№ას-278-2022
28 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი, თავმჯდომარე),
გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
განმცხადებელი – ნ. ი-ძე (სავარაუდო უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. დ-ლი (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა _ უფლებამონაცვლედ ცნობა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და 2022 წლის 23 თებერვლიდან თანხის დაკისრების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. დ-ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე 1201 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობები (კოდი ...) და მოსარჩელეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ამასთან, ი. დ-ლს რ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 152 ლარის გადახდა 2017 წლის 20 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელე რ. გ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტის გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე ი. დ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი. დ-ლს დაეკისრა რ. გ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 152 ლარის გადახდა 2017 წლის 20 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ი. დ-ლს დაეკისრა რ. გ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 152 ლარის გადახდა 2020 წლის 13 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე რ. გ-მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ი. დ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით ი. დ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით რ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2022 წლის 29 მარტს საკასაციო პალატას მომართა ნ. ი-ემ, მიუთითა, რომ 2022 წლის 28 თებერვლიდან სადავო უძრავი ქონების მესაკუთეა და ითხოვა საქმეში მესამე პირად ჩართვა.
2022 წლის 02 ივნისს საკასაციო პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს ი. დ-მა და ნ. ი-ემ და მოითხოვეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში რ. გ-ის უფლებამონაცვლედ ნ.ი-ის ცნობა და აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა. ნ. ი-ძე მიუთითებს, რომ 2022 წლის 23 თებერვლიდან უძრავი ქონებით სარგებლობს თვითონ და ი.დ-ის მიმართ არც გამოსახლების და არც თანხის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა არ გააჩნია.
2022 წლის 21 ივნისს საკასაციო პალატას მომართა ნ. ი-ემ და მიუთითა, რომ უკან იხმობს 2022 წლის 29 მარტის განცხადებას და შესაბამისად, აღარ სურს აღნიშნული განცხადების განხილვა.
2022 წლის 28 ივნისს, საკასაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე ნ. ი-ემ მიუთითა, რომ ეთანხმება მისი 02 ივნისის განცხადებას და დამატებით მიუთითა, რომ ითხოვს რ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობას ი. დ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ და 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისათვის თახის დაკისრების შესახებ მოთხოვნების ნაწილში, ასევე შუამდგომლობს აღნიშნულ ნაწილებში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ი-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს ნ. ი-ის მოსაზრებას რ. გ-ის უფლებამონაცვლედ მისი ცნობის საფუძვლის არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები მოწესრიგებულია სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით (სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე). საპროცესო უფლებამონაცვლეობას მატერიალური სამართლის ნორმები განაპირობებენ, რომელთა მიხედვითაც, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს, შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 28 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 23 თებერვლის NA....განკარგულების საფუველზე სადავო უძრავი ქონების (ს/კ ...) მესაკუთრე არის ნ. ი-ძე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით, კერძოდ, მოსარჩელის უფლებამონაცვლეს (რომელიც სადავო უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა) უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანუ იმ პერიოდიდან, რაც იგი გახდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე, მოპასუხისათვის თანხის დაკისრება იმ საფუძვლით, რა საფუძვლითაც ითხოვდა რ. გ-ლი.
საქმეში წარმოდგენილ ნ. ი-ის განცხადებაზე, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამავე პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით წარმოებაშია მიღებული ი. დ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. კასატორის - ი. დ-ის მოთხოვნას წარმოადგენს რ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, კერძოდ: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და მისთვის 2020 წლის 13 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. ი. დ-ის საკასაციო პრეტენზია მიმართული იყო რ. გ-ის მიმართ, მაგრამ უძრავი ქონების მესაკუთრე უკვე ნ. ი-ეა, რის გამოც უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის და 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის დაკისრების ნაწილში საკასაციო მოთხოვნა მიემართება ნ. ი-ეს, როგორც უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ნ. ი-ემ უძრავი ქონების შეძენით დაიკავა ყოფილი მესაკუთრის (რ. გ-ის) ადგილი, ამასთან მოპასუხეს დაკისრებული აქვს თანხის გადახდა 2020 წლის 13 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნ. ი-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და მისი უფლებამონაცვლედ ცნობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება, რის გამოც სამოქალაქო საქმეზე Nას-.... რ. გ-ის სარჩელის გამო, ი. დ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების ნაწილში რ.გ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ უნდა იქნას ნ. ი-ძე (......) (როგორც ი. დ-ის საკასაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და 2020 წლის 13 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების ნაწილში). 2020 წლის 13 მარტიდან 2022 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში ი. დ-ვის რ. გ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების ნაწილში ი. დ-ის საკასაციო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარედ კვლავ რჩება რ.გ-ლი, რადგან ამ პერიოდში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს რ. გ-ლი წარმოადგენდა. რაც შეეხება რ. გ-ის საკასაციო საჩივარს, პალატა აღნიშნავს, რომ 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ნ. ი-ის მითითებით, მას, როგორც რ. გ-ის უფლებამონაცვლეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების ნაწილში, ი. დ-ის მიმართ მოთხოვნა არც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში და არც თანხის დაკისრების ნაწილში არ გააჩნია და ითხოვს აღნიშნულ ნაწილებში საქმის წარმოების შეწყვეტას.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამათლოს მიერ საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით, ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ი-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება რ. გ-ის უფლებამომაცვლე - ნ. ი-ის სარჩელისა გამო ი. დ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ ....) გამოთხოვისა და მისთვის 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების ნაწილში. ამასთან, მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
პალატა ამ შემთხვევაშიც აღნიშნავს, რომ 2020 წლის 13 მარტიდან 2022 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში ი. დ-ვის რ. გ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების ნაწილში ი. დ-ის საკასაციო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარედ კვლავ რჩება რ. გ-ლი, რადგან ამ პერიოდში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს რ. გ-ლი წარმოადგენდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან, ი. დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნაზე გადახდილი ბაჟის წილი არის 200 ლარი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, 4000 ლარის 4% კი შეადგენს 200 ლარს), მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ნ. ო-ის მიერ 2022 წლის 24 მარტს გადახდილი (საგადახდო დავალება N....) სახელმწიფო ბაჟიდან - 367.20 ლარიდან, 200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 92-ე, 272-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ი-ის შუამდგომლობა ი. დ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ ....) გამოთხოვისა და 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში რ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. რ. გ-ის უფლებამონაცვლედ ი. დ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ ....) გამოთხოვისა და 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნობილ იქნეს ნ. ი-ძე.
3. ნ. ი-ის შუამდგომლობა სარჩელზე - ი. დ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ ....) გამოთხოვისა და 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;
4. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე რ. გ-ის უფლებამომაცვლე - ნ. ი-ის სარჩელისა გამო ი. დ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ ...) გამოთხოვისა და მისთვის 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების ნაწილში.
5. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ი. დ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ ...) გამოთხოვისა და მისთვის 2022 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 152 ლარის დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები და განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
6. ი. დ-ლს (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის, N..., სახაზინო კოდი ...) დაუბრუნდეს ნ. ო-ის მიერ 2022 წლის 24 მარტს გადახდილი (საგადახდო დავალება N....) სახელმწიფო ბაჟიდან 367.20 ლარიდან - 200 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე