საქმე №ას-430-2022 10 ივნისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "სადაზღვევო კომპანია ……." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე სს „სადაზღვევო კომპანია …….“ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 1633.67 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში – სსსკ) 365-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს, ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს) იხელმძღვანელა და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს და არ არსებობდა მისი დასაშვებობის წინაპირობა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისა და აღნიშნულის შედეგად მისი განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
9. სსსკ-ის 365-ე მუხლიდან (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩნების მე-4 პუნქტში) გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ სამართლებრივი ტიპის დავებზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად (იხ. სუსგ Nას-347-2020, 18.10.2020წ).
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას აქვს საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).
11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 1 ივნისიდან).
12. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობა ფასდება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივნის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვა) და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და, თუკი მიიჩნევს, დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივნის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად ცნობს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივნის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).
13. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი ლეგიტიმურ კანონის მიზანს ემსახურება.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, თუმცა კანონმდებლის მიერ ქონებრივსამართლებრივ დავაში დაწესებულია დასაშვებობის იმგვარი წინაპირობა, რომლითაც გადაწყვეტილების კანონიერების კიდევ ერთ ინსტანციაში შემოწმება დამოკიდებულია სააპელაციო საჩივრის ღირებულებაზე. ამ ღირებულების განსაზღვრის წესი კი მოცემულია სსსკ-ის 365-ე მუხლის მეორე წინადადებაში, რომლის თანახმად, ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
15. უდავოა, რომ მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ - 1633.67 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რაკი კასატორის მოთხოვნა წინამდებარე სარჩელის უარყოფაა, ეს მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება - 1633.67 ლარია და სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის ახსნა-განმარტებები, დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და თვითონ არ განსაზღვრა საექსპეტო დაწესებულება, რომელიც დაადგენდა ზიანის ოდენობას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერების შემოწმება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ვინაიდან იგი სცდება კერძო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხთა წრეს.
16. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დავის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივსამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ სცდება, რის გამოც იგი უსაფუძვლოა და არ არის გაზიარებული.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე