საქმე №ას-788-2022 13 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა. ხ-ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-ო კ-ტ-“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნების პირგასამტეხლოს გადასახდელად დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა. ხ-მა (შემდგომ – მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე-ო კ-ტ.“-ის (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის ივნისისა და ივლისის სახელფასო დავალიანების - სულ 2400 ლარის გადახდა (ხელზე მისაღები თანხა);
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის ივნისის სახელფასო დავალიანების - 1200 ლარის (ხელზე მისაღები თანხის) დაყოვნებისათვის, 01.07.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის გადახდა დაეკისრა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის ივლისის სახელფასო დავალიანების - 1200 ლარის (ხელზე მისაღები) დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, 2017 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 0.07%-ის გადახდა დაეკისრა ;
- სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2022 წლის 1 ივნისს ა. ხ-მა განცხადებით მიმართა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
9. პალატის მითითებით, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულება, რომელიც შესრულებულია არასახელმწიფო ენაზე, წარედგინა სასამართლოს, ნათარგმნი მიკერძოებული პირის - ქ. ე-ის მიერ, რომელიც სს ,,მ-ო ე-ო კ-ში“ მუშაობდა იურისტად და არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია. მოპასუხესთან ქ. ე-ის საქმიანი ურთიერთობის შესახებ განმცხადებელმა გაიგო 2022 წლის 21 მაისს, შემთხვევით, სოციალური ქსელით. ამდენად, მას არ შეეძლო, დაეყენებინა აღნიშნული საკითხი საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, რაც გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის ზემოაღნიშნული პოზიცია და განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით ცალსახადაც დგინდებოდა განცხადებაში ასახული გარემოებების საწინააღმდეგო მოცემულობა, კერძოდ, მოპასუხესა და სს ,,მ-ო ე-ო კ-ს“ (შემდგომ ასევე მოპასუხის კონტრაჰენტი) შორის 01.01.2017 წელს დადებული ხელშეკრულება სასამართლოს წარედგინა 22.03.2021 წელს და 23.03.2021 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე მიღებული განჩინების თანახმად, მტკიცებულების სახით დაერთო საქმეს. 23.03.2021 წლის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოსარჩელე, განმცხადებელი, რომელიც უზრუნველყოფილი იყო საპროცესო უფლებით გასცნობოდა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებას და განეცხადებინა მისი საქმეზე დართვის საწინააღდეგო მოსაზრება/პოზიცია. რაც შეეხება განმცხადებლის განმარტებას, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით, პუბლიკაციით შეიტყო ქ. ე-ის მოპასუხესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, პალატის განმარტებით, ეს გარემოებაც ვერ მიიჩნეოდა ახლად აღმოჩენილად, ვინაიდან სადავო ხელშეკრულების თარჯიმნის შესახებ მხარისათვის ცნობილი იყო 23.03.2021 წლიდან და, თუ მიიჩნევდა, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი, დოკუმენტი ეთარგმნა, შეეძლო მაშინვე განეცხადებინა ამის თაობაზე, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც სადავო ხელშეკრულებიდან ცალსახად ჩანდა, ხელშეკრულება ნოტარიულად არ იყო დამოწმებული და მხარეს მაშინვე შეეძლო საკუთარი მოსაზრების წარდგენა .
10. ვინაიდან წარდგენილი განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ დაუშვებელი დარჩა, პალატა მიიჩნია, რომ განმცხადებლის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობაც განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.06.2022 წელს მიღებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და განჩინების მე-4 გვერდზე მე-2 აბზაცში მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის ოქმისა და საოქმო განჩინების თარიღად მიეთითა 22.03.2021 წელი.
12. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინება განმცხადებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.
13. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს 26.11.2021 წლის გადაწყვეტილებაში პალატა დაეყრდნო 01.01.2017 წლის სესხის ხელშეკრულებას. განცხადებით სასამართლოსათვის მიწოდებული ახლად აღმოჩენილი გარემოებები და მტკიცებულებები კი ეხება სწორედ ამ ხელშეკრულებას, რომლებიც მიუთითებს საქმის არსებით გარემოებებზე. ამ ხელშეკრულების თარგმნის ექსპერტიზა შეასრულა ამავე ხელშეკრულების მხარეების იურისტმა, რაც, ერთი მხრივ, მის მიკერძოებულებაზე და, მეორე მხრივ, ექსპერტის არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს. სასამართლოს ამ ფაქტის შესახებ თუ ეცოდინებოდა, რადიკალურად განსხვავებული შინაგანი რწმენა ჩამოუყალიბდებოდა 01.01.2017 წლის ხელშეკრულებისა და მისი თარგმანის სანდოობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან სასამართლო ვერ შაფასებს არასახელმწიფო ენაზე შესრულებულ დოკუმენტს, ხოლო მისი ქართულენოვანი თარგმანის ექსპერტი მოპასუხის კონტრაჰენტ კოპანიაში დასაქმებული იურისტია და მოპასუხისავე ინტერესებს ემსახურება.
14. ამასთან, ვლინდება ექსპერტის მიერ დამსაქმებლის (რომელიც ამ საქმეში მხარეა) მიცემული დავალება/მითითების შესრულება და არა უცხოენოვანი ხელშეკრულების თარგმნის უსწორობა.
15. განმცხადებლის პოზიციის გაუზიარებლობის საფუძვლად სასამართლო უთითებს, რომ მოსარჩელეს სხდომაზევე შეეძლო, განეცხადებინა მტკიცებულების დართვის საწინააღმდეგო პოზიცია. ამასთან, მისთვის ხელშეკრულების თარჯიმნის შესახებ ცნობილი იყო 23.03.2021 წლიდან და შეეძლო, მაშინვე განეცხადებინა. აღნიშნული მსჯელობა მცდარია, რადგან 22.03.2021 წლის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ არანოტარიული თარგმნის საკითხს არაერთგზის შეედავა მოსარჩელე მხარე. რაც შეეხება თარჯიმანს, თარგმანზე ექსპერტ ქ. ე-ლს მითითებული აქვს შემდეგი ტექსტი - „ვადასტურებ თარგმნის სისწორეს. ქ. ე-ლი“. არც ხელშეკრულებით და არც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ ირკვეოდა მოპასუხე კომპანიასთან თარჯიმნის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შესახებ. მხარისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, ცხადია, ამ საფუძველზეც მიუთითებდა შედავების დროს.
16. სააპელაციო სასამართლომ განჩინება მიიღო მატერიალური საქმის მასალების გამოკვლევის გარეშე, როდესაც საქმე ფიზიკურად უზენაეს სასამართლოში იყო. ამ პირობებში სასამართლომ არ გამოიყენა განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებობა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინება მიიღო საქმის, მათ შორის წერილობითი მასალების არასრულად და ზედაპირულად გამოკვლევის შედეგად. სააპელაციო პალატის მიერ მატერიალური საქმის არქონის პირობებში დიდ გავლენას იქონიებდა საჭირო ფაქტების გამოკვლევისა და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად დადგენის მიზნით, მხარისათვის განმარტებებისა და მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობის მიცემა.
17. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას მეორე ახლად აღმოჩენილ გარემოებზე, კერძოდ, 04.05.2022 წლის უზენაესი სასამართლოს რეფერანტის აქტზე, რომელიც ადასტურებს, რომ 01.01.2017 წლის სესხის ხელშეკრულების მორე მხარე, სს „მ-ო ე-ო კ-ი“, 22.03.2021 წელს - ამ ხელშეკრულების საქალაქო სასამართლოში წარდგენის დროისათვის, სამოქალაქო დავაში იყო მოსარჩელესთან, რაც მის სუბიექტურობაზე მიუთითებს. გასაჩივრებულ განჩინებაში კი, ვერსად ვხვდებით მითითებებს ახლად აღმოჩენილ გარემოებებისა და მტკიცებულებების მნიშვნელობასა და როლზე, შეფასებას, წარმოდგენილი მტკიცებულება ცნობილი იყო თუ არა მხარისათვის საქმის განხილვისას და რამდენად იყო შესაძლებელი ამ მტკიცებულების უფრო ადრე წარდგენა.
18. ამდენად, პალატამ შეაფასა მხოლოდ ის გარემოება, რომ 01.01.2017 წლის ხელშეკრულების თარგმანი არ იყო ნოტარიულად დამოწმებული და, ახლად აღმოჩენილი გარემოებების იმ დროისათის არარსებობის გამო, შეფასების მიღმა დარჩა ექსპერტის მიუკერძოებულობისა და არაკვალიფიციურობის საკითხი, ისევე, როგორც ის, რომ სს „მ-ო ე-ო კ-ი“, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მსესხებელი იყო, მოსარჩელის მიმართ სხვა სამოქალაქო დავაში მყოფი მხარე და, შესაბამისად, დაინტერესებული პირიც იყო.
19. კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
24. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. გასაჩივრებული განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელის მიერ მითითებული ფაქტები არ იყო ახლად აღმოჩენილი გარემოება და შეეძლო, მათ შესახებ სასამართლო პროცესზე განეცხადებინა, შესაბამისად, სსსკ-ის 426.1 მუხლიდან გამომდინარე, არ ვლინდებოდა განცხადების დასაშვებობის წინაპირობა.
25. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არასაქმის განახლების შესახებ განცხადება. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა, შესაძლოა, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდეს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ განცხადების დაუშვებლად ცნობის საფუძვლებს. არ არის გასაზიარებელი კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ წარდგენილი დოკუმენტის არანოტარიალური თარგმნის საკითხს არაერთგზის შეედავა. ჯერ ერთი, თუკი მოსარჩელე პროცესზევე შეედავა ამ ფაქტს, მით უფრო ვერ მიიჩნევა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. საოქმო განჩინების კანონიერების კიდევ ერთხელ შემოწმებისათვის კი, საქმისწარმოების განახლების თაობაზე განცხადების შეტანის საპროცესოსამართლებრივ შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ნოტარიალურად იყო თუ არა დამოწმებული ამ ეტაპისათვის არარელევანტურია, რადგან მხარე ერთხელ უკვე შეედავა ამ ფაქტობრივ გარემოებას, მიუხედავად შედავებისა, სასამართლომ მტკიცებულება საქმეს დაურთო და ამ საოქმო განჩინების კანონიერებაზე განცხადებისა და კერძო საჩივრის ფარგლებში სასამართლო ვეღარ იმსჯელებს. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მეორე პრეტენზიას, რომ არც ხელშეკრულებიდან და არც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან არ ირკვეოდა თარჯიმნის მოპასუხე კომპანიაში დასაქმების შესახებ ინფორმაცია, ვერც აღნიშნული გახდება განცხადების დაშვების წინაპირობა, რადგან განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება სინამდვილეს რომც შეესაბამებოდეს, თავისთავად თარჯიმნის მოპასუხესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არაფერს ადასტურებს (იხ. პ. …).
25. სსსკ-ის 421.1 მუხლიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საქმისწარმოების განახლების თაობაზე კანონის ზემოთ მოყვანილ დანაწესს არ შეესაბამება. ფაქტობრივად, მხარე პრეტენზიას გამოთქვამს საოქმო განჩინების მიმართ და მისი მიზანია, მისი კანონიერების კიდევ ერთხელ შემოწმება, რასაც საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
27. ამასთან, განცხადება დასაშვები რომც ყოფილიყო მას არ ექნებოდა წარმატების პერსპეექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც: ა. არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას; ბ. ამასთანავე, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდეს საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; დ. ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ე. და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და, მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს საქმისწარმოების დასრულებამდე ჰქონდა (შდრ. სუსგ. №ას-609-576-2015, 28.12.2015წ). ამასთან, წარდგენილი მტკიცებულებები განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას უნდა იწვევდეს. თუკი ახალი გარემოება თუ მტკიცებულება, მისი წარდგენის შემთხვევაშიც არაფერს შეცვლიდა, საქმისწარმოება არ უნდა განახლდეს.
29. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მხოლოდ იმას აპელირებს რომ წარმოდგენილი მტკიცებულება თარგმნა სესხის ხელშეკრულების მეორე მხარის (რომელიც მოპასუხესთან დაკავშირებული პირი და მოსარჩელესთან სხვა დავაში მყოფი მხარეა) თანამშრომელმა, თუმცა არ მიუთითებს თარგმნის უსწორობაზე, დედანი რით განსხვავდება ნათარგმნისაგან ან თარგმანი რატომ არ შეესაბამება დედანს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაძლოა, დოკუმენტი მხარის თანამშრომელმაც თარგმნოს და, თუკი მეორე მხარე თარგმნის სისწორეს არ შეედავება, მიიჩნევა რომ თარგმანი სათანადოდ არის შესრულებული. მხარის თანამშრომლის მიერ მტკიცებულებად წარსადგენი დოკუმენტის თარგმნა იმთავითვე არასწორ თარგმანს არ გულისხმობს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორი არასწორ თარგმანზე არ აპელირებს, პალატა მიიჩნევს, რომ საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება დაუსაბუთებელია.
30. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მის მიერ “აღმოჩენილი” ფაქტი, კერძოდ, დოკუმენტის მთარგმნელის დაინტერესებულ კომპანიაში დასაქმების ფაქტი, თავის დროზე რომ ყოფილიყო ცნობილი, 01.01.2017 წლის ხელშეკრულებას სასამართლო უტყუარ მტკიცებულებად არ მიიჩნევდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მაშინ, როდესაც არც თარგმნის სიყალბეა დადგენილი სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება) შესაბამისად (რაც ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უნდა დასტურდებოდეს), ვერც განმცხადებელი ვერ მიუთითებს, რომ არასწორი თარგმანია, გაუგებარია, რას მოითხოვს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასამართლოს შესაძლოა, მტკიცებულების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გასჩენოდა, ვერ მიიჩნევა რაიმე არსებითი გარემოებად, რაც დასაქმებულის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, მით უფრო, რომ ეჭვის შეტანის საფუძვლად მითითებული გარემოება (მთარგმნელის მოპასუხის კონტრაჰენტ კომპანიაში დასაქმება) არ არის იმგვარი ფაქტი, რაც რეალურად მტკიცებულების უარყოფის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
31. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული ახალი გარემოება, მისი საქმის განხილვის ეტაპზეც რომ ყოფილიყო ცნობილი, არაფერს შეცვლიდა, რადგან თუკი მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულების წარმოდგენილი თარგმანი არ იყო სწორი, მას შეეძლო, წარმოედგინა იმავე მტკიცებულებების სხვა თარგმანი (შდრ. სუსგ №ას-203-192-2017 28 სექტემბერი, 2017 წელი, პუნქტი 10.11). სხვა თარგმანი განმცხადებელს არც ახლა წარმოუდგენია. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, რაც გულისხმობს კონკრეტული საპროცესო მოქმედებებისა და შესაბამისი დოკუმენტების ქართულ ენაზე შესრულებას, მაგრამ სრულებითაც არ ნიშნავს, რომ უცხოენოვან დოკუმენტს მტკიცებულების ძალა არ გააჩნია. იმის გათვალისწინებით, რომ მხარემ მტკიცებულებები, როგორც წესი, დედნის სახით უნდა წარადგინოს, იურიდიული ძალა სწორედაც რომ უცხო ენაზე შესრულებულ ორიგინალს აქვს. ბუნებრივია, პროცესის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროა დოკუმენტის ქართული თარგმანის წარდგენაც, მაგრამ აღიშნული არ ნიშნავს, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება გამოიკვლიოს და შეაფასოს უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი (იხ. სუსგ №ას-819-771-2012; 12 სექტემბერი, 2012 წელი).
32. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქმისწარმოების განახლების საფუძვლად მითითებულ მეორე გარემოებაზე - 01.01.2017 წლის სესხის ხელშეკრულების მეორე მხარეს სამართლებრივ დავა ჰქონდა განმცხადებელთან. გაუგებარია, ამ ფაქტის მითითებით, რისი დადასტურება სურს განმცხადებელს. თუკი ეს ფაქტიც მითითებულია იმ მიზნით, რომ სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე 01.01.2017 წლის სესხის ხელშეკრულების თარგმანში ეჭვი უნდა შეეტანა, ამ გარემოებაზე სასამართლომ იმსჯელა. ამასთან, თავად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ 22.03.2021 წელს - ხელშეკრულების საქალაქო სასამართლოში წარდგენის დროისათვის, ხელშეკრულების მეორე მხარე სამოქალაქო დავაში იყო მოსარჩელესთან. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოსარჩელეს ამ ფაქტის მითითება თავის დროზეც შეეძლო.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების განახლების საფუძვლად მითითებული გარემოება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან, თუკი გაყალბებულ თარგმანზე აპელირებს მას, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა დაერთო, ხოლო, თუ არასწორ თარგმანზე არ აპელირებს, მხოლოდ თარჯიმნის მოპასუხე ორგანიზაციასა თუ მოპასუხის კონტრაჰენტ ორგანიზაციაში თანამშრომლობაზე მითითება განცხადების დაშვების წინაპირობა ვერ გახდება.
34. კერძო საჩივრის ავტორი იმაზეც მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი განცხადება განიხილა ისე, რომ სამოქალაქო საქმე მატერიალურად უზენაეს სასამართლოში იყო. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ პალატამ განცხადება სამოქალაქო საქმის ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე განიხილა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მატერიალური საქმის ყველა დოკუმენტი ელექტრონული ფორმით არსებობს და განცხადების ამგვარად განხილვით სააპელაციო სასამართლოს არცერთი საპროცესოსამართლებრივი ნორმა არ დაურღვევია. აღნიშნული განპიროებებული იყო საქმის სწრაფად განხილვისა და საპროცესოსამრთლებრივი ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
36. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოს 26.11.2021 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასაც. რაკი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საფუძველი გამოეცალა გადაწყვტილების აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე