Facebook Twitter
საქმე №ას-1230-2021 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ს-ძე

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

I აღწერილობითი ნაწილი:

1. მ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №… ბრძანება; მ. ს-ძე აღდგა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1200 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით, 2020 წლის 27 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რასაც გამოაკლდა კომპენსაციის სახით გადახდილი 1200 ლარი (გადასახადების ჩათვლით).

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მ. ს-ძე 2010 წლის 23 თებერვლიდან დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს …. სამსახურში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2011 წლის 11 მარტიდან - დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს … სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით; 2012 წლის 12 ივლისიდან - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს … სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2012 წლის 22 სექტემბრიდან - იმავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და 2018 წლის 7 მარტიდან მისი ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს;

3.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №… ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 29 ნოემბერს დაიწყო სააგენტოს რეორგანიზაცია. ამავე ბრძანების თანახმად, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის ობიექტური კრიტერიუმებით უზრუნველყოფა, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, უნდა განხორციელებულიყო ტესტირების ან/და გასაუბრების შედეგად - პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით;

3.3. 2019 წლის 3 დეკემბერს მ. ს-ძე გაფრთხილებულ იქნა რეორგანიზაციის გამო თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ;

3.4. მთავარ სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტესტირება და გასაუბრება;

3.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის №… ბრძანებით მ. ს-ძე 2020 წლის 27 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რეორგანიზაციის საფუძვლით;

3.6. მ. ს-ის იდენტურ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდნენ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის შემდეგი თანამშრომლები: მ. მ-ლი, ნ. მ-ლი, ე. რ-ძე და ასევე გათავისუფლებული თანამშრომელი - მ. ფ-ძე; არსებული მდგომარეობით, მ. ს-ის ფუნქცია-მოვალეობებს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ასრულებენ შემდეგი თანამშრომლები: მ. მ-ლი, ნ. მ-ლი, ხ. ხ-ძე. მათი ტესტირების შედეგები ასეთია: მ. ს-ძე - ზოგადი უნარები - .., ქართული ენის მართლწერა -.., სამართლებრივი თემატიკა - ... ქულა; მ. ფ-ძე - ზოგადი უნარები - .., ქართული ენის მართლწერა - .., სამართლებრივი თემატიკა - .. ქულა; ნ. მ-ლი - ზოგადი უნარები - .., ქართული ენის მართლწერა - .., სამართლებრივი თემატიკა - .. ქულა; ე. რ-ძე - ზოგადი უნარები - .., ქართული ენის მართლწერა -.., სამართლებრივი თემატიკა -.. ქულა; ხ.ხ-ძე - ზოგადი უნარები - .., ქართული ენის მართლწერა - .., სამართლებრივი თემატიკა - .. ქულა; მ. მ-ლი - ზოგადი უნარები - .., ქართული ენის მართლწერა -.., სამართლებრივი თემატიკა - .. ქულა;

3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 22 აპრილის №… წერილის მიხედვით, რეორგანიზაციამდე თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 104 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1, სამსახურის უფროსის მოადგილე - 2, მთავარი სპეციალისტი - 73 (აქედან 3 ვაკანტური), სპეციალისტი - 28 (აქედან 5 ვაკანტური); ხოლო 2020 წლის 27 თებერვალს დასრულებული რეორგანიზაციის შემდეგ, ახლად ჩამოყალიბებულ, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 95 საშტატო პოზიციაა, აქედან სამსახურის უფროსის - 1 (ვაკანტური), სამსახურის უფროსის მოადგილე - 2 (ვაკანტური), მთავარი სპეციალისტი - 69, სპეციალისტი - 23;

3.8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის №… ბრძანების თანახმად, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საშტატო ნუსხა შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი - 1; უფროსის მოადგილე - 2; მთავარი სპეციალისტი - 9; მთავარი სპეციალისტი - 56; მთავარი სპეციალისტი - 3; სპეციალისტი - 17; სპეციალისტი - 5; სპეციალისტი - 1;

3.9. პირები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოზიციაზე, რეორგანიზაციის შემდეგ იკავებენ მთავარი სპეციალისტის პოზიციებს, თუმცა ფაქტობრივად ასრულებენ იმავე ფუნქციებს, რასაც რეორგანიზაციამდე ასრულებდნენ;

3.10. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 27 აპრილის №… წერილის მიხედვით, სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამშრომლების თვიური თანამდებობრივი სარგოების ჯამური ოდენობა სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №… ბრძანებით დაწყებულ რეორგანიზაციამდე იყო 119800 ლარი, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ პერიოდში - 118150 ლარი.

4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ, საქართველოს შრომის კოდექსზე მითითებით, აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას უნდა დასტურდებოდეს როგორც რეორგანიზაციის ჩატარების საჭიროება, ისე დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სტანდარტის დაცვა - ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის გამორიცხვით დაადასტურებდა რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობას, ფინანსური მდგომარეობის ცვლილებას, საქმისწარმოების უკეთესად ორგანიზებას, თუნდაც ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის ხარჯზე, ოპტიმიზაციის მიზნით გარკვეული ფინანსური წყაროების გამოთავისუფლებას; გარდა ამისა, მოპასუხემ მოქმედი 70 მთავარი სპეციალისტიდან მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელთან ჩატარებული ტესტირების შედეგები წარმოადგინა, რის გამოც რეორგანიზაციის საერთო სურათის აღწერა შეუძლებელი გახდა; ასევე, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსისა და მისი ორი მოადგილის საშტატო ერთეულის ვაკანტურობის პარალელურად, სამსახურის ყოფილი უფროსი და მისი ორი მოადგილე რატომ ასრულებენ რეორგანიზაციამდე მათთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს მთავარი სპეციალისტის სამი საშტატო პოზიციიდან. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მ. ს-ძე უკანონოდ გათავისუფლდა.

5. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ასევე, არსებობდა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობა, რადგან კეთილსინდისიერი მოქმედების და დასაქმებულთა ფუნქციების სწორად განაწილების შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთავარი სპეციალისტის შტატის გამოთავისუფლება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ დასტურდება რეორგანიზაციის ჩატარებისა და შტატების შემცირების ისეთი რეალური საჭიროება, რაც აუცილებელს გახდიდა და გაამართლებდა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნას. რაც შეეხება კონკურსის შედეგებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მოსარჩელის მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ტვირთი, ვინაიდან ნათლად და გარკვევით არ დადგინდა, კონკრეტულად რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღება და რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა ის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა დასაქმებულის უკანონო გათავისუფლების თაობაზე. ასევე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მართებულად აღდგა სამსახურში და სწორად აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

11. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან კანონიერად გათავისუფლდა, ვინაიდან არსებობდა როგორც რეორგანიზაციის საჭიროება (ეფექტური საჯარო მმართველობის მიღწევის მიზნით განხორციელდა შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია - რეორგანიზაციის შემდეგ შემცირდა სამუშაო ძალა და სახელფასო ფონდი), ისე უშუალოდ მ. ს-ძის გათავისუფლების აუცილებლობა (გასაუბრებისას მოსარჩელემ სათანადოდ ვერ განმარტა თავისი სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, ხოლო ტესტირებაში მიღებულ საშუალო შეფასებასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ერთ დღეს ორი გამოცდის ჩაბარება გაუჭირდა, რამაც განაპირობა არასასურველი შედეგი).

12. კასატორი, ასევე, მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის წინაპირობა, რადგან როგორც სასამართლომაც დაადგინა, მოსარჩელის საშტატო პოზიცია ვაკანტური არ არის.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით - საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

II სამოტივაციო ნაწილი:

14. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, ხოლო გათავისუფლების უკანონობის დადასტურების შემთხვევაში - სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების სისწორე.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამრიგად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერად მიჩნევისთვის უნდა დასტურდებოდეს როგორც რეორგანიზაციის ჩატარების, ისე შედეგად შტატების შემცირების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა.

17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №… ბრძანების საფუძველზე 2019 წლის 29 ნოემბერს დაიწყო სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც სრულად შეეხო სააგენტოს ტერიტორიულ და სტრუქტურულ ერთეულებს. შედეგად კი, მოხდა შტატების ოპტიმიზაცია და სახელფასო ფონდის შემცირება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცვლილებების მასშტაბებისა და შედეგების გათვალისწინებით, არ დასტურდება, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ან ჩატარდა მარტოოდენ იმ მიზნით, რომ სამსახურიდან კონკრეტული პირები გათავისუფლებულიყვნენ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია წარიმართა მართლზომიერად.

18. რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას, დადგენილია, რომ მ. ს-ძე დასაქმებული იყო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ცვლილებები კი დასახელებული პოზიციის ოდენობასაც შეეხო, კერძოდ, თუკი რეორგანიზაციამდე არსებობდა 73 მთავარი სპეციალისტის საშტატო პოზიცია (თუმცა აქედან 3 ვაკანტური იყო), რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა 68 მთავარი სპეციალისტი. ამრიგად, საშტატო პოზიცია ხუთი ერთეულით შემცირდა, რის გამოც დასაქმებულებს შორის წარმოიშვა კონკურენცია და დამსაქმებელი დადგა არჩევანის წინაშე, რომელ დასაქმებულთან უნდა გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა. ასეთი გადაწყვეტილება კი მიღებულ უნდა იქნეს ობიექტურად და გამჭვირვალედ - „დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის №ას-224-224-2018 განჩინება).

19. დადგენილია, რომ სადავო შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად გადასაყვანი და გასათავისუფლებელი თანამშრომლების გამოსავლენად ჩატარდა კონკურსი (წერითი გამოცდა და გასაუბრება). შესაბამისად, სწორედ კონკურსის მართლზომიერად წარმართვას, დასაქმებულებისთვის კონკურსის განმავლობაში თანაბარი პირობების შექმნასა და შედეგების ობიექტურად გამოვლენას უნდა უზრუნველეყო კონკრეტული თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელესთან მიმართებით საკონკურსო შედეგებიდან გამომდინარე გათავისუფლების კანონიერება არ დასტურდება, ვინაიდან მართალია, სადავო საშტატო პოზიცია ხუთი ერთეულით შემცირდა, თუმცა სამი ადგილი იქამდეც ვაკანტური იყო, მაშასადამე, ცვლილება მხოლოდ ორ დასაქმებულს შეეხებოდა; კასატორი თავადაც ადასტურებს, რომ მოსარჩელეს ტესტირებაში საშუალო ქულები აქვს მიღებული; გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ კი წარმოდგენილია მხოლოდ წერილობითი ოქმი, რომელიც არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ და მისი შინაარსი მხარეთა შორის სადავოდ არის ქცეული. ამდენად, წარმოდგენილი ტესტირების შედეგები და გასაუბრების ოქმი ვერ იქნება განხილული დასაქმებულის სხვა თანამშრომლებთან შედარებით ნაკლები კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების ქონის დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად, რაც უშუალოდ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას გაამართლებდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად იქნა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიჩნეული (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის №ას-1284-2021 განჩინება). ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

21. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში კი, შრომის კოდექსის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ისე მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამრიგად, გათავისუფლების უკანონობის დადასტურების შემთხვევაში „დამსაქმებლის ინიციატივით უკანონოდ გათავისუფლების სამართლებრივ შედეგებს შორის დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, თუმცა მისი დაკმაყოფილება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას უკავშირდება, კერძოდ, დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენის მიზნებისათვის აუცილებელია, კანონით გათავისუფლების საფუძვლის უკანონოდ ცნობა და პირვანდელი სამუშაო ადგილის ვაკანტურად არსებობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის №ას-57-2022 განჩინება).

22. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილია, რომ სადავო პოზიცია ვაკანტური არ არის, ხოლო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა მოსარჩელეს არ მოუთხოვია. ამრიგად, მისი დარღვეული უფლების აღდგენის ერთადერთ საშუალებად დამსაქმებლისთვის კომპენსაციის დაკისრება წარმოადგენს, რაც პარალელურად იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას გამორიცხავს. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება კანონმდებლობასა და სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, მ. ს-ეს, როგორც სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია.

23. აღსანიშნავია, რომ „კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის №ას-536-2021 განჩინება).

24. განსახილველ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, მისი ხელფასის ოდენობას, მოსარჩელის უმუშევრობის პერიოდს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს კომპენსაციის სახით უნდა აუნაზღაურდეს ათი თვის თანამდებობრივი სარგო - 12000 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით.

25. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, მხარეებს ერთმანეთის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, სარჩელისა და საჩივრების დაკმაყოფილებული ნაწილების პროპორციულად.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება მ. ს-ის სამსახურში აღდგენისა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მ. ს-ის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნათა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ …) მ. ს-ის (პ/ნ ---) სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება 12000 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №… ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ …) მ. ს-ის (პ/ნ ---) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება;

8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 260 ლარის გადახდა, შემდეგ ანგარიშზე: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;

9. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ ---) დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე 24.03.2021 წლის №--- საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან ზედმეტად გადახდილი 920 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;

10. მ. ს-ეს (პ/ნ ---) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ ---) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხებიდან 482,60 ლარის ანაზღაურება;

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე