საქმე№ ა-2523-შ-75-2022 13 ივლისი 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. გ-ლი
მოწინააღმდეგე მხარე – კ. გ-ლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – მერილენდის შტატის ჰ-ს საოლქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების საქმეზე N---ნაწილობრივ (განქორწინების ნაწილში) ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მერილენდის შტატის ჰ-ის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით საქმეზე N--- კ. გ-სა და ი. გ-ს შორის შეწყდა ქორწინება, აგრეთვე, ი. გ-ლს არასრულწლოვან შვილებზე გადაეცა მეურვეობის უფლება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ი. გ-მა, მოითხოვა წარმოდგენილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, მხოლოდ განქორწინების ნაწილში. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიხედვით სარჩელის ავტორი კ. გ-ია, ხოლო, შუამდგომლობის ავტორი ი. გ-ლი, ამასთან წარმოდგენილ შუამდგომლობას თან ერთვის მოსარჩელის ხელწერილი, რომლითაც ეთანხმება წარმოდგენილ შუამდგომლობასა და მოთხოვნას.
3. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულია 2010 წლის 21 ივლისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
5. მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. გ-ის შუამდგომლობა, მერილენდის შტატის ჰ-ს საოლქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე N….) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც შეწყდა ი. გ-სა (პ/ნ ….) და კ. გ-ს (პ/ნ .….) შორის რეგისტრირებული ქორწინება, მხოლოდ განქორწინების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე