ას-31-2022
25 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ქ-რი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ს-ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. ს-მა (შემდგომში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა. ქ-ის (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, …მეურნეობა, საკადასტრო კოდი: N…., მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, თ. ს-ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა; გამოთხოვილ იქნა მოპასუხე ა. ქ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, …. მეურნეობა, საკადასტრო კოდი: N….და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე თ. ს-ნს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით, ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
5.1.სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, … მეურნეობა, საკადასტრო კოდი: N…., წარმოადგენს თ. ს-ის საკუთრებას, რომელიც არის ა. ქ-ის მფლობელობაში. პალატის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება აპელანტის მფლობელობაშია, დაადასტურა თავად თავდაპირველმა მოპასუხემ.
5.1.2. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
5.1.3. სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი ფაქტების დადასტურება, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა, აპელანტმა ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია აპელანტის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტი.
5.1.4. სადავო ნივთის მიმართ აპელანტის მფლობელობის მართლზომიერების ფაქტის დადგენის მიზნით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 05.02.2019 წლის ხელშეკრულებაზე, რომელზეც აპელირებდა ა. ქ-რი და რომლის მიხედვითაც, აპელანტს 57000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, ხოლო, 68 000 აშშ დოლარი გადასახდელი აქვს. პალატამ შენიშნა ასევე, რომ ხსენებული დოკუმენტი შეიცავდა კონკრეტული თანხების გადახდის გრაფიკს 4 ეტაპად და ხელმოწერილი იყო ხ. ხ-ის, ზ. მ-ის, ქ. ა-ის, ა. ქ-ის და მ. ფ-ის მიერ. ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, პალატა დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ წარმოდგენილი ხელწერილი შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო მხოლოდ ცალმხრივ გარიგებად, რომლითაც ა. ქ-რი ადასტურებდა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდის ფაქტს და ამავდროულად იღებდა ვალდებულებას გადაეხადა კონკრეტული თანხა დროის გარკვეულ პერიოდებში, თუმცა გარიგება ვერ მიიჩნეოდა ნასყიდობის ხელშეკრულებად, ვინაიდან იგი არ შეიცავდა ასეთი ტიპის ხელშეკრულების არსებით პირობებს (სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი). ამ დოკუმენტით არც კონკრეტული ვალდებულების შესრულების ფაქტი დგინდებოდა, თუ რის სანაცვლოდ გადაიხადა აპელანტმა 57000 აშშ დოლარი და რომელი ვალდებულების შესასრულებლად და ვის მიმართ ჰქონდა გადასახდელი 68 000 აშშ დოლარი. მით უფრო, რომ ხელწერილი არ შეიცავდა ინფორმაციას წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ გამხდარი ქონების თაობაზე და წინამდებარე დოკუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებს რომც ითვალისწინებდეს, იგი შესაბამის სამართლებრივ შედეგებს მაინც ვერ წარმოშობდა, ვინაიდან არ იყო გაფორმებული კანონით დადგენილი ფორმით.
5.1.5. გარდა აღნიშნულისა, პალატამ მიიჩნია, რომ საკუთრების შეძენის კანონიერების საკითხზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა, რამდენადაც ამ საკითხის შესწავლა მოცემული დავის ფარგლებს სცილდებოდა.
5.1.6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. პალატის მითითებით, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლებოდა შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ა. ქ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.1. კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
6.1.2. კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „- ვ-ა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელს და დირექტორს ხ. ხ-ლი წარმოადგენდა. შპს „-ვ-ას“ საკუთრებაში იყო 2 საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი … … №-. 2018 წლის 18 მაისს, ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველმა შპს „- ვ-მ“ აღნიშნული საცხოვრებელი ფართები გადასცა რეალურ მყიდველს. ხელშეკრულებაში საცხოვრებელი ფართების ღირებულება განისაზღვრა 840000000 თუმანით, რისი გადახდაც უნდა მომხდარიყო შემდეგი გრაფიკით: 1) 18.05.2018 წელს - 145000000 თუმანი, 2) 19.06.2018 წელს - 255000000 თუმანი, 3) 19.12.2018 წელს - 220000000 და 4) 19.06.2019 წელს - 22000000 თუმანი. ა. ქ-არი და მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა შეძენილი საცხოვრებელი ფართებიდან ერთ-ერთში და დღემდე იქ ცხოვრობს. იხდის ყველა კომუნალურ გადასახადს. 2019 წლის 05 თებერვალს, ს. მ-ად ფ-ის, როგორც ა. ქ-ის ნდობით აღჭურვილ პირს, ხ. ხ-სა და ა. ქ-ის შორის გაფორმდა ხელწერილი, სადაც მხარეები ადასტურებენ, რომ ა-ს გადახდილი აქვს 57000 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 68000 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელწერილის გაფორმებას ესწრებოდნენ ასევე ზ. მ-ე და ქ. ა-ი.
6.1.3. კასატორის განმარტებით, საქმის გარემოებებიდან ცალსახად დასტურდება შემდეგი: 1) ა. ქ-მა გადაიხადა უძრავი ქონების შესაძენად 57000 აშშ დოლარი; 2) ხ. ხ-ლი, ს. ფ-ი და მოპასუხეები ერთობლივად მოქმედებდნენ, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი 2019 წლის 05 თებერვლის ხელწერილი - 57000 აშშ დოლარის მიღების დადასტურების თაობაზე; 3) 2019 წლის 16 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, ვინაიდან სადავო ქონება ირიცხებოდა შპს „- ვ-ს“ საკუთრებად. აღნიშნული საწარმოს დირექტორმა ხ. ხ-მა, რომლის ძმის ცოლიც არის თ. ს-ი, ქონება თვალთმაქცურად გადააფორმა მოსარჩელეზე, რადგან მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულება დაირღვა. მოპასუხის მიერ ერთი ფართის საფასური - 57 000 აშშ დოლარი სრულად არის გადახდილი და გადასახდელია მეორე ფართის საფასური - 68 000 აშშ დოლარი. ხ. ხ-სა და ა. ქ-რს შორის შეთანხმება გაფორმდა ხელწერილის სახით. შესაბამისად, მოპასუხე წარმოადგენს სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელს.
6.1.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 თებერვლის განჩინებით, ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვა.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“(მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
15. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
16. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
17. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).
18. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - თ. ს-ნი (ს.ფ. ..), თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
20. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
21. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
23. საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია. უდავოა, რომ სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - თ. ს-ნი; სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე მოსარჩელე თ. ს-ია. რაც შეეხება საწინააღმდეგოს დადასტურებას, ანუ, საკუთრების შეძენის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით კასატორის მიერ მითითებული გარემოებებს, აღნიშნული, მოცემული დავის განხილვისა და შეფასების საგანს არ წარმოადგენს.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).
25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება ., გადახდის თარიღი 28.01.2022) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ა. ქ-ს (….) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება ., გადახდის თარიღი 28.01.2022) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე