Facebook Twitter

საქმე №ას-661-2022 14 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. კ-ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ფ-ნი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

არასრულწლოვანი ბავშვი - ა. ფ-ნი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ს. ფ-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ განქორწინებისა და ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრი ჩაბმულ იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე და დაევალა არასრულწლოვანი ბავშვის ა. ფ-ის ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლის დანიშვნა.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასმართლოს 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით თ. კ-ნს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს მომართა განცხადებით და აღნიშნა, რომ კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი, როგორც მოსარჩელე - სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ვინაიდან მოცემულ საქმეში დავის საგანია ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. ამასთან, კასატორი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს, არ არსებობდა მითითებული ნორმის თანახმად მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია და კასატორს გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით, რომ წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით თ. კ-ნს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს ე. ა-ეს (იხ. მინდობილობა, ტ. -, ს.ფ. --) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. ახალციხე, --- ქ. N-. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი 2022 წლის 28 ივნისს ჩაბარდა პირადად ადრესატს (ტ. -, ს.ფ. ---).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 29 ივნისს და ამოიწურა 2022 წლის 5 ივლისს.

ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 7 ივლისს, კასატორის წარმომადგენელმა ე. ა-ემ სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოდგენილ დოკუმენტზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ გზავნილი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2022 წლის 6 ივლისს (იხ. ტ. - ს.ფ. --), ანუ კასატორისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს თ. კ-ნს (პ/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ე. ა-ის (პ/ნ ---) მიერ 2022 წლის 6 ივლისს N-საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური