Facebook Twitter

საქმე №ას-420-2021 1 აპრილი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი – გ.ზ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ი–ო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

II კასატორი - ნ.ი–ო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ზ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,

დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ნ.ი–ოს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ.ი–ოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მათ შორის ალიმენტის განსაზღვრა - 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში

დავის საგანი – არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, მშობლის უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვა (ძირითად სარჩელში), ალიმენტის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის უარყოფა/ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ.ზ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი ან არასრულწლოვნის მამა) თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელეს საქართველოში ყოფნისას არასრულწლოვან შვილთან - 2013 წლის 1 ოქტომბერს დაბადებულ ა.ზ–თან (შემდეგში: ბავშვი ან არასრულწლოვანი) - 10 წლამდე /იგულისხმება ათ წლამდე ასაკი/ ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: ა) ყოველი კვირის ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა დღის 14:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან /სწავლის შემთხვევაში/- იმავე დღის 20:00 საათამდე, არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის, ნ.ი–ოს (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან არასრულწლოვნის დედა) საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. ზემოაღნიშნული ურთიერთის წესი /იხ. 1.1 პუნქტი/ არ ვრცელდება ზამთრის არდადეგების და ზაფხულის არდადეგების ივლის-აგვისტოს პერიოდზე.. ზამთრის არდადეგების პერიოდში /იგულისხმება ბავშვის 8-10 წლამადე ასაკი/ მამა-შვილის ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით: 4 იანვარს დღის 12:00 საათზე წაყვანის და იმავე დღის 20:00 საათზე დაბრუნების ვალდებულებით, ასევე 5 იანვარს 12:00 საათიდან - 8 იანვრამდე წაყვანის და უკან დაბრუნების ვალდებულებით. ზაფხულის არდადეგების პერიოდში /იგულისხმება ბავშვის 8-10 წლამადე ასაკი/ მამა-შვილის ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით: 1 აგვისტოდან 6 აგვისტომდე დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ხოლო 6 აგვისტოდან 12:00 საათიდან 11 აგვისტომდე ღამე დარჩენის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. ბავშვის 10 წლის ასაკიდან ზამთრის არდადეგების პერიოდი მამა-შვილის ურთიერთობის განისაზღვრა შემდეგი სახით: 3 იანვრის 12:00 საათიდან 8 იანვრამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. ბავშვის 10 წლის ასაკიდან ზაფხულის არდადეგების პერიოდი მამა-შვილის ურთიერთობის განისაზღვრა შემდეგი სახით: 1 აგვისტოს 12:00 საათიდან -10 აგვისტომდე- არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. მოსარჩელეს საქართველოში ყოფნისას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა 10 წლის ასაკიდან განისაზღვრა შემდეგი სახით: ოთხშაბათს დღის 11:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, ხუთშაბათი დღის 11:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან /სწავლის შემთხვევაში/ შაბათი დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესი /იხ. 1.7 პუნქტი/ არ მოქმედებს ზამთრის არდადეგების და ზაფხულის არდადეგების ივლის-აგვისტოს თვის პერიოდზე. გარდა ზემოაღნიშნული დადგენილი მამა-შვილის ურთიერთობის წესის /იხ.1.1-1.8 პუნქტები/ ბავშვის ურთიერთობა მამასთან - განისაზღვრა ყოველი წლის 29 ნოემბერს, 12 დეკემბერს, 17 სექტემბერს და 23 სექტემბერს დღის 11:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან იმავე დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. მოსარჩელის საქართველოში ყოფნისას, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ვერ შეძლებს დათქმულ დროს არასრულწლოვანი შვილის წასაყვანად დედის საცხოვრებელ ადგილას მისვლას, მამა ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წინა დღის 22:00 საათამდე შეატყობინოს სატელეფონო შეტყობინების გზით (,,სმს შეტყობინება“) ბავშვის დედას. არასრულწლოვნის მამა ვალდებულია, საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია სატელეფონო შეტყობინების /,,სმს შეტყობინება“/ გზით აცნობოს არასრულწლოვნის დედას არა ნაკლებ 4-5 დღით ადრე. დადგენილი ურთიერთობის წესი /მამა-შვილის ურთიერთობის/ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა /მოსარჩელე და მოპასუხე/ ურთიერთშეთანხმებით. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის, არასრულწლოვანი შვილის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში- არ დაკმაყოფილდა. ხოლო მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მამას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 1 200 (ათას ორასი) ლარი, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 30 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის (არასრულწლოვნის დედის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1., 1.3. და 1.7. პუნქტების შეცვლით და 1.9 პუნქტის გაუქმებით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1., 1.3. და 1.7. პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,1.1. მოსარჩელის საქართველოში ყოფნისას არასრულწლოვან შვილთან, 10 წლამდე (იგულისხმება ათ წლამდე ასაკი) ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) ყოველი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, დღის განმავლობაში, 4 საათის მანძილზე, ბავშვის წაყვანისა და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. 1.3. ზამთრის არდადეგების პერიოდში (იგულისხმება ბავშვის 8-10 წლამადე ასაკი) მამა-შვილის ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ბავშვის სურვილის არსებობის შემთხვევაში, 4 იანვარს დღის 12:00 საათზე წაყვანის და იმავე დღის 20:00 საათზე დაბრუნების ვალდებულებით, ასევე 5 იანვარს 12:00 საათიდან - 8 იანვრამდე წაყვანის და უკან დაბრუნების ვალდებულებით. 1.7. მოსარჩელის საქართველოში ყოფნისას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა, 10 წლის ასაკიდან განისაზღვროს შემდეგი სახით: ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, დღის განმავლობაში 6 საათის მანძილზე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.9. პუნქტი გაუქმდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2013 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 1 ოქტომბერს შეეძინათ შვილი;

3.2. მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად;

3.3. სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა არასრულწლოვნის დედის საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ცხოვრობს შვილთან ერთად. მათთან ცხოვრობს ბავშვის ბებიაც. ვიზიტის დროს, ბავშვი იყო მოვლილი, ეცვა სეზონის შესაბამისად. არასრულწლოვანს აქვს ჩამოყალიბებული სიახლოვის გრძნობა დედის მიმართ და დედა ადასტურებს, რომ ბავშვს ასევე უყვარს მამაც. მოპასუხის საცხოვრებელში იკვეთება ბავშვის კუთხე აღჭურვილი ასაკის შესაბამისი განვითარების ინდივიდუალური ნივთებით;

3.4. მოსარჩელის (ბავშვის მამის) საცხოვრებელ სახლი შედგება სამი იზოლირებული ოთახისაგან, სადაც წესრიგი და სისუფთავეა, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვის ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური განვითარების ნივთებით და ასაკის შესაბამისი სათამაშოებით. ოჯახს ჰყავს თანადგომის ძლიერი ქსელი (მშობლები, ძმა, ახლობლები, ნათესავები), რაც მნიშნელოვანია და ხელს უწყობს ბავშვის სოციალიზაციას. ოჯახში შექმნილია კეთილსაიმედო გარემო ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის;

3.5. 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 6 მარტის ჩათვლით მოსარჩელე მოპასუხეს საბანკო ანგარიშზე სისტემატურად ურიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდის მიზნით. ასევე, ამავე პერიოდში მოსარჩელე იხდიდა ბავშვის სხვადასხვა აქტივობების (მათ შორის ტანვარჯიშის) გადასახადს;

3.6. მოპასუხე (მეორე აპელანტი) არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მას და მის არასრულწლოვან შვილს ფინანსურად ეხმარება მოპასუხის ძმა, რომელიც დასაქმებულია საზღვარგარეთ, კერძოდ კი დუბაიში, უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე;

3.7. მოსარჩელეს (პირველი აპელანტი) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. მან სამედიცინო დაწესებულებას მიმართა პროფილაქტიკურ კონსულტაციაზე, არანაირი ჩივილი არ აღენიშნება. პაციენტს არაერთხელ აქვს ჩატარებული სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევა, საიდანაც პათოლოგია არ აღენიშნება;

3.8. მოპასუხეს ჩატარებული აქვს სამედიცინო გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა. ამ ეტაპზე მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს;

3.9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიცია შეეხება იმას, რომ ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია, მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. სოციალური სამსახურის შეფასებით, არ გამოვლენილა რაიმე საფრთხის შემცველი გარემოება, რაც მამასთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრის შემთხვევაში, ბავშვისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა. არასრულწლოვნის დედა არ არის წინააღმდეგი, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, ამ უკანასკნელის საქართველოში ყოფნის პერიოდში შეუზღუდავად ისე, რომ ბავშვს ხელი არ შეეშალოს სწავლის პროცესში, თუმცა დედა არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, ღამით ბავშვის მამასთან დარჩენის შესახებ და მიუთითებს, რომ ბავშვის ასაკისა და დედასთან მიჯაჭვულობის გათვალისწინებით, გარკვეულ ასაკამდე ბავშვი ღამით უნდა იყოს დედასთან. აღნიშნულ მოსაზრებას სრულად იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი და მოცემულ ეტაპზე, არასრულწლოვნის ასაკიდან გამომდინარე არ უწევს რეკომენდაციას ბავშვის მამასთან ღამით დარჩენას. შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბავშვის ასაკის მატებასთან და მისი მხრიდან მზაობის გამოხატვის შემთხვევაში, არასრულწლოვანი ღამითაც დარჩეს მამასთან. ორივე მშობელს შექმნილი აქვს კეთილსაიმედო, დაცული და ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი გარემო;

3.10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და დედასთან არსებული მიჯაჭვულობის (მათ შორის ღამით დედასთან ყოფნა) გათვალისწინებით, ხანგრძლივი დროით ბავშვის დედასთან მოშორება არ იქნება დადებითი გავლენის მომტანი ბავშვისათვის, შესაბამისად, სოციალური სამსახური არ ეთანხმება მოთხოვნას დედისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე;

3.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, მოსარჩელეს 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 18 მარტის მდგომარეობით უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ, კერძოდ, მითითებულ პერიოდში მის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2019 წლის იანვრის თვეში - 15 280.05 ლარს და 654.45 ლარს, თებერვლის თვეში - 85 999.25 ლარს, მარტის თვეში - 15 409.45 ლარს და 3000 ლარს, აპრილის თვეში - 15 502.8 ლარს, აპრილის თვეში - 15 969.6 ლარს, ივნისის თვეში - 16 053.2 ლარს და 1 000 ლარს, ივლისის თვეში - 16 663,1 ლარს და 1 500 ლარს, აგვისტოს თვეში - 16 770.85 ლარს, სექტემბრის თვეში - 17 054.85 ლარს, ოქტომბრის თვეში - 16 952.35 ლარს, ნოემბრის თვეში - 17 086.35 ლარს, 654.45 ლარს და 6743.14 ლარს, დეკემბრის თვეში - 14 520.45 ლარს და 6 743.14 ლარს, 2020 წლის იანვრის თვეში - 16 581.2 ლარს, თებერვლის თვეში - 16 129.95 ლარს და 6 743.14 ლარს;

3.12. სს ,,თ.ბ–ის“ მიერ 06.03.2020 წელს გაცემული ცნობით, ბანკი ადასტურებს, რომ მოსარჩელე (ბავშვის მამა) მუშაობს სს ,,თ.ბ–ში“ IT აუთსორსინგის ლიდერის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 5 844 აშშ დოლარს (16 091.45 ლარს). საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ში“ აღარ არის დასაქმებული და შემოსავალი არ გააჩნია;

3.13. 2018 წლის 18 მაისის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დასაქმებულია შპს ა–ბა ,,... ს–ში“ პროგრამისტის თანამდებობაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის დასაქმებული იღებს შრომის ანაზღაურებას თვეში 4 500 გრივნას. 2017 წლის 14 ოქტომბრის უძრავი ქონების ქირავნობის (იჯარის) ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებელი ბინა (მისამართი ქ. კიევი, ....., ბინა 34) დროებით სარგებლობაში გადაეცა არასრულწლოვნის მამას და ყოველთვიური გადასახდელი ქირა 550 აშშ დოლარით განისაზღვრა. ხოლო 01.11.2019 წლის არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ქირით დროებით სარგებლობაში გადაეცა არასაცხოვრებელი ფართის (ოფისის) ნაწილი, რომელიც მოიცავს ადგილს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ქირის ოდენობა ამ ხელშეკრულებით თვეში 1 900 აშშ დოლარით განისაზღვრა.

4. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა, ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას თავადვე იძლევიან და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით არის გამოწვეული. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ბავშვის უფლებათა კონვენციაშიც ასახულია. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება უზრუნველყონ.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. სსკ-ის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სსკ-ის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმ ფაქტის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას წარმოადგენს არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (სუსგ Nას-458-440-2016, 15.07.2016 წ.).

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას გულისხმობს. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ბავშვის უფლებებს, უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესს მიენიჭოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე „ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ“, (Elsholz v. Germany, N 25735/94, 2000 წლის 31 ივლისი, და „TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, (TK and KM v. UK), N 28945/95, 2001 წლის 10 მაისი).

7. სსკ-ის 1198-ე მუხლით შვილის მიმართ მშობლის მოვალეობებია რეგლამენტირებული. ამ მუხლის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება განსაზღვრონ და ა.შ. მშობელია უფლებამოსილი ბავშვთან დაკავშირებით მიიღოს ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მიზანშეწონილად და გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა, სადავოობის შემთხვევაში, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებების მართებულობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესთან შესაბამისობის დადგენის მოვალეობა ეკისრება.

8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ. ბავშვის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

9. სსკ-ის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. სსკ-ის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

10. კანონმდებლობით გარანტირებულია მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. ეს უფლება გათვალისწინებულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში, რაც განპირობებულია იმით, რომ კანონმდებლობა საოჯახო ურთიერთობების რეგულირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოჯახის ყველა წევრის ურთიერთსიყვარულის, პატივისცემისა და მეგობრობის ატმოსფეროში ბავშვის აღზრდის საკითხს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მშობლის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ინტერესებით ხელმძღვანელობს, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მისი ცხოვრების წესს, დამოკიდებულებას თითოეულ მშობელთან.

11. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

12. განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნის დედა წინააღმდეგია მისმა შვილმა ღამე მამასთან გაატაროს და ამის მიზეზად ასახელებს ბავშის მხრიდან მასთან მიჯაჭვულობას და ბავშვის მიერ საკუთარ თავზე ზრუნვის უნარმოკლებულობას.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 15 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა არასრულწლოვანმა საკმაოდ მკაფიოდ და კონტაქტური საუბრით ჩამოაყალიბა თავისი შეხედულება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მამასთან ყოფნა და ურთიერთობა უყვარს, უნდა მეტ დროს ატარებდეს მასთან (იხ. 15.06.2021 წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 15:13:44 წთ), სურს, რომ ღამეც დარჩეს მასთან (იხ. იქვე, 15:13:45 წთ), მამასთან კარგად ერთობა, ბევრს თამაშობენ, დედაც უკვე მიეჩვია, რომ ბავშვი მამასთან მიდის-ხოლმე (იხ. იქვე, 15:15:27 წთ.), მამასთან ბევრი სათამაშოები აქვს (იხ. იქვე, 15:22:51 წთ.).

14. საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ორივე მშობელს შექმნილი აქვს კეთილსაიმედო, დაცული და ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი გარემო. მშობელთა უფლება-მოვალეოებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს. ბავშვს უფლება აქვს ორივე მშობელთან ჰქონდეს სრულყოფილი ურთიერთობა. ამასთან, გასათვალისწინებელია სოც. სამსახურის პოზიცია მასზედ, რომ ვინაიდან ბავშვს დედასთან აკავშირებს ემოციური კავშირი და დედასთან მიჯაჭვულობა განსაკუთრებით ღამით დაძინებასთან დაკავშირებით, არ იქნება მიზანშეწონილი გარკვეული პერიოდით მოხდეს დედასთან დაშორება. თუკი მშობლები შეთანხმდებიან ბავშვის საზღვარგარეთ დასასვენებლად გაყვანაზე, ამ შემთხვევაში დედაც უნდა იყოს ჩართული. რაც შეეხება ალიმენტის მოთხოვნას, ორივე მშობელი ვალდებულია თავიანთი მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ბავშვი უზრუნველყონ ფინანსურად, რათა შესაბამისად მოხდეს ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილება.

15. საქმეში ჩაბმული ფსიქოლოგის, ხ.ნ–ის განმარტებით, არასრულწლოვანი არის ასაკთან შესაბამისად განვითარებული ბავშვი, ადეკვატური, თავისუფალი ნების გამომხატველი ბუნების, თამამი მოსაუბრე და მისი მსჯელობიდან ნათლად იკვეთება, რომ დედასთან კომფორტულადაა, თუმცა დიდ სიყვარულს ამჟღავნებს მამის მიმართ, მასთან აქვს კარგი ურთიერთობა, თავს კარგად გრძნობს, მოსწონს მასთან დროის გატარება და მამის მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება.

16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შინაარსი გულისხმობს მართლმსაჯულების ისეთ სისტემას, რომელიც ქმნის ბავშვის უფლებათა ეფექტური განხორციელების გარანტიას ბავშვის უფლებათა დაცვის პრინციპების, ბავშვის ინდივიდუალური განვითარების და საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება ნიშნავს მართლმსაჯულებას, რომელიც არის მისაწვდომი, ასაკთან შესაბამისი, სწრაფი, თანმიმდევრული, ბავშვის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებული. ესაა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას სამართლიანი სასამართლო პროცესის, სასამართლო პროცესში მონაწილეობისა და ინფორმირების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პატივისა და ღირსების პატივისცემის შესახებ (იხ. განმარტებები ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო მითითებები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ). ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ძირითად ელემენტს წარმოადგენს ბავშვის უფლება, იყოს მოსმენილი. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ და სხვა სამართლებრივი აქტები იცავს რა ბავშვთა ინტერესებს და ახორციელებს მათი უფლებების დაცვას, განამტკიცებს, რომ მათი მიზანია ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთესი უზრუნველყოფა.

17. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, N 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ). ამასთან, ბავშვის უფლებათა კომიტეტის „ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების შესახებ“ ზოგადი კომენტარის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება სამგანზომილებიანია და მოიცავს მატერიალურ უფლებას: ბავშვის (ბავშვთა ჯგუფის, ზოგადად ბავშვების) უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება მასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპს: თუ ეროვნულ კანონში სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების საშუალებას, გამოყენებული უნდა იქნას ის განმარტება, რომელიც ყველაზე მეტად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს; და საპროცესო ნორმას: ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს.

18. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარდგენილი მასალებით, მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებებით და არასრულწლოვანთან გასაუბრების ოქმებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი და სურვილი ნამდვილად მდგომარეობს მამასთან ურთიერთობაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ბავშვის ასაკი, ფსიქოლოგთა დასკვნები, მხარეთა და სოციალური მუშაკის ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ მეორე აპელანტმა (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ნაწილობრივ დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ (თავდაპირველი მოსარჩელე) ამ ნაწილში ვერ დაუმტკიცა სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომდაასკვნა, რომ მეორე აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი მამასა და შვილს შორის ურთიერთობის წესი უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ, სარეზოლუციო ნაწილის 1.9. პუნქტი გაუქმდეს, ხოლო 1.1., 1.3. და 1.7. პუნქტები ჩამოყალიბდეს იმ სახით, რაც წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტშია ასახული.

19. რაც შეეხება არასრულწლოვნის მამის სააპელაციო საჩივარსა და არასრულწლოვნის დედის სააპელაციო საჩივრის შედავებას ალიმენტის ოდენობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი აპელანტის პოზიცია, რომ მამისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი ოდენობა საკმარისია.

20. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. სსკ-ის 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

21. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსკ-ის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სსკ-ის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ მუშაობს და მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

23. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის (იხ. ას-1011-931-2017, 16.01.2018 წ.).

24. მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც უმუშევარია, ამასთან, არასრულწლოვანი არის სკოლის ასაკის, დადის სხვადასხვა წრეზე და მის გაზრდაში დედას ეხმარება ძმა, მეორე მხრივ კი, სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვნის მამა დასაქმებულია, მას სტაბილური და სოლიდური შემოსავალი აქვს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ასაკიდან გამომდინარე, მისი საჭიროებებისა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციასა და სსკ-ის შესაბამისი მუხლების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა სავსებით საკმარისია და უზრუნველჰყოფს ბავშვის რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ ხარჯებს.

25. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს, მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა. სახელმწიფო ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.

26. შესაბამისად, არასრულწლოვნის საჭიროებებისათვის დანახარჯების მშობლებს შორის პროპორციულად განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის ალიმენტის სახით 1 200 ლარის დაკისრება გონივრული და მიზანშეწონილია და, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის დასაბუთებულობას, აპელანტთა შედავება, ერთი მხრივ, ალიმენტის თანხის შემცირების, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ნაწილში, არგუმენტირებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს.

27. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს როგორც არასრულწლოვნის მამამ, ასევე- დედამ.

27.1. პირველმა კასატორმა მოითხოვა ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის N 2ბ/597-21 გადაწყვეტილება მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილების 1.1., 1.3. და 1.7. პუნქტების შეცვლის და 1.9. პუნქტის გაუქმების ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს N2/21533-19 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1., 1.3., 1.7. და 1.9. პუნქტები დარჩეს უცვლელი;

27.2. პირველი კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის წარმოდგენილი არანაირი დასაბუთება ან ფაქტები, რამაც განაპირობა მამის შვილთან კომუნიკაციის დროის შეუსაბამოდ შემცირება, მით უმეტეს, რომ მოსარჩელეს წლის განმავლობაში სამსახურეობრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე, დიდი დროის გატარება უწევს მივლინებაში, საზღვარგარეთ, რაც ისედაც ამცირებს შვილთან კომუნიკაციის დროს. საკასაციო სასამართლომ ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სამართლოს მიერ შეიზღუდა არასრულწლოვნის ნათესავებთან ურთიერთობის უფლება, ბავშვს ფაქტობრივად წაერთვა მამის, ბიძის და ბებია-ბაბუის დაბადების დღეებზე სტუმრობის შესაძლებლობა და აღნიშნულიც, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე. ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და თავად ბავშვის მოსაზრებების მიუხედავად სასამართლომ ღამით დარჩენა არც კი განიხილა და დღისით ურთიერთობის დროც მინიმუმამდე დაიყვანა, კვირაში სამი დღე მხოლოდ 4-4 საათით დაუშვა მამა-შვილის ურთიერთბა. არ გაითვალისწინა არც ის გარემოება, რომ მოსარჩელე სამსახურებრივი ვალდებულებების გამო ხშირად იმყოფება მივლინებით საზღვარგარეთ. ბავშვს ისედაც ენატრება მამა და, გარდა იმისა რომ მივლინებაში ყოფნის დროს დედა ტელეფონითაც კი არ ალაპარაკებს მამა-შვილს, ბავშვმა მამის საქართველოში ყოფნის პერიოდშიც ვერ უნდა ნახოს საკუთარი მშობელი კვირაში სამი დღე 4-4 საათზე მეტი დროით. ასევე გაუგებარი და დაუსაბუთებელიარატომ ამოიღო სასამართლომ ნახვის დღეებიდან პარასკევი და კვირა და დატოვა მხოლოდ სამი დღე. საყურადღებოა ისიც, რომ შაბათ დღესაც, როდესაც ბავშვს თავისუფალი დრო აქვს და შესაბამისად მეტი შესაძლებლობა მამასთან კომუნიკაციისათვის, განსაზღვრულია კვლავ ნახვის 4 საათი და დრო გაზრდილი არ არის. აღნიშნული კიდევ უფრო უკანონოა იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით თავად ბავშვის დედაც კი თანახმა იყო რომ შაბათი ან კვირა დღე დღის 2 საათიდან საღამოს 8 საათამდე ბავშვს მამასთან გაეტარებინა. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის მოცემული დასაბუთება, თუ რატომ გასცდა სააპელაციო მოთხოვნას და შეზღუდა მამა-შვილის უფლებები;

27.3. პირველი კასატორი კვლავ მიიჩნევს, რომ ალიმეტის სახით 1 200 ლარის დაკისრება სცდება ბავშვის საჭიროებებს და ემსგავსება ყოფილი მეუღლის რჩენას, რომელიც უარს აცხადებს დასაქმდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის დედა ფაქტობრივად არ ასრულებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, არჩინოს საკუთარი შვილი, პირველი კასატორი საკასაციო სასამართლოში სადავოდ აღარ ხდის ალიმენტის ოდენობას, არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით;

27.4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ არაერთხელ შეამოწმა როგორც დედის, ისე მამის საცხოვრებელი ადგილები და ორივე მშობლის მიმართ გაცემულია დადებითი დასკვნა, შესაბამისად ბავშვს შეუძლია დარჩეს როგორც დედასთან, ისე - მამასთან. სოციალური მუშაკის განცხადებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 10 წლიდან ბავშვს შეუძლია მამასთან ღამით დარჩენა. სოციალურმა მუშაკმა განმარტა, რომ მოპასუხის წარმომადგენელს ვერ დაეთანხმება ბავშვის სქესზე მითითებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ოჯახში განსხვავებული სქესის წარმომადგენლებს ერთად უწევთ ცხოვრება და სქესი არ აბრკოლებს თანაცხოვრებას. ასევე მიუთითა, რომ შესაძლოა ბავშვს ახლა არ შეუძლია საკუთარი თავის დამოუკიდებლად მოვლა (იგულისხმება პირადი ჰიგიენა), თუმცა 10 წლიდან ბავშვი ამას შეძლებს და, სურვილის შემთხვევაში ,მას უნდა შეეძლოს მამასთან ღამით დარჩენა;

27.5. მეორე კასატორის მოთხოვნაა ნაწილობრივ გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, გაუქმებული ნაწილების ნაცვლად, მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; დანარჩენ ნაწილებში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

27.6. მეორე კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა არასრულწლოვნის საჭიროებები, რაზეც შეგებებული სარჩელით მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში უთითებდა. ასევე, მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ არასრულწლოვნის მამის ხელფასი განსაზღვრულია მყარ ვალუტაში და მისი ოდენობა 5 000 აშშ დოლარზე მეტია, საიდანაც მესამედ ნაწილზე ნაკლები ოდენობის - 2 000 აშშ დოლარის მოთხოვნა ალიმენტის სახით არის სრულიად სამართლიანი და ლოგიკური არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით;

27.7. მეორე კასატორის განმარტებით სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს ხაზგასმით მიუთითა, რომ არასრულწლოვნის მამასთან ურთიერთობი წესის განსაზღვრის დროს ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში მითითებული იქნებოდა ფრაზა „არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში“, მაგრამ სასამართლომ ეს ფრაზა არც ერთ პუნქტში არ მიუთითა, რითაც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შეეწინააღმდეგა.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (პირველი კასატორის) საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის (მეორე კასატორის) საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

29. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, პირველ კასატორს ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი, ხოლო მეორე კასატორის შედავება დაუსაბუთებელია.

30. საკასაციო სასამართლო პირველი კასატორის (ბავშვის მამის) პრეტენზიებს იმ ნაწილში იზიარებს, რაც წინამდებარე გადაწყვეტილების 27.2 ქვეპუნქტშია აღნიშნული. საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებსა და მითითებებს ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე (იხ. ამ გადაწყვეტილების 4-11, 16-17 პუნქტები) და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში უნდა შეიცვალოს, რომლითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.9 ქვეპუნქტი შეიცვალა და ბავშვის ნახვის დღეები ახლებურად დადგინდა (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი). საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას, რომ მამას შვილთან ურთიერთობის დრო გაუმართლებლად შეუმცირდა, რითაც ბავშვის მამისათვის შვილთან ურთიერთობის საკითხი ნაწილობრივ გაუარესდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის დედას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში სადავოდ არ გაუხდია. აქედან გამომდინარე, პირველი კასატორის პრეტენზია ოჯახის სხვა წევრების დაბადების დღეებზე, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის დასწრების თაობაზე გაზიარებულია შემდეგი სახით: ყოველი წლის 29 ნოემბერს, 12 დეკემბერს, 17 სექტემბერს და 23 სექტემბერს 16:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან იმავე დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის მამის მიერ წაყვანისა და უკან დედის, ნ.ი–ოს საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. საკასაციო სასამართლოს პირველი კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში დასაბუთებულად მიაჩნია და უნდა დაკმაყოფილდეს.

31. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა კონვენციამ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს“ (იხ. სუსგ N ას-440-2020, 13.04.2021წ.).

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინეტერსებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისაგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში - მამასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მამას ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (სუსგ-ები: N ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ.).

33. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდეს მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები: Nას-198-2019, 28.05.2019წ.; N ას-440-2020, 13.04.2021წ.).

34. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის უფლება (სსკ-ის 1205-1206 მუხლები). ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პიროების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება (შეადრ. სუსგ #ას-434-2021, 30.07.21 წ.).

35. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მეორე კასატორის (ბავშვის დედის) პრეტენზიას არასრულწლოვნის მამისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებაზე მიუთითებს, რომლითაც შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის ყოველთვიურად 1 200 ლარის ალიმენტის დაკისრება სამართლიანად და გონივრულად იქნა მიჩნეული (იხ. ამ გადაწყვეტილების 20-26 პუნქტები).

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

37. ზემოხსენებული მოტივაციით, ბავშვის მამის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.9. პუნქტი კი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.9. გარდა ზემოაღნიშნული დადგენილი მამა-შვილის ურთიერთობის წესის /იხ.1.1-1.8 პუნქტები/ ბავშვის ურთიერთობა მამასთან - განისაზღვროს, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, ყოველი წლის 29 ნოემბერს, 12 დეკემბერს, 17 სექტემბერს და 23 სექტემბერს 16:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან იმავე დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით“; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

38. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომელშიც მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან, არ არსებობს მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ.ი–ოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გ.ზ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.2 პუნქტი გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.9. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.9. გარდა ზემოაღნიშნული დადგენილი მამა-შვილის ურთიერთობის წესის /იხ.1.1-1.8 პუნქტები/ ა.ზ–ის ურთიერთობა მამასთან-გ.ზ–თან /პ/ნ ...../ - განისაზღვროს, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, ყოველი წლის 29 ნოემბერს, 12 დეკემბერს, 17 სექტემბერს და 23 სექტემბერს 16:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან იმავე დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის, ნ.ი–ოს საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით“.

5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური