საქმე №ა-2679-შ-76-2022 28 ივნისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ე.ფ. გიზი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ე.ნ. ოღლი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს სურახანის რაიონის სასამართლოს 2021 წლის 5 მაისის #2(010)-1869-2021 გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს სურახანის რაიონის სასამართლოს 2021 წლის 5 მაისის #2(010)-1869-2021 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ე.ი–ვას (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ე.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; ქ. ბაქოს სურახანის რაიონის სასამართლოს 2(010)-1066/2019 ნომრის 01.02.2019 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფილი ალიმენტის რაოდენობა შეიცვალა და ბავშვის - 2011 წლის 22 ივნისს დაბადებული ი.ა.ე. გიზის შესანახად, მოპასუხეს დაეკისრა, ყოველთვე 175 მანეთის ალიმენტის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხისაგან ჩამოსაჭრელი ალიმენტის ოდენობა დაანგარიშებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების კანონიერად ძალაში შესვლის დღიდან; შეცვლილი ალიმენტის თანხის ჩამოჭრა, დაანგარიშებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ასევე, დასტურდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო უცხო ქვეყნის სასამართლოში გასამართი სხდომის თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის თაობაზე, მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოში საქმის განხილვას არ ესწრებოდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
3. საკასაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, 2022 წლის 30 მაისს, აღძრული შუამდგომლობით ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებაა მოთხოვნილი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.
5. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს. მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნილი გზავნილი, მოპასუხის დედას 2022 წლის 9 ივნისს ჩაჰბარდა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1-ე მუხლის შესაბამისად გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად მიიჩნევა.
7. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაშია 1997 წლის 18 თებერვლიდან) ("ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
8. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროის, თარიღისა და განხილვის ადგილმდებარეობის შესახებ, რაც არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.
9. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სახელმწიფო ნოტარიატის ორგანოებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ მათში, აღძრან შუამდგომლობა და წარადგინონ სარჩელი, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა.
10. ამავე ხელშეკრულების მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, კერძოდ, 42-46 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულებისა და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 44-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად.
12. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები არ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.
13. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა 42-46 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ე.ფ. გიზის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს სურახანის რაიონის სასამართლოს 2021 წლის 5 მაისის #2(010)-1869-2021 გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ე.ფ. გიზის სარჩელი გ.ე.ნ. ოღლის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; ქ. ბაქოს სურახანის რაიონის სასამართლოს 2(010)-1066/2019 ნომრის 01.02.2019 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფილი ალიმენტის რაოდენობა შეიცვალა და ბავშვის - 2011 წლის 22 ივნისს დაბადებული ი.ა.ე. გიზის შესანახად, გ.ე.ნ. ოღლის დაეკისრა, ყოველთვე 175 მანეთის ალიმენტის გადახდა, ი.ე.ფ. გიზის სასარგებლოდ; გ.ე.ნ. ოღლისაგან ჩამოსაჭრელი ალიმენტის ოდენობა დაანგარიშებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების კანონიერად ძალაში შესვლის დღიდან; შეცვლილი ალიმენტის თანხის ჩამოჭრა, დაანგარიშებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე