ას-1293-2021
10 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ღ-ა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „ს-ს ს-ო ს-ის ფ-ია“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ. ღ-ამ (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა(ა)იპ „ს-ს ს-ო ს-ის ფ-ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე), სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. …).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით ლ. ღ-ას მიმართ, 2018 წლის 02 იანვრის N…. შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, ლ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 4800 ევროს ექვივალენტი ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 1230.04 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით და სახელფასო დავალიანების 4800 ევროს 0.07%-ის, ყოველდღიურად 3.36 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა 2019 წლის 18 ივლისიდან დავალიანების გადახდამდე. ა(ა)იპ „ს-ს ს-ო ს-ის ფ-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 აპრილის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, დაკმაყოფილდა. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სამი თვის დაბეგრილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების - 1200 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ს-ს ს-ო ს-ის ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტლება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ღ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა(ა)იპ „ს-ს ს-ო ს-ის ფ-ის“ შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველი.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
3.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ს-ს ს-ო ს-ის ფ-ია“ რეგისტრირებულია 2009 წლის 30 სექტემბერს საიდენტიფიკაციო კოდით --- 2017 წლის 04 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მაისამდე, ა(ა)იპ ,,ს-ს ს-ო ს-ის ფ-ის“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად რეგისტრირებული იყო ფედერაციის პრეზიდენტი - შ. ა-ვა. ორგანიზაციის იურიდიული მისამართი იყო: ქ. თბილისი, --- რაიონი, --- ქუჩა, - კვარტალი, მე-- კორპუსი, ბინა N-. 2019 წლის 14 იანვრის ცვლილებით, ორგანიზაციის იურიდიული მისამართი შეიცვალა და გახდა ქ.თბილისი, -- ქუჩა N- (ს.ფ. …, …).
3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 21 დეკემბერს შედგა ა(ა)იპ „ს-ს ს-ო ს-ს ფ-ის“ გამგეობის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკითხი ლ. ღ-ას ფედერაციის აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ. სხდომის ოქმის მიხედვით, ვინაიდან, გამგეობის გადაწყვეტილებით არ იყო შექმნილი აღნიშნული თანამდებობა და განსაზღვრული არ იყო ფუნქციები და მოვალეობები, გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული (ს.ფ. …). ა(ა)იპ „ს-ს ს-ო ს-ის ფ-ის“ 2017 წლის 03 თებერვლის N…ოქმით დადგენილია, რომ გამგეობის სხდომის ერთ-ერთი დღის წესრიგი იყო გამგეობის წევრის - შ. ა-ას მიერ წარდგენილი ფედერაციის აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურის - ლ. ღ-ას საკითხის განხილვა. გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით ლ. ღ-ია 3 თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე (ს.ფ. …).
3.1.3. 2017 წლის 01 მარტს, ა(ა)იპ „ს-ს ს-ო ს-ის ფ-სა“ და ლ. ღ-ს შორის გაფორმდა N… შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ.ღ-ია დაინიშნა ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2017 წლის 31 დეკემბრამდე, შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1250 ლარით (დარიცხული). ხელშეკრულება ფედერაციის მხრიდან ხელმოწერილია პრეზიდენტის მინდობილი პირის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის – დ. მ-ის მიერ. ხელშეკრულებაზე ფედერაციის მისამართი მითითებულია: „ქ.თბილისი,… გამზ. .“ (ს.ფ. …).
3.1.4. 2018 წლის 02 იანვარს გაფორმებული N…შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ლ. ღ-ა ა(ა)იპ „ს-ს ს-ო ს-ს ფ-აში“ მიღებული იქნა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე 2018 წლის 31 დეკემბრამდე ვადით, შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1250 ლარით (დარიცხული), ხელშეკრულება ფედერაციის მხრიდან ხელმოწერილია პრეზიდენტის მინდობილი პირის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის – დ. მ-ის მიერ. ხელშეკრულებაზე ფედერაციის მისამართი მითითებულია: „ქ.თბილისი, … გამზ. .“ (ს.ფ. …).
3.1.5. მოსარჩელე ლ. ღ-ია შრომის ანაზღაურების დავალიანების გადახდას ითხოვს 2018 წლის 02 იანვრით დათარიღებული შრომითი ხელშეკრულების (N…საფუძველზე, რომლის მიხედვით, ლ. ღ-ია დაინიშნა ამავე ფედერაციაში პროექტის ,,კ-ი ს-ს ს-ო ს-ს გ-ის" (… --- 2018 K-g f-r G-n A-e S-t D-t, F-A S-t g-t) მენეჯერის პოზიციაზე 12 თვის ვადით. ხელშეკრულებაში შრომის ანაზღაურება მითითებულია ყოველთვიურად 400 ევროს ექვივალენტი ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულება ხელმოწერილია შ. ა-ას მიერ. ხელშეკრულებაზე ფედერაციის მისამართი მითითებულია: „ქ.თბილისი, … … ქ.N-“, მაშინ, როდესაც აღნიშნული მისამართი 2019 წლის 14 იანვრის ცვლილებამდე არ ჰქონია ორგანიზაციას და იურიდიული მისამართი იყო ქ.თბილისი, …. რაიონი, … ქუჩა, . კვარტალი, მე-. კორპუსი, ბინა N., როგორც ეს წესდებასა და მითითებული პერიოდის სხვა შრომით ხელშეკრულებებზე არის აღნიშნული, მათ შორის მხარეთა შორის 2018 წლის 02 იანვარს გაფორმეული N…ხელშეკრულებაზეა ასახული.
3.1.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. პალატამ ასევე მიუთითა ა(ა)იპ „ს-ს ს-ო ს-ის ფ-ის“ წესდების მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, წესდებით განსაზღვრული ხელმძღვანელი ორგანოების გარდა, საჭიროების შემთხვევაში მმართველობის და კონტროლის ორგანოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით. აღნიშნული დანაწესების გათვალისწინებით პალატამ განმარტა, რომ პროექტის მენეჯერის თანამდებობის შექმნის და შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო ორგანიზაციის გამგეობას და შ.ა-ა არ იყო უფლებამოსილი დაენიშნა პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე ლ. ღ-ია. პალატამ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 02 იანვრით დათარიღებული სადავო შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც არ აქვს ნომერი და დამოწმებული არ არის ბეჭდით, შედგენილია არა 2018 წლის 02 იანვარს, არამედ მოგვიანებით - 2019 წლის 14 იანვრის შემდეგ ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტის - შ. ა-ას მიერ. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს სადავო ხელშეკრულებაზე ორგანიზაციის მისამართად 2019 წლის 14 იანვრის ცვლილების შემდგომი მისამართის მითითება, რაც ბუნებრივია 2018 წლის 02 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ვერ იქნებოდა აღნიშნული (განსხვავებულია ერთი და იმავე თარიღის ხელშეკრულებებზე ლ. ღ-ას მისამართებიც). ასევე, დადგენილია, რომ ყველა შრომითი ხელშეკრულება ხელმოწერილია ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტის - დ. მ-ის მიერ (მოპასუხის მითითებით შ.ა ა-ა არ ფლობდა ქართულ ენას და მინდობილობა ჰქონდა გაცემული ვიცე პრეზიდენტზე), ხოლო სადავო ხელშეკრულება ხელმოწერილია თავად შ. ა-ას მიერ. გარდა აღნიშნულისა, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ლ. ღ-იას არასდროს განუცხადებია პრეტენზია პროექტის მენეჯერის პოზიციაზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დავალიანებასთან დაკავშირებით, თუკი ასეთი არსებობდა. საერთაშორისო ფედერაციასთან ურთიერთობებს და საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის კოორდინაციას, მოსარჩელესთან გაფორმებული 02.01.2018წ. N… ხელშეკრულებაც ითვალისწინებდა, რომლისთვისაც იღებდა ანაზღაურებას, სადავო ხელშეკრულებაში კი კონკრეტულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის საგანია აღწერილი. როდესაც მოსარჩელესთან შეწყდა აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულება, მას შემდეგ მოითხოვა მან სარჩელით პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე არსებული შრომის ანაზღაურების დავალიანების გადახდა სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამგვარი ხელშეკრულების არსებობის შესახებ მოწინააღმდეგე მხარისათვის უცნობი იყო. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათავალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შრომითი ხელშეკრულება იყო ბათილი.
3.1.7. სააპელაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის (ფედერაციის გამგეობის თანხმობის აუცილებლობის შესახებ) ფაქტის მიმართ მოსარჩელე კეთილსინდისიერია, რადგან, იგი ამავე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე, აღნიშნული თანამდებობის შექმნის და შრომის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო გამგეობამ, რომლის სხდომებს ესწრებოდა მოსარჩელე და მისთვის კარგად იყო ცნობილი ორგანიზაციის ფორმირების და მართვის წესი.
3.1.8. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, სააპელაციო პალატის მითითებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის შეტანით სურდა გამოეცალა სამართლებრივი საფუძველი თანდაპირველი სარჩელისათვის, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც მან წერილობითი შესაგებლით სადავო გახადა ხელშეკრულების ნამდვილობა, უფლების დაცვა სრულად შესაძლებელი იყო შესაგებლის ფარგლებში, რამდენადაც მხარის შედავება ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით შესაგებლის ფარგლებში შემოწმებას ექვემდებარება. შესაბამისად, შეგებებული სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ღ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მისთვის ცნობილი არ იყო, წარმომადგენლობის ნაკლის შესახებ, კერძოდ ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას ესაჭიროებოდა გამგეობის ნებართვა. სასამართლომ, შინაგანი რწმენის საფუძველზე არასწორად მიიჩნია, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო წარმომადგენლობის ნაკლის შესახებ.
4.2. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 54-ე მუხლი და 59-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო ნებართვის აუცილებლობის შესახებ. კასატორს არ შეეძლო ევარაუდა, რომ კომპანიის პრეზიდენტს არ ჰქონდა სათანადო უფლებამოსილება შრომითი ხელშეკრულების გასაფორმელად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე იყო, რასაც მან თავი ვერ გაართვა.
4.3. კასატორი ასრულებდა მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინეებულ მოვალეობებს, ამდენად, მის ვალდებულებებში არ შედიოდა ორგანიზაციის სახელით გადაწყვეტილების მიღება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი დასაქმებულია ორგანიზაციაში, არ არის საკმარისი იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მისთვის ცნობილია ამ ორგანიზაციის კორპორატიული ორგანოების უფლებამოსილებების და მათი შეზღუდვის შესახებ. ლ. ღ-ია არ ესწრებოდა გამგეობის სხდომებს, ვინაიდან არ იყო გამგეობის წევრი და იგი დაესწრო მხოლოდ ერთ სხდომას, რომელზეც მოხდა კასატორის პირველი შეხვედრა მოპასუხის წარმოამდგენლებთან და მას ჰქონდა პირის სამსახურში აყვანის ინტერვიუს ფორმატი.
4.4. შინაგანი რწმენის არასწორი მიმართულებით ჩამოყალიბება გამოიწვია სადავო ხელშეკრულების არაარსებითი ხასიათის ხარვეზებმა (ორგანიზაციის ბეჭდის დაუსმელობა, ხელშეკრულების ნორმის არასრულყოფილად მითითება), თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ კასატორი წარმოადგენდა დასაქმებულს, ხელშეკრულების სუსტ მხარეს, რომელიც არ განსაზღვრავდა ხელშეკრულების შინაარსს და არ იყო პასუხისმგებელი მის ფორმალურ და არაფორმალურ გამართულობაზე.
4.5. კასატორის პრეტენზია მიმართულია სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების დადგენაზე. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებაზე მითითებულ მისამართთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებების დადგენა არ მომხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლების გაცდენით დაადგინა ფაქტობრივი გარემოება.
4.6. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მისამართის ცვლილების დროის დადგენას საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ გააჩნია, თუმცა საწინააღმდეგო მოსაზრების შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო, პირველ ინსტანციაში განკუთვნადი მტკიცებულებებით დაემტკიცებინა მისამართის შეცვლის მომენტი, რაც არ გაუკეთებია, ხოლო სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების განხორციელების თარიღი აპრიორი არ გულისხმობს მისამართის ფაქტობრივად ცვლილებას, რადგან კანონი არ ავალდებულებს პირს, იურიდიული მისამართი დაუყოვნებლივ შეუსაბამოს ფაქტობრივს.
4.7. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ შრომითი ურთიერთობის მთელი პრიოდის განმავლობაში, ლ. ღ-ას არასდროს განუცხადებია პრეტენზია პროექტის მენეჯერის პოზიციაზე შესრულებული სამუშაოს დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ პრეტენზიების გაცხადება ხდებოდა ზეპირად.
4.8. მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია არავითარი მტკიცებულება, რომლთაც დაადასტურებდა, რომ 2018 წლის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი ვალდებულებები ასევე მოიცავდა იმავე თარიღის N-- ხელშეკრულებით გთვალისწინებულ შრომით ვალდებულებებს.
4.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
10. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
11. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს არსს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/2-389).
12. საკასაციო საჩივრით სადავოა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა. კასატორი წარმოდგენილ შედავებაში ძირითადად ეყრდნობა იმ გარემოებებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში შესაბამისი შედავების გარეშე. ასევე, იმას, რომ კასატორისთვის უცნობი იყო ა(ა)იპ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
16. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (სუსგ. Nას-1132-2019, 30.09.2019). განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების და ხელფასის გადახდის დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის. მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა.
17. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ირკვევა, რომ მოსარჩელე შრომის ანაზღაურების დავალიანების გადახდას ითხოვს 2018 წლის 02 იანვრით დათარიღებული N--- შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით, იგი დაინიშნა ფედერაციაში პროექტის „კ-ი ს-ს ს-ო ს-ის გ-ის" (... --- 2018 K-g f-r G-n A-e S-t D-t, F-A S-t g-t) მენეჯერის პოზიციაზე 12 თვის ვადით. ხელშეკრულება ხელმოწერილია ა(ა)იპ-ის პრეზიდენტის შ. ა-ას მიერ. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ფედერაციის მისამართია: „ქ.თბილისი, ... .... ქ.N..“, მაშინ, როდესაც აღნიშნული მისამართი 2019 წლის 14 იანვრის ცვლილებამდე არ ჰქონია ორგანიზაციას და იურიდიული მისამართი იყო ქ.თბილისი, ... რაიონი, ... ქუჩა,. კვარტალი, მე-. კორპუსი, ბინა N. (იხ. წესდება და ამონაწერი „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან“ (ტ.1, ს.ფ. ...)), ასევე მხარეთა შორის 2018 წლის 02 იანვარს გაფორმებული N... ხელშეკრულებაზე მოპასუხის მისამართად მითითებულია ... ქუჩა. აღნიშნულთან დკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ 2018 წლის 02 იანვრით დათარიღებული სადავო შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც არ აქვს სრულყოფილი ნომერი და დამოწმებული არ არის ბეჭდით, შედგენილია მოგვიანებით - 2019 წლის 14 იანვრის შემდეგ, ვინაიდან, 2018 წლის 02 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე 2019 წლის 14 იანვრის ცვლილების შემდგომი მისამართი ვერ მიეთითებოდა. ამასთან, ერთი და იგივე დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებებში (N.... და N...) ფედერაციის სხვადასხვა მისამართის მითითება ამყარებს აღნიშნულ მოსაზრებას. ხელშეკრულებით გვიან შედგენას ადასტურებს ასევე ის, რომ განსხვავებულია ერთი და იმავე თარიღის (2018 წლის 02 იანვრის) ორ ხელშეკრულებაზე დასაქმებულის (მოსარჩელის) მისამართებიც. ერთ შემთხვევაში N--- ხელშეკრულებაზე მოსარჩელის მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ... .., ბინა .., ხოლო იმავე თარიღის N... ხელშეკრულებაზე მოსარჩელის მისამართად მიეთითა ქ. თბილისი, ... ქ. .. ბინა -. ასევე N--- ხელშეკრულებას ხელს აწერს ა(ა)იპ-ის პრეზიდენტი შ. ა-ა, მაშინ როდესაც ყველა სხვა შრომითი ხელშეკრულება, მათ შორის იმავე დღეს გაფორმებული N--- ხელშეკრულებაც ხელმოწერილია ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის - დ. მ-ის მიერ (მოპასუხის მითითებით შ. ა-ვა არ ფლობდა ქართულ ენას და მინდობილობა გაცემული ჰქონდა ვიცე პრეზიდენტზე).
18. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს, კასატორის მოსაზრებას, რომ იგი კეთილსინდისიერია ა(ა)იპ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ფაქტის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს მოპასუხე ფედერაციის წესდების მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, წესდებით განსაზღვრული ხელმძღვანელი ორგანოების გარდა, საჭიროების შემთხვევაში მმართველობის და კონტროლის ორგანოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით. ამავე წესდების მე-9 მუხლის თანახმად, ფედერაციის პერსონალს ფედერაციის გამგეობის თანხმობით იღებს და ათავისუფლებს ფედერაციის პრეზიდენტი. პალატა აღნიშნავს, რომ სანამ მოსარჩელე დაინიშნებოდა ფედერაციის აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე, ის წარედგინა გამგეობას და ჰქონდა გასაუბრება სხდომის წევრებთან, რის შემდეგაც გამგეობის სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება მისი აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. აქედან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ფედერაციის პრეზიდენტს სჭირდებოდა გამგეობის წევრთა თანხმობა თანამშრომლის დანიშვნაზე. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტის დადგენაზე, შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში სათანადო შედავების გარეშე და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატას, როგორც ფაქტების დამდგენ სასამართლოს შეეძლო გამოეკვლია და შეეფასებინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათ საფუძველზე დაედგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. სსკ-ის 37-ე მუხლის მიხედვით, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.
20. ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სადავო შრომითი ხელშეკრულება ბათილია სსკ-ის 54-ე და 59-ე მუხლებიდან გამომდინარე.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე წარდგენილი შესაგებლით სარჩელში მითითებულ გარემოებებს კვალიფიციურად შეედავა და დაძლია მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მისცა. კასატორს კი არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ღ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე