22 აპრილი, 2022 წელი,
საქმე №ას-77 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ე-ო-პ-ო ჯ-ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „ა-სი“
გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ე-ო-პ-ო ჯ-ია“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან უნივერსიტეტი) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
საკასაციო პრეტენზიის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, სამუშაოს მწარმოებელი ვალდებულია, შესრულებული სამუშაოების შესახებ შეატყობინოს ელექტროგადამცემი ქსელის მფლობელს, შეუთანხმოს სამუშაოთა უსაფრთხოდ შესრულების წესი/პირობები და დაწყების თარიღი.
2.1. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, მოპასუხისთვის სავსებით ნათელია მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და განხორციელებულ ქმედებას შორის, სწორედ პასუხისმგებლობის განაწილების მიზნით, მისივე შუამდგომლობით საქმეში ჩართულ იქნა მესამე პირი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. მოპასუხესა და შპს „ა-ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი ან მიმწოდებელი) შორის 2016 წლის 7 სექტემბერს დაიდო #... ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა უნივერსიტეტის მეორე კორპუსის I-III სართულის გათბობის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა.
5.4 2016 წლის 1 ნოემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა დაასრულა უნივერსიტეტის მეორე კორპუსის I-III სართულის გათბობის ქსელის, მეოთხე კორპუსის პანდუსის, დარბაზში რკინა/ბეტონის სადგურის მოწყობისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
5.5. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში, …. ქუჩა #...-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მიწის ნაკვეთი) მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
5.6. მიწის ნაკვეთზე გადის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი საკაბელო ხაზი (ობიექტის სიგრძე - 110.08მ, დაფარვის ზონა - ბათუმი, …ქუჩიდან (ქვესადგური „ბათუმი-…-დან“) ….., … და … გადაკვეთით, … ქუჩის მიმდებარედ მდებარე ქვესადგურზე, ს/კ-ით #....)).
5.7. 2016 წლის 30 სექტემბერს ბათუმში, … ქუჩა #... -ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელის კუთვნილი 35 კვ-იანი #.. საკაბელო ხაზის სამივე ფაზა დაზიანდა, რამაც გამოიწვია ქ/ს „ბათუმი ..-ში“ #.. საკაბელო ხაზის სამივე ფაზის დამაბოლოებელი ქუროს მწყობრიდან გამოსვლა, შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა აბონენტებს. მოსარჩელემ კაბელი იმავე წლის 1 ოქტომბერს აღადგინა, ხოლო ქ/ს „ბათუმი …-ში“ საკაბელო ხაზის დამაბოლოვებელი ქუროები 2 ოქტომბერს შეცვალა.
5.8. მოსარჩელის წარმომადგენლების - რ. ჯ-ას, ა. ბ-სა და რ. ვ-ის მიერ 2016 წლის 30 სექტემბერს შედგენილი დაზიანების აქტის მიხედვით, … ქუჩაზე …. უ-ის ეზოში უ-ის თანამშრომლებმა საკანალიზაციო არხის მოწყობისას დააზიანეს საკაბელო ხაზი #... დაზიანდა სამივე ფაზა კაბელი, რამაც გამოიწვია ქ/ს „ბათუმი …-ში“ #. საკაბელო ხაზის სამივე ფაზის დამაბოლოვებელი ქუროს დაზიანება (დაზიანების აქტი ცალმხრივად, მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენლების მიერაა ხელმოწერილი).
5.9. ზემოაღნიშნულ დაზიანების აქტზე (რომელიც ზიანის გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს) დაყრდნობით შედგენილი ოპერატიული ჟურნალის ამონაწერის მიხედვით, დაზიანება უ-ის თანამშრომლების მიერ საკანალიზაციო არხის მოწყობამ გამოიწვია.
5.10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მოწმის სახით დაკითხული ა. ბ-ის ჩვენებით, დაზიანება ადგილზე პარასკევს შეამოწმეს, ხოლო, ვინაიდან შაბათი - კვირა დასვენების დღე მოსდევდა, აქტი შემთხვევიდან მესამე დღეს დაწესებულებაში 1 ან 2 ოქტომბერს შეადგინეს. მისივე განმარტებით, უნივერსიტეტი კანალიზაციის მილებს აწყობდა, როდესაც ტრაქტორმა მათი კაბელი დააზიანა (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 სექტემბრის სხდომის ოქმი).
5.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 მარტის №… დასკვნის მიხედვით, საქმის მასალებიდან არ იკვეთებოდა ბათუმში, … ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მოსარჩელის კუთვნილი 35 კვ. ძაბვის საკაბელო ხაზის დაზიანების კონკრეტული მიზეზი, ხოლო უკვე აღდგენილ კაბელზე დაკვირვებით ექსპერტიზა ვერ განსაზღვრავდა დაზიანების მიზეზს.
5.12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მოწვეული ექსპერტის კ. კ-ის განმარტებით, თეორიულად კაბელის დაზიანება მიწისქვეშა სამუშაოებამდეც იყო შესაძლებელი. ექსპერტიზის შემდგენი მეორე ექსპერტის - უ. ხ-ის განმარტებით კი, დაზიანების შესაძლო მიზეზის დადგენა შეუძლებელი იყო, რადგან კაბელი უკვე აღდგენილია. მისივე განმარტებით, დაზიანება შესაძლებელია, გამოეწვია უამრავ მიზეზს, მონტაჟის დროს დაშვებულ შეცდომას ან ექსპლუატაციის დროს წყლის ჩასვლასა და მოკლე ჩართვას, რამაც კაბელების გახლეჩა გამოიწვია. თეორიულად ყველაფერი დასაშვებია, ხოლო ამ ვითარებაში კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს. დაზიანების ფოტო-ვიდეო მასალის არსებობისას კი, შესაძლებელი იქნებოდა მეტად ამომწურავი პასუხის გაცემა (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 5 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
5.13. მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და შედეგს - მოსარჩელის საკაბელო ხაზის დაზიანებას შორის არ დგინდება.
6. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.
კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809-776-2016, 04.04.2017).
7. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის ანაზღაურებაზე საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხს და აცხადებს, რომ უშუალოდ მის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოსარჩელის კაბელის დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მითითებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება, თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით), მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. თუკი მხარე მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზებას თავს ვერ გაართმევს ეს გარემოება მხარისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ, მაშინაც, როდესაც თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
7.1. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
7.2. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
7.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად ცალმხრივად შედგენილი დაზიანების აქტი და მის საფუძველზე შედგენილი ოპერატიული ჟურნალის ამონაწერი წარადგინა, რომელიც დაზიანების ფაქტის დეტალურ აღწერას არ შეიცავს. დაზიანებასთან დაკავშირებით ფაქტის კონსტანტაცია არ განხორციელებულა და არც დაზიანების დამადასტურებელი ფოტომასალა შექმნილა, რაც სარწმუნოს გახდიდა მოსარჩელის მოთხოვნას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სწორედ მოსარჩელეს ხელეწიფებოდა მის მიერ მითითებული მტკიცებულებების დროული და ეფექტური დაცვა/შექმნა, რომლითაც სათანადო წესით დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნას.
ამასთან, არც ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი საკაბელო ხაზი მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად დაზიანდა, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების დაკისრების უძირითადესი საფუძველი არ არის გამოკვეთილი და სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
9. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
11. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 418 ლარის (საგადასახდო დავალება #..., გადახდის თარიღი 30.12.2020წ), 70% - 292,6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი . ....
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ე-ო-პ-ო ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ე-ო-პ-ო ჯ-ას“ (ს/ნ ---) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 418 ლარის (საგადასახდო დავალება #---, გადახდის თარიღი 30.12.2020წ), 70% - 292,6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე