Facebook Twitter

საქმე №ას-1908-2018 2 ოქტომბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - თ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 20 ივლისს გაცემული საარსრულებო ფურცლის საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაწყებული #A15056656 სააღსრულებო საქმის წარმოების, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით თ.კ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე ან სააგენტო) მიმართ, მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 1 ოქტომბერს, მოსარჩელემ განცხადებით მომართა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 20 ივლისს, გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაწყებული #A15056656 სააღსრულებო წარმოების შეჩერება, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

7. განმცხადებლის განმარტებით, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, რომელიც, მიუხედავად მესაკუთრის ცვლილებისა, გავრცელებულია სადავო ქონებაზე. სს „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსარჩელისა და სხვა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი თ.კ–ძისა და სხვა მოპასუხეების (მათ შორის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს) მიმართ დაკმაყოფილდა და სადავო უძრავი ქონების რეალიზაცია დადგინდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 20 ივლისს სააღსრულებო ფურცელი გასცა. ხსენებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიურომ, 2017 წლის 4 დეკემბერს, აღსრულება დაიწყო. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) თანახმად აღმასრულებელმა აღწერა ნივთი და დააყადაღა, რათა სპეციალური კანონის საფუძველზე მისი რეალიზაცია მოეხდინა.

8. განმცხადებლის განმარტებით, სააღსრულებო ბიურომ, 2018 წლის 21 აგვისტოს, თ.კ–ძეს (მოსარჩელის მამას) წერილობით აცნობა, რომ რადგან მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებდა კრედიტორის წინაშე მასზე დაკისრებულ ვალდებულებას - აღსრულების მიზნით დაყადაღებული უძრავი ქონებები აუქციონზე რეალიზაციას ექვემდებარებოდა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსარჩელეს 2020 წლის 21 სექტემბრის გადაფრთხილება ჩააბარა, რომლითაც მოვალეებს მოსთხოვა დაკისრებული თანხის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდებოდა. ამასთან, რამდენადაც განმცხადებლისთვისაა ცნობილი, განცხადების წარდგენის დროისათვის აუქციონის ჩანიშვნა იგეგმება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ აუქციონის დანიშვნამდე სასამართლოს მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვა, რადგან აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან სააღსრულებო წარმოების შეჩერება სასამართლოს მიერ ვეღარ მოხდება (სპეციალური კანონის 70.1-ე მუხლი).

10. განმცხადებლის განმარტებით, თუკი სადავო უძრავი ქონებების რეალიზაცია მოხდება, არათუ გაძნელდება, არამედ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და მოცემული სასამართლო დავა თავისი დატვირთვითა და შინაარსით აზრს დაკარგავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებასა და თანდართულ მტკიცებულებებს, მათი შესწავლის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

12. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მოწესრიგებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე; 191.1 მუხლი) და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა.

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულია კასატორის ვარაუდი, რომ თუკი სადავო უძრავი ქონებების რეალიზაცია მოხდება და ისინი კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებაში გადავა, საფრთხე შეექმნება მიმდინარე დავაში მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან საუბარია ერთსა და იმავე ქონებებზე და მოსარჩელე ამ ქონებებზე მესაკუთრედ ცნობას ითხოვს.

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ აღსრულება პრაქტიკულად დაწყებულია, ამასთან, აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მოვალის, ისე კრედიტორის ინტერესების დაცვა, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და ყოველგვარი რისკის არიდება, რის გამოც შეფერხდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.

15. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 20 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებით, იმ ნაწილში, რომლითაც დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე თბილისი, .... დასახლება, საკადასტრო კოდი #..... და საკადასტრო კოდი #..... (სააღსრულებო ფურცლის 3.1 ქვეპუნქტი), საკასაციო სასამართლოს მიერ მის წარმოებაში არსებული დავის გადაწყვეტამდე, თანაბრად იქნება დაცული, როგორც კრედიტორის, ისე, მოვალის ინტერესები.

16. საკასაციო სასამართლოს, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება და სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 198-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.კ–ძის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 20 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაწყებული #A15056656 სააღსრულებო საქმის წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ თ.კ–ძის საკასაციო საჩივრის განხილვამდე მოწინააღმდეგე მხარის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ (საქმე # ას-1908-2018), იმ ნაწილში, რომლითაც დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე თბილისი, .... დასახლება, საკადასტრო კოდი #.... და საკადასტრო კოდი #...... (სააღსრულებო ფურცლის 3.1 ქვეპუნქტი);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე