3გ-ად-34-გ-02 27 ნოემბერი, 2002 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის სამგორის რაიონის სასამართლომ 1999წ. 2 მარტს განიხილა სს “მ.-ის” აქციონერთა ნაწილის სარჩელი მოპასუხეების: სს “მ.-ის” გენერალური დირექტორ მ. ა.-ის, სს კორპორაცია “ა.-სა” და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, სს “მ.-ის” პრივატიზებისა და სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ბათილად ცნობის შესახებ და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნას სს “მ.-ის” პრივატიზების ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნა არ განხილულა იმის გამო, რომ მოსარჩელეებმა სარჩელის ამ ნაწილში მოთხოვნაზე უარი თქვეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში, რის შემდეგაც შევიდა კანონიერ ძალაში.
2001წ. 25 ოქტომბერს ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ს. ბ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999წ. 2 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
განმცხადებელი თვლიდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ემყარებოდა ყალბ დოკუმენტებს, კერძოდ, სს “მ.-ის” 1995წ. 10 და 27 მარტის აქციონერთა საერთო კრებების ¹1 და ¹2 ოქმებიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგებს. განმცხადებლის განმარტებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების სასამართლოში შეტანის დროისათვის ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული კრებები არ ჩატარებულა და ¹1, ¹2 კრების ოქმები გაყალბებული იყო.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999წ. 2 მარტის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
ამასთან დაკავშირებით, ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა: ს. ბ.-მ, გ. ხ.-მ, შ. ო.-მ და სხვებმა მოპასუხეების: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და სს “ა.-ს” მიმართ.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა დააკონკრეტეს სასარჩელო მოთხოვნები და ითხოვეს: სს “მ.-ის” პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებით გამოტანილი აქტების ბათილად ცნობა; საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 27 ივნისის ¹328 ბრძანებულების საფუძველზე ჩატარებული ნულოვანი აუქციონისა და მისი შედეგების გაუქმება; საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 29 დეკემბრის ¹38 26.404 დადგენილების საფუძველზე მიღებული და დამტკიცებული სამრეწველო საწარმოთა კომბინატ “ს.-ის” პრივატიზების გეგმის შესრულება.
იმავე სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა განსჯადობის მიხედვით საქმის განსახილველად გადაგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში, რადგანაც დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ჩატარებული ნულოვანი აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობას.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 ივნისის დადგენილებით საქმე განსახილველად განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 9 აგვისტოს მიიღო განჩინება, რომლითაც მოცემული საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ, ვინაიდან მოსარჩელეები ითხოვენ არა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმებას, არამედ მათ საფუძველზე ჩატარებული ნულოვანი აუქციონისა და მისი შედეგების გაუქმებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რაიონული და საოლქო სასამართლოების განჩინებების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე არის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განსჯადი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად თბილისის საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველი არ არის საწარმოს პრივატიზების ბათილად ცნობა, რადგანაც პრივატიზება არის ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შემდეგაც სახელმწიფო აღარ არის აღნიშნული ქონების მესაკუთრე. ამდენად, პრივატიზება სამართლებრივად ადმინისტრაციული გარიგებაა, სადაც კონტრაჰენტი სახელმწიფოა, ადმინისტრაციული ორგანოს _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახით, რომელიც სკ-ს 24-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლების თანახმად კერძო სამართლებრივ და კორპორაციულ ურთიერთობებში გამოდის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. კერძოსამართლებრივი და კორპორაციული ურთიერთობები კი დამყარებულია, არა მხარეთა ადმინისტრირების, არამედ თანასწორუფლებიან პარტნიორთა ნებაყოფლობით ურთიერთობაზე.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 27 ივნისის ¹328 ბრძანებულების საფუძველზე ჩატარებული ნულოვანი აუქციონისა და მისი შედეგების გაუქმებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აუქციონისა და მისი შედეგების კანონიერების გარკვევის საკითხი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად არ არის თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადი, რადგანაც აუქციონი თავისი სამართლებრივი ბუნებით გარიგებაა, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ნულოვანი აუქციონი არის ადმინისტრაციული გარიგება. შესაბამისად, სარჩელის ფასი არ აღემატება 500000 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, იგი საოლქო სასამართლოს განსჯადი არ არის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეები არ ითხოვენ იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებას, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტებითაა გათვალისწინებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიცემული დავა არის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განსჯადი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ბ.-ის, გ. ხ.-ის, შ. ო.-ის სარჩელი მოპასუხეების: სს “მ.-ის” გენერალურ დირექტორ მ. ა.-ის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სს კორპორაცია “ა.-ს” მიმართ, სს “მ.-ის” პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებით გამოტანილი აქტების ბათილად ცნობის, ნულოვანი აუქციონისა და მისი შედეგების გაუქმების, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1994წ. 29 დეკემბრის ¹38.28.404 დადგენილების საფუძველზე მიღებული და დამტკიცებული სამრეწველო საწარმოთა კომბინატ “ს.-ის” პრივატიზების გეგმის შესრულების თაობაზე, განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.
2. მოცემული საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.