3გ-ად-33-გ-02 11 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 18 ივლისს პ. ზ.-მ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვა წერილობითი ინფორმაცია 1999წ. 15 მაისიდან 2000წ. 29 დეკემბრის ჩათვლით პირველი ინსტანციითა და სააპელაციო წესით განხილული ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების შესახებ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 27 ივლისის ¹588 წერილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლისა და 273 მუხლის საფუძველზე, უარი ეთქვა პ. ზ.-ს ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე, რის გამოც პ. ზ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის ¹588 წერილის, როგორც ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, საჯარო ინფორმაციის გაცემა, განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუღებლობით მიყენებული ქონებრივი ზიანის _ 26480 ლარისა და მორალური ზიანის _ 550002 ლარის ოდენობით ანაზღაურება. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მას ხელშეკრულება ჰქონდა დადებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სამტომეულის გამოცემის შესახებ, რომლის თანახმად მას კონტრაჰენტისათვის უნდა მიეწოდებინა სასამართლოსაგან მოთხოვნილი ინფორმაცია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 20 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალას კარგავდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის წერილით მოსარჩელე პ. ზ.-ს 2001წ. 18 დეკემბრამდე მიეცა ვადა ხელშეკრულების დედნისა და საგამომცემლო საქმიანობის შესახებ ლიცენზიის წარმოსადგენად, რომლის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 18 დეკემბრის განჩინებით პ. ზ.-ის სასარჩელო განცხადება დატოვებულ იქნა უმოძრაოდ და მასვე დაუბრუნდა სარჩელი თანდართული მასალებით. 2001წ. 18 დეკემბერს მოსარჩელემ სასამართლოში შეიტანა განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე სასამართლო კოლეგიის აცილების შესახებ.
პ. ზ.-ემ ასევე შეიტანა კერძო საჩივარი სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 18 დეკემბრის განჩინებაზე. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის განჩინებით პ. ზ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრისა და 2002წ. 8 თებერვლის განჩინებები და პ. ზ.-ის სარჩელი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 20 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა პ. ზ.-ის განცხადება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობის აცილების შესახებ, სსკ-ს 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» პუნქტისა და 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რადგან საქმის განმხილველი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო იმავდროულად წარმოადგენს მოპასუხეს, რაც პროცესუალურად დაუშვებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ს 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატების, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პალატების ან საოლქო სასამართლოს პალატების მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამ სასამართლოების თავმჯდომარეებს, რომლებიც მას კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადასცემენ სხვა შემადგენლობას. თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში ან საოლქო სასამართლოში აცილების მიღებისას ან ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათავლისწინებული მიზეზის გამო შეუძლებელია მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის შექმნა, საქმე უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სხვა, შესაბამისი სასამართლოსათვის გადასაცემად.»
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეში მხარეს (მოპასუხეს) წარმოადგენს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო, ამიტომ სსკ-ს 31-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად, მართებულია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 20 აგვისტოს განჩინება აცილების თაობაზე.
საკასაციო პალატის აზრით, მოცემული საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლო ტერიტორიულად უფრო ახლოს არის მხარეებთან, მხარეებისათვის უფრო მოსახერხებელი იქნება და საქმის აღნიშნულ სასამართლოსათვის გადაცემა უფრო დააჩქარებს საქმის დროულად განხილვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღავანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოცემული საქმე განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;
2. განჩინების ასლები დაეგზავნოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.