Facebook Twitter

საქმე №ა-828-17-ა-2022 18 ივლისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა დისტანციურად

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

განმცხადებელი – ნ.ყ–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ხ.უ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ლ–ნი (მოსარჩელე)

განცხადების ავტორის მოთხოვნა –საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინების გაუქმება და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით შ.ლ–ნის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნ.ყ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან განმცხადებელი) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდა და კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 175 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

5. საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს, მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, გაეგზავნა ორჯერ, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა. საფოსტო უკუგზავნილებზე კურიერმა აღნიშნა, რომ მისამართი არ იყო სრული და სოფლის მოსახლეობაში გაკითხვით ადრესატი არ მოიძებნა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

7. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული 2021 წლის 11 მაისის და 13 აგვისტოს უკუგზავნილებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების ასლი კასატორს, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (წყალტუბო, სოფელი .........) გაეგზავნა ორჯერ, თუმცა ვერ ჩაჰბარდა, კურიერის განცხადებით აღნიშნულ სოფელში ადრესატი არ ცხოვრობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 71-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის თანახმად, თუ მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის საფუძველზე, ჩაბარებულად უნდა ჩათვლილიყო. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

8. უზენაეს სასამართლოს, 2022 წლის 25 თებერვალს, კასატორმა განცხადებით მომართა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

9. განმცხადებლის განმარტებით, მას შემდეგ რაც მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, უზენაესი სასამართლოდან შეტყობინებას ელოდა. კასატორის განმარტებით, ის და თავისი წარმომადგენელი რამდენჯერმე დაუკავშირდნენ მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა სასამართლოდან პასუხობდნენ, რომ ბევრი საქმე იყო და განჩინებას უნდა დალოდებოდნენ. საბოლოოდ კასატორს უზენაესი სასამართლოდან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინება ჩაჰბარდა, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით.

10. განმცხადებელის განმარტებით, აშკარად ვიღაცის განზრახ ან გაუფრთხილებლობით, დაუდევრობით შეილახა მისი კონსტიტუციური უფლება, ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით. კასატორის ინტერესებში იყო ბაჟის გადახდა და საკასაციო საჩივრის განხილვა. კასატორის განმარტებით, მას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ასლი ზუსტად იმ მისამართზე ჩაჰბარდა, სადაც დაბადებიდან ცხოვრობს და სხვა საცხოვრებელი არ აქვს. მისთვის გაუგებარია, რატომ მიუთითა კურიერმა თითქოს ადრესატი სოფელში არ ცხოვრობდა.

11. მოპასუხის განცხადებას ერთვის ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რომლის თანახმადაც განმცხადებელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ 1963 წლიდან დღემდე ცხოვრობს.

12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2022 წლის 30 მარტს, განცხადებით მომართა კასატორმა და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე აღსრულების შეჩერება მოითხოვა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის საქმის წარმოების განახლება აზრს დაკარგავდა. განცხადებას ერთვის პასუხი აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროდან, რომლის თანახმადაც მოპასუხის საქმე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, თუმცა აუქციონი ჯერ ჩანიშნული არ არის.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხის (აპელანტის) განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად. მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) გაეგზავნა განცხადების ასლი და განესაზღვრა ვადა წერილობითი პასუხის წარმოსადგენად. მოსარჩელეს გზავნილი 2022 წლის 21 აპრილს პირადად ჩაჰბარდა, თუმცა მას სასამართლოსათვის წერილობითი პასუხი არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლოს, 2022 წლის 6 მაისს, შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა, რომ სასამართლოს მიერ ტ-ე. ფოსტიდან გამოთხოვილ იქნას 2021 წლის 11 მაისისა და 13 აგვისტოს გზავნილების ასლი, ასევე, ინფორმაცია კურიერის შესახებ, სახელი და გვარის მითითებით, ვინც ეს უკუგზავნილები შეადგინა. განმცხადებელმა, ასევე, სასამართლოს წინაშე ფოსტის იმ თანამშრომლის დაკითხვა მოითხოვა, ვინც ეს უკუგზავნილები შეადგინა. განმცხადებლის მითითებით, მან ფოსტას წერილობით მიმართა, ფოსტიდან კი პასუხი არ მიუღია. შუამდგომლობას ახლავს მოპასუხის განცხადება და პასუხი შპს „ს.ფ–დან“, რომლის თანახმადაც მოპასუხის განცხადება ტ–ი ფოსტას 2022 წლის 25 თებერვალს ჩაჰბარდა.

15. საკასაციო სასამართლოში, 2022 წლის 18 ივლისს, დისტანციურ რეჟიმში, გამართულ სასამართლო სხდომაზე განმცხადებელის წარმომადგენელმა უარი განაცხადა მის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე (იხ. ამ განჩინების მე-12 და მე-14 პუნქტები) და მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც ამ განჩინების 9-11 პუნქტებშია ასახული. თავის მხრივ, განმცხადებლის მოწინააღმდეგე მხარემ - შ.ლ–ნმა დაუსაბუთებლად მიიჩნია ნ.ყ–ის მოთხოვნა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით იმოქმედა საკასაციო სასამართლომ და არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მოპასუხის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

17. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მას საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია, რადგან ფოსტის კურიერმა შეცდომით მიუთითა საფოსტო უკუგზავნილზე თითქოს ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა. შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა განუხილველად დატოვებული.

18. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:

- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ N ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N 2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების /საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას/ გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ასევე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის /თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას/ გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).

21. საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N 3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).

22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებაში, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი N 18156/05), მითითებულია, რომ კანონის უზენაესობის ერთერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (ბრუმანესკუ რუმინეთის წინააღმდეგ, 28342/95). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით. გარდა ამისა, საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ N 1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას (იხ. სხვათა შორის, ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, N 59498/00).

23. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგია ის, რომ იგი სავალდებულოა, მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, მათ შორისაა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში „a priori“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას.

25. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში მოხმობილი არგუმენტი არის საკვანძო საკითხი, რის გამოც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო განცხადების განხილვის დროს ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყვიტოს საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.

27. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის პრეტენზია წარმოშობს იმის საფუძველს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება, მოპასუხის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, გაუქმდეს და საქმის წარმოება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განახლდეს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ იგი საქმეში მითითებულ მისამართზე ცხოვრობს, საფოსტო უკუგზავნილზე კი შეცდომით იქნა მითითებული, თითქოს კასატორი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა. ამასთან საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ საქმისწარმოების ყველა ეტაპზე მოპასუხეს სასამართლოს გზავნილები ჩაბარებული აქვს ერთადერთ მისამართზე: წყალტუბო, სოფ. ..........

28. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება, რაც სადავო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი შემთხვევა არის სწორედ ისეთი შემთხვევა, რაც განმცხადებლისათვის საპროცესო სამართლებრივად ხელსაყრელი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანას განაპირობებს, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, საკასაციო სასამართლოს წარმოებაშიც კი არ მიუღია განმცხადებლის საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, არ შეუფასებია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა, რაც გასაჩივრების ფუნდამენტურ უფლებას უკავშირდება სასამართლო გზით უფლების დაცვის დროს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ხელახლა უნდა განესაზღვროს, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია კასატორისათვის, რომელსაც კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 421-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ყ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს ნ.ყ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

მ. ერემაძე