თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ბ-ლი
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
I აღწერილობითი ნაწილი:1. თ. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №… ბრძანება; თ. ბ-ლი აღდგა სააგენტოს დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1400 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით, 2020 წლის 27 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თ. ბ-ლი 2007 წლიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის თანამდებობაზე; 2012 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის 30 აგვისტომდე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებული იყო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის თანამდებობაზე; 2012 წლის 31 აგვისტოდან 2020 წლის 27 თებერვლამდე - დასაქმებული იყო სააგენტოს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1089 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
3.2. თ. ბ-ლს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურში ეკისრებოდა შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები: სსიპ იუსტიციის სახლისა და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისთვის აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად; აპოსტილის/ლეგალიზაციის ელექტრონული პროგრამით შემოსული განცხადებების განხილვა, ვიზირება; დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით ხელმოწერებისა და ბეჭდის ნიმუშების გამოთხოვა; მიღებული ნიმუშების მონაცემთა ბაზაში შეყვანა მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში, აპოსტილის/ლეგალიზაციის განცხადებებზე გადაწყვეტილებების მომზადება და ხელმძღვანელისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნა; დოკუმენტში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში განმცხადებლის წერილზე პასუხის მომზადება და ხელმძღვანელისათვის ხელმოსაწერად გაგზავნა; საგანმანათლებლო დოკუმენტების აპოსტილის/ლეგალიზაციის წესით დამოწმებასთან დაკავშირებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოგზავნილი უარყოფითი დასკვნის საფუძველზე უარის გადაწყვეტილების მომზადება და ხელმძღვანელისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნა; გადაწყვეტილებებისათვის თავსართების მომზადება;
3.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №… ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 29 ნოემბერს დაიწყო სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2020 წლის 27 თებერვლისა. მითითებული ბრძანებით შესაბამის ორგანოებს დაევალათ სააგენტოს თანამშრომლების გაფრთხილება მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების შესახებ. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს დაევალათ ახალი საშტატო ნუსხის შედგენა და თავმჯდომარისთვის შესათანხმებლად წარდგენა. ამავე ბრძანების თანახმად, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის ობიექტური კრიტერიუმებით უზრუნველყოფა, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, უნდა განხორციელებულიყო ტესტირების ან/და გასაუბრების შედეგად - პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით;
3.4. მთავარ სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტესტირება და გასაუბრება;
3.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის №… ბრძანებით თ. ბ-ლი 2020 წლის 27 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის პირველი ნაწილი;
3.6. რეორგანიზაციამდე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო 615 საშტატო ერთეული, თვის სახელფასო ფონდი შეადგენდა 813200 ლარს და წლიური სახელფასო ფონდი - 9758000 ლარს. რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა - 530 ერთეულით, თვის სახელფასო ფონდი - 749900 ლარით და წლიური სახელფასო ფონდი - 9000000 ლარით. რეორგანიზაციამდე სააგენტოში იყო 515 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 481 თანამშრომელი;
3.7. რეორგანიზაციამდე, 2020 წლის 27 თებერვლამდე, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურში იყო 3 საშტატო ერთეული და 29 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. რეორგანიზაციის შემდგომ აღნიშნულ სამსახურში დარჩა 3 საშტატო ერთეული და 28 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ამასთან, რეორგანიზაციამდე დასაქმებული იყო 7 მთავარი სპეციალისტი, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა 6 მთავარი სპეციალისტი, რომელთაგან მხოლოდ ერთი ასრულებს თ. ბ-ის იდენტურ ფუნქციებს, ხოლო დანარჩენი 5 - ასრულებს დამატებით ფუნქციებსაც;
3.8. ხსენებული სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამშრომლის თვიური თანამდებობრივი სარგო 2019 წელს იყო 1300 ლარი, 2020 წელს - 1400 ლარი;
3.9. აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიცია, არსებული მდგომარეობით, გაუქმებულია (მოსარჩელის პოზიცია მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გაუქმდა);
3.10. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ვაკანტურია დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწის ორი პოზიცია, რომელთა ფუნქციებს წარმოადგენს უშუალოდ დირექტორის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება.
4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ, საქართველოს შრომის კოდექსზე მითითებით, აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას უნდა დასტურდებოდეს როგორც რეორგანიზაციის ჩატარების საჭიროება, ისე დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობა. მოპასუხემ კი ვერ დაასაბუთა ცვლილებების აუცილებლობა და საჭიროება, ასევე, ვერ მიუთითა, რატომ განხორციელდა უშუალოდ მოსარჩელის შემცირება. უფრო მეტიც, კონკურსის მიმდინარეობისას ადგილი არ ჰქონია აუდიო-ვიდეო ჩაწერას, ხოლო საკონკურსო კომისიის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, მოპასუხემ ვერ შეძლო პასუხი გაეცა ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც ეხებოდა უშუალოდ მის ფუნქცია-მოვალეობებს, რაც სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად ცნო. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ განხილვის გამო, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უნდა აღდგენილიყო სამსახურში.
5. სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. ბ-ლი აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურში მთავარ სპეციალისტად დანიშვნამდე ასრულებდა სწორედ დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწის ფუნქციებს; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით კი, როგორც აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ისე დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწის პოზიცია განეკუთვნება I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგს და მათი ხელფასი 1400 ლარს შეადგენს, რის გამოც სასამართლომ მოსარჩელე დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე დანიშნა. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1400 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით, 2020 წლის 27 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით ამავე სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის სამი თვის ხელფასის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დამსაქმებელი რეორგანიზაციის აუცილებლობას ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელების, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაციისა და სახელფასო ფონდის შემცირებით ხსნის, რასაც შედეგად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოჰყვა, თუმცა არ დასტურდება რეორგანიზაციის ჩატარებისა და შტატების შემცირების ისეთი რეალური საჭიროება, რაც აუცილებელს გახდიდა და გაამართლებდა მოსარჩელის შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმებასა და მის სამუშაოდან დათხოვნას. რაც შეეხება ტესტირებისა და გასაუბრების შედეგებს, მოსარჩელის განმარტებით, კონკურსი ჩატარდა წესების სრული დარღვევით და გასაუბრების ოქმში მითითებული ფაქტები არ შეესაბამება რეალობას. კონკურსის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი კი არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მოსარჩელის მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ტვირთი, ვინაიდან ნათლად და გარკვევით არ დგინდება, კონკრეტულად რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღება, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა დასაქმებულის უკანონო გათავისუფლების თაობაზე. ასევე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მართებულად აღდგა სამსახურში და სწორად აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
12. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან კანონიერად გათავისუფლდა, ვინაიდან არსებობდა როგორც რეორგანიზაციის საჭიროება (ეფექტური საჯარო მმართველობის მიღწევის მიზნით განხორციელდა შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია - რეორგანიზაციის შემდეგ შემცირდა სამუშაო ძალა და სახელფასო ფონდი), ისე უშუალოდ თ. ბ-ის გათავისუფლების აუცილებლობა (მთავარ სპეციალისტებს შორის მოსარჩელეზე ცუდი შეფასება არავის მიუღია, მხოლოდ ერთმა თანამშრომელმა მიიღო მისი მსგავსი შეფასება; გასაუბრებისას კი ვერ გასცა შეკითხვებს პასუხი).
13. კასატორი, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის დირექტორის თანაშემწედ დანიშვნას, ვინაიდან ვაკანტურია მხოლოდ სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწის პოზიცია, რომელიც სპეციფიკურ ფუნქციებს ასრულებს. მოსარჩელე კი სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის პოზიციას იკავებდა მხოლოდ 2012 წელს, 44 დღის განმავლობაში.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით - საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
II სამოტივაციო ნაწილი:15. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, ხოლო გათავისუფლების უკანონობის დადასტურების შემთხვევაში - სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების სისწორე.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამრიგად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერად მიჩნევისთვის უნდა დასტურდებოდეს როგორც რეორგანიზაციის ჩატარების, ისე შედეგად შტატების შემცირების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა.
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №… ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 29 ნოემბერს დაიწყო სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2020 წლის 27 თებერვლისა. რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა 85 ერთეულით, ხოლო თვის სახელფასო ფონდი - 63300 ლარით.
19. დასახელებული რეორგანიზაციის კანონიერების შეფასებისას, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ რეორგანიზაცია სრულად შეეხო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ და სტრუქტურულ ერთეულებს; რეორგანიზაციის შედეგად მოხდა შტატების ოპტიმიზაცია და შემცირდა სახელფასო ფონდი. ამდენად, ცვლილებების მასშტაბებისა და შედეგების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დამაჯერებლად მიიჩნევს კასატორის არგუმენტს რეორგანიზაციის ეფექტური საჯარო მმართველობის მიღწევის მიზნით ჩატარების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ დასტურდება, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ან ჩატარდა მარტოოდენ იმ მიზნით, რომ სამსახურიდან კონკრეტული პირები გათავისუფლებულიყვნენ. შესაბამისად, რეორგანიზაციის ჩატარების წინაპირობები არსებობდა.
20. რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას, დადგენილია, რომ თ. ბ-ლი დასაქმებული იყო აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ცვლილებები კი დასახელებული პოზიციის ოდენობასაც შეეხო, კერძოდ, თუკი რეორგანიზაციამდე დასაქმებული იყო 7 მთავარი სპეციალისტი, რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა 6 მთავარი სპეციალისტი. ამრიგად, საშტატო პოზიცია ერთი ერთეულით შემცირდა, რის გამოც დასაქმებულებს შორის წარმოიშვა კონკურენცია და დამსაქმებელი დადგა არჩევანის წინაშე, რომელ დასაქმებულთან უნდა გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა. ასეთი გადაწყვეტილება კი მიღებულ უნდა იქნეს ობიექტურად და გამჭვირვალედ - „დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის №ას-224-224-2018 განჩინება).
21. დადგენილია, რომ სადავო შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად გადასაყვანი და გასათავისუფლებელი თანამშრომლების გამოსავლენად ჩატარდა კონკურსი (წერითი გამოცდა და გასაუბრება). შესაბამისად, სწორედ კონკურსის მართლზომიერად წარმართვას, დასაქმებულებისთვის კონკურსის განმავლობაში თანაბარი პირობების შექმნასა და შედეგების ობიექტურად გამოვლენას უნდა უზრუნველეყო კონკრეტული თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელესთან მიმართებით საკონკურსო შედეგებიდან გამომდინარე გათავისუფლების კანონიერება არ დასტურდება, ვინაიდან სადავო საშტატო პოზიცია მხოლოდ ერთი ერთეულით შემცირდა, ხოლო კასატორი თავადაც ადასტურებს, რომ მთავარ სპეციალისტებს შორის მოსარჩელესა და ერთ სხვა თანამშრომელს მსგავსი შეფასება ჰქონდათ მიღებული; გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ კი წარმოდგენილია მხოლოდ წერილობითი ოქმი, რომელიც არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ და მისი შინაარსი მხარეთა შორის სადავოდ არის ქცეული. ამდენად, წარმოდგენილი ტესტირების შედეგები და გასაუბრების ოქმი ვერ იქნება განხილული დასაქმებულის სხვა თანამშრომლებთან შედარებით ნაკლები კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების ქონის დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად, რაც უშუალოდ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას გაამართლებდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად იქნა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიჩნეული (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის №ას-1284-2021 განჩინება). ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №… ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.
23. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში კი, შრომის კოდექსის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ისე მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამრიგად, გათავისუფლების უკანონობის დადასტურება, პირველ რიგში, მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას განაპირობებს, თუკი სადავო პოზიცია ვაკანტურია.
24. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილია, რომ აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიცია, დღეის მდგომარეობით, გაუქმებულია, რის გამოც მოსარჩელემ დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწედ დანიშვნა მოითხოვა, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეიძლება დირექტორის თანაშემწის პოზიციის მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის ტოლფას თანამდებობად მიჩნევა.
25. საკასაციო სასამართლო, თანამდებობათა ტოლფასობის შეფასებისას, მიუთითებს, რომ „როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ისე დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით დადგენილია, რომ ტოლფასი თანამდებობის დასახელების ვალდებულება ეკისრება დასაქმებულს, ანუ მას აქვს ვალდებულება, მიუთითოს ფუნქციურად, საკვალიფიკაციო მონაცემებითა და სამუშაოს ხასიათის გათვალისწინებით, რა თანამდებობა შეესაბამება მის მიერ ადრე დაკავებულ საშტატო ერთეულს, ხოლო დამსაქმებელს, როგორც ძლიერ მხარეს, რომელსაც ხელთ აქვს შრომის ორგანიზაციული პირობების განმსაზღვრელი ყველა სახის მტკიცებულება, ეკისრება დასაქმებულის პოზიციის გაქარწყლების ვალდებულება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის №ას-376-376-2018 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც სამუშაო აღწერილობით ირკვევა, მოსარჩელის მიერ დაკავებული მთავარი სპეციალისტის ფუნქციები სრულად უკავშირდებოდა აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ხოლო დირექტორის თანაშემწის პოზიცია მსგავსი ფუნქციების მატარებელი არ არის. გარდა ამისა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითება თ. ბ-ის მიერ დირექტორის თანაშემწედ მუშაობის შესახებ, რადგან მოსარჩელე გათავისუფლებისას წარმოადგენდა მთავარ სპეციალისტს და არა დირექტორის თანაშემწეს; ის დასაქმებული არასდროს ყოფილა დირექტორის თანაშემწედ, არამედ იყო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; უფრო მეტიც, მოადგილის თანაშემწის თანამდებობა ეკავა გათავისუფლებამდე 8 წლით ადრე.
26. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის დირექტორის თანაშემწედ დანიშვნა შეუძლებელია, რის გამოც მისი დარღვეული უფლების აღდგენის ერთადერთ საშუალებად დამსაქმებლისთვის კომპენსაციის დაკისრება წარმოადგენს, რაც პარალელურად იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას გამორიცხავს. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება კანონმდებლობასა და სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, მოსარჩელეს, როგორც სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია.
27. აღსანიშნავია, რომ „კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის №ას-536-2021 განჩინება).
28. განსახილველ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, მისი ხელფასის ოდენობას, მოსარჩელის უმუშევრობის პერიოდს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს კომპენსაციის სახით უნდა აუნაზღაურდეს 8 თვის თანამდებობრივი სარგო - 11200 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით, რასაც უნდა გამოაკლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინების საფუძველზე, მოსარჩელისთვის უკვე გადახდილი ანაზღაურების ოდენობა.
29. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, მხარეებს ერთმანეთის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საპროცესო ხარჯის ანაზღაურება, სარჩელისა და საჩივრების დაკმაყოფილებული ნაწილების პროპორციულად.
III სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება თ. ბ-ის სამსახურში აღდგენისა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. თ. ბ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნათა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ ….) თ. ბ-ის (პ/ნ ….) სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება 11200 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით, რომელსაც უნდა გამოაკლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინების საფუძველზე მოსარჩელისთვის უკვე გადახდილი თანხა;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №… ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ ….) თ. ბ-ის (პ/ნ …) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის და ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 500 ლარის ანაზღაურება;
8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 236 ლარის გადახდა, შემდეგ ანგარიშზე: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...;
9. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ …) დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე 12.03.2021 წლის №… საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან ზედმეტად გადახდილი 1008 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...;
10. თ. ბ-ს (პ/ნ …) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ …) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხებიდან 810 ლარის ანაზღაურება;
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე