3გ-ად-36-გ-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განიხილა განსჯადობის შესახებ დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 24 ივლისს პედაგოგთა კვალიფიფკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალური ინსტიტუტის დირექტორმა სასარჩელო განცხადებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ქუთაისის მერიის 1994წ. 30 ივნისის ¹495 განკარგულების 25.6 პუნქტის ბათილად გამოცხადება მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ ქუთაისის აღმასკომის 1982წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებით პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალურ ინსტიტუტს უვადო მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით მე-... საშუალო სკოლის შენობა გამოეყო, ასევე 1982წ. 24 თებერვალს ქალაქ ქუთაისის აღმასკომის განათლების განყოფილებასა და მათ შორის ამ ფაქტის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტიც გაფორმდა.
1994 წელს ქ. ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით მე-17 სკოლის შენობაში ნ. ნ.-ის სახელობის ეკონომიკურ ლიცეუმს დროებით გამოეყო ფართი.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 2001წ. 15 აგვისტოს წერილიდან მათთვის ცნობილი გახდა, რომ მთლიანად სადავო შენობა ქუთაისის მერიის 1994წ. 30 ივნისის ¹495 განკარგულების 25.6 პუნქტის თანახმად ნ. ნ.-ის სახელობის ეკონომიკურ ლიცეუმს გადაეცა. მოსარჩელემ ქუთაისის მერიის აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადება და ნ. ნ.-ის სახელობის ეკონომიკური ლიცეუმის გამოსახლება მოითხოვა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა ქუთაისის აღმასკომის 1982წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებასა და 1982წ. 24 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტზე დააფუძნა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაგზავნა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად ქუთაისის მერიის მიერ მიღებული ნორმატიულ ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე დავა პირველი ინსტანციის წესით ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალური ინსტიტუტის დირექტორის სარჩელისა გამო ქუთაისის მერიის 1994წ. 30 ივნისის ¹495-ე განკარგულების 25.6 პუნქტის ბათილობისა და ქუთაისის ნ. ნ.-ის სახელობის ეკონომიკური ლიცეუმის გამოსახლების შესახებ განსჯადობის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავის საგანი ქუთაისის მერიის ერთჯერადად გამოსაყენდებელი ანუ ინდივიდუალური ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაა. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და თვლის, რომ მოცემული საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით ქუთაისის მერიის მიერ მიღებული ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე სასარჩელო განცხადება პირველი ინსტანციის წესით საოლქო სასამართლოს განსჯადია. საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს განმარტებას და მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს განსჯადია არა ყველა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კანონიერება, არამედ მხოლოდ ნორმატიულ ხასიათის ადმინისტრაციული აქტი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად კი ნორმატიული ადმინისტრაციული აქტი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტია, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან მრავლჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგანი ქუთაისის მერიის არა ნორმატიული, არამედ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტია, რადგან იგი მიღებულია ერთი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის გადასაწყვეტად, რის გამოც იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად საქმეს მიეკუთვნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-6 მუხლებით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ადმინისტრაციული საქმე პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალური ინსტიტუტის დირექტორის სარჩელისა გამო ქუთაისის მერიის 1994წ. 30 ივნისის ¹495 განკარგულების 25.6 პუნქტი ბათილობისა და ქუთაისის ნ. ნ.-ის სახელობის ეკონომიკური ლიცეუმის გამოსახლების თაობაზე განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაექვემდებაროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.