31 მაისი, 2022 წელი,
საქმე №ას-507-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – მ.ნ-ე, მ. ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – კ. რ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლოში სარჩელი შეიტანა კ. რ-ემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მ. ს-ას (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი), მ. ნ-სა (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) და ვ. ქ-ას (შემდეგში - მესამე მოპასუხე) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: პირველი და მეორე მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 25 355.53 აშშ დოლარის, ხოლო მესამე მოპასუხისათვის - 33 315.38 აშშ დოლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის საოქმო განჩინებით, სს „....... ბანკი“ საქმეზე ჩაება მესამე პირად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა,
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა;
- პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაკისრათ 25 355.53 აშშ დოლარის გადახდა;
- მესამე მოპასუხეს, მოსარჩელის მიმართ დაეკისრა, 33 315.38 აშშ დოლარის ანაზღაურება.
5.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2014 წლის 25 ივნისს, მოსარჩელეს, ლ. ლ-სა და პირველ მოპასუხეს შორის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება) დაიდო. ხელშეკრულების საგანი იყო, ქ.თბილისში, ... მე-...მ/რ-ში ბაგა-ბაღის მიმდებარედ არსებული 354 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მესაკუთრეები: პირველი მოპასუხე - 106.20კვ.მ, მესამე მოპასუხე - 70.80კვ.მ, მოსარჩელე და ლ. ლ-ლი - 177.00კვ.მ).
- ხელშეკრულების მიხედვით, მისი ხელმოწერის დროისათვის შენობის 4 სართული (თავისი სარდაფით) შავი კარკასის მდგომარეობაში იყო აშენებული. მიწის შეძენაში, პროექტსა და მშენებლობაში 190 000 აშშ დოლარი დაიხარჯა.
- ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე და ლ. ლ-ლი მიმდინარე მშენებლობას დაასრულებდნენ, ხოლო, სანაცვლოდ, პირველი მოპასუხე შეასრულებდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთისა და შენობის 50%-ის მოსარჩელესა და ლ. ლ-ზე გადაფორმებას.
- 2014 წლის 24 ნოემბერს, სს „... ..... ბანკსა“ და მოსარჩელეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში - პირველი საკრედიტო ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოსარჩელის სახელზე კრედიტი გაიცა (კრედიტის თანხა - 200 000 აშშ დოლარი, ვადა - 72 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 14%).
- საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა, 2014 წლის 24 ნოემბერს სს „... ..... ბანკსა“ და პირველ მოპასუხეს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით (შემდეგში - თავდებობის ხელშეკრულება). თავდებობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა 307 773.39 აშშ დოლარით განისაზღვრა.
- 2015 წლის 6 აგვისტოს, სს „...... ბანკსა“ და მოსარჩელეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში - მეორე საკრედიტო ხელშეკრულება) გაფორმდა (კრედიტის თანხა - 30 000 აშშ დოლარი, ვადა - 63 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 14%).
- 2015 წლის 2 სექტემბრის გარიგების (შემდეგში - სადავო გარიგება ან სადავო შეთანხმება) მიხედვით, სს „...... ბანკში“ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის სახელზე არსებული სესხი - 348 331 000.00 აშშ დოლარი, შემდეგნაირად გადანაწილდებოდა: მოსარჩელე - 97 299 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიურად გადასახდელი 1 390 აშშ დოლარი; მეორე მოპასუხე - 123 170 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიურად გადასახდელი 1 970 აშშ დოლარი; მესამე მოპასუხე - 30 562 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიურად გადასახდელი 492 აშშ დოლარი; ლ. ლ-ლი - 97 300 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიურად გადასახდელი 1 390 აშშ დოლარი.
- 2017 წლის 4 იანვარს, სს „... ბანკს“, პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო (შემდეგში - მესამე საკრედიტო ხელშეკრულება), რომლითაც მოპასუხეებზე კრედიტი გაიცა (კრედიტის თანხა - 60 000 აშშ დოლარი, ვადა - 60 თვე, პროცენტი - წლიური 11.5%).
- მესამე საკრედიტო ხელშეკრულების 3.13 პუნქტის თანახმად, კრედიტის მიზანი, მოსარჩელის პირველი საკრედიტო ხელშეკრულებით აღებული კრედიტის დაფარვა იყო. ამასთან, მესამე საკრედიტო ხელშეკრულების დადების შემდეგ, პირველ მოპასუხესა და სს „..... ბანკს“ (ყოფილი სს „.. ... ბანკი“) შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულება გაუქმდა და მოსარჩელის სესხზე თავდების ვალდებულებებისგან პირველი მოპასუხე გათავისუფლდა.
- კრედიტორის მიმართ მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, სრულადაა შესრულებული.
- კრედიტორის მიმართ პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის დავალიანება შემდეგია: ძირი თანხა - 20 687.04 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 606.74 აშშ დოლარი, ჯარიმა - 5 774.48 აშშ დოლარი.
- სადავო გარიგებიდან გამომდინარე, პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 89 290 აშშ დოლარი აქვთ გადახდილი, რაშიც, 2017 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებით მოსარჩელის სესხიდან ცალკე გამოყოფილი 60 000 აშშ დოლარიც შედის.
5.2. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, სადავო შეთანხმება (რომლითაც მხარეებმა მოსარჩელის სახელზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ურთიერთშეთანხმებული ოდენობით გადახდა იკისრეს) იძულებით დადებულ გარიგებად ვერ შეფასდებოდა, რადგან საქმის მასალებით არ დგინდებოდა იძულების ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილი, ხოლო ხელშეკრულება კანონშესაბამისი იყო. გადაწყვეტილების მოცემული ნაწილის დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 50-ე, 85-ე, 86.1 და 86.2 მუხლებით.
5.3. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა პირველი და მეორე მოპასუხისათვის 25 355.53 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი, შემდეგი გარემოებების გამო:
5.3.1. 2015 წლის 2 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმებით დგინდებოდა, რომ პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ, სესხის, ჯამურად 348 331 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება სოლიდარულად იკისრეს, აღნიშნული სესხის საბოლოოდ დაფარვამდე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2017 წლის 4 იანვარს, პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის მიერ სს „.... ბანკიდან“ 60 000 აშშ დოლარის სესხად აღებით, 2015 წლის 2 სექტემბერს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება შეწყდა, რადგან მხარეებმა ახალი შეთანხმება დადეს, რომლითაც მათ შორის არსებული ვალდებულებების მოცულობა ხელახლა განისაზღვრა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარე, მოპასუხეებთან ერთად, მოსარჩელეც იყო, მაშინ, როდესაც 2017 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებაში მოსარჩელე მხარედ არ გვევლინებოდა. ამდენად, ცალსახა იყო, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს ნება არ გამოუვლენია, რაც პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულების განსხვავებული მოცულობით განსაზღვრის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
5.3.2. ფულადი ვალდებულების მოცულობაზე გავლენას ვერც ის გარემოება ვერ მოახდენდა, რომ 2017 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებით პირველი მოპასუხის მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს ნაკისრი თავდებობის ვალდებულება შეწყდა. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2017 წელს მოპასუხეთა მიერ სს „... ბანკში“ სესხის აღებისას, პირველი მოპასუხის თავდებობისგან განთავისუფლებაზე მან თანხმობა განაცხადა, რომელსაც ბანკის წარმომადგენელიც დაეთანხმა, თუმცა აქედან იმ დასკვნის გამოტანა, თითქოს მოსარჩელესა და მოპასუხეებს (პირველი მოპასუხე და მეორე მოპასუხე) შორის ამ დღეს ახალი გარიგება დაიდო და ვალდებულებები განსხვავებულად განისაზღვრა, უსაფუძვლო იყო. მოსარჩელის მიერ ვალდებულების ფორმირების შესახებ ნება/თანხმობა არც საქმის მასალებით და არც მისი კონკლუდენტური მოქმედებებით არ დასტურდებოდა.
5.3.3. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელემ მიუთითა და პირველმა მოპასუხემაც დაადასტურა, რომ, შენობა, რომლის დამთავრებაც მოსარჩელემ ივალდებულა და შესაბამისი სახსრებიც მოიძია, დასრულებულია და წილები შეთანხმებული პროცენტულობით მხარეებმა გადაინაწილეს.
უდავო იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ ნაკისრი 150 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება სწორედ შენობის დამთავრების მიზანს ისახავდა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა უძრავი ქონების 50%-ის მოსარჩელისთვის, ხოლო დარჩენილი 50%-ის მოპასუხეთათვის გადანაწილება. ზემომითითებული გარემოება ამყარებდა სასამართლოს რწმენას იმის თაობაზე, რომ, მოსარჩელეს, 2015 წლის 2 სექტემბერს მოპასუხეთა მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება ჰქონდა.
5.3.4. მოსარჩელემ, დაზუსტებულ სარჩელში, მოპასუხეთა ვალდებულების შესრულების გრაფიკი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ, ნაკისრი ვალდებულებიდან, 91 794.21 აშშ დოლარი გადაიხადეს, ხოლო გადასახდელი ოდენობა 25 355.53 აშშ დოლარს შეადგენდა. მოპასუხეებს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის ძირითადი სესხის თანხა 89 290.336 აშშ დოლარს შეადგენდა, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მათ შეთანხმებული პროცენტულობით 22 022.04 აშშ დოლარისა და საბანკო ჯარიმის, 466 773 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული თანხებიდან მოპასუხეებმა 91 79421 აშშ დოლარი გადაიხადეს, ხოლო 25 355.53 აშშ დოლარი გადასახდელი ჰქონდათ.
რაც შეეხებოდა მოსარჩელეს, მან, როგორც სოლიდარულმა მოვალემ, ბანკის წინაშე ვალდებულება სრულად შეასრულა, რაც სსკ-ის 361-ე და 463-ე მუხლების საფუძველზე, მას პირველი და მეორე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის საფუძველს უქმნიდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მესამე მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ამ უკანასკნელის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისისა და 12 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
კასატორთა საკასაციო საჩივრის დასაბუთება ასეთია:
6.2.1. მცდარია სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ, თითქოს პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ, მოსარჩელეს, მხოლოდ 89 000 აშშ დოლარი გადაუხადეს. მოსარჩელის დაზუსტებული გაანგარიშება არასწორია, რადგან კასატორებს 123 909 აშშ დოლარი აქვთ გადახდილი.
6.2.2. არასაკმარისადაა დასაბუთებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც მიჩნეულია, რომ მოსარჩელის მხრიდან კასატორთა მიმართ იძულებას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე ვერ მიუთითებს, თუ რატომ უნდა გადაეხადათ კასატორებს მის მიერ გადახდილი სესხი, მაშინ როცა თავდაპირველი ხელშეკრულებით, მათ შენობის დასრულებისათვის ხარჯი არ უნდა გაეწიათ.
6.2.3. 2015 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულებისა და 2014 წლის 25 ივნისის ხელშეკრულების ურთიერთშედარების შედეგად ირკვევა, რომ, 2015 წლის 2 სექტემბრამდე, კასატორებს არ ევალებოდათ შენობის დასრულებისათვის დამატებითი თანხის გაღება. ასეთი ვალდებულება ეკისრებოდათ მოსარჩელესა და ლ. ლ-ლს. ამდენად, ცხადია, რომ 2015 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულებით, კასატორთა მდგომარეობა გაუარესდა. მოცემული საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება (საქმე #ას-664-635-2016, 2.03.2017), სადაც განმარტებულია, რომ იძულება არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია. შესაბამისად, სასამართლოს ევალება, შეაფასოს ორი ხელშეკრულება და გამოკვეთოს, იძულებისა და მუქარის შიშის არარსებობის პირობებში, კასატორები რამდენად ხელს მოაწერდნენ 2015 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულებას და იკისრებდნენ იმ თანხის გადახდას, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც მათ არ ჰქონდათ.
6.2.4. კონკრეტულ შემთხვევაში, 2015 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულების დადებიდან მუქარა განუწყვეტლივ გრძელდებოდა. მოგვიანებით, მოსარჩელისა და ლ. ლ-ის მიერ მუქარა გაგრძელდა კასატორის ქალიშვილის მიმართ გაგზავნილ შეტყობინებებში. ამის გამო, 2016 წლის 14 ნოემბერს კასატორებმა თავიანთი უფლებების დასაცავად პოლიციას მიმართეს. აღნიშნული განცხადებით, სარჩელის სასამართლოში შეტანამდე, ხანდაზმულობის ვადა უკვე შეწყვეტილი იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული მუქარა რეალურად უნდა შეფასდეს, ხოლო 2015 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულება, იძულებით გარიგებად უნდა ჩაითვალოს.
6.2.5. 2015 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულება წინა ხელშეკრულებასთან სრულიად შეუსაბამოა, გაწერილი არ არის, თუ რატომ ეკისრებათ კასატორებს სესხის გადახდა. მოსარჩელემ ბოროტად გამოიყენა თავისი მდგომარეობა, მას შენობა უნდა დაესრულებინა და მისი გაყიდვით იმუქრებოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლო, ერთ-ერთ საქმეზე თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობისათვის საჭიროა, ნასყიდობის ფასის არაადეკვატურობა, დისპროპორცია, გარიგება დადებული უნდა იყოს იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა კონტრაგენტის მძიმე მდგომარეობით. მოცემულ საქმეზე, სწორედ ასეთი ფაქტობრივი მოცემულობა გამოიკვეთა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დადგინდა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო პალატის განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა, პირველი და მეორე მოპასუხისათვის (კასატორები), მოსარჩელის სასარგებლოდ, 25 355.53 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი ისაა, რომ სადავო გარიგებით კასატორებმა (გარიგების სხვა მონაწილეებთან ერთად) მოსარჩელის სესხის გადახდის ვალდებულება სოლიდარულად იკისრეს (სესხის საბოლოოდ დაფარვამდე), თუმცა ნაკისრი ვალდებულებიდან 91 794.21 აშშ დოლარი გადაიხადეს და 25 355.53 აშშ დოლარი გადასახდელი დარჩათ.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგებაზე დაყრდნობით არსებობს პირველი მოპასუხისთვის თანხის დაკისრების საფუძველი.
9.1. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას. ამის ნათელი დადასტურებაა სსსკ-ის მე-4 (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით) მუხლები.
ამდენად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში).
9.2. წარმოდგენილი სასარჩელო პრეტენზიის ფარგლებში, პირველი მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის წარმატება დამოკიდებული იყო სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის დასაბუთებაზე. ასეთ საფუძვლად მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული სადავო გარიგება დაასახელა, რომელიც საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა.
10. მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმის დადგენა - სადავო შეთანხმებით, იკისრა თუ არა პირველმა მოპასუხემ, მოსარჩელის სესხის გადახდის ვალდებულება. მითითებულ შეკითხვას უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს, რამდენადაც ხსენებული შეთანხმების შინაარსი ასეთ გარემოებაზე მითითებას არ შეიცავს.
სადავო გარიგების მიხედვით, მოსარჩელის სესხის (348 331 000.00 აშშ დოლარი) გადახდის ვალდებულება იკისრა: მეორე მოპასუხემ (123 170 აშშ დოლარი), მესამე მოპასუხემ (30 562 აშშ დოლარი), ლ. ლ-მა (97 300 აშშ დოლარი) და მოსარჩელემ (97 299 აშშ დოლარი).
დასახელებული თანხების გადახდა საქმეში არსებული მტკიცებულების შინაარსობრივი, გრამატიკული და ლოგიკური კვლევის შედეგად მხოლოდ აღნიშნულმა პირებმა ივალდებულეს და, არა - პირველმა მოპასუხემ, რომლის მეორე და მესამე მოპასუხესთან ერთად პასუხისმგებლობის მოთხოვნითაც განსახილველი სარჩელია აღძრული.
ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ გააქარწყლებს ამავე გარიგებაზე პირველი მოპასუხის ხელმოწერის არსებობა, რამდენადაც თანხის გადახდის საფუძველს მასში აღბეჭდილი შინაარსი წარმოქმნის, სადაც ვალდებულების შემსრულებელ სუბიექტებს შორის მოპასუხე დასახელებული არაა. შესაბამისად, პირველ მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება გარიგების შინაარსის გათვალისწინებით ვერ დაეკისრება.
11. სსკ-ის 317.1 მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან სადავო გარიგების შინაარსი ამ უკანასკნელის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის. რაკი პირველი მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი მოსარჩელემ სასამართლოს ვერ დაუმტკიცა, ამიტომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელი წარუმატებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. რაც შეეხება მეორე მოპასუხისათვის (მეორე კასატორი) 25 355.53 აშშ დოლარის დაკისრების მართლზომიერებას, მოცემულ ნაწილში საყურადღებოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:
1). სადავო გარიგებით, მეორე მოპასუხემ (გარიგების სხვა მონაწილეებთან, მათ შორის, მოსარჩელესთან ერთად) მოსარჩელის სესხის გადახდის ვალდებულება სოლიდარულად იკისრა (სესხის საბოლოოდ დაფარვამდე), თუმცა ნაკისრი ვალდებულებიდან 91 794.21 აშშ დოლარი გადაიხადა და 25 355.53 აშშ დოლარი გადასახდელი დარჩა.
2). მოსარჩელემ, როგორც სოლიდარულმა მოვალემ, სასესხო ვალდებულება სრულად შეასრულა.
ზემომითითებული გარემოებები მეორე კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
ამავდროულად, ეს გარემოებები იმის მაუწყებელია, რომ მეორე მოპასუხე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდაზე ვალდებული პირია (სსკ-ის 316.1, 317.1, 623-ე, 361-ე, 463-ე, 473-ე მუხლები).
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
13.1. მოცემულ შემთხვევაში, მეორე კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ არსებობს სადავო გარიგების, როგორც იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს და საპასუხოდ განმარტავს შემდეგს:
13.1.1. სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.
13.1.2. „სამოქალაქო კოდექსის 85-ე-89-ე მუხლებით განსაზღვრული გარიგების იძულებით დადება სამართლებრივი კატეგორიაა და სასამართლო ნორმით გათვალისწინებული შედეგის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული ფაქტებითა და ამ ფაქტების დადასტურების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას უნდა ქმნიდეს“ (იხ. სუსგ: №ას-89-83-2015, 23.10.2015).
ამრიგად, ამ საფუძვლით გარიგების საცილოობისას, ამა თუ იმ კონტრაჰენტი მხარის მიმართ გარიგების დადების იძულების საკითხი სასამართლომ უნდა შეაფასოს სამართლებრივად. სამართლებრივი შეფასების პროცესში პირზე განხორციელებული ზემოქმედების სსკ-ის 85-ე მუხლის კონტექსტით იძულებად შეფასებისთვის, განმსაზღვრელია იძულების ფაქტზე მიმთითებელი პირის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სამართალწარმოების პროცესში გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, რამდენად ქმნის იძულების რაიმე ფორმის გამოყენების გარეშე, ხელშეკრულების დაუდებლობაზე დასაბუთებულ ვარაუდს (იხ. სუსგ: №ას-1475-2018, 30.04.2020).
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო გარიგების იძულების ზემოქმედებით დადების ფაქტი მხარემ ვერ დაადასტურა, რაც მისი მტკიცების ტვირთში შედიოდა, კერძოდ, გარიგების დადების მიზნით მის მიმართ ძალადობის ან მუქარის განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის წარმოდგენილი ვერ იქნა. ამ კუთხით არც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასახელებული არგუმენტი გაზიარებული ვერ იქნება.
13.2. მეორე კასატორისათვის თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ამ უკანასკნელის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ 2015 წლის 2 სექტემბრის სადავო გარიგება მხარეთა შორის 2014 წლის 25 ივნისს დადებულ ხელშეკრულებასთან შეუსაბამოა. კერძოდ, 2015 წლის 2 სექტემბრამდე კასატორებს შენობის დასასრულებლად დამატებითი თანხის გადახდა არ ევალებოდათ, რაც 2015 წლის 2 სქტემბრის შეთანხმებით სხვაგვარად განისაზღვრა. პალატას მიაჩნია, რომ ეს გარემოება მეორე კასატორის მხრიდან სადავო გარიგების იძულებით დადების ფაქტის დასამტკიცებლად ვერ გამოდგება, რამდენადაც თავდაპირველ შეთანხმებაში კონკრეტული ქმედების შესრულებაზე ვალდებულ პირად მოსარჩელის დასახელება იმას არ გამორიცხვს, რომ, მოგვიანებით, ამავე პირის მიერ შესასრულებელი მოვალეობის მოცულობა მხარეებმა განსხვავებულად დაადგინეს. აღნიშნული არ გამოირიცხება მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ სესხის აღების მიზანი შენობის დასრულება იყო, რომლის 50% მოპასუხეებს შორის უნდა გადანაწილებულიყო.
13.3. მეორე კასატორი სადავოდ ხდის იმ თანხის ოდენობასაც, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადეს. საკასაციო პალატა მეორე კასატორის ვერც აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და განმარტავს შემდეგს:
ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთზე არსებობს საკასაციო სასამართლოს არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება.
დასახელებული საქმეებიდან ერთ-ერთზე, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ ისაა, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც ისაა, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არ აქვს რაიმე საჭიროება, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრებით, მოვალე აღჭურვილია უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, რისკს ქმნის და, შესაძლოა, აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მხოლოდ მოვალეს შეიძლება დაეკისროს.
ამავე განჩინებაში, საკასაციო პალატამ კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია წერილობით საბუთი (მაგ: ვალის მიღების შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი; გადარიცხვის ქვითარი; სალაროს შემოსავლის ორდერი) (იხ. სუსგ №ას-1152-1072-2017, 29.12.2017).
კიდევ ერთ საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: სსკ-ის 429.1 მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა.
ამავე განჩინებაში საკასაციო პალატამ ხაზგასმით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტში ყოველთვის იგულისხმება წერილობითი საბუთი, შესაბამისად, მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-194-2019, 27.05.2019).
განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მეორე მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელმაც აღნიშნული ტვირთის წარმატებით რეალიზება ვერ შეძლო. მან ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება ფულადი ვალდებულების მის მიერ მითითებული ოდენობით შესრულების შესახებ და ვერ დაადასტურა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი ოდენობის თანხა დააკისრა.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე მოპასუხესთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა გასაზიარებელია, რის გამოც მოცემულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
15. სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, შემდეგი გარემოების გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 25 355.53 აშშ დოლარის გადახდა; დასახელებული გადაწყვეტილების ეს ნაწილი პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს და საკასაციო საჩივარზე ერთიანი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადეს; საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ, იმგვარად შეიცვალა, რომ სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მეორე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 25 355.53 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში პალატას მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოგებული მხარის (პირველი კასატორი) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება აღარ უნდა დაევალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მე-4 და მე-6 პუნქტების ნაწილობრივ შეცვლით მოცემულ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. კ. რ-ს სარჩელი მ. ს-ას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
5. დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე