, აღმზრდელმა ამაზე ინერვიულა. მოსარჩელე აღმზრდელთა ოჯახში შვილად იყო მიღებული და იგი ოჯახის დამხმარეს არ წარმოადგენდა;

18.7.4. მოწმის სახით დაკითხული გ. ს-ლი, რომელიც აღმზრდელს 1983 წლიდან იცნობდა, მისი მეზობელი და მეგობარი იყო, განმარტავს, რომ მოსარჩელეს დაბადებიდან იცნობს და სწორედ მისი დახმარებით მოხდა მოსარჩელის ბიოლოგიურ მშობლებთან აღმზრდელის დაკავშირება, რომლებიც მასთან მუშაობდნენ. მოწმის მითითებით, აღმზრდელს არასრულწლოვანთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ ბავშვი მას შეეჩვია. რამდენიმე ხნის შემდეგ კი თავისთან სახლში შვილად წაიყვანა. მოწმე ასევე მიუთითებს, რომ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე აღმზრდელმა მას განუცხადა, რომ სურდა სექტემბერში დაეწყო შვილად აყვანის საკითხის მოწესრიგება. მათ შორის თბილი მამაშვილური ურთიერთობა იყო, მოსარჩელე აღმზრდელს „მამას“ ეძახდა, ხოლო თავად კი „შვილოთი“ მიმართავდა. ბიოლოგიურ მშობლებს მოსარჩელის გაშვილების საკითხზე პრეტენზია არ ჰქონიათ, რადგან ეკონომიკურად გაჭირვებულები იყვნენ და მისთვის რამის მიცემა არ შეეძლოთ. მოწმის მითითებით, აღმზრდელი მოსარჩელის შვილად აყვანის საკითხის იურიდიულ მოწესრიგებას არ ჩქარობდა, რადგან ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მისი ცნობიერების სრულად ჩამოყალიბებას ელოდებოდა;

18.7.5. მოწმის სახით დაკითხულ ბ. თ-ეს, რომელიც აღმზრდელის კურსელი და შვილის ნათლიაა, თავად აღმზრდელმა უთხრა, რომ მოსარჩელე შვილად მიიყვანა, რაც სათანადოდ აღნიშნეს კიდეც. მოწმის მითითებით, აღმზრდელი მოსარჩელეს უკეთებდა ყველაფერს, რაც მამას შვილისათვის უნდა გაეკეთებინა. მოწმის გადმოცემით, აღმზრდელმა მას უთხრა, რომ იუსტიციის სახლში იყო მისული შვილად აყვანის საბუთების შესაგროვებლად;

18.7.6. მოწმედ დაკითხული მ. მ-ის მითითებით, რომელიც აღმზრდელსა და მის ოჯახს 1992-1993 წლებიდან იცნობს, მას აღმზრდელმა 2006 წელს უთხრა, რომ მოსარჩელე მისი შვილი იყო. მათ მამა-შვილური ურთიერთობა ჰქონდათ. მოწმის მითითებით, აღმზრდელი მოსარჩელეს „შვილად“ მოიხსენიებდა და მასთან სტუმრობისას ხშირად მიჰყავდა თან. მ. მ-ის განმარტებით, გასული წლის ივლისის თვეში აღმზრდელმა უთხრა, რომ იუსტიციის სახლში იყო მისული შვილად აყვანის საკითხის გასარკვევად;

18.7.7. ს. ფ-მა, რომელიც აღმზრდელის მეზობელია, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 15 წლის წინ შეიძინა სახლი …. აღმზრდელმა მოსარჩელე მას შვილად გააცნო და თავიდან მოსარჩელე აღმზრდელის ბიოლოგიურ შვილად მიაჩნდა. მოწმის მითითებით, აღმზრდელმა მას განუცხადა, რომ მოსარჩელე მისი გვარის გამგრძელებელი იყო. მოსარჩელეს აღმზრდელმა დაბადების დღეც გადაუხადა და მოსარჩელე მას „მამას“ ეძახდა;

18.7.8. მოწმის სახით დაკითხულმა რ. დ-ემ აღნიშნა, რომ აღმზრდელმა მას თავად უთხრა შვილის აყვანის შესახებ, მაშინ როდესაც მასთან ერთად აღმზრდელმა დიდი რაოდენობით ბავშვის ნივთები შეიძინა. მოწმის მითითებით, აღმზრდელი შვილად აყვანის პროცედურების განხორციელებას არ ჩქარობდა, რადგან მიაჩნდა, რომ ბავშვს ჯერ ადაპტაცია უნდა გაევლო და, როცა თავად მოსარჩელე ჩათვლიდა, რომ იგი იყო მისი აღმზრდელი და მამა, შვილად აყვანას მხოლოდ მაშინ გააფორმებდა. მოწმის მითითებით, აღმზრდელსა და მოსარჩელეს შორის მამაშვილური ურთიერთობა არსებობდა. აღმზრდელის განსაკუთრებული დამოკიდებულება მოსარჩელის მიმართ იმითაც აიხსნებოდა, რომ აღმზრდელის დედასაც „…“ ერქვა. მოწმის მითითებით, აღმზრდელმა შვილად აყვანის საბუთების მოგროვებაზე ფიქრი მაშინ დაიწყო, როცა მოსარჩელე სტუდენტი გახდა, რადგან მოსარჩელეს სურდა, რომ დიპლომი „ც-ის“ გვარზე აეღო. მოწმე ასევე მიუთითებს, რომ აღმზრდელის გარდაცვალებისას ჭირისუფლებში სწორედ ლ.გ-ლი და მოსარჩელე ისხდნენ. მოწმე ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღმზრდელთა სახლში ცხოვრებიდან ერთი წლის მანძილზე მოსარჩელე სკოლაში არ დადიოდა, რაზეც კამათიც კი მოუვიდა აღმზრდელთან.

18.8. მოპასუხე მხარემ, რომელიც შეედავა მოსარჩელეს, მის მიერ მითითებული გარემოებების გასაქარწყლებლად წარმოადგინა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეებმა განმარტეს, რომ აღმზრდელს მოსარჩელე სახლში ლ. გ-ის დამხმარედ ჰყავდა მიყვანილი, რათა იგი ოჯახის დიასახლისს სახლის საქმეებში დახმარებოდა:

18.8.1. მოწმის სახით დაკითხულმა ც.მ-ემ, რომელიც მესამე მოპასუხის დეიდა და აღმზრდელის მეზობელია, განმარტა, რომ აღმზრდელს 30-32 წელია იცნობს. რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნების შემდეგ, აღმზრდელის ოჯახში მისვლისას დახვდა 10-11 წლის გოგონა, მოსარჩელე, რომელმაც განუცხადა, რომ ლ. დეიდა და მ. ბიძია სახლში არ იყვნენ, თავად ლ. დეიდის დასახმარებლად იმყოფებოდა იქ და იყო აღმზრდელის ძმაკაცის შვილი. ც. მ-ის მითითებით, აღმზრდელმა მოსარჩელის მშობლების შვილები მ.წ-ის ოჯახში ნახა, მოეწონა, რადგან ყოჩაღი ბავშვები იყვნენ და მშობლებთან შეთანხმებით, მოსარჩელე თავისთან დამხმარედ წამოიყვანა. თავდაპირველად, მოსარჩელე სკოლაში არ დადიოდა, მხოლოდ მეზობლების ჩარევისა და საჩივრების შემდეგ შეიყვანეს იგი აღმზრდელებმა სკოლაში. მათ შორის მამაშვილური ურთიერთობა ჩამოყალიბებული არ იყო, აღმზრდელი მას „….“ ეძახდა, ხოლო მოსარჩელე - „მ.ბიძიას“. ოჯახში მოსარჩელე სხვადასხვა საქმიანობას ასრულებდა: წველიდა ძროხას, რძე შემოჰქონდა, თივას ყრიდა და სხვა, იგი ოჯახში დამხმარედ იყო მიღებული. აღმზრდელი თავის ძმისშვილებს მესამე და მეოთხე მოპასუხეებს მიიჩნევდა მემკვიდრედ და შვილებად;

18.8.2. მოწმის სახით დაკითხულმა ნ. ც-მა, რომელიც სკოლა-ინტერნატში მუშაობდა და არის მესამე მოპასუხის სიდედრი, განმარტა, რომ მის დედამთილ-მამამთილთან მ. წ-ან და მ.წ-თან მუშაობდნენ მოსარჩელის ბიოლოგიური მშობლები. სწორედ მისი დედამთილის თხოვნით შეიყვანეს მოსარჩელე სკოლა-ინტერნატში. მოწმემ ასევე დედამთილისგან იცის, რომ მოსარჩელე ლ. გ-თან უნდა წაეყვანათ დამხმარედ. მოსარჩელის მშობლები შემდეგ გადავიდნენ სამუშაოდ გ. ს-თან. 2006 წელს, როდესაც მოსარჩელე წაიყვანეს აღმზრდელის ოჯახში, სკოლა-ინტერნატი აღარ ფუნქციონირებდა. აღმზრდელის მეზობლების აღშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სკოლაში არ დადიოდა. იგი სკოლაში მხოლოდ მეზობლების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ შეიყვანეს. მოწმის მითითებით, აღმზრდელთან მისი ძმისშვილები - მესამე და მეოთხე მოპასუხეები შვიდი წლის ასაკიდან ცხოვრობდნენ და იგი ძმისშვილებს მიიჩნევდა შვილებად. მოსარჩელე კი მას „ბატონო მ-ით“ მოიხსენიებდა. მოწმემ ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ აღმზრდელი ლ. გ-ლს მეუღლედ მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა;

18.8.3. მოწმის სახით დაკითხულმა აღმზრდელის ბიძაშვილის შვილმა - ზ.ც-მა მიუთითა, რომ აღმზრდელმა უთხრა მას, რომ მოსარჩელე დამხმარედ წამოიყვანა სახლში. მოწმის მითითებით, მოსარჩელე ამ დროს 7-8 წლის იყო და ამის შემდეგ აღმზრდელს ამ თემაზე მასთან აღარ უსაუბრია. შემდგომ პერიოდში სტუმრობისას მოწმემ შეამჩნია, რომ მოსარჩელესა და აღმზრდელს, როგორც „დამხმარისა“ და უფროსის ურთიერთდამოკიდებულება აღარ ჰქონდათ. მოწმის მითითებით, აღმზრდელსა და მოსარჩელეს დიდი მეგობრული და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსარჩელე მას „ბატონო მ-ით“ მოიხსენიებდა, თუმცა მათ შორის მამაშვილური ურთიერთობა არ არსებობდა. მოსარჩელე ლ. გ-თან და აღმზრდელთან ერთად რამდენჯერმე იმყოფებოდა მათთან …. მოწმის მითითებით, იგი აღმზრდელთან ღამისთევითაც დარჩენილა და უნახავს, როგორ ეძინა მოსარჩელეს ლ.გ-ის ლოგინში მასთან ერთად, როგორ ამზადებდნენ ის და … ერთად საჭმელს;

18.8.4. მოწმის სახით დაკითხულმა მ. ც-მა, რომელიც აღმზრდელის ბიძაშვილია, განმარტა, რომ აღმზრდელს მასთან ბავშვის შვილებაზე არ უსაუბრია. იცის, რომ მოსარჩელე სახლში ჰყავდა მიყვანილი, ზრდიდა და პატრონობდა. მოსარჩელე კი აღმზრდელს „მ---ო“, „….“ მოიხსენიებდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მოსარჩელე 2017 წელს აღმზრდელთან და ლ. გ-თან ერთად იმყოფებოდა მათთან …., როდესაც მ. ც-ლს მამა გარდაეცვალა. მოწმის მითითებით, აღმზრდელი მოსარჩელეს ზრდიდა, პატრონობდა და უვლიდა, შეფასებისას კი აღნიშნა, რომ შვილს ამაზე მეტს არც არაფერს უკეთებენო;

18.8.5. მოწმის სახით დაკითხულმა დ. წ-მა, რომელიც მესამე მოპასუხის სიმამრია, განმარტა, რომ მოსარჩელის ბიოლოგიური მშობლები მის მშობლებთან მუშაობდნენ. აღმზრდელმაც მოსარჩელე სწორედ აქ გაიცნო და გადაწყვიტა, რომ სახლში წაეყვანა ლ. გ-ის დამხმარედ, რადგან ეს უკანასკნელი ძალიან იღლებოდა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ აღმზრდელმა მოსარჩელეს მანქანის ტარება მხოლოდ იმიტომ ასწავლა, რომ თავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეეძლო საჭესთან ჯდომა. მოსარჩელე აღმზრდელს „ბატონო ….“ და „მ. ბიძიათი“ მოიხსენიებდა.

19. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“), ასევე მშობლებისა და ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვა 2017 წლის 06 აგვისტოს გარდაცვლილი აღმზრდელის (გარდაცვალების აქტის ჩანაწერი №….) მიერ 2008 წლის 31 მარტს არასრულწლოვანი ბავშვის, 19.. წლის 03 სექტემბერს დაბადებული მოსარჩელის (პირადი №…) შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება (აღიარება).

20. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, ხოლო მოსარჩელის მშობლებმა და ლ. გ-მა სარჩელი ცნეს.

21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი შვილად აყვანის ფაქტის დადასტურების თაობაზე დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა აღმზრდელის (გარდაცვლილი 2017 წლის 06 აგვისტო, აქტის ჩანაწერი №…) მიერ არასრულწლოვანი (19.. წლის 03 სექტემბერს დაბადებული) მოსარჩელის (პირადი №…) შვილად აყვანა.

22. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

24. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-18 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

25. სააპელაციო პალატამ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდ გამხდარ გარემოებაზე - იყო თუ არა მოსარჩელე აღმზრდელის ოჯახში შვილად მიღებული და არ გაიზიარა მოპასუხეების მტკიცება, რომ აღმზრდელმა მოსარჩელე ოჯახში დამხმარედ მიიყვანა.

26. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით აღმზრდელის ოჯახში მოსარჩელის დამხმარედ მიყვანის ფაქტი არ მტკიცდება. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, ამ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანი იყო ოჯახში მიყვანილი ბავშვის ასაკი. შეუძლებელია რვა წლის ბავშვმა შეძლოს ისეთი დახმარების აღმოჩენა, რომ მუდმივად დამხმარედ აიყვანონ იგი. ასევე, პალატის მითითებით, საქმის მასალებში არ მოიძებნება რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც აღმზრდელის მიერ მოსარჩელის შვილად აყვანის ფაქტს დაადასტურებდა, გარდა სოციალური მუშაკის დასკვნისა (იხ. ტომი 1, ს. ფ. ….), რომელშიც მითითებულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს … რაიონულმა განყოფილებამ 2010 წლის აგვისტოს თვეში სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოსარჩელის მშობლების მიმართ არასრულწლოვანი შვილების - ლ. მ-ის, მ. მ-ისა და ბ. მ-ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ. აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის სოციალურმა მუშაკმა შეადგინა დასკვნა, რომლის თანახმად, ბავშვები 2008 წლიდან … ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არიან, დედა კატეგორიული წინააღმდეგია მათ მინდობით აღზრდაზე. არასრულწლოვანი შვილი - მოსარჩელე კი უკვე 4 წელია სხვა ოჯახში იზრდება და, მამის მითითებით, ბავშვი გაშვილებულია.

27. სააპელაციო პალატამ, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო გარემოების კვლევის თვალსაზრისით საქმის მასალებში წერილობითი მტკიცებულებების სიმწირე იყო, მნიშვნელოვნად მიიჩნია საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებების შეფასება.

28. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოწმის სახით მოსარჩელის მხარეს დაიკითხნენ აწ გარდაცვლილი აღმზრდელის ბიძაშვილი, მეზობელი, მეგობარი და კურსელი, რომელთაც აღმზრდელთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და იცნობდნენ მის განზრახვებსა და ნება-სურვილებს. მათ დაადასტურეს ის გარემოება, რომ აღმზრდელს მოსარჩელე შვილად ჰყავდა მიღებული, ხოლო მეორე (მოპასუხეების) მხარეს დაკითხული მოწმეები წარმოადგენენ მესამე მოპასუხის დეიდას, სიდედრს, სიმამრს, აწ გარდაცვლილი აღმზრდელის ბიძაშვილსა და მის შვილს, რომლებიც უთითებენ, რომ აღმზრდელმა მოსარჩელე სახლში დამხმარედ მიიყვანა. პალატის მოსაზრებით, არარელევანტური იქნებოდა სასამართლოს სარწმუნოდ მიეჩნია ერთ-ერთი მოპასუხის ოჯახის წევრების ჩვენებები, მით უფრო, რომ უზენაესი სასამართლოს განმარტებით, იმ მოწმის ჩვენება, რომელიც საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს, მხარეთა ნათესავს ან სხვა ისეთ პირს წარმოადგენს, რომლის ობიექტურობაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არსებობს, განსაკუთრებით კრიტიკულად უნდა შეფასდეს. კრიტიკულად შეფასება კი, სასამართლოს მიერ იმგვარი პრეზუმფციის დაშვებას გულისხმობს, რომ მხარეს საქმეში მონაწილე კონკრეტული პირების ან/და საქმის კონკრეტული გარემოების მიმართ იმგვარი დამოკიდებულება აქვს, რომელმაც მისი აღქმისა და გადმოცემის ობიექტურობაზე შესაძლებელია გავლენა იქონიოს, რაც მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

29. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, საქმეში თავდაპირველ მოპასუხედ ჩართული ლ. გ-ლი, რომელიც წარმოადგენს აღმზრდელის მეუღლეს, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან და აღმზრდელმა მოსარჩელე შვილად აიყვანეს. ლ. გ-ლი მიუთითებს, რომ იგი და აღმზრდელი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 1989 წლის 30 აპრილიდან, მეუღლეები ერთად მუშაობდნენ გეოლოგიის დეპარტამენტში, შემდგომ აღმზრდელმა შექმნა თავისი კომპანია, რომლის მთავარი ბუღალტერიც ლ. გ-ლი იყო. ვინაიდან ორივე მეუღლე ერთ სისტემაში მუშაობდა, ქორწინება ოფიციალურად არ დაარეგისტრირეს. მოსარჩელის არსებობის, მისი მშობლებისა და დედმამიშვილების შესახებ ლ. გ-ს მეუღლემ უთხრა. თავდაპირველად მოსარჩელე აღმზრდელს შეეჩვია, დაუახლოვდა და მათ შორის თბილი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. მოგვიანებით კი, 2006 წლის 21 ივლისიდან, მოსარჩელე ლ. გ-სა და აღმზრდელის ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად. ლ. გ-მა მიუთითა ისიც, რომ აღმზრდელებთან მისვლისას ბავშვმა წერა-კითხვა არ იცოდა, რის გამოც ერთი წელი სახლში პედაგოგებთან ემზადებოდა. სკოლაში მისვლისას მისი საბაზისო ცოდნის გათვალისწინებითა და დირექტორის რჩევით, იგი მეოთხე კლასში ჩარიცხეს, ნაცვლად მეხუთისა. სკოლაში მოსარჩელე წარჩინებული მოსწავლე იყო, შემდეგ აღმზრდელები სხვადასხვა პედაგოგებთან ამზადებდნენ უნივერსიტეტში ჩასარიცხად. აღნიშნული ხარჯები და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ხარჯები მოსარჩელისათვის აღმზრდელებმა გაიღეს, სწორედ მათ შეასწავლეს მანქანის ტარებაც. მოსარჩელე აღმზრდელს ოჯახში შვილად ჰყავდა მიღებული და მას თავის შვილად მიიჩნევს ასევე ლ. გ-იც. მისივე განმარტებით, აღმზრდელს სურდა, მოსარჩელეს გაეთვითცნობიერებინა ის საკითხი, რომ ეტარებინა ც-ის გვარი და ეს გახდა მიზეზი მისი მხრიდან შვილად აყვანის პროცედურის დაწყების გაჭიანურებისა.

30. სააპელაციო პალატამ არასარწმუნოდ მიიჩნია აღმზრდელის მიერ მოსარჩელის ოჯახში დამხმარედ მიყვანის ფაქტი. ოჯახში მიყვანისას მოსარჩელე 8 წლის იყო. სასამართლოს მოსაზრებით, შეუძლებელია, ამ ასაკში ბავშვს შეძლებოდა საოჯახო საქმეებში სერიოზული დახმარების აღმოჩენა. წვრილმანი დახმარების ფონზე კი შეუძლებელია, მათ გაეწიათ ისეთი დახმარება, როგორიცაა სკოლაში ჩასარიცხად ბავშვისათვის მასწავლებლების დაქირავება და მისთვის წერა-კითხვის სწავლებიდან მოყოლებული მეოთხე კლასის ჩათვლით მთელი პროგრამის დამუშავება (მხარეთა მიერ ეს ფაქტი სადავოდ არ არის გამხდარი). 8 წლის ასაკში არასრულწლოვანი თვითონ საჭიროებს სხვადასხვა სახის დახმარებას. სასამართლოს მითითებით, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მათ აღმოუჩინეს კიდეც ეს დახმარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო მოსარჩელის ოჯახში ყოფნის ხანგრძლივობაც. მოსარჩელე 8 წლიდან ცხოვრობს და იზრდება აღმზრდელის ოჯახში. ამ ოჯახში ყოფნისას მოეწყო უმაღლეს სასწავლებელში. მისი სწავლის თანხას იხდიდნენ მისი აღმზრდელები. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ დაფიქსირებულა არც თავად მოპასუხეთა მოწმეების მხრიდან, კერძოდ, მოპასუხეთა მიერ მოწმის სახით წარმოდგენილმა ერთ-ერთმა პირმა, მ. ც-მა, რომელიც აღმზრდელის ბიძაშვილია, მიუთითა, რომ მოსარჩელეს აწ გარდაცვლილი მისი ბიძაშვილი ზრდიდა, პატრონობდა და უვლიდა, ფაქტის შეფასებისას კი აღნიშნა, რომ შვილს ამაზე მეტს არც არაფერს უკეთებენო.

31. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის აღმზრდელთან ოჯახის დამხმარედ ყოფნის ფაქტი საქმეში არსებული არცერთი სხვა გარემოებით არ დასტურდებოდა, გარდა ზოგიერთი მოპასუხის მოწმის ჩვენებისა, რომელთაც, როგორც დადგინდა, მოპასუხე მხარესთან ახლო ნათესაური კავშირი გააჩნდათ და მით უფრო იმ პირობებში, რომ გასათვალისწინებელი იყო თავად მოსარჩელის ასაკიც (8 წელი) აღმზრდელის ოჯახში საცხოვრებლად გადასვლისას. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებას, რომ აღმზრდელის მიერ და მის ოჯახში არასრულწლოვანი - 19.. წლის 03 სექტემბერს დაბადებული მოსარჩელე - შვილად იყო მიღებული.

32. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლი არასწორად განმარტა, კერძოდ, არ გაითვალისწინა, რომ ხსენებული მუხლის გამოყენებისათვის სახეზე უნდა იყოს ორი კუმულატიური პირობა: 1. არასრულწლოვანი ოჯახში შვილად უნდა იყოს მიღებული და ასევე 2. მშვილებელს სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს სასამართლოში განცხადება შეტანილი შვილად აყვანის შესახებ, ხოლო კანონში მითითებული ტერმინი „აგრეთვე“ გრამატიკულად უნდა განიმარტოს როგორც „ასევე“ და, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში აღმზრდელს სიცოცხლეში სასამართლოსა თუ სხვა ორგანოსათვის შვილად აყვანის მოთხოვნით არ მიუმართავს და არც მოსარჩელე ჰყავდა ოჯახში შვილად მიღებული, ასევე - იგი მოსარჩელეს შვილად არასდროს მოიხსენიებდა, მოცემული მუხლის მისადაგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან უსაფუძვლო იყო.

33. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსკ-ის 1240-ე მუხლის მიზნებისათვის, შვილად აყვანის ფაქტი სასამართლომ შეიძლება დაადასტუროს იმ შემთხვევაში, როდესაც საოჯახო ურთიერთობა ფაქტობრივად არსებობდა შვილად აყვანის მსურველსა და შვილად ასაყვანს შორის და ასეთი ურთიერთობა ორივე მხარის ინტერესებს შეესაბამებოდა, თუმცა ფაქტობრივი ურთიერთობა არ იყო გაფორმებული კანონის მოთხოვნათა დაცვით ამა თუ იმ მიზეზის გამო, ხოლო ამ ფაქტის დადასტურების აუცილებლობას იწვევს შვილად ასაყვანის აღმზრდელის გარდაცვალება. პალატის განმარტებით, კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს ამგვარი შემთხვევის დადასტურებას და ესენია გარემოებები, რომ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად უნდა იყოს მიღებული და აგრეთვე - მშვილებელს სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს სასამართლოში განცხადება შეტანილი. ამასთან, პირველი საფუძველი შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ არასრულწლოვანს, ხოლო მეორე საფუძველი - როგორც სრულწლოვან, ასევე არასრულწლოვან პირს და სწორედ ეს მნიშვნელოვანი დიფერენციაცია ადასტურებს იმას, რომ აღნიშნული საფუძვლები კუმულატიურად გამოყენებად საფუძვლებად ვერ იქნება მიჩნეული.

34. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც დადგენილია, რომ მოსარჩელე აღმზრდელის ოჯახში მივიდა 8 წლის ასაკში და იგი სრულწლოვანებამდე მათთან იზრდებოდა (დადგენილია, რომ იგი ამჟამადაც ცხოვრობს ლ. გ-თან ერთად და აღმზრდელის გარდაცვალებისას იჯდა ჭირისუფლებს შორის), შვილად იყო მიღებული, ხოლო აღმზრდელი გარდაცვლილია, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად და მართებულად გამოიყენა სსკ-ის 1240-ე მუხლი და მის საფუძველზე შეამოწმა, არსებობდა თუ არა მოცემული მუხლით გათვალისწინებული სუბსუმირებადი გარემოებანი, რაც საქმის მასალების სრულყოფილი შესწავლის შედეგად დადასტურდა კიდეც.

35. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

36. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

36.1. მოსარჩელის მამას უარი არ განუცხადებია მოსარჩელის მამობაზე. არც წერილობითი ფორმით და არც სასარჩელო წესით არ ყოფილა აღნიშნული საკითხი განხილვის საგანი. მოსარჩელის დედას არ განუცხადებია თანხმობა შვილის მამად აღმზრდელის აღიარებაზე. მხოლოდ მოპასუხის სახით მათი ჩართვა და წარმომადგენლის მეშვეობით მარტივი შესაგებლის წარდგენა არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნება გამოხატულია, მით უფრო, რომ რწმუნებულება არის ზოგადი და არ იკითხება, კონკრეტულად რა დავასთან, რა საკითხთან დაკავშირებით გაიცა;

36.2. სასამართლომ უგულებელყო ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია, რაც დასტურდება მის პირადობის მოწმობაში პირადი ნომრის მითითებით. მას პირადი ნომერი მინიჭებული აქვს …, ბიოლოგიური მშობლების რეგისტრაციის შესაბამისად. ასევე, მოსარჩელის დედას წარმოდგენილი აქვს წერილობითი განცხადება, რომლითაც მიუთითებს, რომ მშობლებს მოსარჩელესთან კავშირი ჰქონდათ;

36.3. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუგებარია თუ როდის მოხდა აღმზრდელისა და მოსარჩელის ნების გამოვლენის თანხვედრა. მოსარჩელემ განმარტა, რომ სრულწლოვანებამდე იგი ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, ხოლო სრულწლოვანი გახდა 20…წლის 03 სექტემბერს. ეს პერიოდი საერთოდ არ არის გამოკვეთილი, ამასთან, მას ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან;

36.4. ასევე, აბსოლუტურად უარყოფილია ფაქტი, რომ ლ. გ-ლი ცხოვრობდა აღმზრდელის საცხოვრებელ სახლში, თუმცა არა მეუღლის ან ოჯახის წევრის სტატუსით და სწორედ ლ. გ-ის განმარტებით, ის თვლიდა თავს მოსარჩელის დედად. ამის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებაც არსებობს. აღნიშნულზე სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს. იმ შემთხვევაში, თუ ლ. გ-ი იყო მოსარჩელის შვილად ამყვანი პირი, აბსულუტურად გამოირიცხება აღმზრდელის მიერ მოსარჩელის შვილად აყვანა, რადგან მხოლოდ მეუღლეებს შეეძლოთ ბავშვის შვილად აყვანა, ხოლო ლ. გ-ი და აღმზრდელი არ იყვნენ მეუღლეები და ოჯახის წევრები;

36.5. ის გარემოება, რომ ლ.გ-ი თავს არიდებს სამართლებრივად მოსარჩელის შვილად აღიარებას, გამოწვეულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ აღმზრდელის მემკვიდრეებმა არ მიიღონ მისი დანაშთი ქონება;

36.6. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დაეყრდნო ძირითადად ლ. გ-ის ახსნა-განმარტებას, რომელიც, მისივე განმარტებით, წარმოადგენს მოსარჩელის დედობილს, ასევე - მოსარჩელის მამის განმარტებას სხვა საქმეზე, რომელიც ამავდროულად დაინტერესებული იქნება, რომ მისი შვილი გახდეს აღმზრდელის მემკვიდრე. მხოლოდ პროცესის შედეგით დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება კი ვერ მიიჩნევა ვარგის მტკიცებულებად;

36.7. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე აღმზრდელის საცხოვრებელ სახლში აღმოჩნდა რვა წლის ასაკში, არამედ იგი იყო 10 წლის. ასევე შეუძლებელია დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ აღმზრდელს ჰყავდა ოჯახი და ოჯახმა მიიღო …, ვინაიდან აღმზრდელს არ ჰყავდა მეუღლე. საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მოსარჩელე მიიყვანეს, სხვადასხვა პერიოდში ცხოვრობდნენ აღმზრდელის მეურნეობაში დასაქმებული პირები, ასევე აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა ლ. გ-ი, რომელთანაც აღმზრდელი არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად არ იმყოფებოდა ქორწინებაში;

36.8. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა იმ მოწმეების (ზ.ც-ის, ც. მ-ის, მ. ც-ის, ნ. ც-ის, დ. წ-ის) ჩვენებები, რომლებმაც განაცხადეს, რომ აღმზრდელი მოსარჩელეს შვილად არ მიიჩნევდა და ის დამხმარედ ჰყავდა მიყვანილი. სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მრავალშვილიანი ოჯახი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, სხვადასხვა კერძო პირებთან დასაქმებული იყვნენ მწყემსად და მცირეწლოვან შვილებს ამუშავებდნენ. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს თუნდაც იგივე სამუშაო გაეგრძელებინა აღმზრდელთან, ამ უკანასკნელისთვის აბსოლუტურად მისაღები აღმოჩნდა, მით უფრო, რომ მას დიდი მეურნეობა ჰქონდა, არაერთი დამხმარე ჰყავდა და მოსარჩელეს აღმზრდელთან უფრო სტაბილური მდგომარეობა და მოწესრიგებული საყოფაცხოვრებო პირობები ექნებოდა;

36.9. ის გარემოება, რომ მოსარჩელე დიდი ხნის განმავლობაში აღმოჩნდა აღმზრდელის სახლში, არ შეიძლება ცალსახად ადასტურებდეს აღმზრდელის მიერ მოსარჩელის შვილად აყვანის ფაქტს. ასეთ დასკვნას გამორიცხავს სასამართლოს მიერ აბსოლუტურად უგულებელყოფილი ფაქტი, რომ მოსარჩელე 2 წლის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა, რასაც ადასტურებენ მოწმეები და აღნიშნული დასტურდება ასევე ატესტატით, რომლის თანახმად, მოსარჩელემ სკოლა 20 წლის ასაკში დაამთავრა. დაუჯერებელია, აღმზრდელს, მეცნიერებათა დოქტორს, პირს, რომელიც პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, მიეჩნია, რომ საკუთარი შვილისათვის სასკოლო განათლების მიცემის საჭიროება არ არსებობდა. არ არსებობს ასევე მტკიცებულება, რომ აღმზრდელი მოსარჩელეზე რაიმე ფორმით ზრუნავდა. სასამართლომ ასევე უგულებელყო ის გარემოება, რომ მოსარჩელეზე ზრუნავდა აღმზრდელის სახლში მცხოვრები ლ.გ-ი. სარჩელზე დართულია სკოლასთან დადებული ხელშეკრულება, რომელზედაც ლ. გ-ი აწერს ხელს, ასევე მოწმე ზ. ც-ს განმარტებით, მას არაერთხელ უნახავს, რომ მოსარჩელე იწვა ლ. გ-ის საწოლში. თავად ლ. გ-ი განმარტავს, რომ ზრუნავდა მოსარჩელეზე, სკოლაში ყველაზე აქტიური მშობელი იყო და გულისტკივილით აღნიშნავს კასატორების მისამართით: დედობა არ შემარგესო;

36.10. სასამართლომ ისე გაიზიარა მოსარჩელის მამის განმარტება მშობლის უფლების შეზღუდვის საქმეზე, რომ აღნიშნული საქმის მასალები სრულად არ იქნა გამოთხოვილი. უცნობია, დადგა თუ არა სარჩელზე შედეგი ანუ შეეზღუდათ თუ არა მოპასუხეებს მშობლის უფლება, ასევე უცნობია, არის თუ არა დასახელებულ საქმეზე სხვა მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელია გაქარწყლებულიყო მოსარჩელის მამის განმარტება;

36.11. მოპასუხეთა შუამდგომლობებით დაკითხულ მოწმეთაგან არც ერთი არ წარმოადგენს ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს;

36.12. ლ. გ-ს ახსნა-განმარტების მიცემისას ფიცი არ დაუდია და არც ცრუ ჩვენების მიცემაზე პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილებულა, შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები უფრო სარწმუნოა, ვიდრე - ლ. გ-ის. ამასთან იგი დაინტერესებულია, რომ მოსარჩელე აღიარებულ იქნას აღმზრდელის შვილად, ვინაიდან ლ.გ-ი არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში აღმზრდელთან და არ არსებობს იმის საფუძველი, რომ იგი გახდეს აღმზრდელის დანაშთი ქონების მემკვიდრე;

36.13. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღმზრდელი ზრუნავდა მოსარჩელის სწავლაზე, ისევე როგორც არასწორია გადაწყვეტილებაში ჩანაწერი, რომ მას ასწავლეს მანქანის ტარება. მოსარჩელემ, თუ სრულწლოვანმა ისწავლა მანქანის მართვა, ამ დროს აღმზრდელი იყო .. წლის, ცალი ფეხით დაკოჭლებული და უჭირდა გადაადგილება, ჰქონდა დიაბეტი, მე-4 სტადიის ხორხის სიმსივნე და წარმოუდგენელია, ამ დროს როგორ ასწავლა მოსარჩელეს მანქანის მართვა;

36.14. მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მისი შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების ჩვენებები, ისევე, როგორც ლ. გ-ის ახსნა-განმარტება, ასევე მოსარჩელის მშობლების წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, სასამართლოს არ უნდა მიეჩნია სარწმუნოდ, რადგან ყველა ამ პირს ჰქონდა აღმზრდელის სამკვიდრო ქონების ინტერესი;

36.15. სასამართლოში სარჩელის შეტანის ინიციატორი იყო ლ.გ-ი. სწორედ იმ მიზნით, რომ არარსებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსთვის დამაჯერებლად მიეწოდებინათ, ლ. გ-მა ადვოკატ თ. ჯ-ან შეთანხმებით, მოსარჩელისთვის ადვოკატად აიყვანა თ. ჯ-ი, ხოლო მოპასუხეებად დასახელებული ლ. გ-ის, მოსარჩელის მშობლების ადვოკატად სასამართლოში წარდგა თ. ჯ-ან ერთ ოფისში მომუშავე დ. ბ-ძე. ადვოკატებს თ. ჯ-სა და დ. ბ-ეს არ ჰქონდათ ერთ საქმეზე მოწინააღმდეგე მხარეების დამცველებად საქმიანობის უფლება;

36.16. გარდა ზემოაღნიშნული გარემოებისა, თ. ჯ-ი და დ. ბ-ძე ხვდებოდნენ საქმეზე მოწმედ დაკითხულ პირებს საერთო ოფისში და მოუწოდებდნენ მოწმეებს, მიეცათ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენება;

36.17. ის გარემოება, რომ თ. ჯ-ი და დ. ბ-ძე ერთ ოფისში საქმიანობდნენ, დასტურდება საქმის მასალებით;

36.18. ორივე ადვოკატმა სასამართლოს დაუმალა, რომ არსებობდნენ აღმზრდელის დედმამიშვილები, როგორც დაინტერესებული პირები და მათი ჩართვა საქმეში მოხდა მხოლოდ კასატორების განცხადების საფუძველზე სასამართლოს ინფორმირებით;

36.19. ასევე ნიშანდობლივია, რომ ორივე ადვოკატს განზრახული ჰქონდა ყოველგვარი დავის გარეშე დაესრულებინა საქმე, სწორედ ამიტომ ჩაერთვნენ საქმეში ერთ ოფისში მომუშავე ადვოკატები, სწორედ ამიტომ დაუმალეს სასამართლოს დაინტერესებული პირების არსებობა. ასევე დ. ბ-ემ ყველა მოპასუხის სახელით შეიტანა შესაგებლები, რომლებითაც ყველა ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა, რითაც ხელოვნურად შექმნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები;

36.20. ორივე ადვოკატი ხვდებოდა მოსარჩელის წარმომადგენლის თ. ჯ-ის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეებს და მითითებებს აძლევდნენ, თუ როგორი ჩვენებები უნდა მიეცათ სასამართლო სხდომაზე. სხდომის ოქმების აუდიო-ჩანაწერებიდან ჩანს ჩვენებების იდენტურობა;

36.21. აღმზრდელი ასეთი სურვილის შემთხვევაში აუცილებლად აიყვანდა მოსარჩელეს შვილად. მოსარჩელის განაცხადი, რომ აღმზრდელი იუსტიციის სახლში დადიოდა შვილად აყვანის საკითხების გასარკვევად, არ არის სარწმუნო, რადგან მისი გარდაცვალების დროისათვის, მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო და შვილად აყვანა გაცილებით მარტივი პროცედურაა;

36.22. ასევე გულუბრყვილოდ გამოიყურება სასამართლოს მიერ გაზიარებული ლ. გ-ის ახსნა-განმარტება, რომ აღმზრდელთან რეგისტრირებული ქორწინების არქონა გამოიწვია ერთ სამსახურში მუშაობის გარემოებამ. გაურკვეველია, თუ რომელი წლიდან აღარ მუშაობდნენ ისინი ერთ სამსახურში, თუმცა, მინიმუმ 90-იანი წლების შემდგომ, ამგვარი შეზღუდვები აღარ არსებობდა და, თუ აღმზრდელი ლ. გ-ს მეუღლედ თვლიდა, მთელი 27 წლის განმავლობაში როგორმე მოახერხებდა ქორწინების რეგისტრაციას;

36.23. ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა მოსარჩელის მშობლების ოჯახის წევრს, დასტურდება მისი პირადი ნომრით, რომელიც მას მინიჭებული აქვს …. რაიონში სოფელ …. რეგისტრაციით. ასევე …..ge-ს სტატიის მიხედვით, მათი ოჯახი (მოიაზრება მოსარჩელეც) 2005 წლიდან წარმოადგენდა მეწყერით დაზარალებულ ოჯახს, რადგანაც … რაიონის სოფელ … მეწყერის შედეგად დაინგრა მათი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამ სტატუსიდან გამომდინარე, მათ ოჯახს, რომლის წევრიც არის მოსარჩელე, სახელმწიფომ 2014 წლის 8 დეკემბერს გადასცა … მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მათი ოჯახის სახელზე, მათ შორის, მოსარჩელის საკუთრებად, რომელიც გაასხვისეს 2015 წლის 30 მარტს.

37. კასატორებმა 2019 წლის 29 აგვისტოს წარდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

39. პირველმა მოპასუხემ 2021 წლის 21 იანვარს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოყვანილმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე იცრუეს. ამასთან დაკავშირებით, კასატორს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში შეტანილი აქვს განცხადება აწ გარდაცვლილი აღმზრდელის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან და თაღლითური გზით მისი ქონების მითვისებასთან დაკავშირებით და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება რაიონულ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დამთავრებამდე, ვინაიდან, მისი განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე პირდაპირ კავშირშია მოცემულ საქმესთან.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი კანონისმიერი მემკვიდრე, ძმისშვილი - მესამე მოპასუხე, ხოლო ამავე სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინებით პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი მეორე რიგის მემკვიდრეები, ძმისშვილები - მესამე და მეოთხე მოპასუხეები.

41. 2022 წლის 7 ივნისს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 41.1. ქვეპუნქტში მითითებულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

41.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ბატონ გ. მ-ის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე გ. და ა. ც-ის სარჩელის გამო თ. მ-ის, ლ.გ-ის, ე. მ-სა და ა. მ-ის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თ. მ-ის დედად ლ. გ-ის აღიარება და გ. და ა. ც-ის მ. ც-ის მემკვიდრე-მესაკუთრედ ცნობა;

41.2. იმ შემთხვევაში, თუ ლ. გ-ი აღიარებული იქნება თ. მ-ის დედად, მაშინ საფუძველი ეცლება მოცემულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, აღმზრდელის მოსარჩელის მამად აღიარების თაობაზე, რადგან ლ. გ-ი და აღმზრდელი არ იყვნენ მეუღლეები. შესაბამისად, ვერ იქნებოდნენ მოსარჩელის შვილად ამყვანი პირები;

41.3. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელის ადვოკატის თ. ჯ-ისა და მოსარჩელის მშობლებისა და ლ. გ-ის ადვოკატის, დ. ბ-ის მიმართ ადვოკატთა ასოციაციაში დაიწყო ადმინისტრაციული დევნა მათ მიერ მოცემულ საქმეზე მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნისა და სხვა გარემოებების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

42. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობების განხილვის, აგრეთვე, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობები საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი ცნობილ უნდა იქნას დაუშვებლად.

43. პირველმა კასატორმა საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დამთავრებამდე, ვინაიდან, მისი განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე პირდაპირ კავშირშია მოცემულ საქმესთან.

44. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის შუამდგომლობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 280-ე მუხლებით ამომწურავად არის განსაზღვრული საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები. კერძოდ, 279-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს სასამართლოს ვალდებულებას, ნორმაში მითითებული შემთხვევის არსებობისას შეაჩეროს საქმის წარმოება. რაც შეეხება 280-ე მუხლს, მასში მოცემული გარემოებების არსებობისას სასამართლო, მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წყვეტს შეაჩეროს თუ არა განხილვა. დასახელებულ ნორმათაგან არცერთი არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის (მით უფრო, გამოძიების ეტაპზე მყოფი საქმის) დასრულებამდე სამოქალაქო საქმის განხილვის შეჩერების შესაძლებლობას.

45. კასატორებმა საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვეს ასევე სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიუთითეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე გ. და ა. ც-ის სარჩელის გამო თ. მ-ის, ლ. გ-ის, ე. მ-ისა და ა. მ-ის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თ. მ-ის დედად ლ. გ-ის აღიარება და გ. და ა. ც-ის მ. ც-ის მემკვიდრე-მესაკუთრედ ცნობა. მათი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ლ. გ-ი აღიარებული იქნება თ. მ-ის დედად, მაშინ საფუძველი ეცლება მოცემულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აღმზრდელის მოსარჩელის მამად აღიარების თაობაზე, რადგან ლ. გ-ი და აღმზრდელი არ იყვნენ მეუღლეები. შესაბამისად, ვერ იქნებოდნენ მოსარჩელის შვილად ამყვანი პირები.

46. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე კასატორების შუამდგომლობა უსაფუძვლოა, ვინაიდან სახეზე არ არის სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა [სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით]. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - საპროცესო ეკონომიის - რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ას-857-857-2018, 25 ივლისი, 2018 წელი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად არ აფერხებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული საქმის გადაწყვეტა, რის გამოც კასატორების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

47. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

48. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

50. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

51. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

52. კასატორთა პრეტენზიების განხილვამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის (სასამართლოს მიერ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება) სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1240-ე მუხლი [აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ] და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღნიშნულ ნორმაში მითითებული საფუძვლები კუმულატიურად გამოყენებად საფუძვლებად ვერ იქნება მიჩნეული.

53. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, სსკ-ის 1240-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის (შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება) განმაპირობებელი ორი გარემოება: 1. აღმზრდელის ოჯახში არასრულწლოვანის შვილად მიღება; 2. მშვილებლის მიერ სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ განცხადების სიცოცხლეშივე შეტანა, წარმოადგენს კუმულაციურ თუ ალტერნატიურ პირობებს ანუ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებისთვის აუცილებელია თუ არა ამ ორი წინაპირობის ერთდროულად არსებობა. კანონის გრამატიკული და ტელეოლოგიური განმარტების შედეგად, საკასაციო პალატა სსკ-ის 1240-ე მუხლით განსაზღვრულ ზემოაღნიშნულ გარემოებებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ (ალტერნატიულ) პირობებად განიხილავს და მიიჩნევს, რომ თითოეული წინაპირობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლოს მიერ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1240-ე მუხლში მოცემული წინადადებების სტრუქტურას და აღნიშნავს, რომ შედეგის განმაპირობებელი ორი გარემოება (წინადადება): 1. „თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული“; 2. „თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ“ ერთმანეთს უკავშირდება არა „და“ კავშირით, რაც აღნიშნული პირობების ერთდროულად არსებობაზე მიუთითებდა, არამედ - სიტყვით „აგრეთვე“, რომელიც განსაზღვრავს, რომ სასამართლოს წესით შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება შესაძლებელია ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ. ზემოაღნიშნულ დასკვნამდე მივიდა საკასაციო სასამართლო ასევე ნორმის ტელეოლოგიური განმარტების შედეგად. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს აღმზრდელის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ სიცოცხლეში გამოხატული ნების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. სიცოცხლეში აღმზრდელის ნება კონკრეტული პირის შვილად აყვანის შესახებ იმით არის გამოხატული, რომ, ერთ შემთხვევაში, მან არასრულწლოვანი შვილად მიიღო ოჯახში, ხოლო, მეორე შემთხვევაში, - მშვილებელმა განცხადება შეიტანა სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ. აღმზრდელის ნების გამოხატვის ორივე ფორმის ერთდროულად არსებობა, როდესაც თითოეულ შემთხვევაში ცალ-ცალკე მკაფიოდ ჩანს მისი განზრახვა კონკრეტული პირის შვილებაზე, აღნიშნული ნორმით განსაზღვრული მიზნის მიღწევას - შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებას თითქმის შეუძლებელს ხდის და ზედმეტად ამძიმებს შვილად ასაყვანი პირის მტკიცების ტვირთს“ (იხ. სუსგ საქმე №ას-486-486-2018, 28 ოქტომბერი, 2021 წელი).

54. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სსკ-ის 1240-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს აყრდნობს აღმზრდელის ოჯახში შვილად მიღების ფაქტს. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ აღმზრდელის მიერ და მის ოჯახში არასრულწლოვანი, 19.. წლის 03 სექტემბერს დაბადებული მოსარჩელე შვილად იყო მიღებული. კასატორთა ძირითადი პრეტენზიებიც სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენას უკავშირდება.

55. საკასაციო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მისი შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების ჩვენებები, ისევე, როგორც ლ. გ-ის ახსნა-განმარტება, ასევე მოსარჩელის მშობლების წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, სასამართლოს არ უნდა მიეჩნია სარწმუნოდ, რადგან ყველა ამ პირს ჰქონდა აღმზრდელის სამკვიდრო ქონების ინტერესი.

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს სადავო ფაქტობრივი გარემოება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით არ დაუდგენია.

57. დადგენილია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს … რაიონულმა განყოფილებამ 2010 წლის აგვისტოს თვეში სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოსარჩელის მშობლების მიმართ არასრულწლოვანი შვილების - ლ. მ-ის, მ. მ-ისა და ბ. მ-ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ. აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის, სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი იქნა დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ბავშვები 2008 წლიდან …. ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არიან, დედა კატეგორიული წინააღმდეგია მათ მინდობით აღზრდაზე. არასრულწლოვანი შვილი მოსარჩელე კი უკვე 4 წელია სხვა ოჯახში იზრდება და მამის მითითებით ბავშვი გაშვილებულია. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის მშობლებისათვის არასრულწლოვანი მოსარჩელის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ მოუთხოვია.

58. დადგენილია ისიც, რომ 2013 წლის 19 ივლისიდან მოსარჩელე აღმზრდელის თანხმობით რეგისტრირებულია აღმზრდელისა და ლ. გ-ის საცხოვრებელ ბინაში მდებარე მისამართზე - თბილისი, … აგარაკები. ამასთან, 2013 წლის 28 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა აღმზრდელის, ლ. გ-სა და მოსარჩელის განცხადების N…. საფუძველზე მიმართა შპს „ჯ-ნ უ-რ ე-დ ფ-ს“ სასმელი წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობისათვის.

59. რაც შეეხება კასატორთა შედავებას, რომ აღმზრდელს მოსარჩელე ოჯახში "დამხმარედ" ჰყავდა მიყვანილი, გარდა იმისა, რომ 8-10 წლის ასაკის ბავშვის ოჯახში "დამხმარედ" ყოფნის შესახებ არგუმენტი ამორალურია, აღმზრდელის მხრიდან ასეთი კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით, გარდა ზოგიერთი მოპასუხის მოწმის ჩვენებისა, რომელთაც მოპასუხე მხარესთან ახლო ნათესაური კავშირი გააჩნიათ. დადგენილია, რომ მოპასუხის მხარეს დაკითხული მოწმე ც.მ-ძე წარმოადგენს მესამე მოპასუხის დეიდას, მოწმე ნ. ც-ლი - მესამე მოპასუხის სიდედრს, ხოლო მოწმე დ. წ-რი - მესამე მოპასუხის სიმამრს (იხ. წინამდებარე განჩინების 18.8.1, 18.8.2, 18.8.5 ქვეპუნქტები). აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის ზ. ც-ის განმარტებით, შემდგომ პერიოდში სტუმრობისას მოწმემ შეამჩნია, რომ მოსარჩელესა და აღმზრდელს, როგორც „დამხმარისა“ და უფროსის ურთიერთდამოკიდებულება აღარ ჰქონდათ. მოწმის მითითებით, აღმზრდელსა და მოსარჩელეს დიდი მეგობრული და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ (იხ. წინამდებარე განჩინების 18.8.3 ქვეპუნქტი), ხოლო მეორე მოწმემ მ. ც-მა მიუთითა, რომ აღმზრდელი მოსარჩელეს ზრდიდა, პატრონობდა და უვლიდა, შეფასებისას კი აღნიშნა, რომ შვილს ამაზე მეტს არც არაფერს უკეთებენო (იხ. წინამდებარე განჩინების 18.8.4 ქვეპუნქტი).

60. საკასაციო პალატა იზიარებს ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შეუძლებელია, 8 წლის (ან თუნდაც 10 წლის) ასაკში ბავშვს შეძლებოდა საოჯახო საქმეებში სერიოზული დახმარების აღმოჩენა. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს პირველი კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ 2020 წლის 24 იანვრის განცხადებაზე, რომელშიც იგი ფაქტობრივად უარყოფს მოსარჩელის დამხმარედ მიყვანის გარემოებას: „საქმეში ვკითხულობთ, თითქოს ჩემმა ძმამ თ. მ-ი მოსამსახურედ მოიყვანა. სიტყვა მოსამსახურე ჩემს ძმას არასდროს წამოსცდენია … მიმართ. ის, რომ თ. მ-რი ეხმარებოდა ლ.გ-ს სახლის საქმეებში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იყო მოსამსახურე. რად უნდოდა ჩემს ძმას 10 წლის ბავშვის მოსამსახურეობა, რომელსაც უამრავი მოსამსახურე ჰყავდა და ყველას უხდიდა ხელფასს. ზოგადად, ჩემი ძმა თვლიდა, რომ ბავშვი ბავშვობიდანვე უნდა შეეჩვიოს შრომას და აქ სათაკილო არაფერია“ (იხ. ტ. 3, ს.ფ. …).

61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და აღმზრდელის ოჯახში მოსარჩელის შვილად მიღების გარემოების საწინააღმდეგოდ, მისი დამხმარედ ყოფნის ფაქტის დადასტურება.

62. კასატორები მიუთითებენ ასევე, რომ მოსარჩელის მამას არ განუცხადებია უარი მოსარჩელის მამობაზე, ხოლო მოსარჩელის დედას - თანხმობა შვილის მამად აღმზრდელის აღიარებაზე, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სასამართლო განიხილავს აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტის სასამართლოს წესით დადასტურების საკითხს იმ საფუძვლით, რომ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, თუმცა სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე სრულწლოვანი პირია. დადგენილია, რომ მოსარჩელე დაბადებულია 19.. წლის 03 სექტემბერს (იხ. წინამდებარე განჩინების 1-ლი პუნქტი), ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 20.. წლის 27 ნოემბერს (იხ. ტ. -, ს. ფ. -). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში შემოწმებას აღარ ექვემდებარება ის მოთხოვნები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილია ბავშვის შვილად აყვანისთვის [მაგალითად, სსკ-ის 1254-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმად, ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება, თუ ყველა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე დადგენილი წესით]. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოწმდება სრულწლოვანი პირის შვილად აყვანისთვის კანონით დადგენილი პირობების არსებობა [სსკ-ის 1239.2 მუხლის თანახმად, სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია], რაც განსახილველ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დაკმაყოფილებულია.

63. რაც შეეხება კასატორთა მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული გარემოება არ ყოფილა მითითებული მოპასუხეთა შესაგებელში [სსსკ-ის 201.4 მუხლი: პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს] და, შესაბამისად, არ ყოფილა გამოკვლეული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, ხოლო სსსკ-ის 407.1 მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაუშვებელია ახალ გარემოებებზე მითითება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, მისი მსჯელობის საგანია მხოლოდ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასება.

64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

65. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

66. საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კასატორების შუამდგომლობასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე [სსსკ-ის 408.3 მუხლი: საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს]. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კასატორების შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.

67. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.1 მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1 მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (თ. ც-ის მიერ ხელმოწერილი აქტი, ი. ც-ის მიერ ხელმოწერილი აქტი, დ. გ-ის განცხადება, ნ. წ-ის მიერ ხელმოწერილი აქტი, დ. მ-ის მიერ ხელმოწერილი აქტი, ნ. კ-ის მიერ ხელმოწერილი აქტი, მ. ვ-ის 2019 წლის 2 დეკემბრის განცხადება, მ. კ-ის განცხადება, …..ge-ის სტატია, ხელშეკრულება …, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: ….), 20… წლის 17 მარტის მინდობილობა, 20… წლის 30 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: …), სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის წერილი, მ. ვ-ის 20.. წლის 25 აგვისტოს, 20.. წლის 30 მაისის, 20.. წლის 7 სექტემბრის განცხადებები, მ. ვ-ის 20.. წლის 7 სექტემბრის საბოლოო პოზიცია საჩივართან დაკავშირებით), მთლიანობაში „43“ ფურცლად (ტ. 3, ს.ფ. …., ….; ტ. 4, ს.ფ. ..-.., ….).

68. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ დ. ნ-ის მიერ 2019 წლის 1 ნოემბერს №. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კასატორების შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს;

2. ც. ც-ის უფლებამონაცვლე ა. ც-ის, თ. ც-ის უფლებამონაცვლეების გ.და ა. ც-ის, გ. ც-ისა და ა. ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

3. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კასატორების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

4. კასატორებს დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (თ. ც-ის მიერ ხელმოწერილი აქტი, ი. ც-ის მიერ ხელმოწერილი აქტი, დ. გ-ის განცხადება, ნ. წ-ის მიერ ხელმოწერილი აქტი, დ. მ-ის მიერ ხელმოწერილი აქტი, ნ.კ-ის მიერ ხელმოწერილი აქტი, მ. ვ-ის 2019 წლის 2 დეკემბრის განცხადება, მ. კ-ის განცხადება, …..ge-ის სტატია, ხელშეკრულება …., ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: …), 20.. წლის 17 მარტის მინდობილობა, 20.. წლის 30 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: …), სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის წერილი, მ. ვ-ის 20.. წლის 25 აგვისტოს, 20.. წლის 30 მაისის, 20.. წლის 7 სექტემბრის განცხადებები, მ. ვ-ის 20.. წლის 7 სექტემბრის საბოლოო პოზიცია საჩივართან დაკავშირებით), მთლიანობაში „43“ ფურცლად (ტ. 3, ს.ფ. …, ….; ტ. 4, ს.ფ. …, ….);

5. ა. ც-სა (პ/ნ ----) და გ. ც-ს (პ/ნ ---) დაუბრუნდეთ დ. ნ-ის (პ/ნ ---) მიერ 2019 წლის 1 ნოემბერს №- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი