ას-857-2021
30 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „-- ი-თ ბ-ეს გ-ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „-- ი-თ ბ-ს გ-მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება 9311.02 ლარის ოდენობით.
სარჩელი შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა:
1.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ----- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე 2017 წლის 08 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ --- პ-ის შეკეთებას. ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 27 998.04 ლარი. 2017
წლის 25 მაისს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N---, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 22 985.45 ლარი, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ აანაზღაურა 20 686.90 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ თანხას გამოკლებული იქნა საგარანტიო თანხა 10%-ის ოდენობით.
1.3. 2017 წლის 08 თებერვალს ---- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ --- პ-ის შეკეთებას, ხელშეკრულების საერთოდ ღირებულებად განისაზღვრა 35 809.18 ლარი; 2017 წლის 17 მაისს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 15 443.53 ლარი, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ აანაზღაურა 13 899.17 ლარი; ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ თანხას გამოკლებული იქნა საგარანტიო თანხა 10%-ის ოდენობით.
1.4. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები. მოსარჩელის მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ იქნა შპს „ო-ლ გ-პ--ის“ მიერ შედგენილი 2017 წლის 02 აგვისტოს --- ინსპექტირების ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ N-- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 26 181.09 ლარს, ხოლო შპს „ო-ლ გ-პ--ის“ მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს --- ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, N-- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 32 100.16 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ მოპასუხისგან არაერთი წერილით მოითხოვა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი თანხის ანაზღაურება, რაზეც მიიღო უარი.
1.5. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია ჯეროვნად, დათქმულ დროში. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- და N-- ხელშეკრულებების მე-6 მუხლის 6.3. ქვეპუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველი განახორციელებს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტში (ფორმა N- და ანგარიშფაქტურაში) ნაჩვენები თანხების 10%-ის დაკავებას. დაკავებული თანხა აუნაზღაურდება მიმწოდებელს სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე შპს „--ი-თ ბ-ს გ-ს“ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული თანხიდან აუნაზღაურდა თანხა 10%-ის გამოკლებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესრულებული სამუშაოები იყო ხარვეზიანი, მოპასუხემ მოითხოვა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა ხარვეზების გამოსწორებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით, თუმცა მოსარჩელეს ასეთი დასკვნა არ წარმოუდგენია, რის გამოც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა მასთან ხელშეკრულებები და შესაბამისად, დამატებით თანხების გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნია.
1.6. მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა 2017 წლის 8 თებერვლის N-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0.02%-ის გადახდა, სულ 2065.03 ლარის ოდენობით.
1.7. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 08 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- და N-- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოსთვის გადაუხდელი თანხის 9311.02 ლარის გადახდა; დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „-- ი-თ ბ-ს გ-ს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 08 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N- და N- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული პირგასამატეხლოს 2065.03 ლარის გადახდა.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს „- ი-თ ბ-ეს გ-ს“ (მიმწოდებელი) და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას (შემსყიდველი) შორის, 2017 წლის 08 თებერვალს --- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ --- პ-ის შეკეთებას. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 27 998.04 ლარით.
2.3. 2017 წლის 01 მაისს დანართი - შეთანხმება N--ით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების საერთო თანხა განისაზღვრა 27 995.28 ლარით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების N- ხელშეკრულება; 2017 წლის 01 მაისის შეთანხმება N-; ტ.- ს.ფ. --).
2.4. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 08 თებერვალს -- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, ასევე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ --- პ-ის შეკეთებას, ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 35 809.18 ლარი.
2.5. 2017 წლის 01 მაისს დანართი - შეთანხმება N--ით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების საერთო თანხა განისაზღვრა - 35 808.84 ლარით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების N- ხელშეკრულება; 2017 წლის 01 მაისის შეთანხმება N-, ტ.-, ს.ფ. ---).
2.6. 2017 წლის 22 მაისის, N-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N-, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა - 22 985.45 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ ანაზღაურდა - 20 686.90 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ თანხას გამოკლებულ იქნა საგარანტიო თანხა 10%-ის ოდენობით (იხ. ტ.-, ს.ფ. ---).
2.7. 2017 წლის 17 მაისის, N-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა - 15 443.53 ლარი. მითითებული თანხიდან მოპასუხის მიერ ანაზღაურდა - 13 899.17 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ თანხას გამოკლებულ იქნა საგარანტიო თანხა 10%-ის ოდენობით (იხ. ტ.-, ს.ფ. ---).
2.8. 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად კი, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 15 982.34 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ ანაზღაურდა - 14 384.10 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ თანხას გამოკლებულ იქნა საგარანტიო თანხა 10%-ის ოდენობით (იხ. ტ-, ს.ფ. ---).
2.9. ჯამში შემსყიდველის (მოპასუხე) მიერ, N- ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებლისათვის (მოსარჩელე) ანაზღაურებული იქნა - 28 283.27 ლარი.
2.10. დადგენილია, რომ მოპასუხის 2018 წლის 06 თებერვლის ბრძანებით, მხარეთა შორის არსებული N- ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, ხოლო N- ხელშეკრულება - 2017 წლის 07 სექტემბრის ბრძანებით ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო (2018 წლის 06 თებერვლის ბრძანება N---2017 წლის 07 სექტემბრის ბრძანება --- ტ.-, ს.ფ. ---).
2.11. მოსარჩელე მოითხოვდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას და მიუთითებდა მის მიერ წარმოდგენილ ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშებზე, რომელთა მიხედვით N-ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა - 26 181.09 ლარს, ხოლო N- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა - 32 100.16 ლარს. მოპასუხე არ იზიარებდა აღნიშნულ დასკვნებს და მიუთითებდა, რომ ამ დასკვნებით იკვეთებოდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არადამაკმაყოფილებელი ხარისხით შესრულების ფაქტი. ხოლო, ხარვეზების გამოსწორებამდე სამუშაოების ჩათვლისა და ანაზღაურების საკითხი სწორედ შემსყიდველის ნებაზე იყო დამოკიდებული. მოპასუხემ მიუთითა, 2017 წლის 8 დეკემბრის წერილზე, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე უნდა წარმოედგინა შესრულებული სამუშაოების ფორმა N-, ფარული სამუშაოების აქტები (არსებობის შემთხვევაში). ასევე 2018 წლის 12 იანვრის წერილზე, რომლითაც მოსარჩელეს ეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოების ფორმა N-, ფარული სამუშაოს აქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (რა დარჩენილი შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას ითხოვდა მხარე). მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან, მითითებული დოკუმენტები მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, დამატებით მოთხოვნილი თანხის ჩარიცხვა მოპასუხის მიერ არ მომხდარა.
2.12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო შპს „ო-ლ გ-პ--ის“ მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს შედგენილ ინსპექტირების (ექსპერტიზის) ---- ანგარიში, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული N-- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა - 26 181.09 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც 1814.19 ლარით ნაკლებია წარდგენილ ფორმა N--ში შესრულებულად ნაჩვენებ 27 995.28 ლარზე. ამავე კომპანიის შპს „ო-ლ გ-პ -“-ის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის --- მიხედვით, N-- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა - 32 100.16 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც 3708.68 ლარით ნაკლებია წარდგენილ ფორმა N--ში შესრულებულად ნაჩვენებ 35 808.84 ლარზე. დასკვნების თანახმად, ინსპექტირება წარმოებდა წარმოდგენილი მასალების და გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით. კვლევის პერიოდში ინსპექტირების ჯგუფი ხელმძღვანელობდა დამკვეთის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით და მოქმედი სამშენებლო ნორმებით, წესებით და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტებით. წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N-) სამუშაოს ერთეულის ფასი მოცემულია ტენდერის შედეგად დაფიქსირებული ფასებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N---ის (N--) დანართი ხარჯთაღრიცხვის და 01.05.2017 წლის შეთანხმება N--ის (N-) დანართი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. დასკვნების თანახმად, კვლევისას სხვა დოკუმენტებთან ერთად გამოყენებულია დამკვეთის მიერ მიწოდებული შესრულებული სამუშაოების აქტი ფორმა N-, ფარული სამუშაოების აქტები. ამავე დასკვნების მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების ნაწილი, შესრულებულია არადამაკმაყოფილებელი ხარისხით, აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებამდე სამუშაოების ჩათვლისა და ანაზღაურების საკითხი შემსყიდველის გადასაწყვეტია. ამ სამუშაოების მოცულობები თავისი ღირებულებებით გამოტანილია ცალკე ცხრილში (იხ. -. ს.ფ. ---; ----).
2.13. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დასკვნებში მითითებულია მოსარჩელის მიერ, ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების არადამაკმაყოფილებლად შესრულების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან საპირისპირო მტკიცებულებების წარუდგენლობის პირობებში, არ არსებობდა ამ დასკვნების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. გარდა ამისა, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება და არა ხარვეზით შესრულებული სამუშაოები, რომლის არსებობას არც მოსარჩელე ხდიდა სადავოდ. კერძოდ, მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 18 სექტემბრის და 2017 წლის 29 სექტემბრის წერილებზე, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილ დასკვნებში დაფიქსირებული იყო ხარვეზები, სამუშაოები შესრულებული იყო არადამაკმაყოფილებელი ხარისხით, რისთვისაც ეთხოვა უმოკლეს ვადაში გამოესწორებინა მითითებული ხარვეზები და წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ხარვეზების გამოსწორების თაობაზე, რათა მომხდარიყო საბოლოო ანგარიშსწორება. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული არგუმენტი არ გამორიცხავდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მოთხოვნას. დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები სრული მოცულობით ვერ შესრულდა, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, იყო მცდელობები მომხდარიყო ხარვეზების გამოსწორება, თუმცა გარემო პირობების გამო, ფიზიკურად შეუძლებელი იყო. დადგენილია, რომ მოპასუხემ 2017 წლის 07 სექტემბრის ბრძანებით, შეუსრულებლობის გამო ცალმხრივად შეწყვიტა N-- ხელშეკრულება. მტკიცებულება კი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე აცნობა მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. აპელანტი მიუთითებდა, რომ დაკავებული 10%-ის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შედეგად, აღნიშნული აქტის გაფორმება არ მომხდარა, შესაბამისად, გაუგებარია როგორ დაანგარიშდა შესრულებული სამუშაოსათვის გადაუხდელი თანხა 9 311.02 ლარი, თუ მასში არ არის გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების 10%. 2017 წლის 08 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N- და N2- ხელშეკრულებების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველი ახორციელებდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტში (ფორმა N- და ანგარიშფაქტურაში) ნაჩვენები თანხების 10%-ის დაკავებას. დაკავებული თანხა აუნაზღაურდებოდა მიმწოდებელს სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. დადგენილია, რომ N-- ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით N---, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა - 22 985.45 ლარი, რომელსაც გამოაკლდა საგარანტიო თანხის 10% და მოსარჩელეს აუნაზღაურდა - 20 686.90 ლარი. N- ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა - 15 443.53 ლარი, რომელსაც ასევე გამოაკლდა საგარანტიო თანხის 10% და მოსარჩელეს აუნაზღაურდა - 13 899.17 ლარი. ასევე საგარანტიო თანხის 10 %-ის გათვალისწინებით 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად (15 982.34 ლარი), მოპასუხის მიერ ანაზღაურდა - 14 384.10 ლარი. შესაბამისად, უდავოდ დგინდება ის ფაქტი, რომ შესრულებული სამუშაოებისათვის ანაზღაურებულ თანხებს, რომლის მოსარჩელისათვის გადარიცხვაც განხორციელდა, გამოაკლდა N- და N- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 10%, განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მოთხოვნას არა მითითებული თანხის, არამედ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება წარმოადგენს. პალატამ მიუთითა, რომ რაიმე მტკიცებულება, ან არგუმენტირებული განმარტება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა მოიცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო თანხის 10%-ს მოპასუხეს არ წარმოუდგენია. დადგენილია, რომ 2017 წლის 08 თებერვლის N- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს აუნაზღაურდა - 20 686.90 ლარი, რომელსაც გამოკლებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ე.წ. საგარანტიო თანხა - 10%-ის ოდენობით, ხოლო შპს „ო-ლ გ-პ--ის“ მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს --- ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, N- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს - 26 181.09 ლარს. ასევე, დადგენილია, რომ 2017 წლის 08 თებერვლის N- ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ანაზღაურებულია ჯამში - 28 283.27 ლარი, რომელსაც გამოკლებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ე.წ. საგარანტიო თანხა - 10%-ის ოდენობით, ხოლო, შპს „ო-ლ გ-პ--ის“ მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს --- ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, N- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს - 32 100.16 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სწორად დაეკისრა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და ანაზღაურებული
თანხების სხვაობა - 9311.02 ლარის ოდენობით.
2.14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თამახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებით პირობას წარმოადგენს სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება.
2.15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს აკისრებდა განსაზღვრულ უფლებებს და მოვალეობებს. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება ჰქონდა სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს ეთქვა უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მას უნდა აენაზღაურებინა მენარდისათვის შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის 2017 წლის 08 თებერვლის N- და N- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.1. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ წარუდგენია საბოლოო ფორმა N-, რომელიც ზედამხედველის მიერ იქნებოდა დადასტურებული და რომლის შესაბამისადაც, შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ მოხდებოდა დასკვნის მომზადება, რათა გაფორმებულიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. მოსაჩელემ თავად წარადგინა ფორმა N--ები შპს „ო-ლ გ-პ--ში“, რომლებსაც არ ჰქონდათ ზედამხედველის ხელმოწერა და მისთვის უცნობია, რა ფორმა N--ების საფუძველზე განხორციელდა საბოლოო დასკვნების მომზადება.
3.2. კასატორის მოსაზრებით, სიმართლეს არ შეესაბამება სასამართლოების მითითება, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან, 2017 წლის 08 თებერვლის N- ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. კასატორისათვის გაუგებარია სასამართლოს პოზიცია დაკავებულ 10%-თან დაკავშირებით, ვინაიდან თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ხოლო დაკავებული 10%-ის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შედეგად, რომელიც არ მომხდარა, გაუგებარია, როგორ გამოთვალა სასამართლომ შესრულებული სამუშაოსათვის გადაუხდელი თანხა 9311.02 ლარით, თუ მასში არ არის გათვალისწინებული საშრულებული სამუშაოს 10%.
3.3. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს 2017 წლი 07 სეტემბერს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო N--- ბრძანებით და 2018 წლის 06 თებერვლის N--- ბრძანებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო ცალმხრივად შეუწყდა ხელშეკრულება. რაც შეეხება ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას, მოსარჩელისვე განმარტებით, ხელშეკრულების შეუწყვეტლობის შემთხვევაშიც ისინი ვერ შეძლებდნენ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ხოლო ფაქტოვრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოპასუხემ აუნაზღაურა მოსარჩელეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
7. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისთვის (შემსყიდველისათვის) შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის მოსარჩელის (მიმწოდებლის) სასარგებლოდ ანაზღაურების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება.
9. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ --- და სოფელ --- პ-ის შეკეთების სამუშაოები წარმოადგენდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 629-ე მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულებები დაიდო.
10. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშო.
11. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ № ას-1646-2019, 30.09.2020წ).
12. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018წ).
13. საკასაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა, თანახმად სსსკ-ის 105-ე მუხლისა.
14. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შპს „ო-ლ გ-პ--ის“ მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს შედგენილ ინსპექტირების (ექსპერტიზის) NIR-----ანგარიში, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული N- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა - 26 181.09 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც 1814.19 ლარით ნაკლებია წარდგენილ ფორმა N--ში შესრულებულად ნაჩვენებ -995.28 ლარზე. ამავე კომპანიის შპს „ო-ლ გ-პ -“-ის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის NIR--- მიხედვით, N- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა - 32 100.16 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც 3708.68 ლარით ნაკლებია წარდგენილ ფორმა N-ში შესრულებულად ნაჩვენებ 35808.84 ლარზე. დასკვნების თანახმად, ინსპექტირება წარმოებდა წარმოდგენილი მასალების და გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით. კვლევის პერიოდში ინსპექტირების ჯგუფი ხელმძღვანელობდა დამკვეთის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით და მოქმედი სამშენებლო ნორმებით, წესებით და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტებით. წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N-) სამუშაოს ერთეულის ფასი მოცემულია ტენდერის შედეგად დაფიქსირებული ფასებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N--ის (N-) დანართი ხარჯთაღრიცხვის და 01.05.2017 წლის შეთანხმება N--ის (N-) დანართი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. დასკვნების თანახმად, კვლევისას სხვა დოკუმენტებთან ერთად გამოყენებულია დამკვეთის მიერ მიწოდებული შესრულებული სამუშაოების აქტი ფორმა N-, ფარული სამუშაოების აქტები. ამავე დასკვნების მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების ნაწილი, შესრულებული იყო არადამაკმაყოფილებელი ხარისხით და აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებამდე სამუშაოების ჩათვლისა და ანაზღაურების საკითხი შემსყიდველის გადასაწყვეტი იყო. აღნიშნული ანგარიშით დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების არსებობისა და აღნიშნული სამუშოების ღირებულების სრულად გადაუხდელობის ფაქტი.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ შემსრულებელმა სამუშაოთა ნაწილის შესრულების ფაქტი, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დაადასტურა, რაც ვერ გააქარწყლა დამკვეთმა. შემსრულებლის მიერ გაწეულ სამუშაოთა ანაზღაურება კი დამკვეთს ეკისრება. რაც შეეხება იმას, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა ხარვეზით შესრულებული სამუშოების არსებობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათი არსებობა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მოთხოვნას ხელს ვერ შეუშლის.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის პოზიცია ფორმა N--ებისა და ფარული სამუშაოების აქტების წარუდგენლობის გამო თანხის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხიდან დაკავებული თანხების ანაზღაურება, არამედ ექსპერტიზის დასკვნით დადებითად შეფასებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობის გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
17. კასატორი იმეორებს იმავე პრეტენზიებს, რაც სააპელაციო საჩივარში ჰქონდა წარდგენილი და რაც მართებულად არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
18. გამომდინარე, იქიდან, რომ მხარეთა შორის გაფორმებული N-ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშოს ღირებულება შეადგენს - 26181.09 ლარს დღგ-ს ჩათვლით, N- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება კი შეადგენს - 32100.16 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო დამკვეთს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას ანაზღაურებული აქვს ერთ შემთხვევაში 20686.90 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 28283.27 ლარი, შესრულებული სამუშაოს ღირებულებასა და უკვე ანაზღაურებულ თანხას შორის არსებული სხვაობა, რაც შეადგენს 9311.02 ლარს, სსკ-ის 629-ე მუხლის თანახმად, შემკვეთის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება. დასკვნების თანახმად, ინსპექტირება წარმოებდა წარმოდგენილი მასალების და გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით და კვლევის პერიოდში ინსპექტირების ჯგუფი ხელმძღვანელობდა დამკვეთის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით და მოქმედი სამშენებლო ნორმებით. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია სარჩელი საფუძვლიანად და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დუშეთის დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
ლაშა ქოჩიაშვილი