საქმე №ას-493-2021 5 მაისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –კ.მ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს.რ–ა" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩნება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ.მ–ას (შემდეგში: დასაქმებული, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი სს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი ან კომპანია) წინააღმდეგ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა შემდეგი სამართლებრივი საკითხები:
3.1. მოსარჩელე 2004 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2016 წლის 24 მაისიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო ფილიალ მგზავრთა გადაყვანის ტექნიკურ დეპარტამენტში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის დარგში, უვადოდ. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 3 100 ლარს (დარიცხული სახით) შეადგენდა;
3.2. დამსაქმებლის 2017 წლის 13 მარტის N144 ბრძანებით ს.რ–ის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის დარგში- მოსარჩელე 2017 წლის 13 მარტიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე ბრძანების საფუძველზე დასაქმებულს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურება;
3.3. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემამდე, კომპანიის 2017 წლის 7 მარტის N1366 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2017 წლის 13 მარტიდან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
3.4. მიმართვაში ასევე განმარტებულია, რომ კომპანიის ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის’’ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სრულყოფის, პრიორიტეტების მიხედვით სტრუქტურის გადაწყობის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ ყოფილიყო სტრუქტურული ერთეულების ოპერატიული და სრულყოფილი მუშაობა, საშტატო ოპტიმიზაცია, საკადრო რესურსის ეფექტური გამოყენება, კომპანიის დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის 24/11 დადგენილებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ორგანიზაციული, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების განხორციელება, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის შერწყმის, გაყოფის, გადაადგილებისა და საჭიროების შემთხვევაში გაუქმების გზით, შესაძლებელს გახდიდა მინიმალური რესურსის დახარჯვის პირობებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის, კადრებისა და პროცედურების შემდგომ განვითარებას;
3.5. დასაქმებულს დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით მშენებელ-ინჟინერი (სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა). დასაქმებულმა, 2005 წელს ასევე დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი საწარმოო საქმიანობის მენეჯმენტის სპეციალობით და მინიჭებული აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია. საქართველოს უნივერსიტეტში 2010 წლის 22 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით მოპასუხემ წარმატებით გაიარა კურსი: ფინანსური აღრიცხვა, მენეჯერული ეკონომიკა, ოპერაციათა მენეჯმენტი, ხოლო 2010 წლის 20 სექტემბრიდან 2011 წლის 5 თებერვლის ჩათვლით წარმატებით გაიარა კურსი ბიზნეს სტატისტიკაში მმართველობით აღრიცხვაში;
3.6. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო კომპანიის დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის N24/11 დადგენილება, რომელიც შეეხებოდა კომპანიის მართვის ცენტრალური აპარატის და ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის’’ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის და სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და სახელშეკრულებო ფონდში ცვლილებების შეტანას;
3.7. მოპასუხე კომპანიის დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის N24/11 დადგენილების მე-2 მუხლით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კომპანიის მართვის ცენტრალური აპარატის და ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის’’ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია და სტრუქტურაში, საშტატო განრიგსა და სახელშეკრულებო ფონდში ცვლილებების შეტანა N1 და N2 დანართების შესაბამისად;
3.8. 01.03.2017 წლის N0009250 წერილით ირკვევა, რომ მართვის ცენტრალური აპარატის მგზავრთა გადაყვანის დირექტორს სტრუქტურული და საშტატო ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის მოთხოვნით მიმართეს დირექტორის მოადგილეებმა, მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგში, ხარისხიან მომსახურებაზე სერვისის დარგში, ოპერაციათა მართვის დარგში;
3.9. 01.03.2017 წლის N0009250 წერილის თანახმად, სტრუქტურული და საშტატო ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობას განაპირობებდა ის გარემოებები, რომ მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგში ფილიალის დირექტორის მოადგილის საკურატორო სფეროში შედის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური. აღნიშნული სამსახურის შემადგენლობაში არის 10 (ათი) თანამშრომელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიაში უკვე არსებობს ერთი ცენტრალიზებული სამსახური - სამშენებლო პროექტების ადმინისტრირების სამსახური, რომელიც კურირებს მთელი რკინიგზის მასშტაბით მიმდინარე მშენებლობებს, ასევე კომპანია სარგებლობს გარეშე პირის მომსახურებით (ე.წ. „აუთსორსინგი“), რომელიც უშუალოდ აკონტროლებს კონტრაქტორების მიერ ნაკისრი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების პროცესს და აღნიშნულის თაობაზე რკინიგზას წარუდგენს წერილობით დასკვნას, ხოლო, როგორც სამშენებლო პროექტების, ასევე შესრულებული სამუშაოების ფინანსური და ტექნიკური ექსპერტიზა ხორციელდება კომპანიის კონტრაქტორი სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ. ამ ფონზე ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრირების ფუნქციით. აღნიშნული ფუნქციის განხორციელებას კი არ სჭირდება იმ რაოდენობის საკადრო რესურსი, რაც დღეისთვის არის ამ სამსახურში აკუმულირებული, რის გამოც მიზანშეწონილია ამ რესურსის შემცირება. ასევე მიზანშეწონილია, რომ ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური სტრუქტურულად არ შედიოდეს დირექტორის არც ერთი მოადგილის დაქვემდებარებაში, ვინაიდან აღნიშნული სამსახურის საქმიანობის სფერო ფარავს მთელი ფილიალის მასშტაბს. მონიტორინგის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ხარისხის მართვის სამსახურის ფუნქციები ხშირ შემთხვევაში დუბლირებულია ამავე დეპარტამენტის სხვა სამსახურების ფუნქციებთან, რის გამოც მიზანშეწონილია აღნიშნული სამსახურის გაუქმება. ფილიალის საოპერაციო საქმიანობის ცენტრალიზებულად და კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, მიზანშეწონილია გაუქმდეს ადმინისტრაციული სამსახური და შეიქმნას ოპერაციათა მართვის დეპარტამენტი, რომელსაც დაექვემდებარება ისეთი ცენტრალიზებული სამსახურები, როგორიც არის: ფილიალის იურიდიული სამსახური, ფილიალის შესყიდვების მართვის სამსახური, ფილიალის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური და ფილიალის სამეურნეო სექტორი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საშტატო ოპტიმიზაცია უნდა განხორციელდეს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში, ასევე იურიუდიულ სამსახურში. კერძოდ, იურიდიულ სამსახურში, ფილიალის წარმოებაში არსებული სასამართლო დავების რაოდენობიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს იურისტის ერთი საშტატო ერთეული. ასევე უნდა მოხდეს ფინანსური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული ეკონომიკური სამსახურის რეორგანიზაცია, კერძოდ, უნდა გაუქმდეს ეკონომიკური სამსახურის შემადგენლობაში არსებული ეკონომიკური ჯგუფი, ხოლო ბიუჯეტირების სექტორი პირდაპირ დაექვემდებაროს ფინანსურ დეპარტამენტს, შესყიდვების მართვის სამსახური კი - ფილიალის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტს;
3.10. სტრუქტურული და საშტატო ცვლილებები ასევე ითვალისწინებდა ფილიალის აპარატის თანამშრომელთა რაოდენობრივ ოპტიმიზაციას, რომელიც რეკომენდირებული იყო კომპანიის ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის’’ 01.01.2014-01.01.2016 წლების პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური შემოწმების აქტით;
3.11. ზემოაღნიშნულის გარდა, კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ასევე მიზანშეწონილად ჩაითვალა მართვის ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგშიც განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, კერძოდ, გაუქმდეს გენერალური დირექტორის მოადგილის ერთი საშტატო ერთეული;
3.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართვის ცენტრალური აპარატის მგზავრთა გადაყვანის დირექტორს წარედგინა კომპანიის დირექტორთა საბჭოს დადგენილების პროექტი ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანისა’’ და მართვის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის და საშტატო განრიგებსა და სახელშეკრულებო ფონდში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ჯამურად საშტატო რიცხოვნების 22 ერთეულით (ფილიალი მგზავრთა გადაყვანა 21 საშტატო ერთეული, ხოლო მართვის ცენტრალურ აპარატში ერთი - გენერალური დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული), აგრეთვე წლიური სახელფასო ფონდის 455 076 ლარით შემცირებას ითვალისწინებდა;
3.13. მოპასუხის მიერ შესაგებლის N 3 დანართის სახით საქმეში წარმოდგენილი საშტატო განრიგით (დადგენილების თანდართული დანართი N 1, ს.ფ.75-88) ირკვევა შემდეგი: მოპასუხე კომპანიის მგზავრთა გადაყვანის ფილიალის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში, რომელიც შედიოდა ტექნიკურ დეპარტამენტში, დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრებოდა 11 ერთეულით, საშტატო ნუსხით გათვალისწინებული იყო ასევე ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის დარგში 1 საშტატო ერთეული (მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა. რეორგანიზაციის შედეგად საშტატო განრიგიდან ამოღებულ იქნა სამსახურის უფროსის - 1, სამსახურის უფროსის მოადგილის - 1, სამგზავრო ბაქნების, შენობა-ნაგებობების სექტორის უფროსის - 1, მთავარი სპეციალისტის - 1, უფროსი სპეციალისტის - 1, ტექნიკური დანადგარების სექტორის უფროსის - 1, უფროსი სპეციალისტის - 1, სპეციალისტის - 2, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულები. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მოპასუხე კომპანიის მგზავრთა გადაყვანის ფილიალის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური გაერთიანდა ოპერაციათა მართვის დეპარტამენტში, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის საშტატო განრიგში შეტანილ იქნა ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის - 1, სამსახურის უფროსის მოადგილის - 1, წამყვანი სპეციალისტის - 2 საშტატო ერთეული. მთლიანად ფილიალის საშტატო განრიგი შემცირდა 21 ერთეულით, ხოლო მართვის ცენტრალურ აპარატში 1 ერთეულით, დირექტორის მოადგილის თანამდებობა. საშტატო განრიგით ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის დარგში ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა გათვალისწინებული არ იყო;
3.14. მოპასუხე კომპანიის ფილიალ მგზავრთა გადაყვანას ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, ვაკანტური არ არის;
3.15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის შედავება, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რასთან მიმართებითაც საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 ნაწილების (მოქმედი კოდექსის 48-ე მუხლი) შესაბამისად მოქმედი წესები, კერძოდ, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გაუგზავნოს დამსაქმებელს წერილობითი მოთხოვნა შეწყვეტის დასაბუთების შესახებ; ამ მოთხოვნის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, დამსაქმებელი ვალდებულია, წერილობით დაასაბუთოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამის შემდეგდასაქმებულს უფლება აქვს, აღძრას სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში 30 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ დაასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ 7- დღიან ვადაში, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 დღის ვადაში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში, იცვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მხარეებზე გადანაწილებული მტკიცების ტვირთი და დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს). მითითებული ნორმით დადგენილი სარჩელის წარდგენის 30 - დღიანი ვადის დაწესება ემსახურება, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლების დროულ აღდგენას, მისი დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ხოლო მეორე მხრივ, იგი იცავს ასევე დამსაქმებელს, სარჩელის წარდგენამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში გათავისუფლებული მუშაკის მიერ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნისაგან, გაწეული შრომის გარეშე. სწორედ, კანონმდებლის აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, დამსაქმებლისაგან ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნა წარმოადგენს დასაქმებულის უფლებას და არა - ვალდებულებას, თუმცა, აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა არ იწვევს კანონით განსაზღვრული სარჩელით მიმართვის ვადის შეცვლას (გაზრდას ან შემცირებას);
3.16. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლით დადგენილი სარჩელის წარდგენის 30 - დღიანი ვადის ათვლა უკავშირდება შესაბამისი შეტყობინების (რა ვალდებულებაც დამსაქმებელს კონკრეტული საფუძვლებით - 37.1-ე მუხლის „ა“, „ვ“, „ი“, „ო“ ქვეპუნქტების მიხედვით - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას გააჩნია) მიღების შემდეგ, დასაქმებულის მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების გადაცემის, ან ამავე ვადაში გათავისუფლების საფუძვლის დაუსაბუთებლობის მომენტს. ასეთი მოწესრიგების მიზანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონკრეტული მიზეზების და გარემოებების შესახებ დასაქმებულის ინფორმირება, რომლის გარეშეც შეუძლებელია მან სადავო გახადოს გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომაც, დასაქმებულის მხრიდან წერილობითი დასაბუთების მიღების უფლების რეალიზების შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი არ დაასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი მასზე გადადის. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულთან წყვეტს შრომით ხელშეკრულებას წინასწარი შეტყობინების გარეშე, სარჩელის ხანდაზმულობის 30 დღიანი ვადის ათვლა უკავშირდება იმ მომენტს, როდესაც დასაქმებულისათვის ცნობილი გახდება უფლების დარღვევის ფაქტი, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და მისი საფუძვლები, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 130-ე მუხლის თანახმად, ზოგადად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუკი პირმა თავისი დაუდევრობის, გულგრილობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;
3.17. საქმის მასალებით დგინდება, რომ დამსაქმებლის 2017 წლის 7 მარტის N1366 წერილით მოსარჩელეს ეცნობა 2017 წლის 13 მარტიდან, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. დამსაქმებელი კომპანიის 2017 წლის 13 მარტის N144 ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში თავდაპირველად აღძრული იქნა 2017 წლის 13 აპრილს, რომელსაც სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი. სარჩელი სასამართლოში განმეორებით აღძრული იქნა 2018 წლის 2 მარტს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ზოგადი წესით, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს სარჩელის შეტანა სასამართლოში ან მოთხოვნის არსებობის შესახებ სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, რა დროსაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გრძელდება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან პროცესის სხვაგვარად დასრულებამდე (სსკ-ის 139-ე მუხლი). ამავე კოდექსის 140.2-ე მუხლით კი, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან;
3.18. საქმის მასალებით არ დასტურდება სსკ-ის 140.2 მუხლის წინაპირობის განხორციელება - 6 თვის ვადაში ახალი სარჩელის წარდგენის ფაქტი. დადგენილია, რომ 2017 წლის 18 აპრილიდან, პროცესის სხვაგვარი დასრულებიდან (სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ) სარჩელი განმეორებით აღძრული იქნა მხოლოდ 2018 წლის 2 მარტს, 10 თვისა და 12 დღის შემდეგ. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ვერ მიიჩნევა პირველი სარჩელის შეტანის დროიდან (2017 წლის 13 აპრილიდან). რაც ადასტურებს 2017 წლის 13 მარტის ბრძანების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევას;
3.19. რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, რომ მითითებულ პერიოდში მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ასეთი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, აღნიშნული ვერ ჩაითვლება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად. ვინაიდან, სსკ-ის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არ ადასტურებს. შესაბამისად, მოპასუხის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია;
3.20. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37.1-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტი) გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან (სუსგ-ები: N ას-883-845-2014, 30.01.2015წ; , N ას-1325-1263-2014, 08.04.2015წ.);
3.21. უდავოა, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის 24/11 დადგენილების მე-2 მუხლით, სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კომპანიის მართვის ცენტრალური აპარატის და ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის’’ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია და სტრუქტურაში, საშტატო განრიგსა და სახელშეკრულებო ფონდში ცვლილებების შეტანა N1 და N2 დანართების შესაბამისად. ასევე დადგენილია, რომ კომპანიის 2017 წლის 13 მარტის N144 ბრძანებით დასაქმებული - კომპანიის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის დარგში, 2017 წლის 13 მარტიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტისა და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის (მოქმედი კოდექსის 47-48-ე მუხლები) საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;
3.22. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა იმგვარ გარემოებათა არსებობა, რაც შტატების შემცირებით ორგანიზაციული ცვლილების აუცილებლობას დაასაბუთებდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია არ უნდა იყოს ფორმალური. ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს და მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძველი და მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, დაასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა არ მოხდეს შტატების ფორმალურად შემცირება და ეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად არ იქცეს;
3.23. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ დამსაქმებელი, როდესაც რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, რწმუნდება, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება საწარმოს ინტერესებს, არ ხელყოფს დასაქმებულთა უფლებებს და გამართლებულია მეწარმის თავისუფალი ნების შესაბამისად. მეწარმის გადაწყვეტილება მოითხოვს დასაბუთებას, გარკვეულ გათვლებს, რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურისა და მომავალი სტრუქტურის შედარებას, რეორგანიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებას. მეწარმის თვითნებური გადაწყვეტილებად მიიჩნევა რეორგანიზაციის პერმანენტულად გამოცხადება ისე, რომ არ დაასაბუთოს, რატომ უნდა შემცირდეს კადრები, მოიკლო თუ არა სამუშაომ, დაინერგა თუ არა ტექნოლოგიური სიახლე, რომელმაც გამოათავისუფლა დასაქმებული, განხორციელდა თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც აუცილებელი გახადა მენეჯერული მიდგომის შეცვლა და სხვა;
3.24. რეორგანიზაცია არ შეიძლება გახდეს დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი, თუ იგი დასაბუთებული არ არის კონკრეტული მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ რეორგანიზაციის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამგვარი ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე. უცნობია, რა აუცილებლობით არის გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება, ხომ არ მოხდა ფორმალური საფუძვლის შექმნა რეორგანიზაციისათვის. აღნიშნულ კითხვებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხს ვერ სცემს. არ არის საქმის მასალებში წარმოდგენილი, რა იყო დასაქმებულის შემცირების კონკრეტული საფუძველი და რა ეკონომიკურმა გარემოებებმა, ტექნოლოგიურმა ან ორგანიზაციულმა ცვლილებებმა განაპირობა აღნიშნული. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნა განუხორციელებელია, მისი ხანდაზმულობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4.1. კასატორის განმარტებით განჩინება სარჩელის ხანდაზმულად ცნობის ნაწილში დაუსაბუთებელია, მტკიცების ტვირთი კი სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა.
4.2. კასატორის მითითებით, სარჩელის ორჯერ შეტანის შემდეგ, რომელიც სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში, დამსაქმებელი მას ჰპირდებოდა, რომ დასაქმებული ძველ პოზიციაზე აღდგებოდა, რის გამოც სარჩელის განმეორებით შეტანაზე უარი თქვა, თუმცა, საწარმოდან 2018 წლის 31 იანვარს გამოთხოვილი მასალებით კასატორი დარწმუნდა, რომ მისი სამსახურში აღდგენა ცრუ დაპირება იყო, რის გამოც სარჩელის ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ თარიღიდან უნდა მოხდეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
8. საკასაციო საჩივარში კასატორი უმთავრესად სარჩელის ხანდაზმულად შეფასების არამართებულობაზე უთითებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს შეფასების მთავარი საგანი სწორედ ეს არის.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ დასაქმებულს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2017 წლის 7 მარტის N 1366 წერილით ეცნობა, ხოლო მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლის N 144 ბრძანების საფუძველზე 2017 წლის 13 მარტს შეწყდა.
10. საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადასა და ამ თვალსაზრისით წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ანალოგიურ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება (იხ. სუსგ Nას-1210-2018, 15.02.2019წ), რომლის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე. მეორე მხრივ, კი დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30-დღიანი ვადით (იხ. სუსგ Nას-1227-2021, 09.02.2022წ.).
11. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30-დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან. სხვა სამოქალაქო საქმეზე განიმარტა, რომ „კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს“ (შდრ: სუსგ №ას-11-11-2018, 4.03.2019წ. პ-34).
12. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება, სადაც განმარტებული იყო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, 2017 წლის 13 მარტს ჩაჰბარდა, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის ათვლა მოცემული თარიღიდან უნდა დაწყებულიყო, რაც მის ამოწურვას გულისხმობს 2017 წლის 13 აპრილს (იხ. წინამდებარე განჩინების 3.17-3.18 ქვეპუნქტები).
13. მართალია მოსარჩელემ თავდაპირველი სარჩელი კანონით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა, თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას დასაქმებულის მიერ სარჩელის წარდგენის შემდეგ, მისი განმეორებით წარდგენის თარიღზე ამახვილებს, რასაც, თავის მხრივ, კასატორი (მოსარჩელე)მხარეთა შორის მოლაპარაკებების დაწყებით და დასაქმების უწნიდელ ადგილას მისი აღდგენის პოტენციალით ხსნის, რასაც დამსაქმებელი ჰპირდებოდა.
14. კასატორის მტკიცებით, დამსაქმებელ საწარმოსთან მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, მან სარჩელი 2018 წლის 2 მარტს, განმეორებით წარადგინა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ თავდაპირველი სარჩელის წარდგენიდან 10 თვის და 12 დღის შემდეგ იქნა აღძრული მეორე სარჩელი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას შემდეგ, როდესაც დამსაქმებელი საწარმოდან გამოითხოვა მასალები და დარწმუნდა, რომ მოპასუხის დაპირება არარეალური და ცრუ იყო, სწორედ ამ დროიდან უნდა აითვალოს სარჩელის განმეორებით წარდგენის ვადა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სსკ-ის 140.2-ე მუხლი, რომელიც სარჩელის განუხილველად დატოვებისას იგივე სარჩელის 6 თვის ვადაში წარდგენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადას პირველი სარჩელის წარდგენიდან ადგენს შეწყვეტილად. სარჩელის განუხილველად დატოვებაში არ იგულისხმება პროცესუალურ სამართლებრივი საფუძვლით (სსსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები) სარჩელზე გადაწყვეტილების მიღება, არამედ აღნიშნული ნორმა სარჩელის განუხილველად დატოვებაში მოიაზრებს ისეთ შემთხვევას, როდესაც სარჩელი არ იქნა არსებითად განხილული, რაც საპროცესო კოდექსის შესაბამისად უკავშირდება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას ან სარჩელის განუხილველად დატოვებას. ხოლო, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელზე წარმოების დასრულებას არსებითი განხილვის გარეშე, კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს იგივე სარჩელით 6 თვის განმავლობაში, რა დროსაც ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად პირველი სარჩელის შეტანის დროიდან ითვლება (იხ. სუსგ Nას-495-469-2011, 09.06.2011წ.).
15. მოცემულ შემთხვევაში რადგანაც მოსარჩელეს პირველი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი, მას შეეძლო ექვსი თვის განმავლობაში იმავე სარჩელით კვლავ მიემართა სასამართლოსთვის და მისი უფლებების დაცვისათვის კანონით დადგენილი ვადა დაეცვა. თუმცა სასამართლოს განმეორებით მიმართა მაშინ, როცა, მისი მტკიცებით, დამსაქმებელთან მოლაპარაკების გზით სამსახურში აღდგენის პოტენციალი ვეღარ დაინახა, რა დროსაც 6-თვიანი ვადა უკვე გაშვებული ჰქონდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად სცნეს და მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე უთხრეს უარი.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.მ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კ.მ–ას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2022 წლის 28 მარტი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე