Facebook Twitter

№ას-1029-2021

23 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. შაინიძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ფ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ფ-ემ (შემდგომში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. შ-ის (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან და შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული

ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის N--- ექსპერტის დასკვნით დადგენილი ზედდებისა და გადმოფარვის ფარგლებში. ასევე მოითხოვა მისი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

1.2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ არანაირი უკანონო მშენებლობა არ უწარმოებია და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლო სხდომაზე მიცემული მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, გადაფარვის ფართის ოდენობა არ შეიძლება იყოს იმ ოდენობის, რაც ექსპერტიზის დასკვნებია მოცემული.

1.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ---), განხორციელებული უკანონო მშენებლობის მოშლა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის 20.02.2019 წლის N--- (N---) საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზედდებისა და გადაფარვის ფარგლებში. მოსარჩელეს ასევე დაევალა არ მოახდინოს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე ნებისმიერი ფორმით გადაფარვა და ზედდება.

1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოსარჩელეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ --- საკუთრებაში ერიცხება 242.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 135.30 კვ.მ. ფართის ქვის ერთსართულიანი სახლი, ს/კ ---.

2.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ --- მდებარე 68 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია განთავსებულია 140.71 კვ.მ. ფართის სამსართულიანი ქვის საცხოვრებელი სახლი, ს.კ. ---, მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს.

2.3. აღნიშნული მიწის ნაკვეთები განთავსებულია ერთმანეთის მომიჯნავედ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთები რეგისტრირებულია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად და მათ შორის ზედდება არ ფიქსირდება.

2.4. მხარეთა შორის სადავო იყო მოპასუხის კუთვნილი შენობა-ნაგებობით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის გადაფარული ფართის ოდენობა. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის მიერ სახლის კედელზე დაშენებული ოთახის ქვის კედლით გადაიფარა 2.1 კვ.მ. ფართი, ხოლო სახურავით მისი საცხოვრებელი სახლის 3.16 კვ.მ. ფართი. მოპასუხე მხარე არ უარყოფდა გადაფარვას, თუმცა განმარტავდა, რომ გადაფარვა გამოიწვია არა ქვის კედელმა, არამედ კედელზე მიკრულმა თუნუქმა და გადაფული იყო მცირე ნაწილი და ის არ შეიძლება ყოფილიყო 3.16 კვ. მეტრი.

2.5. მხარეებმა თავიანთი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინეს ექსპერტიზის დასკვნები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 17 სექტემბერს გაცემული N--- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ---) სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მდებარე შენობა ნაგებობა (ს/კ ---) ახდენდა ზედდებას მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან. გადაფარვის ფართობი აღნიშნული შენობის გადახურვის მიხედვით შეადგენდა 3.16 კვ. მეტრს, ხოლო შენობის კედლების მიხედვით 2.1 კვ. მეტრს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 20 თებერვალს გაცემული N--- ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა, რომ სპეციალური გეოდეზიური ხელსაწყოს მეშვეობით განხორციელდა სახურავის კონტურის რამდენიმე წერტილის განსაზღვრა და დადგინდა, რომ --- საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში ლ. შ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავის კონტური შეჭრილი იყო საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში მ. ფ-ისა და მ. ხ-ის კუთვნილი ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებში და გადაფარვის ოდენობა შეადგენდა 2.55 მ2 ფართს. ასევე --- საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში ლ. შ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლის კედლის კონტური შეჭრილი იყო --- საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში მ. ფ-სა და მ. ხ-ის კუთვნილი ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებში და გადაფარვის ოდენობა შეადგენდა 1.63 მ2 -ს.

2.6. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ნამდვილად იყო გადაფარვა. აშკარად ჩანდა მოსარჩელის კუთვნილ სახლზე მოპასუხის სახლის სახურავის კუთხის ნაწილის გადასვლა, ასევე ვიზუალურად შეინიშნებოდა კედლის გადაფარვაც. თუმცა იმის გამო, რომ კედელზე მიკრული იყო თუნუქის ფირფიტები, დათვალიერებით არ ჩანდა, მხოლოდ თუნუქით იყო გადაფარული თუ კედელი იყო დაშენებული.

2.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ, ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. პალატამ ასევე მიუთითა ამავე კოდექსის 172-ე, 174-ე მუხლებზე და 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე (თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა) და მიიჩნია, რომ მოპასუხემ, მოსარჩელის ნებართვის გარეშე, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე განახორციელა მშენებლობა, რომლის მეშვეობით გადაიფარა მოსარჩელის რეგისტრირებული საკუთრების ნაწილი. დადგენილად იქნა მიჩნეული და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ აღნიშნულის შესახებ მოსარჩელე მხარემ შეტყობისთანავე განაცხადა პრეტენზია.

2.7. მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაფარვის ფართის ოდენობის დასადგენად გაზიარებული უნდა ყოფილიყო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გადაფარვის ფართის ოდენობა და მის შესაბამისად უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს ხელშეშლის აღკვეთა და გადაფარული ნაწილის მოშლა.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. კასატორის მითითებით, მის მიერ არ მომხდარა მოსარჩელის კუთვნილ შენობა-ნაგებობაზე კედლის დაშენება. კედელზე მიმაგრებული თუნუქის მოხსნით კი გამოჩნდა, რომ არანაირ გადაფარვას არ ჰქონია ადგილი. სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეუმოწმებია საქმის განხილვის დროს არსებობდა თუ არა დავის საგანი, ვინაიდან, მოპასუხის მიერ აღმოფხვრილ იქნა სავარაუდო ხელშეშლა.

3.2. კასატორის პრეტენზია მიმართულია მის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე. ლ. შ-ის მოსაზრებით, შეუძლებელია ექსპერტის დასკვნაში მითითებული ოდენობით გადაფარვის არსებობა, ვინაიდან, მოსარჩელისა და მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის საკადასტრო მონაცემებით არის მცირე აუთვისებელი მიწის ნაკვეთი, მინიმუმ 20-30 სმ. ვინაიდან, საჯარო რეესტრის მონაცემებით ზედდება არ ფიქსირდება და მიწის ნაკვეთებს შორის არის 20-30 სმ., გადაფარვის არსებობისთვის კედლის კონსტრუქცია უნდა შეადგენდეს 70-80 სმ-ს, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

3.3. კასატორის მოსაზრებით, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დანიშნულიყო ალტერნატიული ექსპერტიზა, რათა გარკვეულიყო, არის თუ არა მიწიდან ჰაერში სწორხაზოვნად ხაზის გავლების შემთხვევაში, მისი ქონების ზედდება, მოსარჩელის სახელზე რიცხული ქონების საჰაერო მონაცემებთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

9. მოცემულ შემთხვევაში, დავა შეეხება უკანონო მშენებლობის დემონტაჟსა და საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, რომელიც წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს და სამართლებრივი საკითხები სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარეობს. საკასაციო საჩივრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაფასებელია გარემოებები მასზედ, ახორციელებს თუ არა მოპასუხე უძრავი ქონებით ისეთ სარგებლობას, რაც იწვევს მოსარჩელის, საკუთრების უფლების ხელყოფას, სხვაგვარ ხელშეშლას ან/და ზიანს.

10. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ასეთი ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ საქმე №ას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი; №ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

12. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

13. განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 17 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებით მოსარჩელის საკუთრების გადაფარვის ფართობი შენობის გადახურვის მიხედვით შეადგენს 3.16 კვ. მეტრს, ხოლო შენობის კედლის მიხედვით 2.1 კვ. მეტრს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კი გადაფარვის ფართის ოდენობა სახურავის კონტურის ნაწილში შეადგენდა 2.55 კვ. მეტრს, ხოლო კედლის კონტურის ნაწილში 1.63 კვ. მეტრს. ასევე ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ნამდვილად იყო გადაფარვა. აშკარად ჩანდა მოსარჩელის კუთვნილ სახლზე მოპასუხის სახლის სახურავის კუთხის ნაწილი, ასევე ვიზუალურად შეინიშნებოდა კედლის გადაფარვაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარემ წარადგინა სათანადო მტკიცებულება ექსპერტის დასკვნის სახით, რითაც თავადაც დაადასტურა მოსარჩელის კუთვნილ ქონებაზე გადაფარვის არსებობა. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (ექსპერტის დასკვნა) და სწორედ მასში მითითებული გადაფარვის ფარგლებში დაადგინა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, კასატორის აპელირება მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის არასწორ ხასიათსა და ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობაზე, დაუსაბუთებელია.

14. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე თუნუქის მოხსნით გასწორდა შესაძლო გადაფარვა და დავის საგანი აღარ არსებობს, საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს აღნიშნულ მოქმედებას საქმეზე წარმოების შეწყვეტის წინაპირობად, ვინაიდან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 თებერვლის დასკვნის თანახმად, გადაფარვა გამოწვეულია როგორც მოპასუხის საცხოვრებელი სახლის სახურავის კონტურის, ასევე საცხოვრებელი სახლის კედლის კონტურის შეჭრით, მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის რეგისტირებულ საზღვრებში. ამასთან, გაურკვეველია მოპასუხის მიერ თუნუქის მოხსნით სრულად აღმოიფხვრა თუ არა ამ ნაწილში ხარვეზი, ან გადაფარვის ოდენობის შემცირების შემთხვევაშიც, თუ ნაწილობრივ აღმოიფხვრა, რა ფართის ოდენობით შემცირდა გადაფარვა. აღნიშნულის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება (მაგ. ექსპერტის დასკვნა) კასატორს არ წარმოუდგენია, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით აღნიშნული გარემოების უტყუარად დადასტურება შეუძლებელია.

15. დადგენილია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის უძრავი ქონება მომიჯნავე, მეზობელ ნაკვეთებზე მდებარეობს. შესაბამისად, მართებულია სასამართლოს მიერ სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენებაც. სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას ადგენს სსკ-ის 174-ე მუხლი, რომლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა ვალდებული არიან, პატივი სცენ ერთმანეთს. აღნიშნული ნორმა არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან გამომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში (სსკ-ის 175-ე მუხლი) და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ეთანხმება მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობას (სუსგ Nას-1046-1007-2016, 03.02.2017წ.).

16. შესაძლებელია, მშენებლობის დროს მიწის ნაკვეთებს შორის არსებული საზღვრის დარღვევას ჰქონდეს ადგილი. სსკ-ის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებელობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს. საკვანძო საკითხი ამ დროს არის ის, თუ როგორ მოხდა საზღვრის გადაცდენა: განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. თუ საზღვრის გადასვლა მოხდა განზრახ, მესაკუთრეს შეუძლია დაეყრდნოს 172.2 მუხლს და მოითხოვოს დემონტაჟი. თუ საზღვრის გადაცდენა მოხდა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა მეორე მხარის ეკონომიკური ინტერესი, კანონმდებლობა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს მისი მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინაწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დარღვევა, თუკი ასეთს აქვს ადგილი ადვილად შესამჩნევი ხდება მეზობელი მესაკუთრისთვის. სწორედ ამიტომ კანონმდებლობა იმ მესაკუთრისაგან, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდეს ადგილი მსგავს ზემოქმედებას, მოითხოვს საზღვრის დარღვევის შესახებ მეორე მხარის დაუყოვნებლივ ინფორმირებას შეტყობისთანავე - იმ მომენტში, როგორც კი აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა. თუკი მესაკუთრემ არა განახორციელა ეს მოქმედება, შემდგომ იგი კარგავს მისი მიწის ნაკვეთზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნის უფლებას (იხ., თამარ ზარანდია „სანივთო სამართალი“ , თბილისი, 2019 წელი, გვ. 275).

17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისი უფლების დარღვევის შეტყობისთანავე განაცხადა პრეტენზია ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, რაც საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, (სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში) რის გამოც მოსარჩელეს არ აქვს ვალდებულება ითმინოს მოპასუხის მხრიდან არსებული ხელშეშლა. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხის მხრიდან არსებული ხელშეშლის აღკვეთა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები, კერძოდ: მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და მან, მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, შესაძლოა ვერ ისარგებლოს ამ უძრავი ნივთით, შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია სარჩელი საფუძვლიანად და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

18. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

19. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. შ-ის მიერ 2021 წლის 25 ოქტომბერს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ლ. შ-ეს (---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N---, გადახდის თარიღი 25.10.2021) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე