თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - სს „კ…ა-კ…ა ბ-ს ჯ-ია“
მოწინააღმდეგე მხარე (განმცხადებელი; მოპასუხე) - შპს „ო-ი ნ-ი“
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:სს „კ…ა-კ..ა ბ-ს ჯ-მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ო-ი ნ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის, ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით - 955970 ლარისა და ანგარიშსწორების წესის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს - 2658,99 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „კ…ა-კ..ა ბ-ს ჯ-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „კ…ა-კ..ა ბ-ს ჯ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ო.. ნ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი შემოსავლის სახით 955970 ლარის და პირგასამტეხლოს - 2658,99 ლარის ანაზღაურება.
ზიანის ანაზღაურების წინაპირობად სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის 2017 წლის 1 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (გამყიდველი - სს „კ..ა-კ..ა ბ-ს ჯ-ა“; მყიდველი - შპს „ო-ი ნ-ი“) მყიდველის მიერ ვადაზე ადრე არამართლზომიერად შეწყვეტა მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება შპს „ო-ა ნ-ა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით შპს „ო-ი ნ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2022 წლის 17 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „ო-ა ნ-მა“, რომელმაც სააპელაციო პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა შპს „კ..ა-კ..ა დ-ია“, რომლის უფლებებსაც პირდაპირ შეეხება სადავო გადაწყვეტილება, კერძოდ, 2017 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელემ შპს „კ..ა-კ..ა დ-ს“ დაუთმო შპს „ო-ი ნ-ის“ მიმართ 2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით მოთხოვნის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „ო..ი ნ..ის“ განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და დადგინდა საქმის ხელახლა განხილვა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან შპს „კ..ა-კ..ა დ-ია“ წარმოადგენდა სამმხრივი ხელშეკრულების მონაწილე კომპანიას, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს სავალდებულო თანამონაწილეობას, რაც კვლევისა და შეფასების საგანს წარმოადგენს და ხსენებული კომპანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირად უნდა იქნეს მიჩნეული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება სს „კ..ა-კ..ა ბ-ს ჯ-მ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, შპს „ო..ი ნ..ის“ განცხადება არ აკმაყოფილებდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფორმალურ და მატერიალურ წინაპირობებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „კ..ა-კ..ა ბ-ს ჯ-ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობასა და აღსრულებასაც უზრუნველყოფს. თუმცა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამავე დროს, „ახდენს არასწორად მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობის გარანტირებას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობისა და შეუქცევადობის პრეზუმფცია იმთავითვე პირობადებულია ახლად აღმოჩენილი გარემოებებით საქმის განახლების შესაძლებლობით. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობა დაცულია მანამ, სანამ კანონით განსაზღვრული წესით არ დადგინდება მისი მცდარობა. სათანადო პროცედურის პირობებში, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მცდარობის დადგენის შემთხვევაში მისი გაუქმება, არათუ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ ამ უფლების პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-40).
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომლის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მითითებული ქვეპუნქტი „ეხება არასათანადო მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელისა თუ არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ დავის შემთხვევაში, სათანადო მოსარჩელეს/მოპასუხეს, როდესაც ვერ მოხდა მათი გამოვლენა და არ/ვერ მოხდა მათი პროცესში ჩართვა, ასევე, მესამე პირებს, რომელთა ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება და რომლებიც ასევე არ იყვნენ მოწვეული საქმის განხილვაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თ. ჯ-ი, ნ. ჯ-ი, ი. ჯ-ი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გ. წ-ძე და ვ. ლ-ია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-10). ამრიგად, თუ საქმის განხილვაში ჩაბმული არ ყოფილა პირი, რომლის უფლებრივ მდგომარეობაზეც სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს და შეეხება მის კანონიერ ინტერესებს, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ო.. ნ-ს“ სს „კ..ა-კ..ა ბ.ს ჯ-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის 2017 წლის 1 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (გამყიდველი - სს „კ..ა-კ..ა ბ-ს ჯ-ა“; მყიდველი - შპს „ო-ი ნ-ი“) მყიდველის მიერ ვადაზე ადრე არამართლზომიერად შეწყვეტა მიიჩნია. ამასთან, დადგენილია, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელემ შპს „კ..ა-კ..ა დ-ს“ დაუთმო შპს „ო-ი ნ-ს“ მიმართ 2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით მოთხოვნის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შესაძლებელია, შპს „კ..ა-კ..ა დ-ია“ სადავო სამართალურთიერთობის მხარეს წარმოადგენდეს, რომლის უფლებებსა და ინტერესებზეც სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას მოახდენს. შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების აუცილებლობა წარმოიშვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და განაახლა საქმის წარმოება. ამრიგად, არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „კ..ა-კ..ა ბ-ს ჯ-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: რ. ნადარაია
გ. მიქაუტაძე