№ას-278-2022
08 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი, თავმჯდომარე),
გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი. დ-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. გ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი.დ-ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ … მდებარე 1201 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობები (კოდი ….) და მოსარჩელეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ამასთან, ი. დ-ლს რ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 152 ლარის გადახდა 2017 წლის 20 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელე რ. გ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტის გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე ი. დ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი. დ-ლს დაეკისრა რ. გ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 152 ლარის გადახდა 2017 წლის 20 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ი. დ-ლს დაეკისრა რ. გ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 152 ლარის გადახდა 2020 წლის 13 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე რ. გ-მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ი. დ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით ი. დ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. ხოლო ამავე სასამართლოს 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით რ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2022 წლის 28 ივნისის განჩინებით, ი. დ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ …) გამოთხოვისა და 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში რ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. ი-ძე.
ამავე განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე რ. გ-ის უფლებამომაცვლე - ნ. ი-ის სარჩელისა გამო ი. დ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ … გამოთხოვისა და მისთვის 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების ნაწილში.
გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ი. დ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ ….) გამოთხოვისა და მისთვის 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები და განემარტათ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
ამავე განჩინებიდან დგინდება, რომ 2020 წლის 13 მარტიდან 2022 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში ი. დ-ვის ყოველთვიურად თანხის დაკისრების ნაწილში ი. დ-ის საკასაციო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარედ კვლავ რჩება რ. გ-ლი, რადგან ამ პერიოდში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს რ. გ-ლი წარმოადგენდა.
2022 წლის 30 ივნისს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის - ი. დ-ის წარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ კასატორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე, რის გამოც, რ. გ-ის მიმართ ითხოვა შესაბამისი განჩინების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორი - ი. დ-ლი უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით. ამასთან, უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით, შეწყდა საქმის წარმოება რ. გ-ის უფლებამომაცვლე - ნ. ი-ის სარჩელისა გამო ი. დ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ ….) გამოთხოვისა და მისთვის 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო ი. დ-ის საკასაციო საჩივრის დარჩენილ მოთხოვნას წარმოადგენს რ. გ-ის სასარგებლოდ ი. დ-ის 2020 წლის 13 მარტიდან 2022 წლის 23 თებერვლამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების გაუქმება. ამდენად, ი. დ-ლი უფლებამოსილია უარი თქვას თავის საკასაციო საჩივარზე დარჩენილ ნაწილში.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის - ი. დ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რ. გ-ის სასარგებლოდ ი. დ-ვის 2020 წლის 13 მარტიდან 2022 წლის 23 თებერვლამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების ნაწილში, ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ი. დ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ნ. ო-ის მიერ 2022 წლის 24 მარტს გადახდილი (საგადახდო დავალება N…) სახელმწიფო ბაჟიდან - 367,20 ლარიდან დარჩენილი 167,20 ლარი (კასატორის მიერ გადახდილი 367,20 ლარიდან 200 ლარი მას დაუბრუნდა 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. დ-ის შუამდგომლობა რ. გ-ის მიმართ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის (Nას-…..) წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ი. დ-ის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე რ. გ-ის მიმართ.
3. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება, ი. დ-ის 2020 წლის 13 მარტიდან 2022 წლის 23 თებერვლამდე რ. გ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 152 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.
5. ი. დ-ლს (…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის, N…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს ნ. ო-ის მიერ 2022 წლის 24 მარტს გადახდილი (საგადახდო დავალება N…) 367.20 ლარიდან დარჩენილი 167.20 ლარი.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე