საქმე №ას-508-2022 10 ივნისი, 2022 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს-რი პ-რი ს-რი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჯ-ნ უ-რ ე-დ ფ-ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - შპს "ჯ-ან უ-რ ე-დ ფ-ის" (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა.
1.1. ს-რ პ-ურ ს-ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მოხმარებული წყლის საფასური 197 375.27 ლარი დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის აპრილში მოხმარებული წყლის საფასური 228 663.46 ლარით განუსაზღვრა, საიდანაც მოპასუხემ ნაწილი გადაიხადა და 197 375.27 ლარი გადასახდელი დარჩა.
3.2. მოპასუხემ 2017 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიას მიმართა და საფასურის დარიცხვის კორექტირება მოითხოვა.
3.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიის 2018 წლის 1 თებერვლის N.. გადაწყვეტილებით - მოპასუხისთვის 2017 წლის აპრილში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 228 663.46 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა კანონიერად.
3.4. 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრა. 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელის განხილვის დაწყების დროისთვის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რის გამოც მიმდინარე საქმის წარმოება 2020 წლის 30 ივნისის საოქმო განჩინებით შეჩერდა და განახლდა 2021 წლის 9 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინება მიიღო.
4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 1 თებერვლის N9/1 გადაწყვეტილებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიხედვით დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ მოხმარებული წყლის ხარჯმა 2017 წლის 27 მარტიდან 26 აპრილამდე 31 604 მ3 შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია როგორც წინა თვეების საშუალო, ასევე - წინა წლის ანალოგიური პერიოდის ხარჯზე. აღნიშნული ფაქტის გამო გადამოწმდა მრიცხველის ყოველდღიური და შუალედური მონაცემები და დადგინდა, წყლის ხარჯი, 12 დღის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზის გამო, არ აღირიცხებოდა.
5. მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დადგენის მიზნით, კომპანიამ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოპასუხის წყლის მრიცხველი წარადგინა. ექსპერტიზის 2017 წლის 10 აგვისტოს დასკვნით დადგინდა, რომ მრიცხველის აკუმულატორის კორპუსში წყლის მოხვედრა მცირე რაოდენობით, მათ შორის - კონდენსატის სახითაც, დროებით გააჩერებდა მის მუშაობას, რასაც ადასტურებს წარწერა აკუმულატორზე. ამავე დასკვნაზე დართული „ლოგერის“ მონაცემებით დადგინდა, რომ მოპასუხის დაწესებულებაში წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი 2017 წლის აპრილში, 11 დღის განმავლობაში მოხმარებულ სასმელ წყალს არ აღრიცხავდა. ამავე დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „ზოგადად აღნიშნული ტიპის მრიცხველის კორპუსში წყლის მოხვედრამ, აკუმულატორის კონტაქტის მიერთების ადგილას შესაძლებელია, გამოიწვიოს ძაბვის ვარდნა. ასეთ დროს, მრიცხველის მაკონტროლებელი სქემა გაზომვის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით წყვეტს ანათვალის აღებას“.
6. ვინაიდან, მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის გამო, მოპასუხის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელი იყო, მოსარჩელემ 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტით იხელმძღვანელა (თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში). არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს) და დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ აღურიცხავად მოხმარებული წყლის საფასური 228 663.46 ლარი (სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის გათვალისწინებით, 2017 წლის 27 მარტიდან 26 აპრილამდე წყლის მოხმარება, 31604 მ3 -ის ნაცვლად, განისაზღვრა 51772 მ3- ით) იყო, საიდანაც მოპასუხემ ნაწილი გადაიხადა და 197 375.27 ლარი გადასახდელი დარჩა.
7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე მუხლიდან “1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება”, ხოლო გადასახდელი ღირებულების გაანგარიშება ეფუძნება წინამდებარე განჩინების მე-6 მუხლში მითითებული N32 დადგენილებას. შესაბამისად, მოპასუხეს მოხმარებული წყლის დარჩენილი დავალიანების - 197 375.27 ლარის გადახდა მართებულად დაეკისრა, ვინაიდან საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დადგინდა წყლის მიწოდების მრიცხველის დაზიანებისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (იხ. მე-4 პუნქტი) მოპასუხისათვის დავალიანების კორექტირებაზე უარის თქმის ფაქტი, ხოლო აპელანტს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
13. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე საფასურის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი წარმოეშობოდა იმ შემთხვევაში, თუკი სასმელი წყლის მრიცხველი დაზიანებული იქნებოდა და ამის შესახებ წარდგენილი იქნებოდა კონკრეტული მტკიცებულება, თუმცა ასეთი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ შეაფასა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და დოკუმენტები, აგრეთვე, არაჯეროვნად შეაფასა ცალკეული ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა.
14. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს და სსსკ 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე მიუთითებს, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
15. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს ადგენს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება სათანადო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
16. დადგენილია, რომ მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დადგენის მიზნით, კომპანიამ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოპასუხის წყლის მრიცხველი წარადგინა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მოპასუხის დაწესებულებაში წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი 2017 წლის აპრილში, 11 დღის განმავლობაში მოხმარებულ სასმელ წყალს არ აღრიცხავდა.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი) -იხ. სუსგ Nას-45-2021, 22.04.2021წ.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების საპროცესო ვალდებულებას წარმატებით გაართვა თავი, მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის მხარეზე გადაინაცვლა. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო, საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თვითონაც წარმოედგინა შესატყვისი სამართლებრივი წონადობის მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა). დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს: „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ექსპერტიზის, თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი)“ - შეად. სუსგ-ას Nას-45-2021, 22.04.2021წ.
19. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე (მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ მე-4 მუხლი), რომლის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
20. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას, რომ გამოვლენილია მოპასუხისთვის მოხმარებული სასმელი წყლის დარჩენილი დავალიანების - 197 375.27 ლარის ანაზღაურების წინაპირობები. ხოლო კასატორის ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ სადავო პერიოდში მრიცხველი დაზიანებული არ ყოფილა და გახარჯული წყლის ღირებულება დაწესებულებას სრულად აქვს გადახდილი, სარწმუნო მტკიცებულებად ვერ გამოდგება.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: Nას-1251-1192-2014, 18.02.2015წ; Nას-668-668-2018, 20.07.2018წ; Nას-1153-2018, 06.02.2019წ; N ას-181-2021, 11.06.2021წ.).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
25. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს-რი პ-რი ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე