განსჯადობა
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-32-გ-02 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა,
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 9 აგვისტოს შპს «გ. ს. პ.» ბავშვთა განყოფილების თანამშრომლებმა: დ. ვ-მა, მ. ნ-მა და სხვებმა (სულ 16 ფიზიკური პირი) სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ყოფილი შპს «გ. ს. პ.» მოზრდილთა განყოფილების, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე ამყარებდნენ:
1999წ. დეკემბერში «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, სახაზინო საწარმო «ქ. გ. ს. პ.» რეორგანიზაცია განხორციელდა და მის ბაზაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჩამოყალიბდა. შესაბამისად განხორციელდა მისი რეგისტრაცია. ამ დროიდანვე დაიწყო შპს-ის პრივატიზაციის პროცესი და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 10 დეკემბრის ¹1-3/903 ბრძანების საფუძველზე გადაწყდა, რომ საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით კოლექტივის წევრებს გადასცემოდა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერვე მოხდა შპს-ის მთელი ქონების შეფასება 14745 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად და დადგინდა, რომ შრომთი კოლექტივისათვის საწარმოს მიყიდვა, სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და პირობებით უნდა განხორციელებულიყო. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სტომატოლოგიური პოლიკლინიკა წლების განმავლობაში ორი ტერიტორიულად განცალკევებული განყოფილების _ მოზრდილთა და ბავშვთა განყოფილებების სახით ფუნქციონირებდა.
პრივატიზაციის პროცესში, პოლიკლინიკის ბავშვთა განყოფილების თანამშრომლებმა (მოსარჩელეებმა) 2000წ. 31 მარტის საერთო კრებით გადაწყვიტეს ჩამოყალიბებულიყვნენ დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად და ამ მიზნით ამავეწ. იანვარში თავიანთი უძრავ-მოძრავი ქონების საფასური (საპრივატიზაციო თანხა) _ 8410 ლარი შესაბამის ანგარიშზე შეიტანეს, რითაც პოლიკლინიკის წილობრივი მფლობელები და მესაკუთრეები გახდნენ. მოსასარჩელეები მათ მიერ პრივატიზებულ ქონებაზე (ბავშვთა განყოფილების შენობასა და მთელ უძრავ-მოძრავ ქონებაზე) საკუთრების უფლების დადგენასა და შესაბამისი მოწმობის გაცემას მოითხოვდნენ. ამასთან, აღნიშნავდნენ, რომ ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს, რაიონის გამგეობასა და სხვა დაინტერესებულ ორგანოებს ბავშვთა განყოფილების დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბების თაობაზე თანხმობა ჰქონდათ გამოთქმული.
მოსარჩელეები დამატებით შპს «გ. ს. პ.» ლიკვიდირებულად ცნობას, მისი რეგისტრაციის გაუქმებასა და მათ მიერ გამოსყიდულ განცალკევებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას მოითხოვდნენ.
გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, შპს «გ. ს. პ.» შრომით კოლექტივს მთლიანი საპრივატიზაციო თანხა დაფარული ჰქონდა, მაგრამ მათთან სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და არც შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელებულა საჯარო რეესტრში. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, რადგან თვით მთლიანი შრომითი კოლექტივი არ შეიძლება ჩათვლილიყო შპს-ის ქონების მესაკუთრედ, მით უფრო, მოსარჩელეების მოთხოვნა _ საკუთრების უფლების დადგენისა და მათზე საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე ვერ იქნებოდა დაკმაყოფილებული.
შპს «გ. ს. პ.» ბავშვთა განყოფილებამ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოში სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამზადებელ სხდომაზე ბავშვთა განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელში მითითებული მოთხოვნები მოხსნა და მხოლოდ მათ მიერ გამოსყიდულ წილზე მესაკუთრედ ცნობა და საკუთრების მოწმობის გაცემა მოითხოვა. ამავე სხდომაზე სასამართლომ ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ საქმე ადმინისტრაციული პალატის განსჯადი იყო და იგი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადასცა განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა შპს-ის ორ სტრუქტურულ ერთეულს _ ორ განყოფილებას შორის წარმოებდა. ბავშვთა პოლიკლინიკა ითხოვდა დამოუკიდებელ ერთეულად გამოყოფას, რაც თავის მხრივ, რეორგანიზაციის სახით უნდა მომხდარიყო, აღნიშნული კი კერძო სამართლებრივ დავას წარმოადგენდა და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. სააპელაციო სასამართლომ საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
«სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პრივატიზების ერთ-ერთ სახეს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით შესყიდვა წარმოადგენს. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პრივატიზებისას საკუთრების უფლება მყიდველზე გადადის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ. ამავე კანონით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ქონების გაყიდვის ფორმა და წესი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების თანახმად უნდა დარეგულირდეს.
საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ პრივატიზაციის ნუსხაში შესული შპს-ის ქონება მოიცავდა როგორც უძრავ, ისე მოძრავ ნივთებს და მათზე საკუთრების უფლების შეძენაც, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 186-ე მუხლებით დადგენილი წესით უნდა მომხდარიყო. კერძოდ, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთები და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან შრომით კოლექტივს საკუთრების მოწმობა არ მიუღია და არც შესაბამისი რეგისტრაცია მომხდარა საჯარო რეესტრში, იგი საქართველოს ადმინისტრაციული სასპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგების კანონით დადგენილი წესით დადებას მოითხოვეს. ამრიგად, დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული გარიგების დასრულებას ეხება, იგი თავისი შინაარსით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადი საქმეა და განსახილველად ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა გადაეცეს.
საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ, მართალია, სასამართლოში შემოსულია კასატორების განცხადება (შუამდგომლობა) საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ განსჯადობის საკითხის განხილვის ეტაპზე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს აღნიშნული შუამდგომლობა. მისი განხილვა საქმის განსჯად სასამართლოში უნდა მოხდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 26-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «გ. ს. პ.» ბავშვთა განყოფილების შრომითი კოლექტივის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას გადაეგზავნოს განსჯადობის წესით განსახილველად.
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა არ საჩივრდება.