ას-115-2022
25 მაისი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ზ. ჯ-ძე, ც. ზ-ძე, მ. ფ-ძე, გ. ჯ-ძე, დ. ჯ-ძე, ლ. ჯ-ძე, ნ. ჯ-ძე, მ.ფ-ძე, ნ. ბ-ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-სო ო-ია რ-ო ე-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ-სო ო-ა რ-ო ე-მა“ (შემდგომში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჯ-ის, ც. ზ-ის, მ.ფ-ის, გ. ჯ-ის, დ. ჯ-ის, ლ.ჯ-ის, ნ. ჯ-ის, მ. ფ-ისა და ნ. ბ-ის (შემდეგში - მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელე - შპს „მ-სო ო-ა რ-ო ე-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბ-მი, … …. №.., ს/კ …. და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს (მოსარჩელეს), შპს „მ-სო ო-ია რ-ო ე-ს“.
1.1.სარჩელის საფუძვლები:
- მოსარჩელემ საჯარო აუქციონზე შეიძინა ზ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბ-მი, -- -- № -, ს/კ ---. აღნიშნული ქონება შეძენის შემდეგ იმყოფება მოპასუხეების უკანონო მფლობელობაში, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახერხებს თავისი უძრავი ქონების მფლობელობას, სარგებლობასა და განკარგვას.
2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
2.1.მოპასუხეების პოზიცია:
- მოსარჩელემ არ გაითვალისწინა ის, რომ მოპასუხეების ოჯახი არის მრავალსულიანი და ოჯახის წევრები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. ასევე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეებს სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „მ-ო ო-ია რ-ო ე-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; გამოთხოვილ იქნა ზ. ჯ-ის, ც. ზ-ის, მ.ფ-ის, გ. ჯ-ის, დ. ჯ-ის, ლ. ჯ-ის, ნ. ჯ-ს, მ. ფ-ის და ნ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ-მი, -- - №-, ს/კ --- და დადგინდა, რომ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს (მოსარჩელეს) შპს „მ-სო ო-ა რ-ო ე-ს“.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის განჩინებით, ზ. ჯ-ს, ც. ზ-ის, მ. ფ-ის, გ. ჯ-ის, დ. ჯ-ის, ლ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, მ. ფ-სა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.
5.1.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელე შპს „მ-სო ო-ია რ-ო ე-მა“ საჯარო აუქციონზე შეიძინა ზ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბ-მი, --- №-, ს/კ ---. აღნიშნული ქონება, შეძენის შემდეგ იმყოფება მოპასუხეების უკანონო მფლობელობაში, რის გამოც მესაკუთრე ვერ ახერხებდა თავისი უძრავი ქონების მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას.
5.1.2. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები და დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები - სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-172-ე, 311-312-ე მუხლები.
5.1.3. აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა საკითხის გარკვევა - მოპასუხეებს, ზ. ჯ-ეს, ც. ზ-ს, მ. ფ-ეს, გ. ჯ-ეს, დ. ჯ-ეს, ლ. ჯ-ეს, ნ. ჯ-ეს, მ. ფ-ეს, ნ. ბ-ეს გააჩნდათ თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა, თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
5.1.4. სადავო საკითხთან მიმართებაში პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტებს, სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტები არ წარმოადგენდნენ შპს „მ-სო ო-ია რ-ო ე-ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნდათ.
5.1.5. ის ფაქტი, რომ სადავო ქონება მათი ადრინდელი საკუთრება იყო და წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდნენ, სააპელაციო პალატის განმარტებით, ვერ აქცევდა აპელანტებს სსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელებად, ვინაიდან ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად დაკარგული ჰქონდათ. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძელზე, სააპელაციო პალატამ შპს „მ-ო ო-ია რ-ო ე-ის“ სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.1. კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
6.1.2. სამართლებრივი თვალსაზრისით კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ასევე, არასწორად განმარტა კანონი.
6.1.3. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა ადამინის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეხება. ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა დავის გადაწყვეტისას სამოქალაქო სამართლის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები: სამართლიანობის, კეთისინდისიერებისა და უფლებების ბოროტად გამოყენების აკრძალვის პრინციპები. ამასთან, სასამართლომ არ მისცა მხარეებს სათანადო შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ ყველანაირად უნდა შეეწყო ხელი და მიეღო კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებს საქმე მორიგებით დაესრულებინათ. კასატორი აქვე მიუთითებს, რომ მორიგების თვალსაზრისით, მხარეთათვის მისაღები იყო ქონების გამოსყიდვა.
6.1.4. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა საცხოვრებელი სახლზე საკუთების უფლების დაკარგვისას, მოწინააღმდეგე მხარის ქმედებები მათთან მიმართებაში. კერძოდ, რამდენად კეთილსინდისიერად მოიპოვა საკუთრების უფლება საკრედიტო დაწესებულებამ, იყო თუ არა გულისხმიერი მათთან ვალდებულების შესრულებისას, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორები გამოთქვამდნენ მზადყოფნას ახალი გრაფიკით, ჯეროვნად შეესრულებინათ თავიანთი ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მოლოდინი ხელშეკრულების გაფორმების მიმართ მის ჯეროვან შესრულებაში მდგომარეობდა. თუმცა, საქმის გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით, კასატორების მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარის ქმედება კეთილსინდისიერ ქმედებად არ უნდა მიჩნეულიყო, რამეთუ შპს „მ-სო ო-ია რ-ო ე-ს“ ინტერესი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულებაში უნდა გამოხატულიყო და იმ პირობებში, როდესაც ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ კასატორების მხრიდან შეთავაზება მიეწოდა, მას, როგორც საკრედიტო დაწესებულებას, გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენისა და საბანკო დავალიანების დაფარვის რამოდენიმე ვარიანტიდან, მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტის ამორჩევის ვალდებულება ეკისრებოდა.
6.1.5. კასატორის მითითებით, სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ სადავო უძრავი ქონება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ აუქციონის წესით შეიძინა, კასატორების ერთადერთი საცხოვრებელი სახლია. საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კასატორებმა დაკარგეს შემოსავალი, რის გამოც წაერთვათ საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე. ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა საარსებო შემწეობა, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ. კასატორების მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის ანაზღაურებულ იქნა 7000 აშშ დოლარი, ხოლო, სესხად აღებული ჰქონდათ 9136 დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საცხოვრებელი სახლი აუქციონზე საბაზრო ღირებულებაზე 30-ჯერ ნაკლებ ფასად - 3500 აშშ დოლარად შეიძინა, თანაც ისე, რომ არც კი გააფრთხილეს მესაკუთრეები და ამასთან, კასატორებს მოწინააღმდეგე მხარისათვის ანაზღაურებული აქვთ თანხა, მაინც მზად იყვნენ გამოესყიდათ ერთადერთი საცხოვრებელი სახლი.
6.1.6. კასატორების მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მათ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება არც ფაქტობრივად არ შეუძლიათ. ამასთან, ნ. ბ-ძე და მ. ფ-ძე არიან სოციალურად დაუცველი პირები. კასატორები მზად არიან სრულად გამოისყდონ ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რაშიც გულისხმიერი მეზობლები და ნათესავები დაეხმარებიან, რომლებმაც გარკვეული რაოდებობის თანხა უკვე შეაგროვეს, თუმცა, სასამართლომ და მოწინააღმდეგე მხარემ მორიგების მინიმალური შესაძლებლობაც კი არ არ მისცა მათ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვა.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“(მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
16. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
17. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
18. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).
19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - შპს „მ-სო ო-ია რ-ო ე-სი“ (ტ.1, ს.ფ. ---), თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხეების მფლობელობაშია.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
21. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
22. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხეები ფლობენ სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეებს ეკისრებოდათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მათი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.
24. საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ შეაფასა საცხოვრებელი სახლზე საკუთების უფლების დაკარგვისას, მოწინააღმდეგე მხარის ქმედებები მათთან მიმართებაში. კერძოდ, რამდენად კეთილსინდისიერად მოიპოვა საკუთრების უფლება საკრედიტო დაწესებულებამ, იყო თუ არა გულისხმიერი მათთან ვალდებულების შესრულებისას, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია. კასატორის ზემოაღნიშნული არგუმენტი კი, მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით, არარელევანტურია.
25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ. დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 300 ლარიდან (საგადახდო დავალება N-, გადახდის თარიღი 12.01.2022) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, სულ - 255 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ჯ-ის, ც. ზ-ის, მ.ფ-ის, გ. ჯ-ის, დ. ჯ-ის, ლ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, მ. ფ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ზ.ჯ-ეს (....), ც. ზ-ეს (...), მ. ფ-ეს (...), გ. ჯ-ეს (...), დ.ჯ-ეს (...), ლ. ჯ-ეს (...), ნ. ჯ-ეს (...), მ. ფ-სა (...) და ნ. ბ-ეს (...) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ. დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 300 ლარიდან (საგადახდო დავალება N., გადახდის თარიღი 12.01.2022) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, სულ - 255 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე