საქმე №ას-482-2022 10 ივნისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ს.კ. ჯ.ჰ–ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სუბროგაციის წესით ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს. კო. ჯ.ჰ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, ს.კ. ან კასატორი) სარჩელი ლ.გ–ძის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) მიმართ, სუბროგაციის წესით ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 41 030.37 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სადაზღვევო კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:
3.1. ქ. ბათუმში, ........ ქუჩების კვეთაზე, ...... ქუჩით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „…“, რომელსაც მოსარჩელე მართავდა, 2018 წლის 17 ნოემბერს, .... ქუჩით მოძრავ „სუბარუს“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა - სახელმწიფო ნომრით „….“, რის შედეგადაც ორიენტაციადაკარგული „ფორდის“ მარკის ავტომანქანა სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს გაჩერებულ ავტომანქანას „ლენდ როვერს“ შეეხაჯა - სახელმწიფო ნორმით „….“;
3.2. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, 2019 წლის 10 აპრილს, შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად იქნა ცნობილი. საპატრულო პოლიციის აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია და აღნიშნული ჯარიმა ამჟამად გადახდილია;
3.3. ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული „ლენდ როვერის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით „…..“) ავტომანქანისთვის მიყენებული უშუალო ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარდგენილი;
3.4. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად აპელანტის მიმართ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, 2019 წლის 10 აპრილს, შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და მის მიერ ქვითრით განსაზღვრული თანხის გადახდისა, სადავოა აპელანტის ბრალეულობა მოსარჩელის მიერ დაზღვეული ავტომანქანისათვის ზიანის მიყენებაში, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა დამზღვევის კუთვნილი დაზიანებული ავტომანქანის ზიანის მიყენების ფაქტი (სააპელაციო სასამართლოს 16.10.2021 წ. სხდომის ოქმი, 13:29:10), მით უფრო არ დგინდებოდა ზიანის ოდენობა;
3.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის ბრალეულობა დაზღვეული ავტომანქანისათვის 52 482.97 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში, საქმეში წარდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 01.03.2019 წ. დადგენილებითა და ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დასტურდება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მითითებული მტკიცებულებებით არა თუ ვერ დასტურდებოდა ზიანის ოდენობა, არამედ ვერ დასტურდებოდა მიზეზობრივი კავშირი, მოპასუხის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასა და სარჩელით მოთხოვნილ ზიანს შორის, ვინაიდან თეორიულად შეიძლება არსებობდეს ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული ბრალეული ქმედება (სამართალდარღვევა), რომელსაც არავითარი ზიანი არ მოჰყოლია. მოპასუხე შეედავა ზიანის ფაქტს და მიუთითა, რომ შეჯახება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ „ლენდ როვერის“ მარკის ავტომანქანას ზიანი არ მიუღია, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ სარჩელში მითითებული სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზიანი (ფაქტობრივად 52 482.97 ლარი, საიდანაც ურთიერთგაქვითვის შედეგად დაზღვეულს 41 030.37 ლარი აუნაზღაურდა), მოპასუხის უშუალო მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგი იყო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სწორედ მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს, რომ ზიანმა შეადგინა სწორედ ის თანხა, რასაც მოპასუხისაგან ითხოვს. საგულისხმოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2018 წლის 17 ნოემბერს მოხდა, ხოლო საჯარიმო ქვითარი 2019 წლის 10 აპრილსაა შედგენილი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამითაა განპირობებული ის გარემოება, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ შეიცავს დაზღვეული ავტომანქანის დაზიანებაზე მითითებას (ს.ფ. 19), განსხვავებით იმ ელექტრონული საჯარიმო ქვითრებისაგან, რომლებიც, როგორც წესი, შემთხვევის დღეს დგება, არაა სრულყოფილი, მაგრამ მაინც შეიცავს ჩამონათვალს იმ დაზიანებებისა, რომელიც შემთხვევის შედეგად ავტომანქანებმა მიიღეს;
3.6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მითითებაზე, რომ მოსარჩელის მიერ დაზღვეული მანქანა პარკირების წესების დარღვევით იდგა, რის გამოც შეუძლებელი გახდა შეჯახების თავიდან აცილება. მოპასუხემ იშუამდგომლა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების თაობაზე - რაც არ დაკმაყოფილდა. ასეთ შემთხვევაში, ობიექტური გარემოების დასადგენად, მტკიცების ტვირთის რეალიზების მიზნით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე იყო ვალდებული ემტკიცებინა, რომ დაზიანებულ ავტომანქანას პარკირების წესი დაცული ჰქონდა;
3.7. საქმეში წარდგენილი შეფასების ფურცელი - „წინასწარი შეკვეთა“ (ს. ფ. 24), არ შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დაზიანებები მიიღო დამზღვევის კუთვნილმა დაზღვეულმა ავტომობილმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მისი რომელი ნაწილი დაზიანდა, ან რამდენად გამოიწვია დაზიანებამ მისი საბაზრო ღირებულების შემცირება. მოცემულ დოკუმენტში ასახული იყო შპს „ე.პ–ის“ მიერ შპს „ჯ.მ–გან“ ავტომანქანის ნაწილების შესაძენად გამოხატული სურვილი, რომელიც მხარეთა მიერ ხელმოწერილი არ ყოფილა. წარდგენილ „წინასწარ შეკვეთაში“ არ იყო მითითებული სადაზღვევო პოლისის ნომერი, (რომლის შესახებ ინფორმაციას შეიცავს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქვითარი). ამდენად, ეჭვქვეშ დგება საქმეში წარდგენილი ქვითრით მოსარჩელის მიერ სს „ს.ბ–ის“ შესაბამის ანგარიშზე გადარიცხული თანხის, როგორც მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების დანიშნულება, ვინაიდან მოსარჩელის მიერ საქმეში არ იყო წარდგენილი შესყიდული ნაწილების მიღება-ჩაბარების, ავტომანქანის შეკეთების სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მოპასუხის ქმედებით მიყენებული ფაქტობრივი ზიანის არსებობას (ოდენობას) და მოსარჩელის მიერ მისი შეფასებისა თუ სათანადო მტკიცებულებებით დამაგრების ფაქტს;
3.8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქმეში არ მოიპოვება დაზიანებული ავტომობილის არც ფოტომასალა და არც სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ავტომობილი ნამდვილად დაზიანდა და თუ დაზიანდა, ზიანი რა მოცულობის იყო. საქმეში წარდგენილი მასალების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ნამდვილად მოხდა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ, როგორც წესი, სადაზღვევო კომპანიის ექსპერტები გადიან შემთხვევის ადგილას, იკვლევენ დაზიანებებს, იღებენ ფოტოებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა უშუალოდ ავტომობილის შეჯახების შედეგად წარმოქმნილ ზიანს, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა (სააპელაციო სასამართლოს 24.12.2021 წლის ოქმი, 11:51:29 – 11:59:25);
3.9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის (სამართალდარღვევის) ჩადენის ფაქტი, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს ზიანის (მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის) მიყენების ფაქტისა და მით უფრო ზიანის ოდენობის განსაზღვრას, ვინაიდან, თეორიულად შესაძლებელია, რომ სამართალდარღვევას საერთოდ არც მოჰყვეს ზიანი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობის დასადასტურებლად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით საჭირო და აუცილებელია უფრო მაღალი სტანდარტის, სანდო სამართლებრივი ღირებულებების მქონე მტკიცებულებები, ვიდრე მოსარჩელის მიერ წარდგენილი ე.წ. შედარების ფურცელია, საიდანაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არც ერთი გარემოება არ დგინდება.
3.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 832-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს ს.კ. (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშობა ზიანის მიყენებისაგან (იხ. სუსგ-ები Nას-809-776-2016, 04.04.2017წ., Nას-581-549-2011, 05.09.2012წ.);
3.11. სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამქირავებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. სუსგ Nას-809-776-2016, 04.04.2017წ.);
3.12. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ - ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი (სუსგ Nას-1851-2018, 02.05.2019 წ.);
3.13. სსკ-ის ზემოთ მოხმობლი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზშედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით, ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს;
3.14. სსკ-ის 832-ე მუხლის საფუძველზე, ს.კ.ს, რომელმაც დაზღვეულს აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, მოთხოვნის უფლება მესამე პირის მიმართ აქვს. ამასთან, მესამე პირის ვალდებულება არ არის ავტომატური, რეგრესის წესით აანაზღაუროს სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, არამედ, მესამე პირის ვალდებულება დელიქტური სამართლის ნორმიდან გამომდინარეობს;
3.15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცებულების სახით შპს „ჯ.მ–ის“ მიერ შედგენილი გაანგარიშების ცხრილი წარადგინა, რომლის საფუძველზეც შპს „ე. პ–მა“ შეიძინა, ავტომანქანის ნაწილები და ქვითარი, რომლის თანახმად, მოსარჩელემ უზრუნველყო საკუთარი ვალდებულებების შესრულება დაზღვევის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მიმართ (აღსანიშნავია, რომ გაანგარიშების ფურცელსა და ქვითარში მითითებული თანხები არაიდენტურია). დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები მოქმედებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით (მომსახურების ხარისხი, რასაც უკავშირდება შესატყვისი სადაზღვევო პრემია), რის გამოც მზღვეველის მიერ მითითებული ზიანის ანაზღაურება ვერ იქნება ავტომატურად მბოჭავი მესამე პირებისათვის, რომელთა სამართლებრივი მდგომარეობა გამომდინარეობს არა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, არამედ - დელიქტიდან;
3.16. მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი უდავოა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდებოდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და იმ დაზიანებებს შორის, რომლებზეც მოსარჩელე მიუთითებდა. აპელანტის განმარტებით, ავტომანქანას დაზიანება არ მიუღია. მოსარჩელის მიერ წარდგენილ გაანგარიშებაში გაზვიადებულია ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების რაოდენობა და შეკეთების ფასი. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ დაზიანებები ავტომანქანამ მითითებული შემთხვევის დროს მიიღო;
3.17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მტკიცებულებების (დაზიანებული ავტომანქანის ადგილზე დათვალიერების ოქმი, ავტომანქანის ფოტოილუსტრაცია, შემთხვევის ადგილზე შედგენილი ოქმი, ფაქტების კონსტანტაციის მასალები და სხვა.) არარსებობის პირობებში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოებ,ა თუ კონკრეტულად რა დაზიანება მიიღო სატრანსპორტო საშუალება „ლენდ როვერმა“ სახელმწიფო ნომრით „…..”;
3.18. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომლის არსებობის ფაქტი მოსარჩელისაგან დადასტურებულია. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, მისი მტკიცების ფარგლებში, ვერ დაადასტურა ზიანის არსებობის ფაქტი, გარდა ამისა, კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი სიკეთე (დამზღვევის ქონება) ხელყოფილი უნდა ყოფილიყო მოპასუხის ქმედებით, რაც წინამდებარე საქმის მასალებით უტყუარად არ დადგინდა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის სარჩელის უარყოფის საფუძველი გახდა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4.1. კასატორის პრეტენზიით, ავტოსაგზაო შემთხვევისა და მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტები უდავო გარემოებებია, რასაც შედეგად 41 030.37 ლარის ოდენობით ასანაზღაურებელი ზიანი მოჰყვა.
4.2. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ოქმი, რის გამოც მოპასუხის ბრალეულობა და მის მიერ ზიანის მიყენების ფაქტები უდავო გარემოებებს წარმოადგენს. კასატორის განცხადებით მოპასუხეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რაც გამორიცხავდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
4.3. კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც უარი ეთქვა სააპელაციო ეტაპზე საქმისათვის მტკიცებულებათა დართვაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
8. საკასაციო პრეტენზიები უმთავრესად სუბროგაციული მოთხოვნიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხს და საოქმო განჩინების გაუქმებას შეეხება, რის გამოც ხსენებული საკითხები საკასაციო სასამართლოს შეფასების მთავარი საგანია.
9. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება (თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს), 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).
10. საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 832-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს ს.კ. (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (იხ. სუსგ. №ას-809-776-2016, 4 აპრილი, 2017წ).
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის კუთვნილი და მოსარჩელის მიერ დაზღვეული ავტომანქანების შეჯახების ფაქტი, აღნიშნული გარემოება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 41 030.37 ლარის ოდენობით ზიანის მიყენებას გულისხმობს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. სუსგ №ას-1523-2019, 24.01,2020 წ.).
14. მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი ოდენობით ზიანის მიყენების და მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოპასუხე მიყენებული ზიანის ოდენობას სადავოდ ხდიდა.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და იმ ზიანს შორის, რაზეც კასატორი მიუთითებს.
16. განსახილველ შემთვევაში მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით წარდგენილი აქვს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლის თანახმად, მოპასუხე ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად იქნა ცნობილი. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ დაზღვეული ავტომანქანისათვის ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ოდენობასა და მოპასუხის ქმედებასა და ზიანის ფაქტს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირს, საქმის მასალებით დადგენილი არ არის (იხ. ამ განჩინების 3.5-3.9 ქვეპუნქტები).
17. სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები მოქმედებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, რის გამოც მზღვეველის მიერ მითითებული ოდენობით ზიანის ანაზღაურება ვერ იქნება ავტომატურად მესამე პირებისთვის მბოჭავი.
18. რაც შეეხება კასატორის საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებულ პრეტენზიას, რომლითაც უარი ეთქვა სააპელაციო ეტაპზე საქმისათვის მტკიცებულებათა დართვაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მომზადების ეტაპზე შესაბამისი მტკიცებულების დართვა მოსარჩელისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 380-ე მუხლზე, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი გარემოებებით უნდა უარყონ (გააქარწყლონ) მათ წინააღმდეგ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე (შეადრ. სუსგ Nას-218-218-2018,23.03.2018წ.).
20. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივაციას და მოსარჩელისათვის მტკიცებულებათა დართვაზე უარს მართებულად მიიჩნევს, რაც გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნას უსაფუძვლოდ აქცევს.
21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს.კ. ჯ.ჰ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ს.კ. ჯ. ჰ–ს" (ს/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2060 ლარის (საგადახდო დავალება N1645427620, გადახდის თარიღი 2022 წლის 21 თებერვალი), 70% – 1442 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე