Facebook Twitter

საქმე №ას-261-2022 22 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – კ.მ–ძე, ზ.მ–ძე, ი.გ–ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.რ.ე–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დასაბრუნებელი თანხის გადაუხდელი ნაწილისა და სარგებლის სოლიდარულად დაკისრება, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „მ.ო.რ.ე–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.მ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ზ.მ–ძისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), და ი.გ–ას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დასაბრუნებელი თანხის გადაუხდელი ნაწილისა და სარგებლის სოლიდარულად დაკისრებისა და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 12 622, 52 აშშ დოლარის გადახდა; მეორე და მესამე მოპასუხეებს 27 400 აშშ დოლარის გადახდა; მეორე მოპასუხეს დაეკისრა 28 000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის სახით 619,29 აშშ დოლარის გადახდა; მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 1 552,29 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. კერძოდ, გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი სრულად, მე-3 პუნქტი 4 400 აშშ დოლარის (პროცენტის) დაკისრების ნაწილში, მე-4 პუნქტი 4 500 აშშ დოლარის (პროცენტის) დაკისრების ნაწილში, ხოლო მე-5 და მე-6 პუნქტი სრულად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილს გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელის მოთხოვნა პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 12 622, 52 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მეორე და მესამე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით კ.მ–ძესა და ი.გ–ას დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ ან მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან სალომე აბესლამიძის სახელზე გაცემული ვადაში მოქმედი მინდობილობა გასაჩივრების უფლებით; კ.მ–ძეს, ზ.მ–ძესა და ი.გ–ას დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნება: თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები) და განმარტება იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი); ის ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება; კ.მ–ძეს, ზ.მ–ძესა და ი.გ–ას უნდა წარმოედგინათ მოთხოვნის შესაბამისი (დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს 2022 წლის 18 მაისს ჩაბარდათ.

2022 წლის 30 მაისს კასატორებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს საკასაციო საჩივარი, რომელიც არ არის შედგენილი სსსკ-ის 396-ე მუხლის „დ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ამასთან, კასატორები შუამდგომლობენ სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით კ.მ–ძის, ზ.მ–ძისა და ი.გ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; კ.მ–ძეს, ზ.მ–ძესა და ი.გ–ას გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სსსკ-ის 396-ე მუხლის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნება: თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები) და განმარტება იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი); ის ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება; ბ) ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან მოთხოვნის შესაბამისი (დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება ი.გ–ას ჩაბარდა პირადად 2022 წლის 7 ივლისს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ხელწერილით (იხ. ტ 2, ს.ფ. 181).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი.გ–ამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინება ჩაიბარა პირადად, რაც დასტურდება საქმეში არსებული ხელწერილით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 181).

სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა, 2022 წლის 8 ივლისს დაიწყო და ამავე წლის 12 ივლისს ამოიწურა.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ი.გ–ამ ხარვეზი არ შეავსო, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ი.გ–ას მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ.მ–ძის, ზ.მ–ძისა და ი.გ–ას საკასაციო საჩივარი ი.გ–ას მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე