Facebook Twitter

საქმე №ას-999-2020 30 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი. ბ-ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ღსს ,,ს…ო-ს…ო ს-ო კ-ია ა-დი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ბ-ვი (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი აპელანტი, კასატორი) 2010 წლის 15 ივლისიდან მუშაობდა ღსს ,,ს-ო ს-ო ს-ო კ-ა ა-დ ჯ-ში“ ფინანსურ მენეჯერად.

2. მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა უვადო იყო.

3. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა მოპასუხე კომპანიის თბილისის ოფისში წამყვანი ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური სარგო შეადგენდა 1530 აშშ დოლარს (დაბეგრილი).

4. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიისგან ბინის ქირის სახით ყოველთვიურად იღებდა 600 ლარს.

სარჩელის საფუძვლები:

.

5. დასაქმებულმა სარჩელის აღძრა ღსს ,,ს-ო-ს-ო ს-ო კ-ია ა-ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მეორე აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კომპანიის დირექტორის 2016 წლის 5 მაისის №--- და იმავე წლის 16 მარტის №- ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 3 მაისიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური 1530 აშშ დოლარის გათვალისწინებით (ხელზე ასაღები), ასევე, 2016 წლის იანვარი - აპრილისა და მაისის 3 დღის სახელფასო დავალიანების სულ - 6268.06 აშშ დოლარის, ყოველი დავალიანების დაგვიანებით გაცემისათვის პირგასამტეხლოს და 3 მაისიდან სამსახურში აღდგენამდე ბინის ქირის - თვეში 600 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

6. მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 3 მაისს გადაეცა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რაც მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების უვადო ხასიათიდან გამომდინარე, არ შეესაბამება შრომის კოდექსის მოთხოვნებს.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2016 წლის 3 მაისის №… და იმავე წლის 16 მარტის №.. ბრძანებები; მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაცია - 1 წლის ხელფასის ოდენობით 18360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (დაბეგრილი) მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე, 4 თვისა და 3 დღის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 6268.08 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და პირგასამტეხლო ამ თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოსარჩელეს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მოსარჩლესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის 2016 წლის 3 მაისის №… ბრძანების საფუძველზე, რომლის თანახმად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.

12. სასამართლოს მითითებით, მაშინ, როდესაც წარმოდგენილი მასალებით ცალსახაა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, ვინაიდან გასტანა 30 თვეზე მეტ ხანს, ამასთან, შრომითი ურთიერთობის უვადო ხასიათი სხდომაზე არც მოპასუხის წარმომადგენლებს არ გაუხდიათ სადავოდ, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, ამიტომაც მართებულად იქნა ბათილად ცნობილი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის მიერ გამოცემული სადავო ბრძანება.

13. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, მხარებს შორის საკმაოდ დიდი ხანია უკვე აღარ არსებობს შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, მათ შორის დაკარგულია ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა, რისი გათვალისწინებითაც, დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობს.

14. სასამართლოს მითითებით, მართებულად მოხდა დარღვეული უფლების რესტიტუცია კონკრეტული თანხით - 18 360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით (დარიცხული ოდენობით).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების წინაპირობები და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

17. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად, გათავისუფლების ბათილად ცნობის შემთხვევაში სამუშაოზე აღდგენა თანმდევი შედეგია. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მისი შტატის გაუქმების ან ტოლფასი თანამდებობის არარსებობის შესახებ მტკიცებულება, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა რომ სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია, სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან.

18. კასატორის მითითებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიღო დამსაქმებლისათვის 1 (ერთი) წლის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება. კომპენსაციის ნაწილში სასამართლოს დასაბუთებული მსჯელობა განჩინებაში არ არის მოცემული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის სახედ კომპენსაციის გადახდა დაადგინეს. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგი არასწორად განსაზღვრა, კერძოდ, არ აღადგინა სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში აღდგენის წინაპირობები იკვეთებოდა.

24. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს ზემოაღნიშნულ საკასაციო პრეტენზიას და განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31 მაისი 2019 წელი; სუსგ №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი).

25. საკასაციო პალატის განმარტებით, როდესაც უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტი შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგლზე აღდგენას, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხართა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე.

26. ნიშანდობლივია, რომ კასატორის საკასაციო საჩივარზე მხარეთა მორიგების მიზნით სხდომა დისტანციურად დაინიშნა, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაფიქისრებული პოზიციების გათვალისწინებით, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენას შეუძლებელს ხდიდა კომპანიის გაკოტრების პროცესი. დასაქმებულის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია დამსაქმებელი კომპანიის გაკოტრების რეჟიმში ყოფნა და მიუთითა, რომ კასატორის ინტერესს გონივრული კომპენსაციის მიღება წარმოადგენდა. სასამართლომ მხარეებს მორიგებისათვის 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა, ამასთან, განუმარტა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებდა. მოპასუხე კომპანიამ სასამართლოში წარმოადგინა განცხადებები, კვლავ მიუთითა სასამართლო სხდომაზე დასახელებულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანია გაკოტრებულია და ფინანსური რესურსი დასაქმებულთან მოსარიგებლად არ გააჩნია, რის გამოც, მხარეთა შორის მორიგება ვერ იქნა მიღწეული.

27. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესის დაცვით ამოწმებს დასაქმებულის მოთხოვნის (სამუშაოზე აღდგენის) საფუძვლიანობასა და მიზანშეწონილობას და მიიჩნევს, რომ არარსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის წინაპირობები.

28. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც უნდა გათვალისწინდეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და, რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (მრავალ გადაწყვეტილებათა შორისაა სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალის განჩინება, №ას-536-2021, 2021 წლის 21 სექტემბერის განჩინება). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის(იხ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ).

29. საკასაციო პალატა გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს. კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტის შეფასებისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს არაერთ ფაქტორს, მათ შორის, კომპანიის ლიკვიდურობისა და გადახდისუნარიანობას, ასევე - თავად დასაქმებულის დასაქმების პერსპექტივას, ასაკს, სამუშაო გამოცდილებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია სწორად იქნა განსაზღვრული და აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული საკასაციო შედავება კასატორს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის გადახედვის სამართლებრივი მოცემულობა.

30. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: საქმე №ას-302-2021, 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება; საქმე №ას-1295-2020, 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება; №ას-611-584-2016, 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება, №ას-1334-2021, 2022 წლის 2 მარტის განჩინება; საქმე №ას-1123-2021, 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინება; №ას-1327-2018, 2019 წლის 3 ივნისის განჩინება).

35. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ი.ბ-ვს (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება №. / გადახდის თარიღი 15.04.2020), 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე