3გ-ად-31-კ-02 2 დეკემბერი, 2002 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 15 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა თ. ჭ.-მ მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2001წ. 22 აგვიტსოდან მუშაობდა შპს “ქ.-ის” დირექტორად, რომელიც შექმნილი იყო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით. მოსარჩელის განმარტებით, დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა შპს “ქ.-ის” პარტნიორთა კრების 2001წ. 16 აგვისტოს ოქმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 22 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2002წ. 11 ივლისის ¹1-ქ3/482 ბრძანებით მოსარჩელე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია აღნიშნული ბრძანების ის ნაწილი, რომელიც ეხება მის თანამდებობიდან განთავისუფლებას და სარჩელით ითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2002წ. 11 ივლისის ¹1-ქ3/482 ბრძანების გაუქმება შპს “ქ.-ის” დირექტორის თ. ჭ.-ის თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე თ. ჭ.-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ აღნიშნული საქმე რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგი გარემოებების გამო:
შპს “ქ.-ი” კერძო სამართლის იურიდიული პირია. იგი შექმნილია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით და სახელმწიფოს, როგორც დამფუძნებლის, სახელით გამოდის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობების დავები წესრიგდება შრომის სამართლის და არა _ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, ამიტომ აღნიშნული დავაც ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯადია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 აგვისტოს განჩინებით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად აღნიშნული საქმე განსახილველად გადაეგზავნა საქარვთელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა განჩინებების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ თ. ჭ.-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2001წ. 16 აგვისტოს შპს “ქ.-ის” პარტნიორთა კრებამ, რომელსაც პარტნიორის სახელით ესწრებოდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე ო. დ.-ა, შპს “ქ.-ის” დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა თ. ჭ.-ი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 22 აგვისტოს დადგენილებით შპს “ქ.-ის” დირექტორის თანამდებობაზე დანიშნულად ჩაითვალა თ. ჭ.-ი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირ შპს “ქ.-სა” და ფიზიკურ პირ თ. ჭ.-ს შორის დაიდო გარიგება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, რაც დადასტურდა შპს “ქ.-ის” პარტნიორთა კრების 2001წ. 16 აგვისტოს ¹1 ოქმით.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2002წ. 11 ივლისის ¹1-3/482 ბრძანებით “სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი რიგი საწარმოების განვლილი წლების ფინანსური შედეგებიდან გამომდინარე, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე” შპს “ქ.-ის” დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა თ. ჭ.-ი.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს “ქ.-ში” არსებობს სამეთვალყურეო საბჭო. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იმის თაობაზე, თუ ვინ იყო უფლებამოსილი “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად დაენიშნა ან გაეთავისუფლებინა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი სასამართლოს განსჯადია აღნიშნული დავა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2002წ. 11 ივლისის ¹1-3/482 ბრძანება თ. ჭ.-ის შპს “ქ.-ის” დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტად, რადგანაც კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აღნიშნული ბრძანება მიჩნეულ უნდა იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის ნების გამოვლენად საწარმოს დირექტორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რომელიც თავის დროზე დამყარდა ფიზიკურ პირ თ. ჭ.-ისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირ შპს “ქ.-ს” შორის.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის აღნიშნული ბრძანების სახით, არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტად, არამედ იგი მიჩნეულ უნდა იქნეს კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის არსებული შრომით-სამართლებრივ ურთიერთობის შეწყვეტად, რომელიც არ უნდა იქნეს განხილული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ჭ.-ის სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯად, შრომით-სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ დავას წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ჭ.-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
2. თ. ჭ.-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.