საქმე №ას-329-2022 20 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.ყ–ი, დ.ყ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის არსებითად განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ყ–ისა და დ.ყ–ის (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ.ყ–სა და დ.ყ–ს დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის – 1 312,81 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორების წარმომადგენელმა ა.გ–ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, წარმოადგინა მასსა და კასატორებს შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, ასევე, ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით ნ.ყ–სა და დ.ყ–ს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის – 1 312,81 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს ა.გ–ას გაეგზავნა 2022 წლის 29 აპრილს და ამავე წლის 2 მაისს ჩაბარდა.
2022 წლის 10 მაისს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ა.გ–ასა და ნ. და დ.ყ–ებს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა ნოტარიულად. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. და დ.ყ–ებმა გამოხატეს ნება, რომ დაეთმოთ ა.გ–ასათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გ.გ–ის მიერ განხილულ №2/30521-17 საქმე და ხსენებული საქმის წარმართვა გასაჩივრების უფლებით, ყველა სასამართლო ინსტანციაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით ნ.ყ–სა და დ.ყ–ს კვლავ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის – 1 312,81 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინების ფარგლებში საკასაციო პალატამ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინების 7.1 პუნქტზე, რომელშიც აღინიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის მფლობელი ბანკია. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ვერ მიიჩნევა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, მართალია, აღნიშნულია, რომ ა.გ–ა გადაიხდის ბანკისათვის ასანაზღაურებელ თანხას, თუმცა სასამართლომ ხელშეკრულება ვერც ვალის გადაკისრებად მიიჩნია, რამდენადაც არ არსებობს მოთხოვნის მფლობელის - ბანკის თანხმობა, რომელიც სსკ-ის 204-ე მუხლის თანახმად, ვალის გადაკისრების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, სააპელაციო სასაართლომ ა.გ–ა არა ნ.ყ–ისა და დ.ყ–ების უფლებამონაცვლედ, არამედ ამ პირების წარმომადგენელად მიიჩნია (იხ. ტ.2, ს.ფ. 45-46). შესაბამისად, საქმეზე ა.გ–ა წარმოადგენს კასატორების - ნ.ყ–ისა და დ.ყ–ის წარმომადგენელს და არა მათ უფლებამონაცვლეს.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს 2022 წლის 31 მაისს ჩაბარდა.
2022 წლის 10 ივნისს კასატორების წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს კვლავ მომართა განცხადებით და მოითხოვა საქმის შეჩერება, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს წინამდებარე საქმესთან დაკავშირებული დავა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განჩინებით ნ.ყ–სა და დ.ყ–ს კვლავ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის – 1 312,81 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი კასატორების წარმომადგენელს 2022 წლის 31 მაისს (იხ. ტ.2 , ს.ფ.114) ჩაბარდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიიჩნევა უფლებამოსილი პირისათვის და შესაბამისად მხარისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორთათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში 2022 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამავე წლის 10 ივნისს ამოიწურა. მართალია, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში კასატორების წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თუმცა ხარვეზი არ შევსებულა, განცხადებაში არც ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზებია ასახული, განცხადება ზოგადი ხასიათის შეფასებებს შეიცავს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესის მონაწილე მეორე მხარის ინტერესის შელახვა. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენიდან (2022 წლის 1 აპრილი) გასულია 2 თვეზე მეტი, რაც გონივრული ვადაა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხების მოძიებისათვის. ამასთან, კასატორებს ხარვეზის შევსების ვადა არაერთხელ გაუგრძელდათ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდიათ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 10 ივნისს წარმოდგენილი განცხადების ფარგლებში კასატორების წარმომადგენელი არ მიუთითებს ბაჟის გადაუხდელობის მიზეზებზე, განცხადება არც რაიმე სახის შუამდგომლობას შეიცავს, გარდა საქმის შეჩერებისა (იხ. ტ.2, ს.ფ. 115-118).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი გამოსწორებული არ არის, შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა. რაც შეეხება შუამდგომლობას საქმის შეჩერებასთან დაკავშირებით, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ყ–ისა და დ.ყ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ყ–ისა და დ.ყ–ის შუამდგომლობა საქმის შეჩერების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე