3გ-ად-35-გ-02 17 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. თ.-ს განცხადების განსჯადობის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
სოხუმის საქალაქო სასამართლოს 06.07.2000წ. გადაწყვეტილებით ზ. თ.-ს სარჩელი აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს მიმართ ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის 26.11.99წ. ¹132 დადგენილებისა და აფხაზეთის ა/რ იუსტიციის მინისტრის 03.12.99წ. ბრძანების გაუქმების, წინათ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, მოპასუხისათვის პატივისა და ღირსების შელახვისათვის 30000 ლარის დაკისრების, მის მიმართ წარმოებული დევნისათვის პირთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 11.09.2000წ. განჩინებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. თ.-მ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 16.02.01წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ზ. თ.-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა განცხადებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 16.02.01წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 29.07.02წ. განჩინებით ზ. თ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ზ. თ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომელმაც განცხადება განსახილველად გადააგზავნა სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოში. სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 16.09.02წ. განჩინებით ზ. თ.-ს განცხადება განსჯადობისამებრ განსახილველად გადაეგზავნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ. თ.-ა სსკ-ს 3.1 მუხლის მიხედვით უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დავის საგანი და მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადების შეტანის შესახებ. ზ. თ.-მ ამ უფლების გამოყენებით, ჩამოაყალიბა თავისი მოთხოვნის ფორმა, სახე და განსჯადი სასამართლო, თავის განცხადებებში არ ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს 06.07.2000წ. გადაწყვეტილებას და ითხოვს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება, შესაბამისად სასკ-ს მე-6 მუხლის თანახმად იგი ექვემდებარება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განხილვას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.09.02წ. განჩინებით საქმის მასალები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასკ-ს 26-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ზ. თ.-ს განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. სსკ-ს 424-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებას ეხება. ზ. თ.-ს სარჩელზე გადაწყვეტილება გამოტანილია სოხუმის საქალაქო სასამართლოს მიერ. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 11.09.2000წ. განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 16.02.01წ. განჩინებით უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ს 424-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით ზ. თ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა _ სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლომ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვის სასამართლო განსჯადობის საკითხი წყდება სასამართლო აქტების სამართლებრივი შედეგების მიხედვით. უკეთუ საკასაციო ან სააპელაციო ინსტანციების მიერ შეცვლილ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დადგენილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მათი გადასინჯვა ხდება ახალი გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ. ზემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში გადაწყვეტილების გადასინჯვა შეადგენს გადაწყვეტილების გამომტანი პირველი ინსტანციის სასამართლოს ვალდებულებას. ამდენად, პროცესუალური კანონმდებლობით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების მიმართ განსჯადობა იმპერატიულად არის განსაზღვრული და არ იძლევა განსჯადობის საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის შესაძლებლობას. განსჯადობის საკითხი არ იცვლება საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების გამო, ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობები თავისი არსით ეხება არა ადმინისტრაციულ აქტს, არამედ ადმიანისტრაციულ გარიგებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 10.09.02წ. განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებებს საქმის აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს განსჯადობის თაობაზე. ს.ა.ს.კ. 26-ე მუხლის თანახმად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. თ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად დაექვემდებაროს სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოს.
2. ზ. თ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.