საქმე №ას-272-2022 10 ივნისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ. დ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "გ-ია" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. დ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მოსარჩელე 1987 წლის 14 მაისამდე სსრკ-ის მშენებლობის სამინისტროს ბათუმის ს-ნ კომბინატში ელექტროშემდუღებლად მუშაობდა.
3.2. მოსარჩელემ 1987 წლის 14 მაისს, ბათუმის ს-ენ კომბინატში უბედური შემთხვევის შედეგად საწარმოო ტრავმა მიიღო.
3.3. სსრკ-ის მშენებლობის სამინისტროს ბათუმის ს-ის კომბინატის 1988 წლის 14 დეკემბრის N.. ბრძანებით, მოსარჩელეს 1988 წლის 1 დეკემბრიდან 1989 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად სარჩო, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, 93.60 მანეთი დაენიშნა.
3.4. სსრკ-ის მშენებლობის სამინისტროს ბათუმის ს-ნი კომბინატის 1990 წლის 14 თებერვლის N … ბრძანებით, მოსარჩელეს 1989 წლის 2 დეკემბრიდან 1991 წლის იანვრის ჩათვლით ყოველთვიურად, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, 93.60 მანეთი დაენიშნა.
3.5. გაერთიანება „ს-ენი“ ბათუმის ს-ნი კომბინატის 1991 წლის 22 აპრილის N.. ბრძანებით, მოსარჩელეს 1991 წლის 1 იანვრიდან 1992 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად 93.60 მანეთი დაენიშნა.
3.6. საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს ბათუმის ს-ნი კომბინატის 1992 წლის 27 ოქტომბრის N… ბრძანებით, მოსარჩელეს 1992 წლის 1 იანვრიდან 1993 წლის 1 იანვრამდე, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ყოველთვიურად 93.60 მანეთი დაენიშნა.
3.7. აჭარის არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს ბათუმის ს-ნი კომბინატის 14.04.1993 წლის N… ბრძანებით, მოსარჩელეს 1993 წლის 1 თებერვლიდან 1994 წლის 1 თებერვლამდე, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ყოველთვიურად 93.60 მანეთი დაენიშნა.
3.8. აჭარის არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს ბათუმის ს-ნი კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა შპს „ბ-ის ს-ელ კ-ი“, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
3.9. შპს „ბ-ის ს-ლი კ-ი“ რეგისტრირებულ იქნა 06.06.2000 წელს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ.
3.10. შპს „ბ-ის ს-ლი კ-ის“ 100%-იანი წილი, 2006 წლის 16 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან შპს „გ-მ (შემდეგში - მოპასუხე ან საწარმო)“ შეისყიდა.
3.11. მოპასუხემ 2020 წლის 27 მაისს შეიცვალა სახელწოდება და შპს „მ-ლი“ ეწოდა.
3.12. შპს „მ-ი“ 2020 წლის 9 ოქტომბრიდან ლიკვიდირებულია; 2013 წლის 23 ოქტომბრიდან, შპს „ბ-ის ს-ლი კ-ის“ 100%- იანი წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა შპს „ბ.. ე..ს.. გ-ა“; 2020 წლის 15 ოქტომბერს კომპანიამ შეიცვალა სახელმწოდება და ამჟამად ბაზარზე მოპასუხის სახელწოდებით არის ცნობილი .
3.13. 2013 წლის 8 ნოემბრიდან დღემდე, შპს „ბ-ის ს-ლი კ-ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს „ბ-ა“.
3.14. შპს „ბ-ს ს-ლი კ-ი“ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დღემდე რეგისტრირებულია აქტიური სტატუსით.
3.15. სს „---- ბანკის“ ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, 2017 წლიდან 2019 წლის ივნისამდე მოსარჩელეს შპს „ბ-ის ს-ლი კ-ის“ მიერ ერიცხებოდა პენსია, კვარტალში 120.43 ლარი.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ბ-ის ს-ნი კ-ის, ასევე, შპს „ბ-ის ს-ლი კ-ის“ სამართალმემკვიდრე არ არის. საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება იკისრა, არ დადასტურდა მოპასუხის მიერ მოპასუხისთვის სარჩოს/პენსიის გადახდის ფაქტიც.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლომ განუმარტა მოსარჩელეს მოპასუხის სათანადოობის შესახებ და შესთავაზა არასათანადო მოპასუხე შეეცვალა სათანადო მოპასუხით, რაზეც მან უარი განაცხადა.
6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს მოპასუხე არ წარმოადგენდა.
7. სააპელაციო სასამართლომ სათანადო მოპასუხეობის საკითხის გამოსარკვევად რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება: მოსარჩელეს 1987 წლამდე შრომით ურთიერთობა ჰქონდა ბ-ის ს-ის კ-თან და სამუშაოს შესრულებისას მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც ბ-ის ს-მა კ-მა მას ყოველთვიური სარჩო დაუნიშნა; ბ-ის ს-ნი კომბინატის ბაზაზე შპს „ბ-ის ს-ლი კ-ი“ დაფუძნდა; შპს „ბ-ის ს-მა კ-მა“ მოსარჩელის მიმართ იკისრა ვალდებულება, ყოველთვიურად აენაზღაურებინა 40 ლარი (კვარტალში 120 ლარი), რომლის გადახდაც 2019 წლის ივნისიდან შეწყვიტა; უდავოა, რომ მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი ბ-ის ს-ლი კ-ი იყო, რომლის ბაზაზე მოგვიანებით შპს „ბ-ის ს-ის კ-ი“ დაფუძნდა. დადგენილია, რომ შპს „ბ-ის ს-ის კ-ის“ პარტნიორები (მესაკუთრეები) პერიოდულად იცვლებოდნენ; მოპასუხე 2013 წლის 23 ოქტომბრიდან 2013 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით შპს „ბ-ის ს-ის კ-ის“ 100 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორი იყო.
8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ გარკვეული პერიოდი მოპასუხე შპს „ბ-ის ს-ელ კ-ის“ 100 %-იანი წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენდა სადავო სამართალმემკვიდრეობის ფაქტს არ ადასტურებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტსა და 44-ე მუხლებზე მიუთითა და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ ვალდებულების (მათ შორის - დელიქტური ვალდებულების) შეუსრულებლობა ერთმნიშვნელოვნად საზოგადოების პარტიორის პასუხისმგებლობას არ იწვევს.
9. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, სარჩო გადაეხადა მოსარჩელისათვის და რამდენიმე თვე იხდიდა კიდეც მას, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ასეთის არსებობა მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელში მითითებული ფაქტებითაც არ დადასტურდა.
10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე მუხლზე მითითებით არ გაიზიარა აპელანტის მტკიცებაც, რომ მის სასარგებლოდ სარჩოს ყოველთვიურად მოპასუხე იხდიდა, რაც ვალდებულების აღიარებად უნდა იქნეს მიჩნეული. საბანკო ანგარიშების მიხედვით, მოსარჩელეს სარჩოს თანხა შპს „ბ-ის ს-ლ კ-მა“ ჩაურიცხა და არა მოპასუხემ. ამასთან, ისიც აღნიშნა, რომ მოსარჩელისთვის თანხის ჩარიცხვის პერიოდში (2017-2019 წლები) შპს „ბ-ის ს-ლ კ-ის“ მესაკუთრე მოპასუხე აღარ იყო.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავოა არაა, რომ შპს „ბ-ის ს-ლი კ-ი“ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დღემდე რეგისტრირებულია აქტიური სტატუსით; ასევე უდავოა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს შეთავაზებაზე, არასათანადო მოპასუხე სათანადო მოპასუხით შეეცვალა, უარი განაცხადა. საბოლოოდ, სასამართლომ სსსკ-ის 85-ე მუხლით (თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია,მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე) იხელმძღვანელა და გაიზიარა პირვლი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს პირს, რომელიც ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო პრეტენზიის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.15; მე-4, მე-5-მე-11 პუნქტები ) .
18. კასატორის განმარტებით, მოპასუხე წარდგენილ შესაგებელში ადასტურებს, რომ კომპანიის წილის შეძენის დღიდან მოსარჩელეს უხდიდა სარჩოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ფაქტობრივად აღიარა მოსარჩელის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა; ასევე - იგი აღარ იხდის სარჩოს, რადგან მოსარჩელემ საპენსიო ასაკს მიაღწია; შესაბამისად, საწარმოს არასათანადო მოპასუხეს მიჩნევის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მცდარია.
19. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას’’ (იხ. სუსგ Nას-989-2021, 18.02.2022წ).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას და რის საფუძველზე მოითხოვს? პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა და განპირობებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით. აღნიშნული საკითხები ჯერ კიდევ საქმის მომზადების ეტაპზე უნდა დაისვას/გადაწყდეს, რათა სამართალწარმოების შემდგომი ეტაპი (სასამართლოს მთავარი სხდომა) სათანადო მხარეთა შორის შედავებული იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების სწორად დადგენას მიეძღვნას, რომლებიც მტკიცების საგანში შედის და მიღწეულ იქნას მართლმსაჯულების მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებით აღიკვეთოს მხარეთა სადავოდ ქცეული უფლების დარღვევა (იხ. სუსგ №ას-1085-1042-2016, 10.05.2017წ) .
21. სსსკ-ის 85-ე მუხლი (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში) სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია. (იხ. სუსგ №ას-190-179-2017, 30.04.2018წ).
22. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხეს; საპროცესო კანონმდებლობის თანახმად კი, მოპასუხე არის პირი, რომელმაც დაარღვია ან სადავოდ გახადა მოსარჩელის დარღვეული უფლება. არის თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული პირი სათანადო მოსარჩელე, განისაზღვრება მატერიალურსამართლებრივი ნორმების საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით აღიარებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სარჩელი წარმოადგენს სადავო ან დარღვეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებას, ხოლო სარჩელით დასახელებული მოპასუხე არის პირი, რომელმაც მოსარჩელის კერძოსამართლებრივი უფლება მართლსაწინააღმდეგოდ დაარღვია ან გახადა სადავო. სასამართლო სარჩელს იხილავს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმ პირის წინააღმდეგ, რომლის მიმართაცაა სარჩელი აღძრული. შესაბამისად, მოპასუხედ მითითებული პირი აუცილებელია, რომ იყოს ,,პასუხისმგებელი”. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ თუ სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღადგინოს მოსარჩელეთა დარღვეული სამოქალაქო უფლება. სასარჩელო წარმოებაში მოპასუხის საპროცესოსამართლებრივი დაინტერესება, ანუ მხარის შესაძლებლობა დაიცვას თავისი უფლებები, გამომდინარეობს სადავო მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან. ამდენად, მოპასუხე არის პირი, რომელსაც აქვს საქმის მატერიალურსამართლებრივი და, აქედან გამომდინარე, საპროცესო სამართლებრივი დაინტერესება. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, თანასწორ შესაძლებლობას ანიჭებს პროცესის ორივე მხარეს, თავიანთი უფლებები დაიცვან სასამართლო წესით (იხ. სუსგ Nას-589-2021, 14.09.2021წ).
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის პრეტენზია საწარმოს სათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან მოცემული დავის ფარგლებში დადგინდა, რომ მოსარჩელე 1987 წლამდე შრომით ურთიერთობაში იყო ბ-ის ს-ის კ-ან და სამუშაოს შესრულებისას მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც ბ-ის ს-მა კ-მა მას ყოველთვიური სარჩო დაუნიშნა; ბ-ის ს-ნი კ-ის ბაზაზე შპს „ბ-ის ს-ლი კ-ი“ დაფუძნდა; შპს „ბ-ის ს-მა კ-მა“, მოსარჩელის მიმართ იკისრა ვალდებულება, ყოველთვიურად აენაზღაურებინა 40 ლარი (კვარტალში 120 ლარი), რომლის გადახდაც 2019 წლის ივნისიდან შეწყვიტა; მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი ბ-ის ს-ლი კ-ი იყო, რომლის ბაზაზე მოგვიანებით შპს „ბ-ის ს-ის კ-ი“ დაფუძნდა. დადგენილია, რომ შპს „ბ-ის ს-ის კ-ის“ პარტნიორები (მესაკუთრეები) პერიოდულად იცვლებოდნენ; მოპასუხე 2013 წლის 23 ოქტომბრიდან, 2013 წლის 8 ნოემბრამდე შპს „ბ-ის ს-ის კ-ის“ 100 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორი იყო. საბანკო ანგარიშების მიხედვით, მოსარჩელეს სარჩოს თანხა შპს „ბ-ის ს-ლ კ-მა“ ჩაურიცხა. მოსარჩელისთვის თანხის ჩარიცხვის პერიოდში (2017-2019 წლები) შპს „ბ-ის ს-ლ კ-ის“ მესაკუთრე მოპასუხე აღარ იყო. სარჩელში მოპასუხედ დასახელებულმა საწარმომ, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაზუსტებული შესაგებელი წარადგინა და მისი სათანადო მოპასუხეობის საკითხი გახადა სადავოდ.
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოპასუხის არასათანადოობის თაობაზე სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო შედავების წარდგენა, რაც მისი მტკიცების გაზიარების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარისათვის უარყოფითი სამართლებრივი შედეგი გამოწვეულია იმით, რომ მოსარჩელემ არასათანადო პირი დაასახელა მოპასუხედ, ხოლო მისი სათანადო მოპასუხით შეცვლაზე უარი განაცხადა.
25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ 102-ე მუხლზე მითითებით მართებულად არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სარჩოს ყოველთვიურად მის სასარგებლოდ მოპასუხე იხდიდა, რაც ვალდებულების აღიარებაა, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. ამრიგად, არ არსებობს კასატორის პრეტენზიების (იხ. განჩინების მე-18 პუნქტი) გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
26. საკასაციო სასამართლოს განსჯით,სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
30. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე