საქმე №ას-586-2022 29 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) - მ. გ-ნი, თ. გ-ნი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. გ-ნი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- თ. გ-ის (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მ. გ-ნს (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან კერძო საჩივრის პირველი ავტორი) შორის უძრავ ქონებაზე 2013 წლის 11 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 22 აგვისტოს პირველ მოპასუხესა და თ. გ-ნს (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან კერძო საჩივრის მეორე ავტორი) შორის იმავე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
- უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
3.1. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2021 წლის 20 დეკემბრის მთავარი სხდომის შესახებ მოპასუხეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, თუმცა ისინი სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადებულან, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ნაცვლად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იშუამდგომლა.
3.2. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 387.1 და 229.2 მუხლებიდან.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა კერძო საჩივარი შემოიტანეს, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვეს.
კერძო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
4.1. 2021 წლის 17 დეკემბერს მოპასუხეთა წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპელაციო სასამართლოში მის მიერ ხელმოწერილი, ბეჭედდასმული და დასკანერებული განცხადება გააგზავნა, რომლის მიღებაც სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა დაადასტურა.
აღნიშნული განცხადებით წარმომადგენელმა ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება, რაც იმით დაასაბუთა, რომ იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა შეესრულებინა.
გარდა ამისა, წარმომადგენელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა მინდობილობები 2021 წლის 16 დეკემბერს გაუფორმეს, რის გამოც საქმის მასალების გასაცნობად და პოზიციის ჩამოსაყალიბებლად მას საკმარისი დრო არ ჰქონდა. განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე ი.ბესელიამ მოსამართლის თანაშემწეს ტელეფონითაც აცნობა, რომელმაც განცხადების მიღების ფაქტი დაადასტურა.
4.2. ამდენად, მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმირებისათვის საკმარისი და აუცილებელი ზომები მიიღო, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას უნდა დაექვემდებაროს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი მოტივაციის გათვალისწინებით:
6. საკასაციო სასამართლოს მიერ ძირითადი განსახილველი საკითხია: რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
7. განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია და უნდა გაანალიზდეს, შემდეგი გარემოებები:
- სადავო არაა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის სხდომის შესახებ მოპასუხეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ.
- 2021 წლის 17 დეკემბერს, მოპასუხეთა წარმომადგენელმა ი.ბესელიამ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ზემოაღნიშნული სხდომის გადადების შესახებ იშუამდგომლა იმ საფუძვლით, რომ იმავე დღეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა შეესრულებინა თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველ სხვა საქმეზე. გარდა ამისა, განმცხადებელმა განმარტა, რომ მოპასუხეებმა მინდობილობები მის სახელზე 2021 წლის 16 დეკემბერს გააფორმეს, რის გამოც საკმარისი დრო არ ჰქონდა მოცემულ საქმეზე პოზიციის ჩამოყალიბებისათვის.
- 2021 წლის 20 დეკემბრის სხდომამდე მოპასუხეებმა სააპელაციო სასამართლოში არაერთხელ იშუამდგომლეს დანიშნული სხდომების გადადებაზე, რის საფუძველზეც საქმის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო.
- 2021 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარემ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარი განაცხადა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იშუამდგომლა.
8. პალატის განსჯით, არც ზემომითითებული განცხადება და არც საქმის სხვა გარემოებები საფუძველს არ ქმნის დასკვნისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობა საპატიოა. პირიქით, საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებამ პალატას საწინააღმდეგო მოსაზრება ჩამოუყალიბა, კერძოდ, ამ მხრივ, რამდენიმე საკითხია საყურადღებო:
1). საქმის განხილვის გადადების შესახებ 2021 წლის 17 დეკემბრის განცხადება იმითაა დასაბუთებული, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს მოპასუხეთა წარმომადგენელ ი.ბესელიას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა შეესრულებინა თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველ სხვა საქმეზე.
სსსკ-ის 102.1 და (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და 103.1 (მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები) მუხლებიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულია, არამარტო მიუთითოს მისთვის ხელსაყრელ გარემოებებზე, არამედ დაამტკიცოს ეს გარემოებები, რადგან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა, სასამართლოს მიერ მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის გზითაა შესაძლებელი (სსსკ-ის 105.1 და 105.2 მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც განცხადებაში მითითებულ სხვა სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლად დაბარების ფაქტს დაადასტურებდა, ასეთი სახის მტკიცებულება არც კერძო საჩივარზეა დართული. ამდენად, განმცხადებლის მიერ აღნიშნულ გარემოებაზე მტკიცებულების გარეშე მითითება, მის დასადასტურებლად საკმარისი ვერ იქნება.
2). როგორც ზემოთ აღინიშნა, 2021 წლის 20 დეკემბრის სხდომამდე მოპასუხეებმა სააპელაციო სასამართლოში არაერთხელ იშუამდგომლეს დანიშნული სხდომების გადადებაზე, რის საფუძველზეც მოცემული საქმის განხილვა არაერთგზის გადაიდო. ეს გარემოება საფუძველს ქმნის ობიექტური დასკვნისთვის, რომ მოპასუხეები სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ცდილობდნენ, რის გამოც ხელი ეშლება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და ირღვევა მეორე მხარის უფლებები.
9. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 387.1 (თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), 387.3 (ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ) და 229.2 (თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას) მუხლები და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა კანონშესაბამისად დააკმაყოფილა.
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-სა და თ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე