Facebook Twitter

საქმე №ას-832-2022 13 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. გ-ას, ნ. გ-სა და ძ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე - ი. ც-ის სარჩელის გამო, ნ. გ-ას, ნ.გ-სა და ძ. ჯ-ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნ. გ-ას, ნ.გ-სა და ძ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ვადის დარღვევის გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. კანონით დადგენილი ვადის დარღვევა კი, იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის. ამასთან, იმავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს მომხსენებელი მოსამართლე საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში ამოწმებს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელს - ც. მ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2022 წლის 27 მაისს ჩაბარდა პირადად (ს.ფ. …). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 28 მაისს და ამოიწურა 2022 წლის 17 ივნისს.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრითა და მასზე დართული კონვერტით კი დგინდება, რომ საჩივარი საფოსტო-საკურიერო მომსახურების მწარმოებელ კომპანიას ჩაბარდა 2022 წლის 20 ივნისს, გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით. ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად, ასევე, მითითებულია 2022 წლის 20 ივნისი, რაც უტყუარად ადასტურებს ვადის დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ას, ნ.გ-სა და ძ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე