Facebook Twitter
საქმე №ას-223-2022 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ. შ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „მ-ა დ-ტი“

თავდაპირველი მოპასუხეები - სს „ი-ა უ-ი ქ-ა“, შპს „... C-l“

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

თ.შ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „მ-ა დ-ის“, სს „ი-ა უ-ი ქ-ა“ და შპს „—C-l-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად ზიანის - 33929,6 ლარის და პირგასამტეხლოს (2016 წლის პირველი მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 37504 აშშ დოლარის 0,5%-ის ოდენობით) გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი შპს „.. C-l-ის“ და სს „ი-ია უ-ი ქ-ს“ მიმართ დაკმაყოფილდა; შპს „—C-l-ს“ და სს „ი-ა უ-ვ ქ-ს“ თ. შ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 33929,6 ლარის და პირგასამტეხლოს - 2016 წლის პირველი მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 37504 აშშ დოლარის 0,5%-ის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ თ. შ-ემ, რომელმაც სადავო თანხის შპს „მ-ა დ-ვის“ სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა. მაშასადამე, შპს „.. C-l-ის“ და სს „ი-ა უ-ი ქ-ს“ მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- სს „ი-ა უ- ქ-სა“ (მენარდე) და ზ. მ-ს (დამკვეთი, რომლისგანაც ქონება შემდგომში მოსარჩელემ შეიძინა) შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მენარდეს დამკვეთისთვის საკუთრებაში უნდა გადაეცა მშენებარე კორპუსში მდებარე ორი კომერციული ფართი, „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო;

- ვინაიდან სს „ი-ა უ-ვ ქ-ა“ ვეღარ ასრულებდა მშენებლობას, 2013 წლის 12 ივლისს შპს „- C-l-თან“ დადო „უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ სარეაბილიტაციო გეგმაზე. 2014 წლის 24 იანვარს კი მათ შორის დაიდო „უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება;

- 2014 წლის 31 იანვარს მოპასუხედ დასახელებულ კომპანიებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელშიც დაკონკრეტებულია, რომ სს „ი-ა უ-ი ქ-ის“ კრედიტორების მიმართ შპს „მ-ა დ-ტი“ ანგარიშვალდებულ პირს არ წარმოადგენდა;

- 2014 წლის 10 ივლისს შპს „—C-l-სა“ და შპს „მ-ა დ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „მ-ა დ-ს“ მიერ გადახდილი თანხა მშენებლობის დასრულებას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, თუკი შპს „..C-l“ ვეღარ შეძლებდა მშენებლობის გაგრძელებას, მაშინ შპს „მ-ა დ-ტს“ უნდა გაეგრძელებინა მშენებლობა - უზრუნველეყო უძრავი ნივთების „შავი კარკასის“, ხოლო შპს „ა-ა“ და დ. ჩ-ს ფართების - „თეთრი კარკასის“, მდგომარეობამდე მიყვანა; ამასთან, მითითებული ხელშეკრულების საგანს არ წარმოადგენდა სადავო კომერციული ფართი;

- 2015 წლის 12 აგვისტოს ზემოთ მითითებულ ორ კომპანიას შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც შპს „მ-ა დ-ტს“ გადაეცა კონკრეტულ მშენებარე საცხოვრებელ სახლებზე (მათ შორის კორპუსზე, სადაც მდებარეობდა სადავო ფართი) სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებები. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „მ-ა დ-ტს“ უნდა უზრუნველეყო კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება;

- ორი კომერციული ფართიდან ერთი მოსარჩელეს არ გადაეცა „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში;

- დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის - დ. რ-ის 2020 წლის 14 იანვრის დასკვნის თანახმად, უძრავი ნივთის „თეთრ კარკასულ“ მდგომარეობამდე მიყვანისათვის საჭირო ხარჯი შეადგენს 33929,6 ლარს.

- კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებულია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით შპს „მ-ა დ-ტს“ სადავო ფართის „თეთრი კარკასის“ მდგომარეობამდე მიყვანის ვალდებულება არ უკისრია, ამდენად, მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვალის გადაკისრებისას თავდაპირველი მოვალისა და მესამე პირის სოლიდარული პასუხისმგებლობა გამოირიცხება და მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. სადავო შემთხვევაში კი, მართალია, მოსარჩელე, აპელირებდა შპს „მ-ა დ-ის“ ვალის გადაკისრების შესახებ, თუმცა ამავდროულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც შესრულებაზე პასუხისმგებელ პირად შპს „.. C-l“ განისაზღვრა, რაც, ასევე, გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება თ. შ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები არასრულად შეისწავლეს და არასათანადოდ შეაფასეს, ვინაიდან შპს „მ-ა დ-მა“ იკისრა სადავო ფართის „თეთრ კარკასამდე“ მიყვანის ვალდებულება.

კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ კომერციული ფართი „შავი კარკასის“ მდგომარეობაშიც კი არ გადასცემია, რასაც წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნაც ადასტურებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ თ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 639-ე მუხლი განსაზღვრავს მენარდის ვალდებულებას, წარუდგინოს შემკვეთს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. 641-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. თავის მხრივ, ნივთობრივად უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულების დარღვევა წარმოშობს იმავე კოდექსის 642-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა კომერციული ფართი „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში, თუმცა ეს ვალდებულება შესრულებული არ არის. ამიტომ, მოსარჩელე ითხოვს ნივთის „თეთრ კარკასამდე“ მიყვანისთვის საჭირო ხარჯის ანაზღაურებას და მისი სამი კომპანიისთვის სოლიდარულად დაკისრებას.

ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრისას, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ წინამდებარე საქმეზე მიღებული, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით უკვე დადგენილი და გადაწყვეტილია, რომ პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ შპს „.. C-l“ და სს „ი-ა უ-ი ქ-ა“. ამრიგად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ ხსენებული კომპანიებისგან ნივთის „თეთრი კარკასის“ მდგომარეობამდე მიყვანის ვალდებულება შპს „მ-ა დ-ს“ გადაეცა. კასატორის დასახელებული პრეტენზია ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10, 106-ე, 266-ე მუხლებიდან გამომდინარე, სავალდებულოა და მის გადასინჯვას/სამართლებრივ შეფასებას უზენაესი სასამართლო ვეღარ მოახდენს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მხოლოდ სოლიდარული ვალდებულების არსებობის დადასტურებაზე არის დამოკიდებული - უნდა დადგინდეს, რომ დასახელებული ორი კომპანიის პარალელურად, შპს „მ-ა დ-ც“ იყო პასუხისმგებელი ნივთის „თეთრი კარკასის“ მდგომარეობამდე მიყვანაზე.

საკასაციო პალატა, სოლიდარული მოვალეების არსებობის საკითხის შეფასებისას, მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. იმავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ამრიგად, სოლიდარული მოვალეები კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების მთლიან დაკმაყოფილებაზე არიან პასუხისმგებელნი. ამასთან, ხელშეკრულებით სოლიდარული ვალდებულების წარმოშობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებაში ცალსახად და არაორაზროვნად იყოს მითითებული, რომ თითოეულ მოვალეს ეკისრება ვალდებულების სრულად შესრულება, რაც წარმოშობს კრედიტორის უფლებას, თავად გადაწყვიტოს რომელი მოვალისგან მოითხოვს ვალდებულების შესრულებას.

განსახილველ შემთხვევაში, შპს „მ-ა დ-ი“ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე დანარჩენ ორ მოპასუხესთან 2014-2015 წლებში დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გახდა. დასახელებულ ხელშეკრულებებში კი პირდაპირ არის მითითებული შპს „მ-ა დ-ის“ ვალდებულებათა ფარგლები: 2014 წლის იანვრის მემორანდუმში დაკონკრეტებულია, რომ შპს „მ-ა დ-ტი“ არ წარმოადგენს კრედიტორების წინაშე ანგარიშვალდებულ პირს; 2014 წლის ივლისის ხელშეკრულებაში საუბარია მშენებლობის „შავი კარკასის“ მდგომარეობამდე მიყვანაზე, უფრო მეტიც, ეს შეთანხმება სადავო ფართს არც კი მოიცავს; 2015 წლის აგვისტოს ხელშეკრულებით შპს „მ-ა დ-ს“ უნდა უზრუნველეყო კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება - ეს ვალდებულება კი შესრულებულია. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ შპს „მ-ა დ-ს“ სადავო ნივთის „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულება არ უკისრია, რის გამოც მას ვერ დაეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ მას ნივთი „შავი კარკასის“ მდგომარეობაშიც კი არ გადასცემია, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს დავის საგანსა და გარემოებებს, რომლებიც მის მოთხოვნას ამართლებს; მოსარჩელე კი სადავოდ ხდიდა არა „შავი კარკასის“ მდგომარეობაში ნივთის ჩაუბარებლობას, არამედ „თეთრ კარკასამდე“ ნივთის მიყვანის ვალდებულების შეუსრულებლობას; გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომ ნივთი „შავი კარკასის“ მდგომარეობაში არ არის (კასატორის მიერ დასახელებული დასკვნა ამ გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან ის მომზადებულია კონკრეტული საკითხის შესაფასებლად - ნივთის „თეთრ კარკასამდე“ მიყვანისთვის საჭირო თანხის გასაანგარიშებლად და არა ნივთის „კარკასის“ არსებული მდგომარეობის დასადგენად).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. თ. შ-ეს (პ/ნ ---) დაუბრუნდეს ე. ს-ის (პ/ნ ---) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (საგადასახადო დავალება №-, გადახდის თარიღი 17.03.2022 წ.) 1950,10 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი --;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე