თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სს „………….. ბანკი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ფ-ნი
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
I აღწერილობითი ნაწილი:1. ვ. ფ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სს „…………. ბანკის“ მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ვ. ფ-თან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ“ სს „………. ბანკის“ 2020 წლის 17 ივნისის №… ბრძანება; სს „……….. ბანკს“ ვ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 12000 ლარის გადახდა; ვ. ფ-ნს უარი ეთქვა შრომითი ურთიერთობის აღდგენის და განაცდურის დაკისრების შესახებ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ვ. ფ-ნი 2016 წლის 1 თებერვლიდან დასაქმებული იყო სს „……. ბანკში“, სერვისცენტრის მენეჯერად;
3.2. სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით, მენეჯერის მართვის ფუნქციებს წარმოადგენდა: დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი და გაყიდვების გაზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მონიტორინგი; დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლი და დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება;
3.3. ბანკის მიერ დამტკიცებული „ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის პროცედურის“ თანახმად, კლიენტმა სესხის მისაღებად ოპერატორთან უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომლის საფუძველზეც ოპერატორი ახდენს კლიენტის იდენტიფიკაციას და ამოწმებს ანაბრის არსებობას. სესხის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირი ახდენს კლიენტის იდენტიფიკაციას წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ამოწმებს კლიენტის ანაბრის სტატუსს, ვადას, თანხასა და კალკულატორის შევსების სისწორეს;
3.4. 2019 წლის 18 ნოემბერს სს „…….. ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მიერ მენეჯერებისადმი გაგზავნილ წერილში მითითებულია იდენტიფიკაციის მნიშვნელობაზე მომხმარებლების მომსახურების პროცესში. შეტყობინების მიხედვით, თითოეულმა თანამშრომელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ დაუშვებელია მომხმარებლის მომსახურება იდენტიფიკაციის გარეშე (იდენტიფიკაციის წესები გულისხმობს ადგილზე ვიზუალურ იდენტიფიკაციას); დაუშვებელია დისტანციურად მომსახურება ტრანზაქციის თუ პროდუქტის გაყიდვა/გაცემასთან დაკავშირებულ პროცესებში; განსაკუთრებულად გამონაკლისი შემთხვევების შესახებ კი მიღებულ უნდა იქნეს თანხმობა დირექტორის ან მოადგილის მხრიდან. ამავე შეტყობინების თანახმად, პროცედურის დარღვევისათვის მიღებულ იქნებოდა უმკაცრესი ზომები;
3.5. ვ. ფ-დმი 2020 წლის 28 იანვარს გაგზავნილია ელექტრონული წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს ფილიალში მომხმარებლებზე განხორციელდა სხვადასხვა ტრანზაქცია (ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის გაფორმება; ანაბრის გაფორმება), რომელთა დროსაც კლიენტები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. წერილით მოთხოვნილია განმარტება, რატომ განხორციელდა ეს ოპერაციები კლიენტების დაუსწრებლად;
3.6. ზემოაღნიშნული მიმართვის პასუხად, ვ. ფ-მა წერილობით აღიარა, რომ ნოემბრის იმ კვირის გეგმის შესრულებისათვის ფილიალის თანამშრომელს აკლდებოდა 2 სესხი, რასაც ემოციურად ძალიან განიცდიდა. ის დასთანხმდა თანამშრომლის თხოვნას, დაედო მისი ნაცნობის ანაბარზე საკუთარი თანხა და იქიდან სესხი გაეცა. თანამშრომელი ვ. ფ-ის თანდასწრებით ესაუბრა მომხმარებელს ტელეფონით (ვინაიდან კლიენტი ამ დროს ფილიალში ვერ გამოცხადდებოდა) და შეუთანხმა აღნიშნული ქმედებები, რაზეც მომხმარებელმა თანხმობა განაცხადა. მეორე სესხზე კი თავად დაუკავშირდა კლიენტს და სთხოვა მის არსებულ ანაბარზე მცირე თანხით სესხის გაცემა, რაზეც თანხმობა მიიღო;
3.7. სს „……… ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 17 ივნისის ბრძანებით ვ. ფ-თან შეწყდა შრომის ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; შრომითი ურთიერთობის ბოლო დღედ განისაზღვრა 2020 წლის 23 ივნისი;
3.8. ბანკის მიერ მოსარჩელისათვის 2020 წლის 1 ივლისს გაგზავნილ წერილობით დასაბუთებაში მითითებულია, რომ ვ. ფ-ა დაარღვია თანამშრომელთა კორპორაციული სახელმძღვანელოს 2.1.9 პუნქტი (დასაქმებულმა არ უნდა განახორციელოს არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური ქმედება), 2.1.14 პუნქტი (დასაქმებულმა ბრალეული ქმედებით არ უნდა მიაყენოს დამსაქმებელს ქონებრივი ზიანი ან შექმნას ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები); ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები (მოახდინა მომხმარებლის გარეშე ოპერაციების შესრულება - ანაბრის დარღვევა); პოზიციის შესაბამისად განსაზღვრული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული მოთხოვნები (დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი, გაყიდვების გაზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მონიტორინგი; დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლი და დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება);
3.9. სს „…. ბანკის“ 2020 წლის 27 მაისის წერილის თანახმად, ფილიალის მოლარე-ოპერატორს გამოეცხადა საყვედური, ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევისთვის (პირველი რიგის ნათესავის (დედის) კონფიდენციალური ინფორმაციის - ვაბანკის საშუალებით, პროფაილზე/ანგარიშებზე წვდომა);
3.10. სს „…….. ბანკის“ 2020 წლის 2 ივლისის წერილის თანახმად, ფილიალის მოლარე-ოპერატორს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევისთვის (მომხმარებლის გარეშე ოპერაციების შესრულება, ანაბრის დარღვევა 2019 წლის ნოემბერში).
4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად არ შეასრულა სამსახურებრივი უფლებამოსილებები, კერძოდ, არ მოახდინა რეაგირება ფილიალის თანამშრომლის მიერ საბანკო პროცედურის დარღვევით ტრანზაქციის გაფორმებაზე; უფრო მეტიც, დასთანხმდა ფილიალის თანამშრომელს, რომ ფილიალში კლიენტის უშუალო იდენტიფიკაციის გარეშე გაეფორმებინა ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება. სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესზე“, რომელიც ითვალისწინებს დისტანციური წესით საკრედიტო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას, როდესაც სესხის გაცემის ყველა პროცედურა დისტანციურად მიმდინარეობს, თუმცა სადავო ტრანზაქციები დისტანციური წესით დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები არ ყოფილა, რის გამოც მათი გაფორმების დროს ბანკის თანამშრომელს ევალებოდა ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების დაცვა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისთვის საკმარისი არ არის დარღვევის არსებობა, არამედ შეფასებულ უნდა იქნეს მისი სიმძიმე.
5. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ფილიალში სხვა დროს მსგავს დარღვევებს ადგილი არ ჰქონია; მოსარჩელის მიმართ 2020 წლის ივნისის თვემდე დისციპლინური პასუხისმგებლობის წინაპირობები არ წარმოშობილა; მოსარჩელემ დადგენილი წესის დარღვევით ტრანზაქციები განახორციელა საბონუსე გეგმის შესრულების მიზნის მისაღწევად, რადგან მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით, მისი შეუსრულებლობა ხელშეკრულების უხეშ დარღვევად ითვლება; ბანკის ქცევის კოდექსი ნაკლებად მძიმე დისციპლინურ ზომებსაც ითვალისწინებდა (საყვედური, სასტიკი საყვედური, ჯარიმა). აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება არ იყო ჩადენილი დარღვევის თანაზომიერი დისციპლინური სანქცია, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანება ბათილად ცნო. ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, პოზიციის არავაკანტურობის გამო, შეუძლებელი იყო და მოპასუხეს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 12000 ლარის ოდენობით.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ სს „… ბანკმა“ გაასაჩივრა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით სს „.. ბანკის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, გარდა მოსარჩელის მხრიდან გეგმის შესრულების მიზნით მოქმედებასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებებისა; სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაუშვებელია, დარღვევა გამართლდეს სხვა დარღვევის თავიდან აცილების მიზნის არსებობით.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს განხილული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ფ-ნს უხეში დარღვევა არ ჩაუდენია, ვინაიდან მართალია, მოსარჩელის ქმედება წარმოადგენდა მნიშვნელოვან საფრთხეს მომხმარებელთა უფლებების შელახვისათვის, თუმცა ეს საფრთხე კონკრეტულ შემთხვევაში რეალიზებული არ ყოფილა; მოსარჩელემ აღიარა დარღვევა; მის მიმართ დისციპლინური სახდელი სადავო შემთხვევამდე არ გამოყენებულა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება სს „… ბანკმა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
12. კასატორის მოსაზრებით, ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას, ვინაიდან მოსარჩელემ, დარღვევის აღმოფხვრის ნაცვლად, ხელი შეუწყო და წაახალისა მისი თანამშრომელი; ადგილი ჰქონდა განზრახ ქმედებას; დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ ნდობა დაკარგა; წარმოიშვა ბანკისთვის ზიანის მიყენების მნიშვნელოვანი საფრთხე. აქედან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლდა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნა მხარეთა დასწრებით და სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
II სამოტივაციო ნაწილი:14. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „… ბანკის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, თანაზომიერი დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხის შეფასების კუთხით.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა წარმოადგენს.
17. ამრიგად, მითითებული საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენს. სახდელის გამოყენებისას კი, აუცილებელია, რომ დეტალურად იქნეს შესწავლილი და შეფასებული გადაცდომის ბუნება, ბრალის ხარისხი, ჩადენილი ქმედების სიმძიმე და შედეგები, დასაქმებულის პიროვნება. ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს პასუხისმგებლობის ისეთი ზომა, რომელიც იქნება ჩადენილი გადაცდომის შესაბამისი და პროპორციული; ასევე, დაიცავს ბალანსს მხარეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს შორის. სამსახურიდან გათავისუფლების, როგორც პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომისა და უკიდურესი ღონისძიების, გამოყენება კი უნდა იყოს განსაკუთრებით არგუმენტირებული, აუცილებლობით გამოწვეული და დასაბუთებული, რატომ არ არსებობდა უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენების შესაძლებლობა.
18. განსახილველ შემთხვევაში, ვ. ფ-ნი სწორედ უხეში დარღვევის ჩადენის გამო იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული. შესაბამისად, მისი გათავისუფლების კანონიერების საკითხის გამოკვლევისას, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ერთობლიობაში შეაფასოს საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის, დასაქმებულის პოზიცია, ფუნქციები, ჩადენილი დარღვევის შემადგენლობა და შედეგები.
19. პირველ ყოვლისა, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის თანამდებობასა და ფუნქციებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ვ. ფ-ნი 2016 წლის 1 თებერვლიდან დასაქმებული იყო სს „… ბანკში“, სერვისცენტრის მენეჯერად. გარდა იმისა, რომ მას ევალებოდა საბანკო მომსახურების გაწევისას კანონმდებლობისა და ბანკის მიერ შემუშავებული წესების დაცვა, მის მოვალეობებში, ასევე, შედიოდა დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლი და დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება. ამრიგად, მოსარჩელე წარმოადგენდა დამსაქმებლის ნდობით აღჭურვილ პირს და სერვისცენტრის გამართულად და მართლზომიერად ფუნქციონირების ერთგვარ გარანტს. მენეჯერისადმი დაქვემდებარებული პერსონალისგან განსხვავებით, რომლებიც უპირატესად თავიანთი მომსახურების ხარისხზე არიან პასუხისმგებელნი, მენეჯერს, როგორც პერსონალის საქმიანობაზე კონტროლისა და რეაგირების უფლებებით აღჭურვილ პირს, ეკისრება მომეტებული პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიერ წესების დაცვაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და დატვირთვას იძენდა თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობების სრულად და კანონიერად შესრულების პროცესში.
20. განსახილველ შემთხვევაში კი, დადგენილია (რასაც თავად მოსარჩელეც აღიარებს), რომ ფილიალში განხორციელდა სხვადასხვა ტრანზაქცია (ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის გაფორმება; ანაბრის გაფორმება), რომელთა დროსაც კლიენტები ადგილზე არ იმყოფებოდნენ და არც დისტანციურ მომსახურებას ჰქონია ადგილი (კლიენტებს მოლარე-ოპერატორები ტელეფონით დაუკავშირდნენ). მითითებული ქმედება წარმოადგენდა ბანკის მიერ დამტკიცებული „ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის პროცედურის“ დარღვევას, რომლის მიხედვითაც, ოპერატორმა უნდა მოახდინოს კლიენტის იდენტიფიცირება, მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
21. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელისთვის წინასწარ იყო ცნობილი სადავო ტრანზაქციების თაობაზე - მოლარე-ოპერატორებმა მას შეუთანხმეს ორი კლიენტისთვის მსგავსი სახით მომსახურების გაწევა. ამრიგად, მოსარჩელეს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, არ დაეშვა დარღვევის ჩადენა; მიეცა პერსონალისთვის მართებული რჩევა/მითითება; ეჩვენებინა სწორი მიმართულება; აეხსნა საბანკო მომსახურების გაწევისას წესების დაცვის მნიშვნელობა და დარღვევის სავარაუდო შედეგები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მან არა მხოლოდ არ განახორციელა მომსახურებაზე კონტროლი და წესების შეუსრულებლობაზე რეაგირება, არამედ თავად შეუწყო ხელი თანამშრომელთა მიერ დარღვევის ჩადენას, რაც ვერ გამართლდება სხვა დარღვევის (საბონუსე გეგმის შეუსრულებლობის) თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად, მოსარჩელემ ჩაიდინა დარღვევა, რომლის დროსაც მოქმედებდა ბრალეულად (განზრახ).
22. დამატებით საგულისხმოა, რომ პირის იდენტიფიცირება საბანკო მომსახურების გაწევისას მიზნად ისახავს კლიენტის ნების გამოვლენის ნამდვილობის გადამოწმებას, მისი ინტერესების გათვალისწინებას და კლიენტის სახელით სხვა პირის მოქმედების (შედეგად კი - კლიენტისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ან ასეთი საფრთხის შექმნის) გამორიცხვას. ამდენად, სადავო ტრანზაქციების განხორციელებით წარმოიშვა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის და ბანკის რეპუტაციის შელახვის რეალური საფრთხე, რომელიც მოსარჩელისთვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის დაკისრებული ფუნქციების და ამ ფუნქციების ჯეროვნად შესრულების მნიშვნელობის, დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის, დამსაქმებლისა და კლიენტებისთვის ზიანის მიყენების საფრთხის წარმოშობის, დასაქმებულის ბრალეულად (განზრახ) მოქმედების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა უხეში დარღვევა, რაც დამსაქმებლის მხრიდან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობას ქმნიდა.
24. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
25. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან; ხოლო 55-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად და მასვე უარი უნდა ეთქვას გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურებაზე; გარდა ამისა, მოსარჩელეს სს „…. ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება; ამასთან, ბანკს უნდა დაუბრუნდეს საჩივრებზე ზედმეტად გადახდილი თანხები.
III სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 394-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „… ბანკის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ვ. ფ-ნს (პ/ნ ---) სს „…. ბანკის“ (ს/ნ---) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 1080 ლარის ანაზღაურება;
5. სს „…. ბანკს“ (ს/ნ ---) დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე 22.12.2020 წლის №--- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 505 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №--, სახაზინო კოდი ---;
6. სს „--- ბანკს“ (ს/ნ ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.07.2021 წლის №--- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 648,50 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 48,50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი --;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე