25 მაისი, 2022 წელი
ას-1177-2021
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ბ. მ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი ძირითადი სარჩელით _ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება, კვარტალური პრემიის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბ. მ-ემ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ (შემდეგში: მოპასუხე, კომისია) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 მარტის N.. ბრძანება;
- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 25 იანვრის N… ბრძანება;
- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 05 მაისის N… ბრძანება;
- აღდგენილ იქნეს ბ. მ-ძე სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების დამცველის თანაშემწის თანამდებობაზე;
- სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაეკისროს ბ. მ.ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 05 მაისიდან თანამდებობაზე აღდგენამდე ყოველთვიურად 1300 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი);
- სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაეკისროს ბ. მ-ის სასარგებლოდ მიუღებელი კვარტალური პრემია 2014 წლიდან 2016 წლის 06 მაისამდე, სულ 10400 ლარი (დაუბეგრავი) (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - ტომი 3, ს.ფ. …).
1.1.მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით, ბ. მ-ეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ბ. მ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1.1. 2013 წლის 01 სექტემბერს, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და ბ. მ-ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება N…, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა. მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.
5.1.2. ბ. მ-ის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა თვეში 1300 ლარის
ოდენობით (დაუბეგრავი).
5.1.3. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მოსარჩელე ბ. მ-ის მიმართ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის შენიშვნა, გაფრთხილება და საყვედური, კერძოდ:
-სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 15 აგვისტოს №… ბრძანებით, ბ. მ-ეს დაეკისრა დისციპლინური სახდელი - შენიშვნა. დისციპლინური სახდელის დადების საფუძველი გახდა სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 30.07.2014 წლის N… და 08.08.2014 წლის N… წერილები (აღნიშნული ბრძანება სასამართლო სამართალწარმოების შედეგად დარჩა ძალაში და სხვა სამართალწარმოების ფარგლებში, არ დაკმაყოფილდა ბ. მ-ის მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებით);
-2015 წლის 24 მარტის N.. ბრძანებით, ბ. მ.ეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება (საზოგადოებრივი დამცველის 06.03.2015 წლის N… და 20.03.2015 წლის N… წერილების საფუძველზე);
- საზოგადოებრივი დამცველის 11.12.2015 წლის N…, 06.01.2016 წლის N… და 13.01.2016 წლის … წერილების საფუძველზე, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 25 იანვრის N.. ბრძანებით, ბ. მ-ეს დამატებით დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური.
5.1.4. კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, კომისიაში, 2016 წლის 4 თებერვალს - N… , 17 თებერვალს - N…, 11 მარტს - N…, 15 მარტს - N…, 8 აპრილს - N…, 27 აპრილს - N… და 04 მაისს - N… წერილები წარადგინა, რომლებშიც მან სხვადასხვა ფაქტზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მისი თანაშემწე ბ. მ-ძე გულგრილად ეკიდებოდა თავის სამსახურებრივ ვალდებულებებს, დროულად არ ასრულებდა მიცემულ დავალებებს, არ ამზადებდა შესაბამისი რეაგირების დოკუმენტებს მომხმარებელთა განცხადებებზე და შეუსრულებელი ჰქონდა 6 და მეტი თვის წინ მიღებული კორესპონდენცია (რაც იწვევდა განმცხადებელთა სამართლიან პრეტენზიებს). აღნიშნული დარღვევების გამო, კომისიასთან არსებულმა საზოგადოებრივმა დამცველმა ბ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
5.1.5. ხსენებული პრეტენზიების საფუძველზე, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 5 მაისის N… ბრძანების თანახმად, ბ. მ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
5.1.6. მოპასუხე კომპანიაში მოქმედი შრომის შინაგანაწესის მე-18 მუხლის შესაბამისად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენდა შრომის ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა. ჩადენილი გადაცდომის სიმძიმის, მისი ჩადენის გარემოებებისა და დასაქმებულის მუშაობის გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები: ა) შენიშვნა, ბ) გაფრთხილება, გ) საყვედური დ) შრომის ანაზღაურების დაკავება არა უმეტეს შრომის ანაზღაურების 10 პროცენტისა და ე) დათხოვნა.
5.1.7. შინაგანაწესის 18.4. მუხლის შესაბამისად, დისციპლინური საქმის წარმოების
დაწყებისას, დასაქმებულს უნდა მიეცეს წინადადება წარადგინოს ახსნა-განმარტება წინადადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ახსნა-განმარტების წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.
5.1.8. ამავე შინაგანაწესის 18.5 მუხლის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებულ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა ჩადენილი გადაცდომის შესახებ. 18.6. მუხლის თანახმად კი, დისციპლინური გადაცდომის ერთი შემთხვევისათვის შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება.
5.1.9. დისციპლინური გადაცდომის ჩადენის განმეორებასთან მიმართებით, შინაგანაწესის 18.7. მუხლით რეგულირებულია, რომ თუ დასაქმებულს დაკისრებული აქვს დისციპლინური პასუხისმგებლობა და მის მოხსნამდე ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას, მას უნდა დაეკისრის ადრე დაკისრებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე უფრო მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო 18.8. მუხლის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დასაქმებულის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ: ა) დასაქმებულისთვის შენიშვნის გამოცხადების დღიდან ორი თვის განმავლობაში მას არ დაეკისრა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა; ბ) დასაქმებულისთვის გაფრთხილების გამოცხადების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში მას არ დაეკისრა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა; გ) დასაქმებულისთვის საყვედურის გამოცხადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაეკისრა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა.
5.2.სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2.1. სააპელაციო პალატამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტების გაცნობის შედეგად, არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება სადავო ბრძანებების კანონშეუსაბამობასთან მიმართებით. კერძოდ, პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უძღოდა დასაქმებულის მიმართ ამოქმედებული არა ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მათ შორის შენიშვნა, გაფრთხილება და საყვედური. სააპელაციო პალატის მხრიდან აპელანტის არც ის პრეტენზია იქნა გაზიარებული, რომ მას დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის შესაბამისი გადამზადება და ტრენინგი ესაჭიროებოდა, რამეთუ დადგენილად მიიჩნია პალატამ, რომ ბ. მ-ან ერთად მოპასუხე კომპანიაში სხვა პირებიც იყვნენ დასაქმებული, რომელთა მიმართებითაც ანალოგიური პრეტენზია უშუალო ხელმძღვანელობას არ ჰქონია. პალატამ ასევე, არ გაიზიარა აპელანტის მითითება პროგრამული ხარვეზების არსებობასთან მიმართებით და აღნიშნულ საკითხზე განმარტა, რომ დასაქმებულს შეეძლო აღნიშნული მის მიმართ წინარე პერიოდზე გამოყენებული დისციპლინური ზომების ამოქმედებამდე დაეფიქსირებინა. ამასთანავე, თავად აპელანტი მიუთითებდა, რომ მხოლოდ მას არ მიეცემოდა პრემია, რაც პალატის მოსაზრებით, თავის მხრივ განპირობებული იყო დასაქმებულის მხრიდან ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით და მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებების/დავალებების სათანადო შეუსრულებლობით. ბ. მ-ეს ევალებოდა კონკრეტულად ერთი სახის - ხანდაზმულ დავალიანებებზე რეაგირება, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამუშაო გამოცდილების შესაბამისად (2009 წლიდან - 2016 წლამდე), მოსარჩელისათვის განსაკუთრებული სირთულის არ უნდა ყოფილიყო და ივარაუდებოდა, რომ დასაქმებულს დაკისრებული ამოცანებისათვის თავის გართმევა ჯეროვნად შეეძლო.
5.2.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში, სადავოდ გამხდარ მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ სამივე დისციპლინურ პასუხისმგებლობის ზომას - გაფრთხილებას, საყვედურს და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, თან ახლდა გამოცემის წინაპირობების ამსახველი საფუძვლები, რომლებიც აღწერდნენ მრავლობითი ხასიათის დარღვევებს მოსარჩელის მხრიდან; გარემოება, რომ დასაქმებულის მხრიდან, ერთი და იმავე ხასიათის გადაცდომას ჰქონდა ადგილი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოშობდა აპელანტის მტკიცების გაზიარების საფუძველს მასზედ, რომ სადავო ბრძანებები ეფუძნებოდა ერთსა და იმავე გარემოებებს. პალატამ აღნიშნა, რომ რეალურად თითოეული ბრძანების გამოცემა განაპირობა სხვადასხვა დარღვევამ და ყოველი ბრძანების საფუძველში, მითითებული იყო შესაბამისი ახალი გარემოება, რომელთა მოკვლევიდან 1 თვეზე მეტი ვადა გასული არ იყო. კერძოდ:
-სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 30.07.2014 წლის N…. და 08.08.2014 წლის N….-… წერილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 15 აგვისტოს N… ბრძანებით, ბ. მ-ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით დაეკისრა შენიშვნა; საზოგადოებრივი დამცველის 06.03.2015 წლის N… და 20.03.2015 წლის N… წერილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 მარტის N… ბრძანებით - გაფრთხილება, ხოლო, საზოგადოებრივი დამცველის 11.12.2015 წლის N…, 06.01.2016 წლის N… და 13.01.2016 წლის … წერილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 25 იანვრის N.. ბრძანებით - საყვედური. კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, 2016 წლის 4 თებერვალს, კომისიაში წარადგინა N…, 17 თებერვალს - N…, 11 მარტს - N…, 15 მარტს - N…, 8 აპრილს - N…, 27 აპრილს - N… და 04 მაისს - N… წერილები, რომლებშიც მან სხვადასხვა ფაქტზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მისი თანაშემწე ბ. მ-ძე გულგრილად ეკიდებოდა თავის სამსახურებრივ ვალდებულებებს, დროულად არ ასრულებდა მიცემულ დავალებებს, არ ამზადებდა შესაბამის რეაგირების დოკუმენტებს მომხმარებელთა განცხადებებზე და შეუსრულებელი ჰქონდა 6 და მეტი თვის წინ მიღებული კორესპონდენცია (რაც იწვევდა განმცხადებელთა სამართლიან პრეტენზიებს). აღნიშნული დარღვევების გამო, კომისიასთან არსებულმა საზოგადოებრივმა დამცველმა მოითხოვა ბ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება. ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბ. მ-თან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.
5.2.3. პალატამ ყურადღება გაამახვილა კომისიაში მოქმედ შინაგანაწესზე, რომლის თანახმად, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმის, მისი ჩადენის გარემოებებისა და დასაქმებულის მუშაობის გათვალისწინებით გამოიყენებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: შენიშვნა, გაფრთხილება, საყვედური, შრომის ანაზღაურების დაკავება არაუმეტეს შრომის ანაზღაურების 10 პროცენტისა, სამსახურიდან გათავისუფლება. შინაგანაწესის მე-18 მუხლის მე-5, მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებული უნდა ყოფილიყო ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა უფლებამოსილი პირისთვის ცნობილი გახდა ჩადენილი გადაცდომის შესახებ. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგელობის ზომის გამოყენება. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დასაქმებულის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ დასაქმებულისთვის შენიშვნის გამოცხადების დღიდან ორი თვის განმავლობაში მას არ დაეკისრებოდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა; დასაქმებულისთვის გაფრთხილების გამოცხადების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში მას არ დაეკისრებოდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა; დასაქმებულისთვის საყვედურის გამოცხადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაეკისრებოდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა. დასაქმებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეიძლებოდა მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.
5.2.4. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ქმედება, მისი სიმძიმისა და სიხშირის თვალსაზრისით, წარმოადგენდა იმგვარ გადაცდომას, რაც ამართლებდა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას (უხეში დარღვევა). დამსაქმებელი სისტემატიურად აწყდებოდა მოსარჩელის მხრიდან თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებს. ამავე დროს, არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მსჯელობა მისი დევნის შესახებ: გაფრთხილების შემდეგ, საყვედურამდე დაახლოებით 1 წელი იყო გასული; საყვედურიდან დათხოვნამდეც, შესაბამისი ვადა. ამდენად, დამსაქმებელი შრომის კოდექსით მასზე დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში, შეეცადა მსუბუქი დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების გზით, შეენარჩუნებინა დასაქმებული და ამავდროულად, აღმოეფხვრა არსებული პრეტენზია/უთანხმოება, თუმცა, ვალდებულებათა დარღვევის არაერთმა და ამავდროულად უხეშმა ხასიათმა, სამომავლოდ შეუძლებელი გახადა შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება.
5.2.5. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბრძანებების საფუძვლად არსებულ წერილებში, საუბარი იყო მოსარჩელის მხრიდან იმგვარ დარღვევებზე, რაც თავის მხრივ, მესამე პირთა უფლებებს ლახავდა. კერძოდ, მოსარჩელეს ევალებოდა ხანდაზმულ დავალიანებებთან მიმართებით დროული რეაგირების განხორციელება და მოთხოვნის პირობებში, მოქალაქეთათვის ელექტროენერგიის მიწოდების დროულად აღდგენა, რისი დადგენილ ვადებში განუხორციელებლობაც, დამსაქმებლის მიმართ მესამე პირების მხრიდან დასაბუთებულ პრეტენზიას იწვევდა.
5.2.6. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებისა თუ კეთილსინდისიერების სტანდარტის დარღვევა. აღნიშნულის საპირისპიროდ, წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაქმებულის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულებებისადმი არაგულისხმიერ და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებდა. პალატის შეფასებით, დასაქმებულის მხრიდან არაერთჯერადად განხორციელდა მასზე დაკისრებული ვალდებულებების არასათანადო შესრულება და აღნიშნულის შემდგომ, დამსაქმებლის დადანაშაულება უსაფუძვლო გათავისუფლებასთან მიმართებით, გაუმართლებელი იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა, როგორც ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე მის თანმდევ შედეგებთან მიმართებით.
5.2.7. პალატამ ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა პრემიის თანხების ანაზღაურებასთან მიმართებით და განმარტა, რომ შრომის შინაგანაწესის მე-19 მუხლის თანახმად, კომისიის წევრს, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლებოდა მისცემოდა პრემია. დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის, ზეგანაკვეთური მუშაობისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის გამოიყენებოდა წახალისების შემდეგი ფორმები: მადლობის გამოცხადება, ფულადი ჯილდო, პრემია, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა. წახალისების ან დახმარების გაცემის თაობაზე დასაქმებულის განცხადების, აღმასრულებელი დირექტორის ან ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორის წარდგინების საფუძველზე, ან წარდგინების გარეშე, გადაწყვეტილებას იღებდა კომისიის თავმჯდომარე. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ პრემია გაიცემოდა დასაქმებულზე მხოლოდ სამუშაოს სანიმუშო შესრულებისთვის და ხელფასისგან განსხვავებით, მისი გაცემა არ ხდებოდა ყველა დასაქმებულზე, აგრეთვე იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იყო არაერთი პასუხისმგებლობის ზომა და ბ. მ-ძე ხელმძღვანელების მხრიდან ხშირი პრეტენზიების ადრესატი იყო, დამსაქმებელს არ გააჩნდა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეცა პრემია.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტურ საფუძლად იმ გარემოებებზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
7.2.კასატორის განმარტებით, მოცემული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე სააპელაციო ინსტანციის მხრიდან დარღვეულ იქნა ე.წ. favor prestatoris და Ultima Ratio-ს პრინციპები; ასევე, უგულველყოფილ იქნა „სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე–6 და მე–7 მუხლები, „ევროპის სოციალური ქარტიის“ 1-ლი, მე–4 და 24–ე მუხლები, 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსოს) მიერ, 1982 წელს მიღებული №158 შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის კონვენციის მოთხოვნები და არ იქნა გაზიარებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დამკვიდრებული პრაქტიკა.
7.3.სააპელაციო პალატის მოსაზრების საპირისპიროდ, კასატორი ასევე განმარტავს, რომ მისი მხრიდან, მოქალაქეთა კორესპონდენციაზე შედგენილი პროექტები საზოგადოებრივ დამცველთან წარდგენილ იქნა 2015 წლის აგვისტო თვიდან წლის ბოლომდე, ანუ მოქალაქეთა განცხადებების დაწერიდან დათქმულ ვადაში, თუმცა, საზოგადოებრივმა დამცველმა პროექტები თავის დროზე თავად არ განიხილა და ვადის „გაშვება“ დაუმსახურებლად ჩათვალა მოსარჩელის გადაცდომად.
7.4.კასატორის განმარტებით, საზოგადოებრივი დამცველის მხრიდან დარღვეულ იქნა შინაგანაწესის 18.5 მუხლის (დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებული უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა ჩადენილი გადაცდომის შესახებ) მოთხოვნები და აღნიშნავს, რომ როგორც საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 11 დეკემბრის N… მოხსენებითი ბარათით დასტურდება, მოქალაქემ პრეტენზიით ხსენებულ პერიოდში მიმართა, ხოლო, საზოგადოებრივმა დამცველმა რეაგირება პროცედურული დარღვევით, კერძოდ, ერთი თვის შემდეგ - 2016 წლის 25 იანვარს მოახდინა, რაც თავის მხრივ, მის მიმართ საყვედურის გამოცხადების საფუძველი გახდა. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ საერთოდ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ მოქალაქეთა ე.წ. „გადაცდომის“ შესახებ წარდგენილ განცხადებების ნაწილში, მისი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედება არ არსებობდა.
7.5.კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მისი 2014 წლის 08 და 14 დეკემბრის მოხსენებითი ბარათებით დასტურდებოდა, რომ საზოგადოებრივი დამცველის მხრიდან მის მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული დევნა და სამსახურებორივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლა.
7.6.კასატორი იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას მასზედ, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში უნდა შემოწმდეს თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას, თუმცა, მიიჩნევს, რომ მითითებული საკითხი, პალატის მხრიდან არასწორად იქნა შეფასებული, რადგან საქმეში არსებული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოხსენებითი ბარათით დასტურდებოდა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მისი მხრიდან „არ გამოიკვეთა ბრალეულობის პრინციპი“. მიუხედავად ამისა, კასატორის განმარტებით, დამსაქმებელმა საყვედურის გამოცხადების ერთ-ერთ საფუძვლად მოქ. ნ. ჭ-ის განცხადებასა და ამ განცხადებაზე, მისი მხრიდან „არ განხორციელებულ“ რეაგირებაზე მიუთითა. კასატორის განმარტებით, არა მარტო ხსენებულ ფაქტზე, არამედ სხვა ფაქტების ირგვლივ დამსაქმებელის მხრიდან არ განხორციელებულა მისი გამოკითხვა და არ მიეცა აზრის გამოთქმის უფლება. ამასვე ადასტურებს საქმეში არსებული 2015 წლის 20 მარტით დათარიღებული №… მოხსენებითი ბარათი, რომელიც თავის მხრივ გამოყენებულ იქნა მის დასასჯელად, თუმცა, აღნიშნული მასალის არსებობის თაობაზე მისთვის ცნობილი მხოლოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე თანდართული მასალებიდან გახდა.
7.7. კასატორი კატეგორიულად არ ეთანხმება პალატის განმარტებას მასზედ, რომ სადავო ბრძანებების საფუძვლად მითითებული იყო მოსარჩელის მიერ ჩადენილი იმგვარი დარღვევები, რაც თავის მხრივ მესამე პირთა ინტერესებს ლახავდა და აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულებებში წარმოდგენილია იმ მოქალაქეთა სია, რომელთა განცხადებებზეც მისი მხრიდან სრულყოფილად და დროზე განხორციელდა რეაგირება, თუმცა, სწორედ ამ მოქალაქეთა მიმართ იქნა უკანონოდ დასჯილი, თითქოსდა ჩადენილი გადაცდომის გამო.
7.8.დისციპლინური სახდელის დაკისრების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულ მოქალაქეთა - გ-ის, შ-სა და ა-ის განცხადებებათა მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების ფაქტთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან შესაბამისი ზომები დროულად იქნა მიღებული, რასაც იურიდიული სამსახურისა და ადამიანური რესურსების ხელმძღვანელთა პირთა მიერ წარმოდგენილი დასკვნა მოწმობს. ამასთან, კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია კომისიის ცნობა მასზედ, რომ უარი ეთქვა მის დასჯას, თუმცა, მიუხედავად ამისა, დამსაქმებელმა თვითნებურად გამოიტანა მისი დასჯის ბრძანებები.
7.9.კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის ყურადღების მიღმა დარჩა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება, რომლის მიხედვით, მისი მხრიდან თითქოსდა 18 ერთეული კომისიის დადგენილების პროექტის დაკარგვის გამო გამოეცხადა საყვედური. კასატორის განმარტებით, ასეთ ფაქტს ადგილი საერთოდ არ ჰქონია და მოცემულ ფაქტზე, ე.წ. „სამსახურეობრივი მოკვლევის“ გარეშე იქნა მისი დასჯის გადაწყვეტილება მიღებული.
7.10. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას, სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და გაზიარებული ის გარემოებები, რომ:
- მისთვის დისციპლინური სახდელის დადება განხორციელდა ახალი შინაგანაწესით, მაშინ, როცა ე.წ. „გადაცდომები“ ჩადენილია ძველი შინაგანაწესის მოქმედების დროს, რომელიც დისციპლინარული კომისიის მხრიდან მასალების შესწავლასა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენას ითვალისწინებდა;
- დამსაქმებელი მის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ავლენდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ორგანიზაციაში დასაქმებულ სხვა თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი გადაცდომების გამო, პასუხს მას აგებინებდნენ, რაც დასტურდება დამსაქმებელის მხრიდან თითოეული ფაქტის ირგვლივ, შესაბამისი მოკვლევის ჩატარების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებით;
- უმრავლესი მოქალაქეების განცხადებები არის გაყალბებული, რაც დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული მოქალაქეთა-განცხადებებითა და მისი წერილობითი ახსნა-განმარტებით. შესაბამისად, ე.წ. სამსახურეობრივი მოკვლევის დაწყების საფუძვლით გამოტანილი დასჯის აქტები, კასატორის მოსაზრებით, უკანონოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
13. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
14. შრომითი ურთიერთობა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაქვემდებარებული ურთიერთმიმართება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. აქ დასაქმებული დამსაქმებელთან შედარებით სუსტ მხარეს წარმოადგენს, რომელიც საჭიროებს დაცვას მისი ძალაუფლებისგან. შრომის სამართალი, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგი, ისტორიულად დასაქმებულთა დაცვის მიზნით ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ შრომის სამართალი აწესებს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, რომლის მოდიფიცირება შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით, დასაქმებულის სასარგებლოდ.
15. შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება ღირსეული არსებობის მთავარი პირობა. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით.
16. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს არსს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/2-389).
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).
18. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ირკვევა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა ცალმხრივად, 2016 წლის 05 მაისის №... ბრძანებით შეწყვიტა და მოსარჩელე 2016 წლის 06 მაისიდან გათავისუფლდა კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშეწმის პოზიციიდან. სადავო ბრძანების თანახმად, ბ. მ-ან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, „ეროვნული მარეგულიებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და გათავისუფლების დროისათვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-6 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, 34-ე მუხლი და 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც მოქმედი „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის იდენტურ მოწესრიგებას წარმოადგენს.
19. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მოსარჩელე ბ. მ-ის მიმართ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. მათ შორის შენიშვნა - კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით, რაც გასაჩივრებულ იქნა ბ. მ-ის მხრიდან სხვა სასამართლო სამართალწარმოების ფარგლებში, თუმცა არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებით და ბრძანება დარჩა ძალაში; გაფრთხილება - 2015 წლის 24 მარტის N.. ბრძანებით და საყვედური - 2016 წლის 25 იანვრის N.. ბრძანებით. სამივე მათგანს თან ახლდა გამოცემის წინაპირობების ამსახველი საფუძვლები.
20. მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ გამოცემული გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად, სწორედ ზემოაღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები იქნა გამოყენებული, რომელთაგან ორს გასული აქვს პასუხისმგებლობის ვადა, რის გამოც არ შეიძლებოდა მათი გამოყენება უფრო მკაცრი სახდელის დაკისრებისათვის. რაც შეეხება გათავისუფლების საფუძვლად მესამე ბრძანების მითითებას, მოსარჩელემ განმარტა, რომ ერთი და იგივე ქმედებაზე, მის მიმართ გამოყენებულ იქნა ორი სასჯელის სახე, რაც ეწინააღმდეგებოდა შინაგანაწესს. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 25 იანვრის N..-ე ბრძანებაში (საყვედური) გამოყენებულია ისეთი ფაქტები, რომელსაც 2014-2015 წლის თებერვლამდე ჰქონდა ადგილი, რაც გამორიცხავდა მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას.
21. მოსარჩელის ზემოაღნიშნული განმარტების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს საწყის ეტაპზევე განმარტოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის პოზიცია დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევით შექმნა მისი სამსახურიდან დათხოვნის - სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებაც, მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის ფაქტს, როგორც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს ეყრდნობა და დასაქმებულს გათავისუფლებამდე შეფარდებული ჰქონდა თუ არა დისციპლინური სახდელი, ამ გარემოებაზე მითითება-მიუთითებლობის საკითხი, ვერც პროცესუალურად და ვერც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სარჩელის იურიდიულ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დისციპლინური სახდელების (გაფრთხილების, საყვედურისა და გათავისუფლების ბრძანებების) ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელეს დამოუკიდებელი სარჩელები ჰქონდა წარდგენილი, რაც შემდგომ სასარჩელო მოთხოვნების ერთგვაროვანი ხასიათიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრისა და 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებებით ერთ წარმოებად გაერთიანდა და საბოლოოდ სასარჩელო მოთხოვნაც ერთობლივად განისაზღვრა (გაფრთხილების, საყვედურისა და გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასისა და კვარტალური პრემიის ანაზღაურების დაკისრება - იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, ტ.3, ს.ფ. ....), აუცილებელია მოსარჩელის მიმართ გამოცემული თითოეული დისციპლინური სახდელის მართლზომიერების შეფასება.
22. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან გამოსაკვლევი საკითხი იყო, რამდენად მართლზომიერად იქნა გამოცემული მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით გაფრთხილებისა და საყვედურის ბრძანებები და შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული, სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველ გარემოებას წარმოადგენდა.
23. დადგენილია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტების გაცნობის შედეგად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართლზომიერად მიიჩნიეს, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით გამოცემული როგორც გაფრთხილებისა და საყვედურის ბრძანებები, ასევე, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაც, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
24. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ გაფრთხილების, საყვედურისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს), გათავისუფლების დროისათვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) (მოქმედი რედაქციით 48-ე მუხლი), ამავე კოდექსის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები წარმოადგენს.
25. სადავო საკითხის კომპლექსურობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, გათავისუფლების საფუძვლის კანონიერების შემოწმებამდე, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით გამოცემული გაფრთხილებისა და საყვედურის შესახებ ბრძანებების მართლზომიერებაზე იმსჯელოს და ამ მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ ბრძანების კანონიერების საკითხის განსაზღვრისას, დღის წესრიგში დგება, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებისა და კომპანიის შრომის შინაგანაწესის, დასაქმებულის მიერ ჩადენილ ქმედებასთან ერთობლიობაში შეფასება, ვინაიდან, შრომითი მოვალეობის დარღვევისათვის, დასაქმებულის პასუხისმგებლობის საფუძვლებს შრომის კოდექსიდან გამომდინარე შინაგანაწესი ადგენს და დარღვევის შესაბამისი ზომის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს. ამ საკითხის რეგულაციას კი, კანონმდებელი მთლიანად შრომის შინაგანაწესს უკავშირებს (სშკ-ის ძველი რედაქციის მე-13 (2) მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს წახალისების სახე, პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი).
26. გაფრთხილებისა და საყვედურის შესახებ ბრძანებების კანონიერების საკითხის განსაზღვრის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებული №... შრომითი ხელშეკრულებისა და მოპასუხე კომპანიაში მოქმედი შრომის შინაგანაწესის რამდენიმე მნიშვნელოვან დებულებაზე. კერძოდ:
26.1. ხელშეკრულების (კონტრაქტის) 1.1 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი იღებს სამუშაოზე, ხოლო, დასაქმებული თანახმაა განახორციელოს შრომითი საქმიანობა კომისიაში ხელშეკრულებით, კერძოდ, კომისიასთან არსებულ მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის თანამდებობაზე. ამავე ხელშეკრულების 1.3 პუნქტით, მხარეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება ამ ხელშეკრულებით, საქართველოს შრომითი და ადმინისტრაციული კანონმდებლობით, აგრეთვე, კომისიის დებულებითა და შინაგანაწესით. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“ პუნქტების თანახმად კი, დასაქმებული ვალდებულია იმუშაოს დამსაქმებელთან ამ ხელშეკრულბის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობაზე; კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, დამსაქმებლის და მისი უშუალო ხელმძღვანელის ბრძანებები და მითითებები, მკაცრად დაიცვას კომისიის დებულება და შინაგანაწესი; სისტემატურად იმუშაოს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
26.2. შინაგანაწესის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: შრომის ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა; საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების დარღვევა; კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის წესის მოთხოვნების დარღვევა; ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან კომისიისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტქაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმის, მისი ჩადენის გარემოებებისა და დასაქმებულის მუშაობის გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები: ა) შენიშვნა, ბ) გაფრთხილება, გ) საყვედური დ) შრომის ანაზღაურების დაკავება არა უმეტეს შრომის ანაზღაურების 10 პროცენტისა და ე) სამსახურიდან გათავისუფლება.
26.3. შინაგანაწესის 18.4. მუხლის შესაბამისად, დისციპლინური საქმის წარმოების დაწყებისას დასაქმებულს უნდა მიეცეს წინადადება წარადგინოს ახსნა-განმარტება წინადადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ახსნა-განმარტების წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. ამავე შინაგანაწესის 18.5 მუხლის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებული უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა ჩადენილი გადაცდომის შესახებ; 18.6. მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ერთი შემთხვევისათვის შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. დისციპლინური გადაცდომის ჩადენის განმეორებასთან მიმართებით, შინაგანაწესის 18.7. მუხლით რეგულირებულია, რომ თუ დასაქმებულს დაკისრებული აქვს დისციპლინური პასუხისმგებლობა და მის მოხსნამდე ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას, მას უნდა დაეკისრის ადრე დაკისრებული დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე უფრო მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო, 18.8. მუხლის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დასაქმებულის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ: ა) დასაქმებულისთვის შენიშვნის გამოცხადების დღიდან ორი თვის განმავლობაში მას არ დაეკისრა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა; ბ) დასაქმებულისთვის გაფრთხილების გამოცხადების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში მას არ დაეკისრა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა; გ) დასაქმებულისთვის საყვედურის გამოცხადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაეკისრა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა.
27. დადგენილია, რომ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 06 მარტის N... და 2015 წლის 20 მარტის N... წერილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 მარტის N.. ბრძანებით, მოსარჩელე ბ. მ-ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით დაეკისრა გაფრთხილება. პალატა ყურადღებას გაამახვილებს გაფრთხილების შესახებ ბრძანების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული წერილების შინაარსზე, კერძოდ:
27.1. 2015 წლის 06 მარტის N... წერილი მითითებას შეიცავს იმ გარემოებებზე, რომ ბ. მ-ძე სისტემატურად და უხეშად არღვევდა შრომის შინაგანაწესს და არაკეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც საზოგადოებრივ დამცველს ხშირად უწევდა მოქალაქეებთან თავის მართლება და მოსარჩელის მხრიდან გაჭიანურებული და შეუსრულებელი საქმეების გადაწერა სხვა თანამშრომლებზე. აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად, საზოგადოებრივმა დამცველმა მიუთითა მოქალაქეების: ქ. და ქ. ჩ-სა და ჯ. ე-ას საპრეტენზიო განცხადებებზე მოსარჩელის მიმართ. დასახელებული წერილი მითითებას შეიცავს ასევე, მოქალაქეების: ა. ხ-ისა და გ. მ-ის საქმეებთან დაკავშირებულ პრობლემებზე (ტ.3, ს.ფ. ...).
27.2. 2015 წლის 20 მარტის N... წერილი მითითებას შეიცავს მოსარჩელის მხრიდან, მოქალაქეების: ე. ყ-ას, რ. ჩ-სა და მ. წ-ის საქმეებთან დაკავშირებით შეუსრულებელ ანდა შეცდომით შესრულებულ საკითხებზე (ტ.3, ს.ფ. ...).
27.3. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებს ერთვის საზოგადოებრივი დამცველის ზემოაღნიშნულ წერილებში ასახული უკმაყოფილო მოქალაქეების: ჯ. ე-ას, ქ. და ქ. ჩ-ის, ე. ყ-ას, მ. წ-ის, საპრეტენზიო განცხადებები ბ. მ-ან მიმართებით (ტ.3, ს.ფ. ..-.., ...), რაც ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან ამ კონკრეტულ მოქალაქეთა პრობლემების რეაგირების გარეშე დატოვებას, დაგვიანებულ რეაგირებას ანდა მისი მხრიდან ვალდებულების არაკვალიფიციურ შესრულებას.
27.4. ზემოაღნიშნულ წერილებთან დაკავშირებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელის 2015 წლის 18 მარტის მოხსენებითი ბარათი, სადაც იგი განმარტავს, რომ მის მიმართ გაფრთხილების გამოყენების საფუძველი გახდა კომპიუტერული პროგრამის გაუმართაობა. ამასთან, ახსნა-განმარტების მიხედვით, მოსარჩელის მიერ შეცდომების დაშვება გამოწვეული იყო იმით, რომ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის სრულყოფილად შესასწავლად არ ჩატარებია ტრენინგები. კასატორი ამტკიცებდა, მისი მხრიდან შეცდომების დაშვება პროგრამის არასრულყოფილად ცოდნის და გაუმართაობის გამო ხდებოდა, ხოლო, ამაში დამნაშავე მისი დამსაქმებელი იყო (ტ.3, ს.ფ. ...).
28. დადგენილია, რომ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 11 დეკემბრის N..., 2016 წლის 06 იანვრის N.. და 2016 წლის 13 იანვრის ... წერილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 25 იანვრის N.. ბრძანებით, მოსარჩელე ბ. მ-ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა საყვედური. პალატა ამ შემთხვევაშიც, ყურადღებას გაამახვილებს საყვედურის შესახებ ბრძანების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული წერილების შინაარსზე, კერძოდ:
28.1. 2015 წლის 11 დეკემბრის N...წერილი მითითებას შეიცავს მოქალაქე ე. კ-ის საქმესთან დაკავშირებით, არასრულყოფილად შესრულებულ მოვალეობებს. ამასთან, საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით, მოსარჩელე მოქალაქეებს ცინიკურად ესაუბრება, თანამშრომლებში დაძაბულობას იწვევს და არასოდეს ღებულობს დამცველის შენიშვნებს, რის გამოც მასთან თანამშრომლობა შეუძლებელია (ტ.1, ს.ფ. ...).
28.2. 2016 წლის 06 იანვრის N... წერილის მიხედვით, ბ. მ-ძე ხასიათდება არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევებითა და უნარებით, არაკომპეტენტურობით, მოუწესრიგებლობითა და საქმეებისადმი ზერელე და გულგრილი დამოკიდებულებით. ამასთან, დასახელებული წერილი, საზოგადოებრივი დამცველის წინა წერილებისაგან განსხვავებით, დამატებით მიუთითებდა მოქალაქეების: მ. შ-ის, ე. შ-ს, დ. ნ-ს, ა.ზ-ის, ა. ლ-ას, თ. გ-სა და ა. პ-ის საქმეებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საპრეტენზიო განცხადებებზე მოსარჩელის მიმართ (ტ.1, ს.ფ. ...).
28.3. 2016 წლის 13 იანვრის ... წერილის მიხედვით, მოსარჩელე სამსახურში არასაპატიო მიზეზით აგვიანებს ან ადრე მიდის. ამასთან, დაგვიანების მიზეზებს შეურაცხმყოფელი სმს-ების სახით ატყობინებს საზოგადოებრივ დამცველს. მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს ცინიკურ და არაეთიკურ დამოკიდებულებას. არის მოუწესრიგებელი და ამ მოუწესრიგებლობის გამო, 18 გასწორებული პროექტი დაკარგა. გრძელდება მისი მხრიდან საქმეებზე რეაგირებისა და პასუხების დაგვიანება, ასეთ კონკრეტულ საქმეს კი, ი/მ ქ. ბ-ის საქმე წარმოადგენს. დასახელებული წერილი მითითებას იმ გარემოებებზეც შეიცავს, რომ მოსარჩელე ძველი საქმეების მოწესრიგების ნაცვლად, დაკავებულია ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა გასართობი საშუალებებით. ადგილი აქვს მოსარჩელის მხრიდან უკანონო ქმედებებს, მაგ. ნებართვის გარეშე ურეკავს მოქალაქეებს, იწერს მათ საუბარს და ა.შ.(ტ.1, ს.ფ. ...).
28.4. ამ შემთხვევაშიც, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებს ერთვის საზოგადოებრივი დამცველის ზემოაღნიშნულ წერილებში ასახული უკმაყოფილო მოქალაქეების: ე.კ-ის, მ. შ-სა და ე. შ-ს განცხადებები ბ. მ-თან მიმართებით (ტ.1, ს.ფ. ..; ტ.2, ს.ფ. ..; ტ.1, ს.ფ. ..), რაც ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან ამ კონკრეტულ მოქალაქეთა პრობლემების რეაგირების გარეშე დატოვებას, დაგვიანებულ რეაგირებას ანდა მისი მხრიდან ვალდებულების არაკვალიფიციურ შესრულებას. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ბ. მ-ის დასწრების აღრიცხვის პროგრამიდან ამონაწერი, რომელიც ნათლად ადასტურებს მის მიერ სამუშაო გრაფიკის სისტემატურ დარღვევას (ტ.2, ს.ფ. ...).
28.5. საქმეში წარმოდგენილია ბ. მ-ის 2015 წლის 24 დეკემბრის ახსნა-განმარტება კომისიის თავმჯდომარისადმი, სადაც იგი კ-ის საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს, კვლავ პროგრამულ გაუმართაობას უკავშირებს, ხოლო, დანარჩენი მოსაზრება, მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცის ნიშნების არსებობას შეეხება(ტ.2, ს.ფ. ...).
29. საკასაციო პალატა მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებზე, რომლის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია იმუშაოს დამსაქმებელთან ამ ხელშეკრულბის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობაზე; კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, დამსაქმებლის და მისი უშუალო ხელმძღვანელის ბრძანებები და მითითებები, მკაცრად დაიცვას კომისიის დებულება და შინაგანაწესი და დასახელებული ნორმის კონტექსტში განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებებისა და მათ ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული წერილების შინაარსის დეტალური შესწავლის საფუძველზე, ნათელია, რომ დამსაქმებელი ხშირად აწყდებოდა მოსარჩელის მხრიდან თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტებს. ამასთან, თითოეული წერილი შეიცავს მოსარჩელის მხრიდან ჩადენილ, წინა წერილებში მითითებულისაგან განსხვავებულ გადაცდომებს. ამ მხრივ, საყურადღებოა თავად ბ. მ-ის მოხსენებითი ბარათიც, სადაც მოსარჩელე აღიარებს და თავადვე მიუთითებს, რომ შეცდომები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, აღნიშნულს იგი სხვადასხვა მიზეზებს უკავშირებს. მაგ.: „ახალი პროგრამის ასათვისებელი ტრენინგი სრულყოფილად არ ჰქონდა გავლილი“, „როგორც ასწავლეს ისე გააკეთა, უკეთესად და სრულყოფილად რომ ესწავლებინათ, ასეთი რამ არ მოხდებოდა“ და ა.შ.
30. საკასაციო პალატა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას მისი მხრიდან დაშვებული შეცდომების მიზეზებთან დაკავშირებით, კერძოდ, მასზედ, რომ დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის შესაბამისი გადამზადება ან ტრენინგი ესაჭიროებოდა და ამ ნაწილში, სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ ბ. მ-ან ერთად მოპასუხე კომპანიაში სხვა პირებიც იყვნენ დასაქმებული, რომელთა მიმართებითაც, ანალოგიური პრეტენზია უშუალო ხელმძღვანელობას არ ჰქონია, ხოლო, რაც შეეხება პროგრამულ ხარვეზებზე მოსარჩელის მითითებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი დამცველის წერილებში ასახულია ბევრი იმდაგვარი დარღვა, რაც შეუძლებელია პროგრამულ ხარვეზებს დაუკავშირდეს და ამ მიზეზით, მიჩნეულ იქნეს საპატიოდ.
31. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის მხედველობაში მიღების გარეშეც, რომ მოსარჩელეს გაფრთხილებამდეც ჰქონდა დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით შენიშვნა - კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით, რომლის კანონიერება და მართლზომიერებაც დადასტურებულია სასამართლოს მეშვეობით, დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება უპირობოდ ქმნიდა მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანს წარმოადგენს დასაქმებულის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, თუმცა, წერილების შინაარსის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ მიუღია არავითარი ზომა შრომითი დამოკიდებულების შესაცვლელად და მის გასაუმჯობესებლად, როგორც გაფრთხილების მიღების შემდეგ საყვედურის მიღებამდე, ასევე, საყვედურის მიღების შემდეგ - გათავისუფლებამდე.
32. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს წინაშე დისციპლინური ღონისძიების სახით გაფრთხილებისა და საყვედურის შესახებ სადავო ბრძანებების კანონიერება დაასაბუთა, ხოლო, მოსარჩელე ბ. მ-ემ კი, სასამართლოს ვერ დაუსაბუთა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.
33. რაც შეეხება დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის ლეგიტიმურობას, ამ მიმართებით, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს რამდენიმე საკითხს:
33.1. არსებობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით. მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტურ შრომის მოტივაციას შეუქმნის. იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვალოს, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-267-2021, 11.06.2021; №ას-997-2020, 10.02.2021; №ას-658-2020, 4.12.2020).
33.2. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „ამ სახის დავები, მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. სუსგ. №ას-922-884-2014, 2015 წლის 16 აპრილის განჩინება; №ას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება; №ას-182-171-2017, 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება)“.
34. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კომისიის მხრიდან ბ, მ-ან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო დამსაქმებლის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობა „უხეშად“ დაარღვია, რადგანაც საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში, ხოლო, შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა რამდენადაა „უხეში“ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის კონკრეტული გარემოებები. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების სიმძიმე შეფასდეს, უპირველეს ყოვლისა, გამოკვლეულ უნდა იქნეს იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები (იხ. სუსგ საქმე №ას - 841-807-2016, 06.12.2016 წელი).
35. დადგენილია, რომ 2013 წლის 01 სექტემბერს, კომისიასა და ბ. მ-ეს შორის გაფორმებული N... შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა, იმყოფებოდა საზოგადოებრივი დამცველის უშუალო დაქვემდებარებაში, უნდა შეესრულებინა მისი უშუალო დავალებები და მას კონკრეტულად ერთი სახის - ხანდაზმულ დავალიანებებზე რეაგირება ევალებოდა. ამავე კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 05 მაისის N... ბრძანების თანახმად, ბ. მ-ძე 2016 წლის 06 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. უდავოა, რომ თანაშემწის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის დასაბუთებული და არგუმენტირებული წერილობითი მოთხოვნები გახდა, ხოლო, სამართლებრივი საფუძველი - მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობის უხეში დარღვევა.
36. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ 2016 წლის 05 მაისის №... ბრძანებაში, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად დასახელებულია კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ს. ვ-ის 2016 წლის 04 თებერვლის N.... თებერვლის N..... მარტის N...., 15 მარტის N..., 8 აპრილის N..., 27 აპრილის N.... და 04 მაისის N.... წერილები, რომლებშიც სხვადასხვა ფაქტებზე დაყრდნობით მითითებულია, რომ ბ. მ-ძე გულგრილად ეკიდებოდა თავის სამსახურებრივ ვალდებულებებს, დროულად არ ასრულებდა მიცემულ დავალებებს, არ ამზადებდა შესაბამის რეაგირების დოკუმენტებს მომხმარებელთა განცხადებებზე, შეუსრულებელი ჰქონდა 6 და მეტი თვის წინ მიღებული კორესპონდენცია (რაც იწვევდა განმცხადებელთა სამართლიან პრეტენზიებს). საყურადღებოა, რომ დასახელებული წერილები მოსარჩელის მხრიდან ჩადენილ გარკვეულ დარღვევეს იმეორებდა, თუმცა მათში მრავლად იყო გადმოცემული ახალი გარემოებებიც. კერძოდ:
36.1. 2016 წლის 04 თებერვლის N... წერილი, სხვა წინა წერილებისაგან განსხვავებით, დამატებით მიუთითებს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოთი უკმაყოფილო მოქალაქეების - თ. ო-სა და ა. შ-ის განცხადებებსა და საქმეებზე (ტ.2, ს.ფ. ,,,).
36.2. 2016 წლის 17 თებერვლის N... წერილი, წინა წერილებისაგან განსხვავებით მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო და მისი მომზადებული საკითხები შეიცავს უამრავ ტექნიკურ, შინაარსობრივ და არსებითი ხასიათის შეცდომას და მომზადებული დოკუმენტები მოითხოვს თავიდან შესწავლას (ტ.2, ს.ფ. ....).
36.3. 2016 წლის 11 მარტის N... წერილი დამატებით მიუთითებს მოსარჩელის მიერ უშუალო უფროსის მითითებების შეუსრულებლობაზე (საქმიანობის ანგარიში არ წარადგინა და ა.შ.) (ტ.2, ს.ფ. ...).
36.4. 2016 წლის 15 მარტის N... წერილის თანახმად, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულებების დარღვევა გამოიხატებოდა უშუალო უფროსის თანხმობის არარსებობის პირობებში, შვებულებაში თვითნებურ წასვლაში. ამასთან, წერილში განმარტებულია, რომ ბ. მ-ის მხრიდან გრძელდება სამსახურში დაგვიანება და სამსახურის დროზე ადრე დატოვება, ხოლო, კითხვების დასმისას იჩენს უპატივცემულობას და შეურაცხმყოფელი ფორმით პასუხობს (ტ.2, ს.ფ. ....).
36.5. 2016 წლის 08 აპრილის N... წერილი, სხვა წინა წერილებისაგან განსხვავებით, დამატებით მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან შესრულებული სამუშაოთი უკმაყოფილო მოქალაქეების - დ. ხ-ას, რ. ც-ის, თ. კ-ის, მ. ჯ-ის, ი. ც-ას, ა. დ-ის, გ. ო-სა და მ. ნ-ს განცხადებებზე (ტ.2, ს.ფ. ....).
36.6. 2016 წლის 04 მაისის N... წერილი კი, დამატებით მიუთითებს კიდევ ერთი უკმაყოფილო მოქალაქის - ფ. ს-ის საქმეზე (ტ.2, ს.ფ. ...).
36.7. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებს ერთვის კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წერილებში ასახულ უკმაყოფილო მოქალაქეთა, მათ შორის, თ. ო-ის, ა.შ-ის, რ. ც-ის, თ. კ-ის, მ. ჯ-ის, ი. ც-ას, ა.დ-ის, გ. ო-ის, მ. ნ-სა და ფ. ს-ის საპრეტენზიო განაცხადებები ბ. მ-თან მიმართებით, რომლებიც შეეხებოდა განმცხადებელთა პრობლემების რეაგირების გარეშე დატოვებას, დაგვიანებულ რეაგირებას ანდა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაკვალიფიციურ შესრულებას, რაც პალატას უქმნის მყარ შინაგან რწმენას მასზედ, რომ გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ წერილებში ასახულ დარღვევებს მოსარჩელის მხრიდან, ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
36.8. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია კონკრეტულად ბ. მ-ის მიერ შესრულებული პროექტების ასლები (ტ.2, ს.ფ. ...), საიდანაც იკვეთება მისი მხრიდან მრავლობითი შეცდომების დაშვების არაერთი ფაქტი. ამასთან, საქმის მასალებიდან და კასატორის მიერვე წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ მასსა და საზოგადოებრივ დამცველს შორის არსებობდა დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა.
37. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელემ მოცემული დავის პირობებში, გარკვეულ მოქალაქეთა განცხადებების გაყალბებაზე აპელირებით, მისი მხრიდან ვალდებულებების დარღვევის თაობაზე დადგენილი ფაქტის შეცილება განახორციელა, რის დასადასტურებლადაც სანოტარო წესით დამოწმებული ჯ. ე-სა და ე. გ-ის განცხადებები წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პირთა მიზანს კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატში განცხადების დაწერისას, მხოლოდ დენის ჩართვა და ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერა წარმოადგენდა და არა კონკრეტული პირის დასჯა. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა კასატორს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით) მიუთითებს და განმარტავს, რომ დოკუმენტის სიყალბე საჭიროებს დადგენას საამისოდ რელევანტური მტკიცებულებებით. დასაქმებულის მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი აპელირება, რომ განცხადებები გაყალბებული იყო, ვერ უზრუნველყოფდა მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას. მოქალაქეთა საპრეტენზიო განაცხადების ნამდვილობის გამაქარწყლებელი წონადი მტკიცებულებები კი, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამასთან, ამ სანოტარო წესით დადასტურებული განცხადებებითაც ის გარემოება დასტურდებოდა, რომ ამ პირთა განცხადებებზე რეაგირება დაგვიანებული, ხოლო, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი ბ. მ-ძე იყო.
38. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული განსაკუთრებული საჯარო უფლებამოსილების, მაკონტროლებელი ფუნქციებისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის ერთ-ერთ ღირებულ სამსახურებრივ პრინციპს დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება, დამსაქმებლის და მისი უშუალო ხელმძღვანელის ბრძანებებისა და მითითებების, კომისიის დებულებისა და შინაგანაწესის მკაცრად დაცვა და საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემატური ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს. მომსახურების გამწევ ისეთ საპასუხისმგებლო სეგმენტში, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, ამასთან, მოსარჩელის მხრიდან შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეოების გათვალისწინებით (ხანდაზმულ დავალიანებებთან მიმართებით დროული რეაგირების განხორციელება და მოთხოვნის პირობებში, მოქალაქეთათვის ელექტროენერგიის მიწოდების დროულად აღდგენა), პალატა მიიჩნევს, რომ სამუშაოს გულისხმიერად, კეთილსინდისიერად, დროულად და მაღალი კვალიფიკაციით შესრულების ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მოსარჩელის ახსნა-განმარტებები კი, დასაქმებულის მხრიდან განხორციელებულ საპირისპირო ქმედებებზე მეტყველებს, რითაც ილახებოდა მესამე პირთა - მომხმარებელთა უფლებები; რაც თავის მხრივ, ზიანს აყენებდა დამსაქმებლის ინტერესებს.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულის არაერთჯერადი ქმედება - რაც ასახულია საზოგადოებრივი დამცველის 2016 წლის 04 თებერვლის N.... თებერვლის N.....მარტის N... მარტის N....აპრილის N...., 27 აპრილის N... და 04 მაისის N... წერილებში, მისი სიხშირის, სიმძიმისა და შედეგების გათვალისწინებით, დარღვევასა (გადაცდომასა) და გათავისუფლებას შორის, ზომიერ ბალანსს ქმნიდა, რაც სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი იყო.
40. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ კასატორი მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციაზე აპელირებს და ამ მიმართებით პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მტკიცების თვალსაზრისით, ვერ მიუთითა დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები იმ მინიმალური სტანდარტით, რაც მის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ვარაუდის საფუძველს შექმნიდა. ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო ბრძანებების საფუძვლად მითითებულ წერილებში ასახული ქმედებების შეფასება მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, არამართლზომიერი ქცევისა და ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ( „Ultima Ratio“-ს პრინციპი) შესაძლებლობას არ ქმნიდა, მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მოსარჩელე ბ. მ-ის მიმართ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები - შენიშვნა, გაფრთხილება და საყვედური, რითაც დამსაქმებელი შეეცადა ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენების გზით შეენარჩუნებინა დასაქმებული და მისთვის მიეცა შანსი, გამოესწორებინა ურთიერთობა უშუალო ხელმძღვანელთან და ეზრუნა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების გაუმჯობესებაზე, რითაც თავიდან აიცილებდა გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს, თუმცა, საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიმართ გამოყენებული მსუბუქი დისციპლინური ღონისძიებებისა, მოსარჩელის შრომითი მოტივაცია მაინც არ გაუმჯობესებულა.
41. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მისცა, ხოლო კასატორს არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).
43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ბ. მ-ეს (...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება ...., გადახდის თარიღი 25.11.2021) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ბ. მ-ეს (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება ...., გადახდის თარიღი 25.11.2021) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე