საქმე №ა-2143-შ-61-2022 13 ივლისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ი-ვი
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. გ-ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ … -- რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ … --- რაიონის სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, ა. ი-ის სარჩელი ტ. გ-ას წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ჩამოერთვა დედობის უფლება 2013 წლის 17 დეკემბერს დაბადებულ მხარეთა ქალიშვილზე ზ. ი-ზე.
2. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შუამდგომლობის ავტორი ბავშვის დაბადების მოწმობის მიხედვით წარმოადგენს არასრულწლოვნის მამას, ამასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე საკმარისი საფუძველია მოპასუხეს ჩამოერთვას დედობის უფლება. დადგენილია, რომ მეურვეობისა და საბჭოს კომისია შეეცადა დედასთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ.
3. დადგენილია, რომ მოპასუხემ შვილი მიატოვა ერთი წლის ასაკში და მას მერე აღარ მოუკითხავს, ბავშვი იზრდება მამასთან და მის მეორე მეუღლესთან ერთად, რომელსაც დედას ეძახის.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ა. ი-მა, მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
5. წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2021 წლის 30 აპრილს, ამასთა, მოპასუხეს სათანადო წესით ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი, თუმცა, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა და არც რაიმე შეუტყობინებია სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის საქმეში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ი-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ … -- რაიონის სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც ტ. გ-ას ჩამოერთვა 2013 წლის 17 დეკემბერს დაბადებულ მხარეთა ქალიშვილზე ზ. ი-ზე დედობის უფლება, დაკმაყოფილდეს.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე