29 ივნისი, 2022 წელი,
საქმე №ას-585-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ს. პ-ლი, რ. ტ-ლი, ჯ. ი-ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა იძულებითი განაცდურის, კერძოდ: ს. პ-ვის (შემდეგში - პირველი მოპასუხე) 27 536 ლარის, რ. ტ-ვის 13 650 ლარისა (შემდეგში - მეორე მოპასუხე) და ჯ. ი-ვის (შემდეგში - მესამე მოპასუხე) 10 500 ლარის ანაზღაურება.
ხსენებული გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის მიხედვით, ზემოაღნიშნული თანხა ხელზე ასაღებ თანხას წარმოადგენდა. ამავე პუნქტით სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მოპასუხის ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 2 650 ლარს, მეორე მოპასუხის - 1 300 ლარის, ხოლო მესამე მოპასუხის - 1 000 ლარს.
ზემოაღნიშნული თანხების ოდენობას მოპასუხე (კასატორი) საქმის სასამართლოში წარმოებისას არ შედავებია.
დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
2. 2017 წლის 3 იანვარს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ამავე სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების 4.1 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება ითხოვა, კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, გადაწყვეტილების 4.1 პუნქტში ხელფასის ოდენობა მითითებული იყო, როგორც ხელზე ასაღები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას უარი ეთქვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, ამდენად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის განჩინება უცვლელად დარჩა.
3. 2016 წლის 26 დეკემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა 22 028.80 ლარი, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული განაცდური ხელფასის ასანაზღაურებლად, ხოლო, 5 507.20 ლარი ჩარიცხა საშემოსავლო გადასახადის სახით.
2016 წლის 26 დეკემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა 10 920 ლარი, მეორე მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული განაცდური ხელფასის ასანაზღაურებლად, ხოლო, 2 730 ლარი ჩარიცხა საშემოსავლო გადასახადის სახით.
2016 წლის 26 დეკემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა 8 400 ლარი, მესამე მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული განაცდურის ასანაზღაურებლად, ხოლო, 2 100 ლარი ჩარიცხა საშემოსავლო გადასახადის სახით.
4. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წლის 11 სექტემბერს იძულების წესით ჩამოაჭრა 10 337.20 ლარი და მოპასუხეებს გადაურიცხა.
5. მოპასუხეთათვის 10 337.20 ლარის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა.
6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. სამუშაოდან განთავისუფლების შემდეგ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებმა თანამდებობრივი სარგო და საშემოსავლო გადასახადი (ჯამურად 51 686 ლარი) ერთად მიიღეს. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც მითითებული თანხა მოპასუხის ანგარიშიდან სრულად მოხსნა. სწორედ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედების შედეგად კასატორისათვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობრივი სარგოები საშემოსავლო გადასახადის გამოკლების გარეშე გადაირიცხა მოპასუხეთა ანგარიშებზე. აღნიშნული ფაქტის შეტყობისთანავე კასატორმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს უსწორობის გასწორების მოთხოვნით მიმართა, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა.
9.2. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მოპასუხეთა მიმართ დარიცხულ თანხებში საშემოსავლო გადასახადის შეყვანაზე, რაც ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში უსწორობის არსებობით იყო გამოწვეული და მიუთითა, რომ იგი გადაწყვეტილებასთან ერთად უნდა გაესაჩივრებინა, თუმცა აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისათვის სააღსრულებო მოქმედებების შესრულების შედეგად გახდა ცნობილი.
9.3. სსკ-ის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. მართალია, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ ნორმაზე მიუთითა, მაგრამ მისი შინაარსი არ განმარტა. ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით კასატორის მოთხოვნა წარმატებულია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
13. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ისაა, თუ რამდენად კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის 10 337.20 ლარის, როგორც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე.
15. სარჩელის ზემომითითებული მოთხოვნა სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) გამომდინარეობს.
საკასაციო პალატის დასკვნით, უსაფუძვლო გამდიდრების მომწერსიგებელი დასახელებული ნორმის უმთავრესი არსი ისაა, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა ან შემდეგში მოიშალა.
16. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს დამაჯერებლად უნდა დაემტკიცებინა მის მიერ მოთხოვნილი თანხის მოპასუხეთა მიერ უსაფუძვლოდ მიღების ფაქტი.
18. პალატის განსჯით, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა წინააღმდეგ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, მოსარჩელის მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს.
განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებები:
1) ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა იძულებითი განაცდურის, კერძოდ: პირველი მოპასუხისათვის 27 536 ლარის, მეორე მოპასუხისათვის 13 650 ლარისა და მესამე მოპასუხისათვის 10 500 ლარის ანაზღაურება.
ხსენებული გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის მიხედვით, ზემოაღნიშნული თანხა ხელზე ასაღებ თანხას წარმოადგენდა. ამავე პუნქტით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მოპასუხის ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 2 650 ლარს, მეორე მოპასუხის - 1 300 ლარის, ხოლო მესამე მოპასუხის - 1 000 ლარს.
ზემოაღნიშნული თანხების ოდენობას მოპასუხე საქმის სასამართლოში წარმოებისას არ შედავებია.
დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
2) 2017 წლის 3 იანვარს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ამავე სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების 4.1 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება ითხოვა, კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, გადაწყვეტილების 4.1 პუნქტში ხელფასის ოდენობა მითითებული იყო, როგორც ხელზე ასაღები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას უარი ეთქვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, ამდენად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის განჩინება უცვლელად დარჩა.
3) 2016 წლის 26 დეკემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა 22 028.80 ლარი, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული განაცდური ხელფასის ასანაზღაურებლად, ხოლო, 5 507.20 ლარი ჩარიცხა საშემოსავლო გადასახადის სახით.
2016 წლის 26 დეკემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა 10 920 ლარი, მეორე მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული განაცდური ხელფასის ასანაზღაურებლად, ხოლო, 2 730 ლარი ჩარიცხა საშემოსავლო გადასახადის სახით.
2016 წლის 26 დეკემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა 8 400 ლარი, მესამე მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული განაცდურის ასანაზღაურებლად, ხოლო, 2 100 ლარი ჩარიცხა საშემოსავლო გადასახადის სახით.
4) აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წლის 11 სექტემბერს იძულების წესით ჩამოაჭრა 10 337.20 ლარი და მოპასუხეებს გადაურიცხა.
ზემომითითებული გარემოებები კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
19. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი იმის მაუწყებელია, რომ სადავო თანხა მოპასუხეებმა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად მიიღეს. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის (მათ შორის, სადავო თანხის) ოდენობას მოპასუხე (კასატორი) სასამართლოში საქმის წარმოებისას არ შედავებია, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც თავისი უფლების დასაცავად მან ხსენებული გადაწყვეტილების ზემდგომი ორი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლება გამოიყენა.
გარდა ამისა, კასატორმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების 4.1 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების მოთხოვნითაც მიმართა, რაც, ასევე, არ დაკმაყოფილდა და სათანადო შედეგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელი. უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს ორივე განჩინებაში განმარტებულია, რომ განმცხადებლის (მოპასუხის) მიერ მითითებული უსწორობის გასწორება გადაწყვეტილების შინაარსობრივ ცვლილებას გამოიწვევდა, რაც დაუშვებელი იყო (სსსკ-ის 260-ე მუხლი).
20. სსსკ-ის 266-ე მუხლის (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები) დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას და მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ აქვთ უფლება, სადავო გახადონ აღნიშნული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტები.
ამრიგად, სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია.
ხსენებულ პირნციპს მრავალი მიზანი გააჩნია. მისი საჯაროსამართლებრივი ინტერესი გამოიხატება, მაგალითად: სამართლებრივ განსაზღვრულობაში, სამართლებრივ უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და მართლმსაჯულობისადმი სანდოობაში.
გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ნამდვილობა გამორიცხავს მომავალში მისი გაქარწყლების შესაძლებლობას, სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020). სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგი შეუქცევადია. ასეთი გადაწყვეტილების განსაკუთრებულობა ორმხრივად სავალდებულო აკრძალვაა და იგი როგორც საქმეში მონაწილე პირებს, ასევე სასამართლოს ეხება (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020წ.).
21. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარუმატებლობას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების არსებობა განსაზღვრავს.
აშკარაა, რომ მოსარჩელე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებშია მოქცეული და არ შეუძლია სადავო გახადოს ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი ძირითადი ფაქტი - მოპასუხეთა ხელზე ასაღები ხელფასის რაოდენობა.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე