ა-2094-შ-60-2022
11 ივლისი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - გ.ხ–ა
მოწინააღმდეგე მხარე - ტ.ხ-ნ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს
- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. გოპინგენის სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება N10F291/21
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. გოპინგენის სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, გ.ხ–ას განცხადების საფუძველზე, 09.01.2012 წელს საქართველოში, ვაკის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული მხარეთა შორის ქორწინება (ქორწინების რეესტრი N03201230248) შეწყდა; ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის საკითხი არ განხილულა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილს, შუამდგომლობით მომართა გ.ხ–ამ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობაზე დართული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2022 წლის 16 მარტიდან, თუმცა დოკუმენტები წარმოდგენილი იყო ასლის სახით.
2022 წლის 10 მაისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა გადაწყვეტილების დედანი.
2022 წლის 17 მაისს, გ.ხ–ამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ წარმოდგენილი გადაწყვეტილება არის დედანი და ის ჩაბარდა გერმანიაში საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ, როგორც დავის ერთ-ერთ მხარეს.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და საბოლოოა. ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ პროცესში მონაწილეობდა მოწინააღდეგე მხარე ხ-ნ–ვას წარმომადგენელი-მეურვე. ამასთან, საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტაციას ერთვის, დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი გ.ხ–ა არის საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით გ.ხ–ას შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. გოპინგენის სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის N10F291/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას თანდართული მასალებით და მიაჩნია, რომ გ.ხ–ას შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. გოპინგენის სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის N10F291/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ. გოპინგენის სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის N10F291/21 გადაწყვეტილებით 09.01.2012 წელს საქართველოში, ვაკის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული გ.ხ–ასა და ტ.ხ-ნ–ვა შორის ქორწინება (ქორწინების რეესტრი N03201230248) შეწყდა; ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის საკითხი არ განხილულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. გოპინგენის სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის N10F291/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ხ–ას შუამდგომლობა ქ. გოპინგენის სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის N10F291/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ქ. გოპინგენის სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის N10F291/21 გადაწყვეტილება, რომლითაც 09.01.2012 წელს საქართველოში, ვაკის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული გ.ხ–ასა და ტ.ხ-ნ–ვა შორის ქორწინება (ქორწინების რეესტრი N03201230248) შეწყდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თ. ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე