საქმე №ას-448-2020 20 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს მ-ო ო-ია ,,რ-ო ე-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ხ-ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 18 ნოემბერს, ზ. ხ-სა (შემდგომ - მოსარჩელე, მსესხებელი, მოვალე, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს მ-ო ო-ია ,,რ-ო ე-ს“ (შედგომ - მოპასუხე, გამსესხებელი, კრედიტორი, აპელანტი, კასატორი) შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების №--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს 4000 აშშ დოლარი 35 თვით ასესხა. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით. დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, …გამზირზე, მე… შესახვევის №.-ში, ბინა №….
2. მხარეებს შორის, 2017 წლის 17 ნოემბერს, გაფორმდა იპოთეკური სესხის №…. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა გამსესხებლისგან 4620 აშშ დოლარი 83 თვით ისესხა. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, დარჩენილი სესხის თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამ ხელშეკრულებით, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანება - 4620 აშშ დოლარი დაიფარა.
3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, 2018 წლის 27 ნოემბერს, ნოტარიუსმა ა. ჯ-ემ სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლის თანახმად, მოვალის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 4611.77 აშშ დოლარით, პროცენტი - 581.11 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო - 3063.14 აშშ დოლარით, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 134.36 ლარით.
სარჩელის საფუძვლები:
.
4. მსესხებელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა 2018 წლის 27 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა იმდაგვარად, რომ სესხის ძირითადი თანხა განისაზღვროს 3896.59 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო კი - 376.53 აშშ დოლარით.
5. მოსარჩელე სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებულ პირგასამტეხლოს ოდენობას, ასევე, უკვე გადახდილ თანხას და მიაჩნია, რომ ჩამოჭრილი პირგასამტეხლო 814.51 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 99.33 აშშ დოლარამდე და 715.18 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის გადახდად.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ამასთან, მსესხებელმა პირგასამტეხლო - 814 აშშ დოლარი ნებაყოფლობით გადაიხადა, შესაბამისად, მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა ნოტარიუს ა. ჯ-ის მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და სესხის ძირითადი თანხის სახით მოვალის ვალდებულება კრედიტორის წინაშე 3896.59 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო პირგასამტეხლო - 376.53 აშშ დოლარით.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათ გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე და 418-ე მუხლებზე და ამავე კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებაზე და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0.41% სწორად შეამცირა 0.05%-მდე, რის შედეგადაც პირგასამტეხლოს სახით მოვალის ვალდებულება კრედიტორის წინაშე 376.53 აშშ დოლარით კანონიერად განისაზღვრა.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აპელანტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს - 814.51 აშშ დოლარის შემცირება დაუშვებელია, ვინაიდან ნებაყოფლობით გადახდილია და ამ საკითხთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი სწრაფი გადახდის ქვითრების თანახმად, სესხი ჩარიცხულია ,,პროცენტის გადახდის გადავადების“ დანიშნულებით. აღნიშნული ქვითრები არ შეიცავს პირგასამტეხლოს სახით თანხის გადახდის შესახებ გადამხდელის ნების თაობაზე რაიმე სახის ინფორმაციას, რისი გათვალისწინებითაც, ამ თანხის პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვლა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
12. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ იკვეთებოდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოვალის მიერ 814.51 აშშ დოლარის გადახდის დანიშნულების დადგენისას სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ გადახდის ქვითარში მითითებული ჩანაწერით - ,,პროცენტის გადახდა გადავადება“ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გაითვალისწინა, რომლებიც ამ ტრანზაქციის შესრულებასთან არის დაკავშირებული, კერძოდ, გადახდის ამონაწერი და გადახდილი თანხის რაოდენობა.
15. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოვალის მიერ ტრანზაქციის სწრაფი გადახდის აპარატით შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ სწრაფი გადახდის აპარატებში ჩართული გადახდის არხების არჩევა მხოლოდ მოვალის ავტონომიაა და გადახდის მიმღებს არ შეუძლია ხელშეშლა არხის არჩევაში. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მოვალემ 2018 წლის 29 იანვარს 1000 აშშ დოლარი გადაიხადა, რომლიდანაც თანხა, როგორც პირგასამტეხლოზე, ასევე პროცენტსა და სესხის ნაშთზე განაწილდა.
16. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოვალემ გადასახდელად სავალდებულო პროცენტზე თითქმის 10-ჯერ მეტი თანხა გადაიხადა. გასათვალისწინებელია, რომ მოვალე შემდეგ თვეებში ყოველთვიურ გადახდებს აგრძელებდა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოვალემ მისი ვალდებულებების, პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ იცოდა და გადახდილი თანხით პირგასამტეხლოს დაფარვაც სურდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანით პირგასამტეხლოსა და სესხის ძირითადი თანხის შემცირების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლები.
22. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ მოვალემ პირგასამტეხლო - 814.51 აშშ დოლარი ნებაყოფლობით გადაიხადა, რისი გათვალისწინებითაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირებაზე სამართლებრვი საფუძველს მოკლებულია.
23. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, არასწორად შეამცირეს მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლო, ვინაიდან მოვალის მიერ პირგასამტეხლო ნებაყოფლობით გადახდილია და მიუთითებს, რომ მართალია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა სასამართლოს გააჩნია იქამდე, სანამ მხარე აღნიშნულ თანხას კრედიტორს აუნაზღაურებს და პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, როცა პირგასამტეხლო უკვე ნაბაყოფლობით გადახდილია (აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მას შეუსაბამოდ მაღლად არ მიაჩნია. იხ. საქმე №ას-1527-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება; №ას-736-2021, 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება), თუმცა, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო ნებაყოფლობით არ გადაუხდია.
24. პალატის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ 2018 წლის 29 იანვარს 2770 ლარი გადაიხადა დანიშნულებით - ,,პროცენტის გადახდა გადავადებით“, საიდანაც 814.51 აშშ დოლარი კრედიტორმა მოვალეს დაუქვითა როგორც პირგასამტეხლო, თუმცა არ დგინდება, ამ თანხიდან კრედიტორისათვის პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე მოვალის ნება. ამასთან, საქმის მასალებით არც ის დგინდება, რომ მოვალისათვის ცნობილი იყო პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე და თანხის შეტანის დროს, მისი სურვილი სწორედ პირგასამტეხლოს გადახდა იყო. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს დაკისრებული პირგასამტეხლო ნებაყოფლობით არ დაუფარავს, არამედ მისი გადახდა ამ უკანასკნელისათვის გადახდილი თანხის პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვლით განხორციელდა.
25. საკასაციო პალატის განმარტებით, დავაში, სადაც კრედიტორი მოვალის მიერ პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადახდაზე მიუთითებს, მკაფიოდ უნდა იკვთებოდეს ამ უკანასკნელის ნება პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადახდასთან დაკავშირებით, რათა ისედაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, მოვალის მატერიალურ სამართლებრივი უფლებები არ დაირღვეს. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით მოვალის ნება პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებით არ არის გამოკვეთილი, არ არსებობს კასატორის პრეტენზიების გაზიარების საფუძველიც.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: საქმე №ას-1527-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება; №ას-736-2021, 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება №ას-435-2019, 2019 წლის 31 მაისის განჩინება).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს მ-ო ო-ია ,,რ-ო ე-ს“ საკასაციო საჩივრი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს მ-ო ო-ია ,,რ-ო ე-ს“ (ს/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს მ. ბ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება №…. / გადახდის თარიღი 10.07.2020), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე