საქმე №ას-286-2022 10 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. შ-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ტ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - ზ. შ-ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დ. ტ-ის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, ბავშვის სრულწლოვანებამდე, გაზრდილი ალიმენტის - 200 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
2. სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში – სსსკ) 365-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს, ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს) იხელმძღვანელა და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს და არ არსებობდა მისი დასაშვებობის წინაპირობა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
6. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლომ საჩივარი უსაფუძვლოდ ცნო დაუშვებლად, ვინაიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად გაზრდილი ალიმენტის - 200 ლარის (200x12=2400) გადახდა დაეკისრა. შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისა და აღნიშნულის შედეგად მისი განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
10. სსსკ-ის 365-ე მუხლიდან (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩნების მე-4 პუნქტში) გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ სამართლებრივი ტიპის დავებზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად (იხ. სუსგ Nას-347-2020, 18.10.2020წ).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას აქვს საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).
12. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 1 ივნისიდან).
13. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობა ფასდება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივნის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვა) და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და, თუკი მიიჩნევს, დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივნის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად ცნობს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივნის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).
14. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი ლეგიტიმურ კანონის მიზანს ემსახურება.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, თუმცა კანონმდებლის მიერ ქონებრივსამართლებრივ დავაში დაწესებულია დასაშვებობის იმგვარი წინაპირობა, რომლითაც გადაწყვეტილების კანონიერების კიდევ ერთ ინსტანციაში შემოწმება დამოკიდებულია სააპელაციო საჩივრის ღირებულებაზე. ამ ღირებულების განსაზღვრის წესი კი, მოცემულია სსსკ-ის 365-ე მუხლის მეორე წინადადებაში, რომლის თანახმად, ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება - 1800 ლარია. დადგენილია, რომ ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ყოველთვიურად, ბავშვის სრულწლოვანებამდე, გაზრდილი ალიმენტის 200 ლარის გადახდა დაეკისრა; ასევე დადგენილია, რომ ამავე სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, მხარეები მორიგდნენ და საქმისწარმოება შეწყდა, მოპასუხეს ყოველთვიურად არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად ბავშვის სრულწლოვანებამდე 50 ლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, ირკვევა, რომ მოპასუხემ საჩივარი გაზრდილი ალიმენტის ნაწილში წარადგინა. შესაბამისად, სარჩელის ფასს წარმოადგენს ახალი გადაწყვეტილებით დამატებით დაკისრებული 150 (200-50) ლარი და დავის საგნის ღირებულება 1800 (150*12) ლარს შეადგენს. რაკი მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ყოველთვიურად გაზრდილი ოდენობით 150 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის მოთხოვნა წინამდებარე სარჩელის უარყოფაა, ეს მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 1800 ლარია და სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
17. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დავის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივსამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ სცდება, რის გამოც იგი უსაფუძვლოა და არ არის გაზიარებული.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. შ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე