საქმე №ას-462-2022 24 ივნისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ……." (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე, დამზღვევი, აპელანტი ან კასატორი).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მოსარჩელესა და სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია……… (შემდეგში: მოპასუხე ან მზღვეველი) შორის 2019 წლის 21 აგვისტოს დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო, რის საფუძველზეც დაზღვეულ იქნა მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება - „……”, გამოშვებული 2016 წელს, სახელმწიფო ნომრით ….. დაზღვევის პერიოდი 2019 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა.
3.2. დაზღვევის ხელშეკრულების 11.8. პუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება (გამონაკლისები): თუ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი მოძრაობს საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია მესამე პირის სიცოცხლის ან ქონების გადარჩენის აუცილებლობით.
3.3. დადგენილია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა მესამე პირის სიცოცხლის ან ქონების გადარჩენის აუცილებლობით გამოწვეული არ იყო.
3.4. ქ.თბილისში, … ქ.N…-თან, 2019 წლის 14 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება „…“ გ. გ-ის მართვის ქვეშ არსებულ „… …“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
3.5. მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდეგში: ასკ) 125-ე მუხლის შესაბამისად, 250 ლარით დაჯარიმდა.
3.6. მოსარჩელის 2019 წლის 17 დეკემბრის განცხადების შესაბამისად, 2019 წლის 14 დეკემბერს … ქუჩის ბოლოს დაახლოებით 40-50 კმ/სთ სიჩქარით თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მის სამოძრაო ზოლში, უკიდურეს მარცხენა მხარეს (მეორე ზოლში) გადაადგილდებოდა თეთრი ავტომობილი, რომლის მარკა და მოდელი არ ახსოვს. გასწრების მიზნით ფარები აუნთო, ავტომობილმა გზა არ დაუთმო და მოსარჩელემ გასწრება გადაწყვიტა. დაიწყო გასწრება, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს, პირველ ზოლში, რა დროსაც გადაკვეთა ღერძულა ხაზი. უეცრად აღმოჩნდა საკუთარ ზოლში მომავალი სამარშუტო ტაქსის პირისპირ, მოხდა შეჯახება მისი ავტომობილით წინა მარცხენა მხრით, სამარშუტო ტაქსს ასევე დაუზიანდა წინა მარცხენა მხარე. შეჯახების შედეგად ავტომობილი “…”, რომელსაც მოსარჩელე მართავდა, დაზიანების გამო დარჩა ადგილზე.
3.7. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს კრწანისის პატრულ-ინსპექტორის, პოლიციის მაიორის დ. დ-ის 2019 წლის 14 დეკემბრის პატაკის თანახმად: „მოსარჩელე თბილისიდან ფონიჭალის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც დაიწყო მანევრი მობრუნების მიზნით და “…….” მარკის ა/მანქანას შეეჯახა.“
3.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 7 თებერვლის სატრანსპორტო ტექნიკური-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (შემდეგში - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა) თანახმად, ავტომობილ „…“ მძღოლის, მოქმედება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს არ შეესაბამება, რამაც კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა. რაც შეეხება ავტომობილ „…“ საპირისპირო მოძრაობის ზოლში მოძრაობას, როგორც ეს ხელშეკრულების 11.8 პუნქტშია მოცემული, ასეთს ფაქტობრივად ადგილი არ ჰქონია და მისი მანევრი არ ჩაითვლება ხელშეკრულების 11.8 პუნქტის დარღვევად, ვინაიდან ავტომობილ „…“ მძღოლი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ასრულებდა მარცხნივ მოხვევის მანევრს, სავალი ნაწილების გამყოფი წყვეტილი ღერძულა ხაზის მიდამოში.
3.9. დამოუკიდებელი ექსპერტის ვ. ხ-ის დასკვნით, რომელიც შედგენილია პატრულ-ინსპექტორის 2019 წლის 12 დეკემბრის პატაკის, პატრულ-ინსპექტორის სამსახურებრივი სამხრე კამერის ჩანაწერის და მოსარჩელის 2019 წლის 17 დეკემბრის განცხადების შეფასების მიხედვით: ავტომობილი „….“ თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მოძრაობდა. შეჯახების შემდეგ ავტომობილის წინა მარჯვენა მართვადი თვლის მიმართულება, შემთხვევის ადგილზე შეჯახების შედეგად ავტომობილის დეტალების ჩამონაყარი, საპირისპირო მოძრაობის ზოლში მთლიანად გადასული ავტომობილის მდებარეობა, საგზაო მონიშვნის წყვეტილი ხაზის მონაკვეთიდან საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასული ავტომობილის დაშორება მოწმობს, რომ ავტომობილი „…“ სახელმწიფო ნომრით: --- შეჯახებამდე მოძრაობდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ეს მექანიზმი საკმარისი სიზუსტით შეესაბამება მძღოლის მიერ 2019 წლის 17 დეკემბრის წერილობით განცხადებაში და პატრულ-ინსპექტორის სამსახურებრივი კამერით დაფიქსირებულ განმარტებებს.
4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნის არარელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე და სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 105-ე მუხლის დანაწესზე მიუთითა. მტკიცებულებათა შეფასების შედეგად კი, დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ძირითადად მოსარჩელის განცხადებებს ემყარება, ხოლო სამართლებრივი შეფასება და ფაქტების შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით ექსპერტის კომპეტენციას არ განეკუთვნება. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას, იგი შედგენილია პატრულ-ინსპექტორის მაიორ დ. დ-ის 2019 წლის 12 დეკემბრის პატაკის, პატრულ-ინსპექტორის სამსახურებრივი სამხრე კამერის ჩანაწერის და მოსარჩელის 2019 წლის 17 დეკემბრის განცხადების შეფასებით, რაც ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაშია.
5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და საქმეზე დადგენილი გარემოების შედეგად მოსარჩელის ქმედება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 829-ე (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) მუხლის შესაბამისად უხეშ გაუფრთხილებლობად შეაფასა.
6. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის, კერძოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაა დაზღვევის ხელშეკრულებაც. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (ნორმის დეფინცია იხ. მე-12 პუნქტში).
14. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით (ნორმის დეფინიცია იხ. მე-5 პუნქტში) გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების საფუძველი.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სსკ-ის 799-ე მუხლის საფუძველზე, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი (იხ. განჩინების 3.1. ქვეპუნქტი). მოცემულ სამართალურთიერთობაში მხარეთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა ხელშეკრულებით, რომელთა შორისაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება საგამონაკლისო დათქმების გათვალისწინებით.
16. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (იხ. სუსგ №ას--1147-1067-2017, 29 .12.2017წ).
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებსა და სსკ-ის 829-ე მუხლის დანაწესზე და განმარტავს, რომ ხელშეკრულება მოიცავს იმ სტანდარტული გამონაკლისების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლებლობა გამოირიცხება. კერძოდ, ხელშეკრულების 11.8. პუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება (გამონაკლისები): თუ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი მოძრაობს საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია მესამე პირის სიცოცხლის ან ქონების გადარჩენის აუცილებლობით. ამრიგად, ნათელია, რომ მხარეებმა, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო პირობით, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში კანონზე მითითებით გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით (შდრ. სუსგ Nას-1497-2020, 23.04.2021წ). ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა მესამე პირის სიცოცხლის ან ქონების გადარჩენის აუცილებლობით გამოწვეული არ იყო.
18. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გასწრების მიზნით საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლამ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია (იხ. განჩინების 3.6 , 3.9 ქვეპუნქტები) .
19. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ინდმეწარმის მიერ მომზადებულ დოკუმენტს დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის სტატუსი მიანიჭა და მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა უსაფუძვლოდ არ გაიზიარა; სასამართლომ გამოიყენა კანონი (სსკ-ის 829-ე მუხლი), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მიერ მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მოსარჩელის მოთხოვნა.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილება აქვთ იმ საექსპერტო ორგანოებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, როდესაც საუბარია ექსპერტიზის დასკვნაზე, როგორც სსსკ-ით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მტკიცებულებაზე (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი) იგულისხმება კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების მქონე საექსპერტო ორგანოს მიერ ჩატარებული ექსპერტის წერილობითი შედეგი (დასკვნა). თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიანიჭა მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას უპირატესი ძალა, ვინაიდან დამოუკიდებელმა ექსპერტმა დასკვნის შედგენისას მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს კრწანისის პატრულ-ინსპექტორის, პოლიციის მაიორის დ. დ-ის პატაკით, ელექტრონული საჯარიმო ქვითრითა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებებით იხელმძღვანელა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით კი, ექსპერტი საექსპერტო დასკვნის მომზადებისას მოსარჩელის ახსნა-განმარტებებს დაეყრდნო, რაც სადავო გარემოების დასადგენად სხვა მტკიცებულებების გარეშე საკმარისად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია არ არის გაზიარებული.
23. საკასაციო სასამართლო განსჯით, საქმეზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით ცხადია, რომ შემთხვევის მონაწილე მძღოლი აცნობიერებდა მის მიერ შესრულებული მანევრის კანონსაწინააღმდეგობას, აუცილებელი წინდახედულობის ნორმების სრული უგულებელყოფით და თვითიმედოვნებით გასწია გაუმართლებელი რისკი, უსაფუძვლოდ იმედოვნებდა რა ზიანის თავიდან არიდებასა და უშვებდა საფრთხეს, უხეშად დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხმვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“ მოთხოვნები, რაც თავისი შინაარსითა და შედეგებით მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს და, სსკ-ის 829-ე მუხლის გათვალისწინებით, მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან ათავისუფლებს.
24. „ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშულების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლეში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაურთხილებლობად. ამასთან, მოძრაობის წესებს შორის ერთ-ერთი უმნიშნვნელოვანესია დადგენილი სიჩქარის ფარგლებში დაწესებულ ზოლებში მოძრაობა, რისი დარღვევაც უპირატესად იწვევს მძიმე შედეგს. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლს ევალება განსაკუთრებული გულისხმიერებითა და ზედმიწევნით დაიცვას აღნიშნული წესები“ (იხ. სუსგ Nას-ას-654-2019, 26.06.2020წ).
25. რაც შეეხება თავად უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობას, როგორც სამართლებრივად სანქცირებულ ქმედებებს, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“ (იხ. სუსგ-ები: N ას-745-713-2014; Nას-654-2019, 26.06.2020წ).
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით, მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა იქნეს მიჩნეული. მართალია, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმს, პრეიუდიციული ხასიათი არ გააჩნია, მაგრამ იგი კასატორს სადავოდ არ გაუხდია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ოქმში მოყვანილ გარემოებათა კვალიფიკაციას დაეთანხმა, კერძოდ, იმას, რომ მძღოლმა მანევრირების წესების დარღვევით იმოქმედა და ასკ-ის 125.10-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდა. ამრიგად, გამოვლენილია სსკ-ის 829-ე მუხლისა და ხელშეკრულებით დადგენილი საგამონაკლისო წინაპირობები, რაც მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას, ზიანის ანაზღაურებაზე განაცხადოს უარი.
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მაშინ, როდესაც საქმეზე დადგენილი გარემოებები ცალსახად ადგენენ მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხელობლობას, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გაჟღერებული პრეტენზიები გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით (იხ.განჩინების მე-19 პუნქტი) სარჩელის წარმატებულობას ვერ განაპირობებენ.
28. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი.
29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ. მ-ს (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 940,55 ლარის (საგადახდო დავალება N…, გადახდის თარიღი 2022 წლის 27 მაისი), 70% – 658,38 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური